ორმოცდაათიანელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორმოცდაათიანელები - ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება - თავისუფალი (არატრადიციული) ეკლესია, რომელიც ცნობილია სხვა სახელითაც: სახარებისეული რწმენის ქრისტიანები, ევანგელისტები, ევანგელისტ-ორმოცდაათიანელები. საზოგადოებები (ეკლესიები), რომლებიც ამ სახელწოდებების ქვეშ მოიაზრება, ორგანიზაციული თვალსაზრისით ზოგჯერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლები არიან. მათი საერთო და არსებითი ნიშნებია: წმინდა სულის ცხოველმყოფელ ძალასა და მოქმედებაზე ყურადღების გამორჩეულად გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება (რელიგიური ანთებულება), რასაც ხშირად თან ახლავს წინასწარმეტყველება, „ენებით ლაპარაკი“ და კურნება.

ფესვებით დაკავშირებულია მოციქულთა დროინდელ ეკლესიასა და ტრადიციასთან, რომელიც XVIII საუკუნის ევროპასა და ამერიკაში, ე.წ. სულიწმინდისეული მიმდინარეობის ანუ, რელიგიურ-სპირიტუალური მოძრაობის სახით აღორძინდა („გამოღვიძება“ და „ინსპირაცია“).

წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. დაარსების ოფიციალურ თარიღად 1906 წლის 14 აპრილი ითვლება. ჩამოყალიბდა როგორც მისიონერული ეკლესია. წამოაყენა ინტერნაციონალური ევანგელიზაციის დიდი პროგრამა, რის შედეგადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწრაფად გავრცელდა. XX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს ორად გაიყო: ერთ მხარეს ტრადიციული მიმართულების ორმოცდაათიანელები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი - ქარიზმატები. ორივე მიმართულება დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ეკლესიად ითვლება. მიმდევრების საერთო რაოდენობა, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 600 მილიონს უახლოვდება.

საქართველოში ცნობილია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან.

სარჩევი

სახელწოდება

ამ კონფესიის არსებითი ნიშანი თვით სახელწოდებაშია აღბეჭდილი - ორმოცდაათი ანუ, ბერძნ., პენტეკოსტე, რაც 50-ე დღის სასწაულზე მიგვითითებს. იგულისხმება სულთმოფენობა, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა. ამ დროს მოციქულებზე გადმოვიდა წმინდა სული და მათ უცხო ენებზე ლაპარაკი დაიწყეს (საქ. 2:18). ამის გამო ორმოცდაათიანელთა ეკლესიას (პენტეკოსტელებს) ბევრგან სულიწმინდის მოფენის ეკლესია ეწოდება

„ენებით ლაპარაკის“ ნიჭსა და მადლს ხშირად ახსენებს პავლე მოციქული. იგი ამბობს: „ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს... რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს“ (1 კორ. 14:2).

ისტორია და მოძღვრება

ორმოცდაათიანელებს სწამთ, რომ მათი მოძღვრება და ტრადიცია ფესვებით მოციქულთა ეპოქასთან, კერძოდ კი, სულიწმინდის მოფენის დღესთანაა დაკავშირებული. ამ ეკლესიას, როგორც კონფესიას, საფუძველი სამმა წინამორბედმა მიმდინარეობამ შეუმზადა (XVIII-XIX სს.): მეთოდისტურმა, „კათოლიკურმა სამოციქულო ეკლესიამ“ (ახალსამოციქულო ეკლესია) და „აღმატებულმა სიცოცხლემ“, რომლებმაც ენებზე ლაპარაკის მოციქულებრივი ტრადიცია ააღორძინეს, მაგრამ „სულიწმინდის გადმოღვრისა და უცხო ენებზე მეტყველების ნიჭი“ უფრო ადრე სპონტანურად კვაკერებში (1654 წ.), მეთოდისტებში (1739 წ.), პიეტისტებში (1803 წ.), „ირლანდიის გამოღვიძებასა“ (1858 წ.) და „ირვინგიანულ მოძრაობაშიც“ (ინგლისში, 1830-1832 წწ.) გამოვლინდა.

ორმოცდაათიანელთა ეკლესია ოფიციალურად 1906 წელს აშშ-ში დაარსდა, როდესაც ლოსანჟელესში პირველად შედგა „სულით ნათლობა“ „უცხო ენებზე ლაპარაკითურთ“. ამ მიმდინარეობის ფუძემდებლებად მიჩნეულნი არიან ჩარლზ ფოქს პარხამი (1873-1929) და უილიამ ჯეიმს სეიმორი (1870-1929).

ჩარლზ ფოქს პარხამი კანზასის შტატში, ქალაქ ტოპეკაში, ცხოვრობდა და მეთოდისტთა ეკლესიაში ქადაგებდა. მან იმავე ეკლესიის ბიბლიის სკოლის 34 მოსწავლეს დაავალა, რათა ელოცათ და ემსჯელათ „მოციქულთა საქმეების“ იმ ნაწილზე, სადაც სულიწმინდის გარდამოსვლაზეა საუბარი. ორმოცდაათიანელთა რწმენით,1901 წელს, 1 იანვრის ღამეს, ამ სკოლის ერთმა მოსწავლემ, 18 წლის აგნას ნ. ოზმანმა, პირველმა მიიღო სულიწმინდით ნათლობა და დაიწყო „უცხო ენებზე“ მეტყველება. მომდევნო დღეებში სულიწმინდა გადმოვიდა და უცხო ენებზე მეტყველება იწყეს სკოლის სხვა მოწაფეებმაც. ისინი ღმერთს სულიწმინდისეული ენით უგალობდნენ, ლოცულობდნენ და წარმოთქმული სიტყვების შინაარსს განმარტავდნენ.

პარხამის ერთ-ერთი მოსწავლე, უილიამ ჯეიმს სეიმორი, ცნობილი მქადაგებელი გახდა და ლოსანჟელოსის ეკლესიაში მასწავლებლად მიიწვიეს, სადაც, ძირითადად, „საქმენი მოციქულთას“ ასწავლიდა და აცხადებდა: „ვინც უცხო ენებზე არ მეტყველებს, სულიწმინდით არ არის მონათლული“. ეს აზრი ეკლესიის ძველმა წევრებმა არ მიიღეს, რის გამოც სეიმორი იძულებული გახდა ღვთისმსახურება სხვაგან ჩაეტარებინა. მან იჯარით აიღო მეთოდისტთა ეკლესიის შენობა, სადაც პირველი მსახურება 1906 წლის 14 აპრილს შედგა. სეიმორმა მაშინ შთამბეჭდავი ქადაგება წარმოთქვა და იწინასწარმეტყველა მიწისძვრა, რომელიც ოთხი დღის შემდეგ ამერიკას უნდა დასტყდომოდა თავს, როგორც ღვთის რისხვა მის მკვიდრთა უკეთურების გამო. წინასწარმეტყველება ახდა: დათქმულ დღეს სანფრანცისკო დაინგრა, მაგრამ ეკლესია, რომელშიც ეს ქადაგება წარმოითქვა, გადარჩა. იმ დღიდან ორმოცდაათიანელთა მოძრაობას მყარი საფუძველი ჩაეყარა და აღნიშნული თარიღი მკვლევართა დიდი ნაწილის მიერ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის დაბადების დღედაა მიჩნეული.

ამ ეკლესიას პირველად „სამოციქულო რწმენის მისია“ ეწოდა. მასში სულიწმინდით ნათლობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ამერიკაში მალე ორმოცდაათიანელთა აფროამერიკული ტრადიციის ეკლესიებიც ჩამოყალიბდა. მრავალფეროვანმა ენობრივმა გარემომ, აფროამერიკულმა მუსიკამ და თაყვანისცემის ხალხურმა სტილმა ორმოცდაათიანელთა მოძრაობას ახალი და ადგილობრივი ფორმები შესძინა. ამის გამო ეს მოძრაობა იოლად გავრცელდა როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლოსანჟელესის ეკლესია მკაცრად ებრძოდა რასიზმს. ერთ-ერთი თეთრკანიანი ღვთისმსახურის, ფრენკ ბარტლემანის განცხადებით, „რასობრივი დისკრიმინაცია ქრისტეს სისხლით ჩამოირეცხა”.

ევროპელი ორმოცდაათიანლების მამად მიჩნეულია ინგლისელი ტომას ბოლ ბარეტი, რომელიც 17 წლის ასაკიდან ნორვეგიის მეთოდისტურ ეკლესიაში მქადაგებლის მოვალეობას ასრულებდა. 1906 წელს იგი ამერიკაში ჩავიდა და ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში „სულიწმინდის მოქმედების ძალა საკუთარი თვალით იხილა“. ერთ თვეში ბარეტი მშობლიურ ქალაქში, ოსლოში, დაბრუნდა და ორმოცდაათიანელთა ადგილობრივი ეკლესიის დაფუძნებას შეუდგა. იგი იყო პოპულარული მწერალი, გამოსცემდა ჟურნალს და თავის შეხედულებებს წარმატებით ავრცელებდა. მისი ძალისხმევით ორმოცდაათიანელთა ეკლესიები ჩამოყალიბდა ჰოლანდიაში, იტალიაში, შვედეთში, ფინეთსა და ავსტრიაში, ასევე, შედარებით პატარა ეკლესიები - ბელგიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთში, რუსეთში. განსაკუთრებულ ენთუზიაზმს შვედი ორმოცდაათიანელები იჩენდნენ. მათ მსოფლიოს 48 ქვეყანაში 838 მისიონერი გაგზავნეს.

1907 წელს ორმოცდაათიანელთა პატარა ეკლესიები პეტერბურგსა და რუსეთის სხვა მხარეში, ძირითადად, გერმანელთა დასახლებებში, ჩამოყალიბდა. ამ კონფესიის რუსულენოვანი თემების დაარსება დაკავშირებულია ივანე ე. ვორონაევის სახელთან. იგი მალაკნის ოჯახში დაიბადა, მაგრამ ბაპტისტად მოინათლა და პასტორი გახდა. 1919 წელს ნიუორკში ჩავიდა და სულიწმინდით ნათლობა მიიღო. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1922 წელს ოდესაში ორმოცდაათიანელთა პირველი რუსულენოვანი ეკლესია დააარსა. ანალოგიური ეკლესიები სხვაგანაც შეიქმნა. მათმა რიცხვმა მალე 350-ს მიაღწია. ვორონაევის საქმიანობითა და ენთუზიაზმით ვ. ი. ლენინიც დაინტერესდა. იმ დროს მას და მის ხელისუფლებას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (მართლმადიდებლობასთან) და, ზოგადად, ტრადიციულ (ძველ) ეკლესიებთან სამკვდროსასიცოცხლო ომი ჰქონდა გამოცხადებული. მას, თურმე, მოეწონა ორმოცდაათიანელთა და სხვა თავისუფალ ეკლესიათა (ბაპტისტთა, მე-7 დღის ადვენტისტთა, მენონიტთა და სხვათა) პრაქტიკა, რის გამოც მათ შედარებით მეტი თავისუფლება მისცა.

XX საუკუნის 20-იანი წლები რუსულენოვან ორმოცდაათიანელთა ეკლესიების აყვავების პერიოდია. შეიქმნა „ქრისტიანული სასოფლო-სამეურნეო არტელები და კოლექტივები“, მაგრამ ეს ვითარება 20-იანი წლების მეორე ნახევარში მკვეთრად შეიცვალა. ასეთი კოლმეურნეობები კანონგარეშე გამოცხადდა, ორმოცდაათიანელთა საჯარო ქადაგება აიკრძალა და მათი ბევრი აქტივისტი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

მიმართულებები

პირველი განხეთქილება 1914-1916 წლებში მოხდა, როდესაც ორმოცდაათიანელთა გაერთიანებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოშორდა ჯგუფი, რომელიც წმ. სამებას უარყოფდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საწესჩვეულებო სხვაობათა საფუძველზე რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაცია შეიქმნა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია „ქრისტეს ეკლესია“ და „თავისუფალი ეკლესია“. 1960-იან წლებში ჯერ დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც, ტრადიციულ ორმოცდაათიანელებს გამოეყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ღვთისმსახურებასა და სახელმწიფოსთან მიმართების საკითხში რადიკალიზმი ახასიათებდა, ისინი გამოირჩეოდნენ „ენებზე მეტყველების“ გამძაფრებული რიტუალით და ღია საზოგადოებაში მიღებული ნორმებისადმი მკვეთრი დაპირისპირებით. მათ ქარიზმატები ეწოდათ.

გავრცელება და რაოდენობა. ორმოცდაათიანელთა ყველაზე ღონიერი თემები აშშ-შია. მათ განკარგულებაშია ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის დიდი ქსელი, რომლის ველი მთელ მსოფლიოს მოიცავს. პირველი რადიომაუწყებლობა იქ 1918 წელს განხორციელდა და გადაცემები დღემდე პერმანენტულად გრძელდება. 1931 წელს ეკვადორში დაარსდა რადიოსადგური, რომელიც მისიონერულ მოღვაწეობას მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

ორმოცდაათიანელთა საერთო რიცხვი, 2006 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, დაახ. 600 მილიონია. მათგან ყველაზე მეტი სამხრეთ ამერიკაში, ფილიპინებსა და აფრიკაში ცხოვრობს. კენიაში, მაგალითად, ამ კონფესიას მოსახლეობის 33% აღიარებს, გვატემალაში - 20, ბრაზილიაში - 15, სამხრეთ აფრიკაში - 10, აშშ-ში - 5, გერმანიაში - 0,36. ზრდის პროცესი უფრო ქარიზმატულ თემებში შეინიშნება.

მოძღვრება

ორმოცდაათიანელთა თეოლოგია სხვა ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიათა თეოლოგიისაგან არსობრივად არ განსხვავდება. მათი ღვთისმეტყველება ბიბლიას და „წმინდა სულის გადმოღვრის“ შედეგად შეძენილ გამოცდილებას ეფუძნება. საეკლესიო პრაქტიკა ორ ძირითად სპეციფიკურ ნიშანს შეიცავს: ნათლობას და ზიარებას. ყურადღება განსაკუთრებით სულიწმინდისეულ ნათლობაზეა გამახვილებული. თვლიან, რომ წმინდა წერილის თანახმად, ყოველი მორწმუნე უნდა იღებდეს ნათლობას სულიწმინდითა და წყლით, რადგან სულიწმიდით ნათლობას მოჰყვება სულით აღვსების განცდა (იოანე 7:3738. საქ. 4:8).

ორმოცდაათიანელებს აქვთ, აგრეთვე, ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს დამყარების მოლოდინი და ამ რწმენას ისინი ასევე საღვთო წერილზე აფუძნებენ, რომლის თანახმად, ათასწლოვანი მეფობა ხსნას მოუტანს ხალხებს, დედამიწა დატკბება სიმშვიდით და აივსება უფლის დიდებით (გამოცხ. 20:16; მიქ. 4:3; ზაქ. 14:9).

ყველაზე არსებითი ორმოცდაათიანელთა მოძღვრებაში არის სულიწმინდისეული ნათლისღების მოწმობა და შესაბამისი რიტუალი. ესაა სულიწმინდით აღვსილთა მიერ სხვადასხვა ენაზე საუბარი, ისე როგორც წმინდა სული მოციქულებს ამეტყველებდა (საქ. 2:18; 10:4446; 19:17). ამ რიტუალს ეწოდება გლოსოლალია (ბერძ.) ანუ ენებით მეტყველება. იგი ქარიზმატული განწყობილების შედეგად მიიღწევა. ამისათვის საჭიროა მედგარი ლოცვა და სულიერი აღმაფრენა. ასეთი ლოცვის გარკვეულ მომენტში მლოცველს ან მლოცველთა ჯგუფს მიემადლება გარკვეული ნიჭი (უნარი), რაც „უცხო ენაზე ამეტყველებით“ გამოიხატება. ეს, ორმოცდაათიანლთა რწმენით, არაა რომელიმე კონკრეტული ენა. იგი ზებუნებრივი ენაა, რომლის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგები არ არის. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ენებზე ლაპარაკს ყველა მლოცველი ვერ ახერხებს, არიან ორმოცდაათიანელები, რომლებსაც ეს ნიჭი არ ეწვევათ.

პრაქტიკა

ღვთისმსახურება, მეტწილად, სიმღერის, მუსიკისა და ცეკვის ფონზე მიმდინარეობს, გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი. ხშირად იხსენებენ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელიც ძველ ქართულ ენაზე ასე ჟღერს: „აქებდით ღმერთს წმიდათა შორის მისთა... აქებდით მას ხმითა ნესტვისაჲთა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა; აქებდით მას ძნობითა და ორღანოჲთა; აქებდით მას წინწილითა კეთილხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაჲთა“ (ფს. 150). ლოცვა საშუალოდ 2 საათს გრძელდება (ქარიზმატებში მეტხანს). იგი გამორჩეულად ცოცხალი და მგზნებარეა, ხდება ამენისა და ალლელუიას ხშირად განმეორება და ხელაპყრობა პავლე მოციქულის სიტყვის შესაბამისად (1 ტიმ. 2:8). ლოცვები და საგალობლები მეტწილად იმპროვიზებულად წარმოითქმება. სამარხვო დღეები მათ დაწესებული არა აქვთ; მარხულობენ, როდესაც ამას ეკლესიის წინამძღოლი გამოაცხადებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგრძნობენ, რომ დაიკარგა ღმერთთან სიახლოვე და ბოროტს ვეღარ უმკლავდებიან. მარხვის დროს ისინი ზეთს იცხებენ თავზე (ნიშნად სულიწმინდის ხელმძღვანელობისა) და იბანენ პირს (ნიშნად ღვთის წინაშე დგომისა) (შდრ. მათე 6:1618), მეუღლეები სექსუალური ურთიერთობისაგან თავს იკავებენ.

ორმოცდაათიანელთა საღვთისმსახურო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია, აგრეთვე, ავადმყოფობათაგან განკურნება, წინასწარმეტყველება, სიზმრის ახსნა. მთავარი დღესასწაულებია შობა, აღდგომა და სულიწმინდის მოფენა. ძირითადი რიტუალებია:

  1. ქორწინება;
  2. ბავშვის უფლისადმი მიძღვნა;
  3. ნათლობა, რომელიც მოწიფულ ასაკში ხდება;
  4. ზიარება;
  5. დაკრძალვა, რაც მიცვალებულის ხსოვნისადმი უკანასკნელი პატივის მიგებას ნიშნავს და
  6. მსახურთა (ხუცესთა, ეპისკოპოსთა) ხელდასხმა.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები