ჯაბადარი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჯაბადარი

ჯაბადარი გიორგი ალექსანდრეს ძე - (დ. - 2.VI.1888, თბილისი - გ. - 16.VII.1938, ბერლინი) - ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა საზოგადო მოღვაწის - ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. 1902 წელს სწავლობდა ბელგიაში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა თეატრალური სტუდია. მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს ზაქარია (შაქრო) ბერიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი (ე.წ. ჯაბადარის სტუდია). პედაგოგებად მიიწვიეს: ვალერიან შალიკაშვილი, ვასილ ყუშიტაშვილი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა და სხვ. აქ სწავლობდნენ: ვ. ანჯაფარიძე, მ. ჭიაურელი, ა. ვასაძე, ბ. გამრეკელი, მ. გელოვანი, უ. ჩხეიძე, დ. ანთაძე და სხვ.

1918 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფო თეატრში სეზონი ქართული დრამატული საზოგადოების ახალი დასის მიერ, გ. ჯაბადარის რეჟისორობით დადგმული ბრიეს 5-მოქმედებიანი მუსიკალური დრამით - „სარწმუნოება“ - გაიხსნა. 2.II.1919 არტისტული საზოგადოების თეატრში ქართული სტუდიის მიერ, ქართველ მეომართა პატივსაცემად ა. სუმბათაშვილის „ღალატი“ დაიდგა. რეჟისორები: ზ. ბერიშვილი და გ. ჯაბადარი. 2.III.1919 ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ რეჟისორი გ. ჯაბადარი და სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე შ. ამირეჯიბი წარუდგნენ მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას და დახმარება სთხოვეს ქართული თეატრისთვის. 26.XI.1919 არტისტული საზოგადოების თეატრში, საქართველოს ცენტრალურ კოოპერატივთა კავშირის დრამატულმა სტუდიამ ლ. ჯაკოს „ვითა ფოთლები“ წარმოადგინა. პიესის გამძღოლი იყო შ. ბერიშვილი, რეჟისორი კი - გ. ჯაბადარი. თავის დაარსებულ სტუდიას გ. ჯაბადარი 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა.

1920 წელს საქართველოს ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. ევროპული ენების ცოდნის გამო, საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, კ. კანდელაკის თანაშემწედ დაინიშნა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გ. ჯაბადარი ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში”, ბერლინის „სამხატვრო თეატრში” და სხვ. დაკრძალულია იქვე, შენებერგის სასაფლაოზე.

გიორგი ჯაბადარს ეკუთვნის ნაშრომი „ქართული თეატრი”. ძმასთან (ერეკლესთან) ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი” მეუღლესთან, გერტრუდა ჯაბადართან ერთად გერმანულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი” და 1935 წელს ბერლინის „სამხატვრო თეატრში” წარმოადგინა. ეს იყო ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა.

მერაბ გეგია, სალომე ჭანტურიძე



თხზულება

დიქცია მსახიობთა და ორატორთათვის, ტფ., 1918;

ლიტერატურა

  • ლ. ღონღაძე, გიორგი ჯაბადარი და მისი სტუდია;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №91; 1919, №1, №267;
  • ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №2.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები