გიორგი მერჩულე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „გიორგი მერჩულე“ გადაიტანა გვერდზე „მერჩულე გიორგი“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მერჩულე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი მერჩულე“ გადამისამა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:05, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გიორგი მერჩულე

გიორგი მერჩულე (X ს. პ. ინგოროყვას ვარაუდით, 875—885-950 960 წწ.) — პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე, ავტორი ცნობილი თხზულებისა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. გრიგოლ ხანძთელის სახელთან დაკავშირებულია სამხრეთ საქართველოში გაშლილი სამონასტრო კოლონიზაცია VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნეში. ეს ის ხანაა, როცა ზედიზედ აღმოცენდა მწიგნობრობის მრავალი კერა. ამ მონასტრებში შექმნილი სულიერი ფასეულობანი საუკუნეთა განმავლობაში ასაზრდოებდნენ ქართულ კულტურას. ფიქრობენ, რომ გრიგოლის ცხოვრება 951 წ. აღწერა გიორგი მერჩულემ. ამ საქმეში მისი დამხმარენი იყვნენ ხანძთის მაშინდელი წინამძღვარი თეოდორე და მისი ძმა იოანე. 958-966 წლებში „ცხოვრებაჲ ესე განაახლა სასწაულთა შერთვით“ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა, ადარნასე კურაპალატის ძემ.

ვარაუდობენ, რომ ფორმა „მერჩულე“ ნიშნავს სჯულის მეცნიერს, კანონიკური სამართლის მცოდნეს (პ. ინგოროყვა). გიორგი მერჩულე პოეტი-ჰიმნოგრაფიც ყოფილა. მიქელ მოდრეკილის ცნობილ ჰიმნოგრაფულ კრებულში ერთ ტექსტს აწერია „მერჩულიული“, მეორეს — „უცხონი მერჩულიულნი“. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჰიმნები ან მერჩულეს ეკუთვნის, ან იმ ფორმითაა დაწერილი, რომელიც პოეზიაში გიორგი მერჩულემ დანერგა.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ერთი კაცის თავგადასავალს შერწყმით მხატვრულად აირეკლა მთელი მაშინდელი საქართველოს ცხოვრების ძირითადი სახე: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული. ტაო-კლარჯეთი, სადაც სამოღვაწეოდ მიდის გრიგოლი, VIII ს. მეორე ნახევარში საქართველოს ერთადერთი თავისუფალი ნაწილია; აღმოსავლეთი საქართველო ძირითადად არაბებს უკავიათ, თბილისში ამირა ზის, დასავლეთ საქართველოს განმგებელი მეფე ბიზანტიის გავლენას ემორჩილება. როგორც ჩანს, გრიგოლს მიაჩნდა, რომ შრომა ეროვნული აღორძინებისათვის ქვეყნის თავისუფალ ნაწილში უნდა დაწყებულიყო. ისიცაა, რომ მურვან ყრუს შემოსევისა და ჟამიანობის გამო განადგურებულ სამხრეთ საქართველოს სამონასტრო კოლონიზაცია თანდათან მოაშენებდა და დაასახლებდა. ეს მართლაც ასე მოხდა. გრიგოლისა და მისი მოწაფეების მიერ აშენებულ ეკლესია-მონასტრებში, განსაკუთრებით ხანძთაში, იშხანსა და შატბერდში, მძლავრი მწიგნობრული საქძიანობა გაიშალა. იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, ითარგმნებოდა ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ბიბლიური, ეგზეგეტიკური და ფილოსოფიური თხზულებები, ვითარდებოდა სახვითი ხელოვნების დარგები. ნაწარმოებში მოქმედ პირებად გამოყვანილი არიან აშოტ კურაპალატი და მისი შვილები: ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. ისინი ტაო-კლარჯეთის კლდე-ციხეებში გამაგრდნენ, აქ გამოაცხადეს თავი მეფეებად და აქედან შეუდგნენ ზრუნვას საქართველოს გაერთიანებისთვის. ქვეყნის მოჭირნახულეთა მეცადინეობით გამოიკვეთა კულტურულ-ეროვნული ერთიანობის იდეა, რომელსაც ასე აყალიბებს გიორგი მერჩულე: „ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“.

ბუნებრივია, რომ ყველაზე ვრცლად ნაწარმოებში მაშინდელი საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაა წარმოდგენილი. კულტურული აღმშენებლობის ჭაპანს დიდი პათოსითა და შემართებით ეწევა ბერ-მონაზვნობა. თხზულებას ცხადად ეტყობა შავი სამღვდელოების იდეალიზაციის ტენდენცია. რაც შეეხება თეთრ სამღვდელოებას, ჰაგიოგრაფი მას გარკვეული მედიდურებით დაჰყურებს. გრიგოლმა უარი თქვა ეპისკოპოსობაზე, რადგან ეს „ხორციელ დიდებად“ მიაჩნდა. ქართული ეკლესია აქ გამოყვანილია, როგორც მთლიან-ეროვნული ინსტიტუტი, თვით განაგებს თავისთავს და არც ერთი უცხო პატრიარქის გავლენას არ ექვემდებარება. საეკლესიო ცხოვრების საჭესთან მდგომი პირები იღწვიან ამ დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. გრიგოლის მოწაფემ ეფრემ მაწყვერელმა ის კომპონენტიც მოუპოვა ეროვნულ ეკლესიას, რომელიც მას აქამდე აკლდა — „მირონის კურთხევა ქართლს განაწესა“. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გამოყვანილი ერისკაცები აქტიური მოქმედების ადამიანები არიან. მათი დამოკიდებულება სასულიერო პირებთან წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნის სოციალური ცხოვრების გარკვეულ მხარეზე. ეს დამოკიდებულება კეთილგანწყობითია: საეკლესიო-სამონასტრო კერების მშენებლობაში ბერებს მატერიალურ თანამდგომელებად მეფე-დიდებულები ჰყვანან. ისინი სწირავენ „რაჲცა სახმარი მონასტერსა უხმს, ყოველსა უხვებით“ ეკლესიაც ერთგულ დარაჯად და იდეურ მფარველად უდგას ახლად ფეხადგმული სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს. მაგრამ როცა საქმე სოციალურ-იერარქიულ პრესტიჟსა და ზნეობრივ ნორმას შეეხება, ერისკაცთა და ეკლესიის მსახურთა შორის მწვავე კონფლიქტი იჩენს თავს. მეფე-დიდებულნი ენერგიულად ცდილობენ თავის განმგებლობას ეკლესიაც დაუმორჩილონ. სამცხის განმგებელმა, დიდმა აზნაურმა მირიანმა ეპისკოპატის დაუკითხავად „მძლავრ სამცხისა ერითა ძეჲ თვისი დაადგინა კათალიკოზადი თანადგომითა და კურთხევითა ცირედთა ეპისკოპოსთაჲთა“. ღვთისმსახურნი ყოველი ღონისძიებით წინ აღუდგნენ ასეთ მცდელობას. ჯავახეთის საეკლესიო კრება არსენს უთუოდ გადააყენებდა კათალიკოსობიდან, გრიგოლ ხანძთელის ავტორიტეტულ ჩარევას რომ არ ეხსნა მოწაფე. ბერმონაზვნობა ისეთ სერიოზულ ძალად ქცეულა, რომ სამეფო ხელისუფლებასაც არ ეპუება, ზოგჯერ თავის ნებას კარნახობს. გრიგოლს არა მარტო ბერები და ეპისკოპოსები, მეფე-მთავრებიც ემორჩილებიან. გრიგოლი გარკვეულად აცხადებს: „ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიან“. მერჩულეს თხზულებაში მრავალი საგულისხმო ცნობაა დაცული ქართული მწერლობის, არქიტექტურისა და მაშინდელი სწავლა-განათლების შესახებ დასახელებულია ოთხი მწერალი — სოფრონ შატბერდელი, ილარიონ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი და სტეფანე მტბევარი, რომელთაგან თანამედროვენი გამოელოდნენ თურმე გრიგოლის ცხოვრების აღწერას. ნახსენებთაგან უკანასკნელის ერთი თხზულებაც შემოგვრჩა („გომბრონის წამება“) დასახელებული თუ ციტირებულია ბიზანტიური მწერლობის მრავალი საყურადღებო ძეგლი, რომელთაც მაშინდელი მკითხველი საზოგადოება ეწაფებოდა.

თუმცა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ დიდ სამსახურს გვიწევს ეპოქის ისტორიის შესასწავლად, ავტორი მაინც უპირატესად მხატვრული სიტყვის ოსტატია. გიორგი მერჩულე ხშირად კვეცს ან სრულიად გვერდს უვლის (იშვიათად ცვლის კიდეც) თავის მრავალრიცხოვან გმირთა, მათ შორის ისტორიულ პერსონაჟთა ცხოვრებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებს, სამაგიეროდ დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს მოქმედების ფონსა და სივრცეს, პერსონაჟთა ცხოვრების ინტიმურ ნიშნებს, ფსიქოლოგიურ მოტივებსა და დეტალებს. მხატვრის პათოსი სჯაბნის მემატიანის პათოსს.

ნაწარმოების მთელ სივრცეზე თითქმის არსად გვტოვებს ცხოველი განცდა ბუნებისა, მისი ერთგვარი თაყვანისცემა. მოძებნილია ინტიმური და ორგანული სიახლოვე გმირისა იმ ბუნებრივ ფონთან, სადაც იგი მოქმედებს. აი, ხანძთის სანახების პოეტური ხედი: „კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით კერძო. და აქვს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარე, მშვენიერი, გრილი და ჰამოი, და მაღნართა სიმრავლეი ურიცხვი“. ტაო-კლარჯეთის ბუნება, თვით გრიგოლის თვალით დანახული, ასე წარმოგვიდგება: „ბუნებით ერთგვამ არს ქვეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა ფრიადი სიცხეჲ შესწვავს მათ და არცა გარდარეული სიცივე შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თვისსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოდ, უმიწოჲ, მზვარეჲ, რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერხთანი არა ოდეს თიხიან ექნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალნი კეთილნი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქვს აღმოცენებული ქვიშათა მათ შინა, ურიცხვი მაღნარი და სიმრავლე წყალთა ჰამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მოცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხოვრებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკვიდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემისლვაჲ გარე მოადგს ზღუდისა სახედ უძრავისა“. ბუნება მხატვრულ გამოსახვას ემსხურება, როცა მერჩულე ადამიანურ განცდებზე გვესაუბრება. ბუნების ესთეტიკურ საუნჯეთაგან ნასესხები სახეებით ძერწავს მწერალი ძალდაუტანებელი აღფრთოვანების იმ განცდას, რაც გრიგოლისა და მის თანამოძმეთა მოსვლამ აღძრა ხანძთის უდაბნოში მარტოდმყოფი ბერის ხვედიოსის გულში: „თქვენ ხართ სიწმიდისა ნაყოფი, მცენარენი სულნელნი, ვარდნი მშვენიერნი, ფინიკნი კეთილნი და ზეთისხილნი — ნაყოფსავსენი, ზეთითა მით სიწმიდისავთა პოხილნი, რომელთა ხილვითა დღეს განიპოხა სიბერე ჩემი და ამაღლდა სიხარული ჩემი, ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ. ამიერითგან იხარებდინ უდაბნო ესე თქვენ, ქრისტეს ნების მყოფელთა, ამას შორის დანერგვითა“.

მაგრამ მერჩულე სრულებით არ არის ოდენ მშვიდი ნეტარებისა და საზეიმო განცდათა მხატვარი. იგი ხშირად გადაგვიშლის მძაფრ ვნებათა შეჭიდების სურათს სხვადასხვა გმირთა შორის ან ერთი ადამიანის ცნობიერების შიგნით. ასეთი სცენები ჩვეულებრივ უაღრესად ცოცხალი დიალოგისა თუ მონოლოგის სახით გვეძლევა. ჯავახეთის კრებაზე არსენის გადასაყენებლად შეკრებილ ეპისკოპოსთაგან გრიგოლმა „ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქვა მას: — შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის. ხოლო მან ჰრქვა: — წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათვის, და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი — ჩემი მწყემსი. მაშინ წმიდამან მან მძსინვარედ ჰრქვა: — უკეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარ ვარ. ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყვასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღვრისასა ატირდა და ჰრქვა: — ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე, განმკვეთელ უფროჲს მახვილისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო“.

მწერლის ფსიქოლოგიური ალღო ძალუმად მჟღავნდება მიჯნურობის სამ ეპიზოდში. სამცხის საჩინო აზნაურის ზენონის დაი „შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან“ და შეყვარებულნი შავშეთს გაიპარნენ. ზენონი „შეიჭურა საჭურველითა“, ამხედრდა და „დევნა უყო“. დიდი გზის გავლის შემდეგ ზენონის გულსა და გონებაში აზრთა ჭიდილი იწყება: მდაბიოსთან შეჭიდების უკადრისობა და სულის წაწყმედის სააფრთხე ზენონს დევნაზე ხელის აღებას უკარნახებს, მაგრამ არისტოკრატის ამპარტავნება შინ გაწბილებულად დაბრუნების ნებასაც არ აძლევს. ამ მდგომარეობაში გმირი უპირატესობას აძლევს ეთიკურ პრინციპს და შემონაზვნებას გადაწყვეტს. ხორციელი ვნებათაღელვის სურათი ჭეშმარიტი ხელოვანის ოსტატობითაა დახატული აშოტ კურაპალატის მიჯნურობის ეპიზოდში. მწერალი თვალნათლივ გვიხატავს გამიჯნურებული მეფის ვნებებს, თუმცა ბერის ზნეობრივი პოზიცია უკარნახებს ეშმაკის ცდუნებად მიიჩნიოს კურაპალატის არაკანონიერი სიყვარული. გრიგოლისა და ქალის შეხვედრის სცენაში კარგად არის ნაჩვენები, როგორ ითრგუნება უმაღლესი მორალური ავტორიტეტით ქალის სუსტი ნება. მიჯნურდაკარგული კურაპალატის მიერ ნათქვამი ერთადერთი ფრაზით კარგადაა დახატული მისი განცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. მერჩულე აშოტის შვილის ადარნერსეს მიჯნურობის ამბავსაც ხატოვნად გვისურათებს. სასიყვარულო ვნებებს ბერის ინტერპრეტაციით „ეშმაკის მანქანება“ აღძრავს. მაგრამ, ვითარცა ხელოვანი, გიორგი მერჩულე მკითხველს განაცდევინებს ადამიანის ბუნებრივ საწყისთა უშუალობასა და ძლევამოსილ ლტოლვას თავისუფლებისკენ. ამ მხრივ ქართული ჰაგიოგრაფიის გმირები შუა საუკუნეთა სამიჯნურო-რომანტიკული თხზულებების პერსონაჟებს უფრო ჰგვანან. ის თემა, რომელიც ძირითადი გახდება ჩვენი ლიტერატურის კლასიკურ ხანაში, ჩანასახის ფორმით უკვე ცოცხლობს მერჩულეს ნაწარმოებში. მიუხედავად ეპიზოდურობისა, ეს პასაჟები გვაგრძნობინებენ, რომ ქართული ლიტერატურა იმ დროს უკვე იდგა ადამიანის გაგების გაფართოებისა და ლიტერატურული განახლების კარიბჭესთან.

სარჩევი

[რედაქტირება] გამოცემები

თხზულების უძველესი ჩვენამდე მოსული ხელნაწერი XII საუკუნისაა. იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკის ხელნაწერიდან ტექსტი გადმოიღო და 1911 წ. გამოსცა ნ. მარმა. შემდგომ განხორციელდა კიდევ ოთხი გამოცემა:

  • „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, I, თბ., 1946 (ს. ყუბანეიშვილის გამოცემა);
  • პავლე ინგოროყვას გამოცემა — , 1949;
  • „ჩვენი საუნჯე“, I, თბ., 1960 (ს. ყუბანეიშვილის გამოცემა);
  • „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, I, თბ., 1963 (ილია აბულაძის [[1]]რედაქტორობით).

[რედაქტირება] თარგმანები

არსებობს ტექსტის მარისეული თარგმანი რუსულ ენაზე. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954.

==იხ. აგრეთვე [[2]]

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები