იესო ქრისტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 19 სექტემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იესო ქრისტე - (ეტიმ. ბერძნ. Jesús, მომდინარეობს ებრაულიდან Jesûa, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: „იაჰვე ხსნაა“; ქალწულ მარიამის მიერ შობილ ჩვილს იესო ეწოდა, „ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათ. 1:21), ხოლო სახელი „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნულიდან christós, რაც არის თარგმანი ებრაული სიტყვისა mashiah (მესია) „ცხებული“, „კურთხეული“.

სახელი იესო ქრისტე სარწმუნოების ყველაზე მოკლე და ღრმა ფორმულაა, რადგანაც აღნიშნავს ერთსა და იმავე დროს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მამა ღმრთის მხოლოდშობილი ძე, სამების მეორე პიროვნება, ღმრთის მიერ დადგენილ დროს განკაცდა, რათა მთელი კაცობრიობა ეხსნა.

სარჩევი

შობა

ქრისტე დედამიწას სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ღმერთკაცად მოევლინა. შობის შედეგად მას არაფერი დაუკარგავს. პირიქით, შეიმოსა ახალი ბუნება და გახდა ყოვლითურთ ადამიანი. ამასთანავე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, იგი განკაცდა მოკვდავი და ხრწნადი სხეულით. ეს აუცილებელი იყო გამოსყიდვის საიდუმლოს სრულყოფისათვის. კერძოდ: ადამიანს თვითონ უნდა გაეღო მსხვერპლი ანუ საკუთარი ნებით ეტვირთა სასჯელი პირველცოდვის გამო. ხსნის იდეა მისთვის უნდა ყოფილიყო არა თავსმოხვეული, არამედ სულისა და გულის ამოძახილი. ამიტომაც ქრისტე დაიბადა, გაიზარდა და მოკვდა როგორც ვინმე ჩვენგანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. მას შიოდა, სციოდა, სტკიოდა და ჰქონდა თავმოყვარეობისა და სირცხვილის განცდაც.

იესო იუდეაში, ბეთლემში დაიბადა ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე 6 წელს (მონაზონმა დიონისე მცირემ იესოს დაბადების თარიღის გამოთვლისას შეცდომა დაუშვა და ექვსწლიანი ცდომილება მიიღო: დიონისემ იესოს დაბადების წელად რომის დაარსებიდან 754 წელი მიიჩნია, ნაცვლად 748 წლისა, რაც სინამდვილეს შეესაბამება).

ის, რაც მოხდა ბეთლემის მახლობლად ბაგაში, რასაც მწყემსები შეესწრნენ და ანგელოსები უხილავად, ესაიას წინასწარმეტყველებაში იყო გამოთქმული: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7,14.). ემანუელ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“. ხუთასზე მეტი წელი აშორებს ამ სიტყვების წარმოთქმის დროს იმ დროისგან, როცა ქალწულმა მარიამმა გაბრიელ მთავარანგელოზისგან მიიღო ხარება (უწყება), რომ მას, ჯერ კიდევ უქორწინებელს, სულიწმიდისგან ჩაესახებოდა ძე, რომელიც მიიღებდა თავისი მამის, დავითის ტახტს და მის მეფობას დასასრული არ ექნებოდა. ადამიანური სახელი მისი იქნებოდა იესო (რაც თავისთავად ნიშნავს „მხსნელს“), მაგრამ მისი ჭეშმარიტი სახელი - ღვთის ძე. ისიც იყო უწყებული, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. (ლუკა, 1:2638). მახარებლის თანახმად, არა მხოლოდ მართალი იოსები, რომლის სახლში უნდა დაბადებულიყო ღვთის ძე, არამედ თავად მარიამიც ბეთლემელი დავით მეფის შთამომავალი იყო. მართალია, სამების დოგმატით ძე მარადიულად არის შობილი მამის წიაღში, მაგრამ მისი განკაცება ისტორიულ დროში მოხდა. სახარება ზუსტად ათარიღებს ქრისტეს შობას: იგი დაემთხვა აღწერას, რომელიც ჩატარდა მთელ რომის იმპერიაში ავგუსტუს კეისრის ბრძანებით. აღწერის წესის თანახმად, ყველა ადამიანი, იმპერიაში მცხოვრები, იმ ადგილზე უნდა აღწერილიყო, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენ წარმოშობილი. ამიტომაც იმხანად ნაზარეთში მცხოვრები იოსები და მარიამი ჩავიდნენ ბეთლემში, რათა იქ აღწერილიყვნენ. ბეთლემ ქალაქში ღამის სათევი რომ ვერ ნახეს, ბაგაში მოუხდათ ღამის გათევა. სწორედ იქ დაიბადა იესო.

დაახლოებით 30 წელი იესომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იცხოვრა (დაფარული ცხოვრება), სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი კი ისრაელი ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გამოცხადებას მიუძღვნა. იესო ქრისტეს ცხოვრების ამ პერიოდის, მისი უწყებისა და მის ქმედებათა შესახებ მოგვითხრობს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები.

ქადაგება

თავისი ქადაგება იესომ დაიწყო უწყებით: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). პალესტინის მიწაზე გამოთქმული იესოს ეს უწყება სინამდვილეში დედამიწის ყველა დროში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიმართავს, უწინარესად – გაჭირვებულთ, ტანჯულთ, გარიყულთ (შდრ. ნეტარებანი, მათ. 5:1-11). იესო სინაის მთის ძველი კანონის გაუქმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის აღსრულებას იმგვარი სრულყოფილებით, რომ ამ კანონის ძირეული არსი წარმოჩნდეს და ცდომილებანი გამოსწორდეს (შდრ. CCC, 592), რაც შესაძლებელს გახდის ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მცნების განცდას.

ჯვარცმა

თანამედროვეებმა ვერ გაუგეს იესოს, მას თავისივე ხალხის სულიერი მოძღვრები დაუპირისპირდნენ. თორმეტი მოციქულიდან ერთი-ერთის, იუდას, მიერ გაცემულ იესოს ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს. სწორედ მამა ღმრთისადმი „ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8) სიყვარულის მორჩილების მეშვეობით ასრულებს იესო ქრისტე თავის მხსნელ მისიას მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ.

რამდენად აუცილებელი იყო ჯვარცმით სიკვდილი?

ჯვარი, თეოლოგიური თვალსაწიერით, არის მსხვერპლი - მაცხოვრის ქველმოქმედება და ვნება. საბოლოო ჯამში, ჯვრად ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების სისავსე გაიაზრება. მისი სიმბოლოა სასმისი და დაკლული კრავი. გავიხსენოთ სამების ხატები, კერძოდ, ანდრია რუბლიოვის „სამება“, სადაც ტრაპეზზე წარმოდგენილია თასი ზვარაკის თავითურთ, რაც მიანიშნებს, რომ ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის გარდუვალობა განჭვრეტილი, განჩინებული და უწყებული იყო წინასწარ, დასაბამშივე. სწორედ ამ მსხვერპლს გულისხმობდა მოძღვარი, როდესაც ამბობდა: „მამაო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ სასუმელი ესე“ (მათე 26:39). ეს სასმისი არის იგივე ჯვარი, რაზეც ნებაყოფლობით დაემსჭვალა ქრისტე, ხოლო ჯვარცმის წინასახე და წინასწარმეტყველება - საპასექო კრავი და, ზოგადად, ძველი აღთქმის მსხვერპლი, რომელმაც რეალური სახე გოლგოთაზე მიიღო. იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადების“ თანახმად, ესაა „კრავი დაკლული უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (გამოცხ. 13:8), რაც ცხადყოფს ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ზვარაკის, ჯვარცმის, ვნებისა და სიკვდილის წინაგანგებულებას. ამის საფუძველზე შემუშავდა დოგმა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ხელთუქმნელობისა; იგი გაიგივდა მარადიულ სასმისთან, რომელიც ამქვეყნად უნდა „შეესვა“ ქრისტეს (მათე 20:22; 26:39; იოანე 18:11).

ჯვარი ითვლებოდა დასჯის იარაღად უმძიმესი დანაშაულისათვის. იგი, სახეობრივად რომ ვთქვათ, ირეკლავდა საზოგადოების ზნედაცემულ ფენას და წარმოადგენდა ცხოვრების ჭაობს. უფრო სწორად, ჭაობის ჭენჭყობს, სადაც არა ერთი და ორი პიროვნება ჩაძირულიყო. თუკი ვინმე მოისურვებდა მათ გადარჩენას, უნდა ჩასულიყო იქ, ჩაესუნთქა მყრალი ჰაერი და ეგემა დამპალი ბალახები. ეს ტვირთი თავს იდო იესო ქრისტემ, „რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის...“ ამით მან ადამის შვილებს ცხოვრების ხესთან მისასვლელი გზა გაუხსნა. ჯვარი თავადაა უკვდავების ხე. გავიხსენოთ „ცხოვრების ხე“, რომელიც შემდგომ, ცოდვით დაცემის გამო, ადამიანის თვალს მიეფარა (დაბ. 3:24). წუთისოფელში მხოლოდ მისი ძალის აღორძინებას შეეძლო სიკვდილის დათრგუნვა... და რადგან ჯვარი არის უკვდავების ხე, მასზე დამსჭვალვის შედეგად მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ამის გამო ყოველმა, ვისაც სურს ცხონება, ეს გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე დადგომა ნიშნავს ქრისტესთან, მის სიკვდილთან, „მასში სიკვდილთან“ ზიარებას, წილის დადებას. ეს იდეალი, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება.

აღდგომა

ღმრთის ძლევამოსილების მეშვეობით იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება (რასაც მისი მოწაფეები ადასტურებენ) და თავს აღწევს სიკვდილს. ამავე დროს, იგი საბოლოოდ ახორციელებს ხსნის ქმედებას და იქცევა მკვდრეთით აღდგომის საწყისად ყოველი ადამიანისთვის, ვისაც მისი სწამს.

ქრისტიანობის პარადოქსია, რომ მკვდრის აღდგომა - ეს უნიკალური ფაქტი - ყველაზე მეტი დამარწმუნებლობით გამოირჩევა და სახარებისეულ სხვა ფაქტებს შორის ურყევ მტკიცებულებებს შეიცავს. ახალი აღთქმის ხანაში (I ს-ის მეორე ნახევარი) არავისთვის იგი საეჭვო არ ყოფილა. ცარიელი საფლავი ბევრმა იხილა, ხოლო პავლე მოციქული საგანგებოდ აღნიშნავს, რომ იმ ხუთასიდან, რომელთაც აღმდგარი გამოეცხადა, უმეტესობა ცოცხალია და შეუძლიათ დაადასტურონ ეს ფაქტიო (1 კორ. 15:6). პირველად პავლე მოციქულმა ქრისტეს აღდგომაზე დააფუძნა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, განმარტა, რომ ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის გარანტიაა (1 კორ. 15:11219). ამავე დროს, ყველაფერი, რაც ნათქვამია ქრისტეზე, როგორც ღვთის ძეზე, ძველ აღთქმასა თუ სახარებებში, დადასტურებას აღდგომის ფაქტში პოულობს.

ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ყველა სხვა ტრანსფორმაციას აძლევს დასაბამს - სიკვდილიდან სიცოცხლედ გარდაქმნა არის რაღაც ისეთი რამ, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ადამიანის ტრანსფორმაციისაკენ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამას არ აღიარებს, განწირულია წარუმატებლობისათვის. ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა ყველაზე პოზიტიური ამბავია კაცობრიობის ისტორიაში.

იესოს ისტორია არ სრულდება იმით, რომ იერუსალიმის კარიბჭის მიღმა ცარიელი საფლავი აღმოჩნდა. იესო განდიდებული და გასხივოსნებული აღდგა და პერიფერიაში, გალილეაში, დაბრუნდა. იესო კვლავაც კონკრეტულია: „შემეხე და დამინახე“ (ლუკა, 24:39). იგი ჭამს თავისი მოციქულების თანდასწრებით. იგი მათ ეცხადება ორმოცი დღის განმავლობაში და ესაუბრება უფლის სასუფეველზე (წიგნი მეხუთე საქმე მოციქულთა, 1:3). მისი ბოლო მოწოდება მოციქულებისადმი შემდეგია: წადით და მონათლეთ ადამიანები სამპიროვანი ღმერთის სახელით და „ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ“ (მათე, 28:20). მკვდრეთით აღმდგარი იესოსათვის უფლის სასუფეველის შესახებ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად, ის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მიმდევრებისათვისაც.


წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი.
  • პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში
  • რელიგიები საქართველოში: რედ. ზურაბ კიკნაძე
  • მაიერსი ბრაიან ლ.ღარიბების მხარდამხარ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები