იესო ქრისტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იესო ქრისტე - (ეტიმ. ბერძნ. Jesús, მომდინარეობს ებრაულიდან Jesûa, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: „იაჰვე ხსნაა“; ქალწულ მარიამის მიერ შობილ ჩვილს იესო ეწოდა, „ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათ. 1:21), ხოლო სახელი „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნულიდან christós, რაც არის თარგმანი ებრაული სიტყვისა mashiah (მესია) „ცხებული“, „კურთხეული“.

სახელი იესო ქრისტე სარწმუნოების ყველაზე მოკლე და ღრმა ფორმულაა, რადგანაც აღნიშნავს ერთსა და იმავე დროს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მამა ღმრთის მხოლოდშობილი ძე, სამების მეორე პიროვნება, ღმრთის მიერ დადგენილ დროს განკაცდა, რათა მთელი კაცობრიობა ეხსნა.

სარჩევი

შობა

ქრისტე დედამიწას სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ღმერთკაცად მოევლინა. შობის შედეგად მას არაფერი დაუკარგავს. პირიქით, შეიმოსა ახალი ბუნება და გახდა ყოვლითურთ ადამიანი. ამასთანავე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, იგი განკაცდა მოკვდავი და ხრწნადი სხეულით. ეს აუცილებელი იყო გამოსყიდვის საიდუმლოს სრულყოფისათვის. კერძოდ: ადამიანს თვითონ უნდა გაეღო მსხვერპლი ანუ საკუთარი ნებით ეტვირთა სასჯელი პირველცოდვის გამო. ხსნის იდეა მისთვის უნდა ყოფილიყო არა თავსმოხვეული, არამედ სულისა და გულის ამოძახილი. ამიტომაც ქრისტე დაიბადა, გაიზარდა და მოკვდა როგორც ვინმე ჩვენგანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. მას შიოდა, სციოდა, სტკიოდა და ჰქონდა თავმოყვარეობისა და სირცხვილის განცდაც.

იესო იუდეაში, ბეთლემში დაიბადა ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე 6 წელს (მონაზონმა დიონისე მცირემ იესოს დაბადების თარიღის გამოთვლისას შეცდომა დაუშვა და ექვსწლიანი ცდომილება მიიღო: დიონისემ იესოს დაბადების წელად რომის დაარსებიდან 754 წელი მიიჩნია, ნაცვლად 748 წლისა, რაც სინამდვილეს შეესაბამება).

ის, რაც მოხდა ბეთლემის მახლობლად ბაგაში, რასაც მწყემსები შეესწრნენ და ანგელოსები უხილავად, ესაიას წინასწარმეტყველებაში იყო გამოთქმული: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7,14.). ემანუელ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“. ხუთასზე მეტი წელი აშორებს ამ სიტყვების წარმოთქმის დროს იმ დროისგან, როცა ქალწულმა მარიამმა გაბრიელ მთავარანგელოზისგან მიიღო ხარება (უწყება), რომ მას, ჯერ კიდევ უქორწინებელს, სულიწმიდისგან ჩაესახებოდა ძე, რომელიც მიიღებდა თავისი მამის, დავითის ტახტს და მის მეფობას დასასრული არ ექნებოდა. ადამიანური სახელი მისი იქნებოდა იესო (რაც თავისთავად ნიშნავს „მხსნელს“), მაგრამ მისი ჭეშმარიტი სახელი - ღვთის ძე. ისიც იყო უწყებული, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. (ლუკა, 1:2638). მახარებლის თანახმად, არა მხოლოდ მართალი იოსები, რომლის სახლში უნდა დაბადებულიყო ღვთის ძე, არამედ თავად მარიამიც ბეთლემელი დავით მეფის შთამომავალი იყო. მართალია, სამების დოგმატით ძე მარადიულად არის შობილი მამის წიაღში, მაგრამ მისი განკაცება ისტორიულ დროში მოხდა. სახარება ზუსტად ათარიღებს ქრისტეს შობას: იგი დაემთხვა აღწერას, რომელიც ჩატარდა მთელ რომის იმპერიაში ავგუსტუს კეისრის ბრძანებით. აღწერის წესის თანახმად, ყველა ადამიანი, იმპერიაში მცხოვრები, იმ ადგილზე უნდა აღწერილიყო, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენ წარმოშობილი. ამიტომაც იმხანად ნაზარეთში მცხოვრები იოსები და მარიამი ჩავიდნენ ბეთლემში, რათა იქ აღწერილიყვნენ. ბეთლემ ქალაქში ღამის სათევი რომ ვერ ნახეს, ბაგაში მოუხდათ ღამის გათევა. სწორედ იქ დაიბადა იესო.

იესოს ტაძრად მიყვანება

ებრაელთა ჩვეულებისამებრ, ორმოცი დღის შემდეგ, როცა გასრულდა მათი - მარიამისა და ახალშობილის - განწმედის დღეები, ჩვილი იესო მიიყვანეს იერუსალიმის ტაძრად და იგი მიირქვა სიმეონ მოხუცებულმა. მან ჩვილში გამოიცნო ყრმა, რომლის მოლოდინს იგი ატარებდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში: „სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე“ (ლუკა, 2:26).

ქადაგება

დაახლოებით 30 წელი იესომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იცხოვრა (დაფარული ცხოვრება), სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი კი ისრაელი ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გამოცხადებას მიუძღვნა. იესო ქრისტეს ცხოვრების ამ პერიოდის, მისი უწყებისა და მის ქმედებათა შესახებ მოგვითხრობს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები.

თავისი ქადაგება იესომ დაიწყო უწყებით: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). პალესტინის მიწაზე გამოთქმული იესოს ეს უწყება სინამდვილეში დედამიწის ყველა დროში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიმართავს, უწინარესად – გაჭირვებულთ, ტანჯულთ, გარიყულთ (შდრ. ნეტარებანი, მათ. 5:1-11). იესო სინაის მთის ძველი კანონის გაუქმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის აღსრულებას იმგვარი სრულყოფილებით, რომ ამ კანონის ძირეული არსი წარმოჩნდეს და ცდომილებანი გამოსწორდეს (შდრ. CCC, 592), რაც შესაძლებელს გახდის ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მცნების განცდას.

ნათლისღება

იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისა და წინამორბედის ხელით. შეხვედრა იესო ქრისტესი და იოანე ნათლისმცემლისა ღირსშესანიშნავია როგორც ორი ეპოქის შეხვედრა. იოანე, ზაქარიასა და ელისაბედის სიბერის ძე, ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც თავის წინამორბედთა მსგავსად, თავად წინამორბედი, ერთი მხრივ, იუწყებოდა, რომ განაახლებდა მესიანისტურ თემას, იმეორებდა რა ესაიას სიტყვებს - „განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“, მეორე მხრივ, მოუწოდებდა სინანულისკენ მოახლოებული ცათა სასუფევლის წინ. „მოინანიეთ!“ - ეს მოწოდება პირველად გაისმა ამ ენაზე უკანასკნელი წინასწარმეტყველის პირით. ეს სიტყვა იქცა ქრისტიანობის საკვანძო სიტყვად. ცათა სასუფეველს ატარებდა ის, ვის პიროვნებაშიც მან შეიცნო „კრავი, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“ (იოან. 1:29); მანვე მონათლა იგი იორდანეზე, რა დროსაც პირველად მოხდა ძველი აღთქმის ტექსტში დაფარული სამების განცხადება მამა ღმერთის, (რომლის ხმა გაისმა: „აჰა, ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე“. - მათე, 3:17), იორდანეში შთაფლული ძისა და ძის მხარზე ციდან გარდამოსული მტრედის სახით. იორდანეზე ამოიწურა იოანე ნათლისმცემლის მისია, როცა მან თქვა იესოზე თავის მოწაფეთა გასაგონად: „აჰა, კრავი“, და მისი მოწაფეები გაჰყვნენ იესოს (იოან. 1:3637).

ეშმაკის მიერ გამოცდა უდაბნოში. იესომ, როგორც კაცმა (არა ღმერთმა), სძლია სამ საცთურს, რომელიც ეშმაკმა გაუმზადა მას: ნივთიერს, რაზედაც ჰქონდა პასუხი: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი“, უფლის გამოცდის საცთურს, რაზედაც უპასუხა: „კვლავ დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“ და ამქვეყნიური დიდების საცთურს, რაზედაც მიუგო: „განვედ“ და კვლავ წმიდა წერილი დაიმოწმა: „უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე, 4:111). ასე სძლია მან სატანას, მაგალითი მისცა ადამიანებს და ანგელოზების მხარდაჭერა მოიპოვა. ისიც შევნიშნოთ, რომ თავის მოღვაწეობას იესო წმიდა წერილის სიტყვების დამოწმებით იწყებს და მითვე ამთავრებს: ჯვარზე გაკრულის უკანასკნელი სიტყვები ფსალმუნიდან იყო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე“ (მათე, 27:46).

ფერისცვალება

უდაბნოში ეშმაკის პირისპირ ქრისტე გამოჩნდა როგორც სრული კაცი, თაბორის მთაზე კი თავის სამ მოწაფეს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს - გამოეცხადა როგორც სრული ღმერთი, რომლის შეუქმნელმა ნათელმა მისი სამოსელი განასპეტაკა. მათი მოძღვარი მოევლინა მათ როგორც საუკუნეთა უწინარეს შობილი ძე, სამების მეორე პირი, რაც მამის სიტყვებმა დაადასტურა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე, 17:18).

საიდუმლო სერობა

~უმნიშვნელოვანესი მომენტია ქრისტეს ცხოვრებასა და ქრისტიანობის ისტორიაში. იუდაური ჩვეულებისამებრ, ქრისტე და მისი მოწაფეები შეიკრიბნენ მთავარი დღესასწაულის, პასექის, აღსანიშნავად, რათა დაეკლათ და ეჭამათ პასექი, ანუ კრავი. ეს იყო იესოს უკანასკნელი პასექი, რომლის შემდეგ, მის მეორე დღეს, იესო თავად შეიწირა როგორც საპასექო მსხვერპლი. სერობის დროს იესომ პური აკურთხა თავის ხორცად და ღვინო - თავის სისხლად; უთხრა: ჭამეთ, ეს ჩემი ხორცია, შესვით, ეს ჩემი სისხლია (მათე, 26:2628). ამ დღეს ამ აქტით დაწესდა ევქარისტიის ანუ ზიარების საიდუმლო. როცა ამ ფუძემდებელ სიტყვებს ამბობდა იესო, იუდას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაცემა.

ლოცვა გეთსიმანიის ბაღში

სერობის შემდეგ იესოს იგივე სამი მოწაფე (პეტრე, იაკობი და იოანე) თან რომ ახლდა ფერისცვალების დროს, ესწრება მის უკანასკნელ ლოცვას ზეთისხილის მთაზე, გეთსიმანიაში. თაბორის მთაზე იესო მათ თავისი მარადიული დიდებით, შეუქმნელი ნათლით შემოსილი, ეჩვენა, აქ კი მათ იხილეს მუხლმოყრილი კაცი, მამის წინაშე მხურვალედ მლოცველი, რომელსაც შუბლიდან სისხლის ოფლი სდიოდა. მწუხარებდა მისი ადამიანური სული სატანჯველის მოლოდინში. ამ დროს წარმოთქვა მან სიტყვები, რითაც დაადასტურა, რომ მისი მსხვერპლი ნებაყოფლობითია: „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი. მაგრამ არა, როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე, 26:3646; ლუკა, 22:3946).

გაცემა

ქრისტეს სიტყვები „ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა“ (მათე, 26:24) გამოხატავს ტრაგიზმს, რომელშიც მოექცა კაცობრიობა ცოდვით დაცემის შემდეგ. სოფელში (ადამიანის ცხოვრებაში) შემოვიდა სიკვდილი, მაგრამ ვაი მას, ვისი ხელითაც მოკვდება ადამიანი. ვაი კაენს, ვისი ხელითაც გზა ნახა პირველად სიკვდილმა! ძე ღვთისას წასვლა გარდაუვალია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი იშვა როგორც მოკვდავი, როგორც ერთი ჩვენგანი. მაგრამ რატომ გაიცა იგი და რატომ აღმოჩნდა გამცემი მისი მოწაფე? პასუხი: ქრისტე უნდა მომკვდარიყო სწორედ იმიტომ, რომ ასეთია კაცი (მკვლელი, გამცემი...), სხვანაირად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტეს გაღებულ გამომსყიდველ მსხვერპლს აზრი არ ექნებოდა: „ქრისტე... განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის“ (რომ. 5:6ბ7ა). გამცემი რომ ქრისტეს თორმეტ მოწაფეს შორის აღმოჩნდა, ეს ერთი და უკანასკნელი წვეთია სასწორის იმ პინაზე, რომელსაც მისი ამგვარი წასვლა უნდა გადაეწყვიტა. „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი. მაგრამ არა, როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ - „ამარიდე ეს სასმისი“ ადამიანური თხოვნაა, მაგრამ მამა (და ქრისტე, როგორც ღმერთი) მეტს ხედავს: იმდენად გაიხრწნა კაცობრიობა, რომ ბოროტებამ ქრისტეს წრეშიც შეაღწია, ანუ იქ, სადაც მას ადგილი არ უნდა ჰქონოდა.


ჯვარცმა

თანამედროვეებმა ვერ გაუგეს იესოს ჯერ მისმა მოწაფემ გასცა, მერე სამღვდელოებამ და მწიგნობრებმა გადასცეს რომის ხელისუფლებას, ბოლოს ხალხმა გაწირა, როცა პილატეს საბოლოო შეკითხვაზე - ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო? - მან ერთხმად აირჩია ავაზაკი ბარაბა, ქრისტესთვის კი ჯვარცმა მოითხოვა. ამრიგად, ქრისტეს რომის ხელისუფლებამ ხალხის სახელით გამოუტანა განაჩენი და რომისავე სასჯელით - ჯვარზე გაკვრით დაისაჯა, როგორც ავაზაკებს სჯიდნენ. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ანუ როგორც პროვიდენციაში იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ადამიანის ხელით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ასე მომხდარიყო. დაისაჯა უცოდველი ადამიანი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი არც იუდეველთა რჯულის, არც რომის კანონების წინააღმდეგ. ჯვარცმაც აუცილებელი იყო პროვიდენციულად, რამდენადაც ჯვარი კოსმიური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო იყო (თუმცა სასჯელად გამოყენებულს ეს მნიშვნელობა არ ახლდა), ხოლო ჯვარცმამ გახსნა მისი იდუმალი სიღრმეები. პროვიდენციული იყო ისიც, რომ იესო მისმა თანამოძმეებმა, საკუთარი რჯულის თანახმად, ჩაქოლვით ან საზოგადოებისგან ამოძირკვით ვერ დასაჯეს, რადგან დიდი დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა...

ჯვარი, თეოლოგიური თვალსაწიერით, არის მსხვერპლი - მაცხოვრის ქველმოქმედება და ვნება. საბოლოო ჯამში, ჯვრად ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების სისავსე გაიაზრება. მისი სიმბოლოა სასმისი და დაკლული კრავი. გავიხსენოთ სამების ხატები, კერძოდ, ანდრია რუბლიოვის „სამება“, სადაც ტრაპეზზე წარმოდგენილია თასი ზვარაკის თავითურთ, რაც მიანიშნებს, რომ ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის გარდუვალობა განჭვრეტილი, განჩინებული და უწყებული იყო წინასწარ, დასაბამშივე. სწორედ ამ მსხვერპლს გულისხმობდა მოძღვარი, როდესაც ამბობდა: „მამაო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ სასუმელი ესე“ (მათე 26:39). ეს სასმისი არის იგივე ჯვარი, რაზეც ნებაყოფლობით დაემსჭვალა ქრისტე, ხოლო ჯვარცმის წინასახე და წინასწარმეტყველება - საპასექო კრავი და, ზოგადად, ძველი აღთქმის მსხვერპლი, რომელმაც რეალური სახე გოლგოთაზე მიიღო. იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადების“ თანახმად, ესაა „კრავი დაკლული უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (გამოცხ. 13:8), რაც ცხადყოფს ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ზვარაკის, ჯვარცმის, ვნებისა და სიკვდილის წინაგანგებულებას. ამის საფუძველზე შემუშავდა დოგმა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ხელთუქმნელობისა; იგი გაიგივდა მარადიულ სასმისთან, რომელიც ამქვეყნად უნდა „შეესვა“ ქრისტეს (მათე 20:22; 26:39; იოანე 18:11).

ჯვარი ითვლებოდა დასჯის იარაღად უმძიმესი დანაშაულისათვის. იგი, სახეობრივად რომ ვთქვათ, ირეკლავდა საზოგადოების ზნედაცემულ ფენას და წარმოადგენდა ცხოვრების ჭაობს. უფრო სწორად, ჭაობის ჭენჭყობს, სადაც არა ერთი და ორი პიროვნება ჩაძირულიყო. თუკი ვინმე მოისურვებდა მათ გადარჩენას, უნდა ჩასულიყო იქ, ჩაესუნთქა მყრალი ჰაერი და ეგემა დამპალი ბალახები. ეს ტვირთი თავს იდო იესო ქრისტემ, „რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის...“ ამით მან ადამის შვილებს ცხოვრების ხესთან მისასვლელი გზა გაუხსნა. ჯვარი თავადაა უკვდავების ხე. გავიხსენოთ „ცხოვრების ხე“, რომელიც შემდგომ, ცოდვით დაცემის გამო, ადამიანის თვალს მიეფარა (დაბ. 3:24). წუთისოფელში მხოლოდ მისი ძალის აღორძინებას შეეძლო სიკვდილის დათრგუნვა... და რადგან ჯვარი არის უკვდავების ხე, მასზე დამსჭვალვის შედეგად მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ამის გამო ყოველმა, ვისაც სურს ცხონება, ეს გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე დადგომა ნიშნავს ქრისტესთან, მის სიკვდილთან, „მასში სიკვდილთან“ ზიარებას, წილის დადებას. ეს იდეალი, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება.

აღდგომა

ღმრთის ძლევამოსილების მეშვეობით იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება (რასაც მისი მოწაფეები ადასტურებენ) და თავს აღწევს სიკვდილს. ამავე დროს, იგი საბოლოოდ ახორციელებს ხსნის ქმედებას და იქცევა მკვდრეთით აღდგომის საწყისად ყოველი ადამიანისთვის, ვისაც მისი სწამს.

ქრისტიანობის პარადოქსია, რომ მკვდრის აღდგომა - ეს უნიკალური ფაქტი - ყველაზე მეტი დამარწმუნებლობით გამოირჩევა და სახარებისეულ სხვა ფაქტებს შორის ურყევ მტკიცებულებებს შეიცავს. ახალი აღთქმის ხანაში (I ს-ის მეორე ნახევარი) არავისთვის იგი საეჭვო არ ყოფილა. ცარიელი საფლავი ბევრმა იხილა, ხოლო პავლე მოციქული საგანგებოდ აღნიშნავს, რომ იმ ხუთასიდან, რომელთაც აღმდგარი გამოეცხადა, უმეტესობა ცოცხალია და შეუძლიათ დაადასტურონ ეს ფაქტიო (1 კორ. 15:6). პირველად პავლე მოციქულმა ქრისტეს აღდგომაზე დააფუძნა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, განმარტა, რომ ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის გარანტიაა (1 კორ. 15:11219). ამავე დროს, ყველაფერი, რაც ნათქვამია ქრისტეზე, როგორც ღვთის ძეზე, ძველ აღთქმასა თუ სახარებებში, დადასტურებას აღდგომის ფაქტში პოულობს.

ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ყველა სხვა ტრანსფორმაციას აძლევს დასაბამს - სიკვდილიდან სიცოცხლედ გარდაქმნა არის რაღაც ისეთი რამ, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ადამიანის ტრანსფორმაციისაკენ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამას არ აღიარებს, განწირულია წარუმატებლობისათვის. ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა ყველაზე პოზიტიური ამბავია კაცობრიობის ისტორიაში.

აღდგომის შემდეგ

იესოს ისტორია არ სრულდება იმით, რომ იერუსალიმის კარიბჭის მიღმა ცარიელი საფლავი აღმოჩნდა. იესო განდიდებული და გასხივოსნებული აღდგა და პერიფერიაში, გალილეაში, დაბრუნდა. იესო კვლავაც კონკრეტულია: „შემეხე და დამინახე“ (ლუკა, 24:39). იგი ჭამს თავისი მოციქულების თანდასწრებით. იგი მათ ეცხადება ორმოცი დღის განმავლობაში და ესაუბრება უფლის სასუფეველზე (წიგნი მეხუთე საქმე მოციქულთა, 1:3). მისი ბოლო მოწოდება მოციქულებისადმი შემდეგია: წადით და მონათლეთ ადამიანები სამპიროვანი ღმერთის სახელით და „ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ“ (მათე, 28:20). მკვდრეთით აღმდგარი იესოსათვის უფლის სასუფეველის შესახებ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად, ის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მიმდევრებისათვისაც.


წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი.
  • პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში
  • რელიგიები საქართველოში: რედ. ზურაბ კიკნაძე
  • მაიერსი ბრაიან ლ.ღარიბების მხარდამხარ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები