პრომეთე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეგენდა პრომეთეზე.
პ. კოზიმოს ნახატი (დაახ. 1500 წ.), სტრასბურგის მუზეუმი

პრომეთე – (პრომეთევსი). (ბერძნ.) „წინასწარმჭვრეტი“.

იაპეტოსისა და ასიას (ვერსიები: კლიმენეს, თემისის) ვაჟი. ატლასის, ეპიმეთევსისა და მენოიტოსის ძმა. დევკალიონის მამა.

ძველი მითები არაფერს გვამცნობენ პრომეთეს დაბადებასა და სიყმაწვილეზე. მითოსურ სივრცეში იგი მაშინ გამოჩნდება, როდესაც ზევსი ტიტანებს შეებრძოლება. მართალია, პრომეთეც ტიტანი იყო, მაგრამ, როგორც ბრძენმა ღვთაებამ, წინასწარ განჭვრიტა, რომ ახალი თაობის ღმერთები გაიმარჯვებდნენ. მან სცადა ტიტანთა გადმობირება, მაგრამ ვერაფერს გახდა და მათგან განრიდებული ზევსის თანამზრახველი გახდა.

პრომეთე.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 550 წ.), რომი, ვატიკანის მუზეუმი

როდესაც ზევსი ოლიმპოსზე აღზევდა, ადამიანთა შექმნა დაავალა პრომეთეს. ძველი ბერძნული მითების დიდი ნაწილი აღიარებს, რომ ტიტანმა ადამიანები ცრემლს შერეული თიხით გამოძერწა. თავდაპირველად ისინი იყვნენ შიშველნი და სუსტნი. მხოლოდ თავისი გარეგნობით, მათ გარემომცველ ქმნილებებს რომ არ მოჰგავდნენ, ემსგავსებოდნენ ეს ადამიანები ღმერთებს. როგორც მთვლემარე აჩრდილები, ისე დაეხეტებოდნენ ისინი დედამიწაზე. ამის მხილველმა პრომეთემ მოიპარა ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალი და დედამიწაზე ჩამოიტანა. ადამიანთა საცხოვრებელში კერიის ცეცხლი აენთო. ბრძენმა ტიტანმა თავის ქმნილებებს მრავალი რამ ასწავლა. მაგრამ უმთავრესი ის იყო, რომ მისცა ცეცხლი – ყველა სიკეთის საფუძველი და ამით პირველყოფილი მოდგმა განაკაცა.

ეს არ მოეწონა ზევსს და ტიტანის დასჯა განიზრახა. იხმო ჰეფესტო და უბრძანა, გასაოცარი მშვენიერებით შემკული ქალი შეექმნა. მისთვის ჩვეული ოსტატობით აღასრულა მჭედელმა ღმერთმა ეს ბრძანება. ქალს პანდორა დაარქვეს, მზითვად თიხის ყუთი გაატანეს და დედამიწაზე დასვეს. იგი ეპიმეთევსმა შეირთო ცოლად. მაშინ დაიწყო ადამიანთა უბედურებები, როდესაც ცნობისმოყვარე ქალმა ყუთს სარქველი ახადა, რადგანაც იქიდან ამოფრინდნენ მწუხარებები, საზრუნავები, ავადმყოფობები და სიღარიბე. როდესაც შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა, იქ მხოლოდ იმედი ჩარჩა.

შეწუხდა პრომეთე, განიზრახა სამაგიერო მიეზღო ზევსისთვის. ერთხელ, როდესაც ღმერთების პატივსაცემად დიდი ლხინი მზადდებოდა, პრომეთემ დაკლული ხარი აქნა და ორ ნაწილად გაყო: კარგი ნაჭრები ერთად დადო და ზედ კუჭი გადააფარა, ძვლები კი ცალკე გადააწყო და ქონში გაახვია. შემდეგ ზევსს ასეთი სიტყვებით მიმართა: „რასაც აირჩევ, ამიერიდან ის ღმერთებისათვის განკუთვნილი ძღვენი იქნება“. ზევსმა ქონიანი ნაწილი ისურვა, რადგან ეგონა, რომ მის ქვეშ ხორცი იმალებოდა. მაგრამ მოტყუვდა. ხოლო მას შემდეგ ასე დაწესდა: ადამიანებს ღმერთებისათვის სამსხვერპლოდ უნდა შეეწირათ ცხოველის მხოლოდ საჭმელად უვარგისი ნაწილები.

მიჯაჭვული პრომეთე.
ი. იორდანსეს ნახატი (1618-1620 წ.წ.), კიოლნი, ვალრაფ-რიხარდსის მუზეუმი

განრისხდა ზევსი და ამჯერად უსასტიკესად დასაჯა პრომეთე. მისი ბრძანებით ტიტანი კავკასიონის ქედს მიაჯაჭვეს. აქ ყოველ დილით მოფრინავდა მშიერი არწივი, რათა ეკორტნა მისი ღვიძლი, რომელიც ღამით კვლავ მთელდებოდა. მრავალი ათასი წლის შემდეგ პრომეთეს გაათავისუფლებს საბერძნეთის უდიდესი გმირი ჰერაკლე.

სიმბოლურად პრომეთეს სასჯელი გულისხმობს იმას, რომ ღმერთი უნდა იყოს მის მიერვე შექმნილ ადამიანთა ბედის თანაზიარი. პრომეთე იძირება სიცოცხლისა და სიკვდილის ორომტრიალში. იგი იტანჯება იმიტომ, რომ შეიყვარა ადამიანები. მან შეასწავლა ამ უსუსურ არსებებს სახლებისა და ტაძრების აგება, ხელოსნობა თუ ხელოვნება. პრომეთემ აზიარა ისინი მეცნიერებას, ასწავლა წერა, შემოქმედებითი აზროვნება. აღმოაჩენინა ძვირფასი მეტალები. შთაბერა მისნობის ნიჭი. მან გააღვიძა ადამიანებში მედგარი სული და სამყაროში ბატონობის ძალა უბოძა.

პრომეთე ერთ-ერთ უძველეს კულტურულ გმირად ითვლება. იგი ხომ ადამიანთა მოდგმის შემოქმედია. ადამიანის შექმნის მითს მიწისა და წყლისაგან საინტერესო პარალელები დაეძებნება აღმოსავლურ და საერთოდ, მსოფლიო მითოლოგიაში. მითები გმირებზე, რომლებიც ცეცხლს იტაცებენ, ფართოდ არის ცნობილი. ეს გადმოცემები ეფუძვნებიან წარმოდგენებს იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად ადამიანები იყენებდნენ მეხისგან გაჩენილ ცეცხლს. შესაბამისად, ისინი ცეცხლს ზეცის კუთვნილებად მიიჩნევდნენ. აქედან გამომდინარე, ეთიკურ დონეზე პრომეთეს დასჯა „ღვთაებრივი სასჯელის“ ნიმუშია: მან ადამიანებს აჩუქა ის, რაც ღმერთების კუთვნილებას წარმოადგენდა.

მითოსი მიჯაჭვულ გმირზე ცნობილია ქართულ გადმოცემებშიც. მას ამირანად მოიხსენიებენ. მეცნიერები ცდილობენ მის დაკავშირებას პრომეთესთან და გამოყოფენ მითთა მსგავსების რამდენიმე ასპექტს (1. ცეცხლის მოტაცება. 2. დაპირისპირება უზენაეს ღვთაებასთან. 3. ურთიერთობა მჭედელთან. 4. კავკასიონის ქედზე მიჯაჭვა).

თქმულების მიხედვით, ამირანი უპირისპირდება იესო ქრისტეს, პრომეთე – ზევსს.როგორც ჩანს, ქრისტეს ჩართვა მითოსში გვიანდელი მოვლენაა. თქმულების თავდაპირველ ბირთვში ამირანი ებრძოდა წარმართული ხანის უზენაეს ღვთაებას, რომლის სახეც თანდათანობით დაიკარგა. იგი მოგვიანებით იესო ქრისტეთი შეიცვალა.

ორივე თქმულებაში გმირებს აჯაჭვავენ კავკასიონის ქედზე. კლდე, პალო, ცხოვრების ხე – ერთი სინონიმური მწკრივის სახეებია და უძველეს მითოლოგიურ წარმოდგენებს უკავშირდება.

მეცნიერთა მიერ კიდევ რამდენიმე ტიპოლოგიური მსგავსებაა შენიშნული პრომეთე – ამირანის მითში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამირანის მითოსი ასევე დიდ მსგავსებას ავლენს არა მარტო პრომეთესთან, არამედ გილგამეშთანაც. მეცნიერები იკვლევენ იმას, თუ რომელი გმირის სახე – სიმბოლოა უძველესი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თავს იჩენდეს არა მარტო ტიპოლოგიური მსგავსება, არამედ სესხებაც: მითოსური სახის ერთი გარემოდან მეორეში გადატანა. შედარებით გავრცელებული აზრის თანახმად, პრომეთე და ამირანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნილი სახეებია. მათი შედარება-დაპირისპირებისას მხოლოდ ტიპოლოგიურ მსგავსებებზე შეიძლება საუბარი.

ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთე შემოქმედებითი ძალისა და პროგრესის სიმბოლოდ იქცა. ამ სახით შემოვიდა იგი თანამედროვე სამყაროშიც. პრომეთეს სახემ მწერალთა, დრამატურგთა, პოეტთა, მხატვართა თუ მოქანდაკეთა ყურადღება მიიპყრო. დიდმა ბერძენმა დრამატურგმა ესქილემ მას რამდენიმე ნაწარმოები უძღვნა. მათგან ჩვენამდე მოაღწია ერთადერთმა ტრაგედიამ სახელწოდებით „მიჯაჭვული პრომეთე“. ცნობილია კალდერონის, ვოლტერის, გოეთეს, ჰერდერის, შელის, ბაირონისა და სხვათა პოეტური ქმნილებები. ბეთჰოვენის, სკრიაბინის, ლისტის მუსიკალური ნაწარმოებები. პრომეთეს სახე აღიბეჭდა ბერძნულ ლარნაკებზე, პომპეის ფრესკებზე, ეტრუსკულ სარკეებზე, ტიციანის, რუბენსის, იორდანსისა და სხვათა ტილოებზე.

გამოთქმა „პრომეთეს ცეცხლი“ დიადი იდეალებისაკენ სწრაფვას, სიკეთის ზეიმს გულისხმობს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები