ათრიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათრიბი – ბერძნები ამ სახელით ორ ქალაქს მოიხსენიებდნენ:

1. (ეგვ. Ht-tɜ-hr-ib ტაძარი ქვეყნის შუაგულში). ქვემო ეგვიპტის მეათე ნომის დედაქალაქი. ქალაქის ისტორია ძველი სამეფოდან იწყება. მდებარეობდა დღეს დამშრალი ნილოსის დელტის ტანიტის ტოტის აღმოსავლეთ ნაპირზე, კაიროს ჩრდილოეთით მდებარე თელ ათრიბის ადგილას, დელტის შუაგულში.

ათრიბის ნომის მთავარი ღვთაება იყო ხარის სახის ღვთაება „დიდი შავი“ (Km wr). ქალაქი, ისევე როგორც ნომი, ხშირად ამ სახელითაც მოიხსენიებოდა. ქალაქის უძველესი მფარველი ღვთაება იყო ნიანგის სახის მქონე ხენტეხტაი (ეგვ. Khentj-Khetj). მისი სახელის მნიშვნელობა და წარმოშობა უცნობია. ახალი სამეფოდან ხენტეხტაი ხორის ერთ-ერთი გამოვლინება ხდება (ხორ-ხენტეხტაი). ტალახიანი გრუნტის გამო გათხრები დიდი სირთულით მიმდინარეობს. ნაპოვნია ამონხეტეპ III-ის (XII დინასტია) და XXVI დინასტიის ფარაონის ამასისის ტაძრების ნანგრევები, ასევე შევარდნის მუმიების სამარხები და ბერძნულ-რომაული პერიოდის ვრცელი ნეკროპოლისი. ცალკე უნდა აღინიშნოს აქ მოძიებული რამსეს II-ის ვაჟიშვილის, მერნეპტახის სტელა (დღეს კაიროს მუზეუმში), რომელიც მერნეპტახის მიერ ლიბიელების და ზღვის ხალხების ალიანსზე გამარჯვების აღწერას წარმოადგენს.

2. ათრიბი მეცხრე ზემოეგვიპტურ ნომში (ეგვ. i.t Rpj.t, კოპტ. Atripe, Bonnet, 1952), ლომის სახიანი ქალღმერთის რეპიტის (ბერძნ. Triphis) ქალაქი, ამიტომ ბერძნები მას თრიპიონსაც ეძახდნენ. მდებარეობდა თანამედროვე სოფელ ვანინას ადგილას, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. გათხრები დაიწყო ფ. პეტრიმ 1900 წ. აღსანიშნავია პტოლემაიოსების მიერ თრიპისისადმი მიძღვნილი ტაძარი და ასკლეპიოსის კლდის ტაძარი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები