ბორცვი (პირველყოფილი)
ბორცვი (პირველყოფილი) – პირველყოფილი ბორცვი ყველა ეგვიპტური კოსმოგონიის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა.
ეგვიპტელთა რწმენით, სამყაროს შექმნამდე „არ იყო არც ღმერთები და არც ხალხი“, იყო მხოლოდ სიბნელე და ქაოსური წყლები. „პირველი ჯერის“ დროს (ეგვიპტელები სამყაროს წარმოშობის – ან წარმოშობის დაწყების მომენტს „პირველ ჯერს“ ეძახდნენ, ბნელი წყლებიდან იშვა მაღალი ბორცვი, რომელსაც დაეცა პირველი მზის სხივი და გაანათა სამყარო. ეს ძირითადი ქარგა სხვადასხვა ვარიაციებით ყველა ეგვიპტურ კოსმოგონიაში მეორდება და ყველა ქალაქს, რომელსაც საკუთარი კოსმოგონია ჰქონდა, „თავისი“ პირველყოფილი ბორცვის სწამდა. ჰელიოპოლისში ბორცვთან ჰელიოპოლისის დემიურგი, ატუმი იყო გაიგივებული, მემფისის დემიურგის, პტახისადმი მიძღვნილ ჰიმნში პტახი მოხსენიებულია, როგორც „ბორცვი“, „ამოწეული მიწა“. ჰერმოპოლისში ესაა „ცეცხლოვანი კუნძული“, საიდნაც „პირველი ჯერის დროს წარმოიშვა მზე“. უფრო გვიან, თებეში, კარნაკის ტაძარს მოიხსენიებდნენ, როგორც „პირველი ჯერის გაბრწყინებულ ბორცვს“. ითვლება, რომ პირამიდებიც პირველყოფილი ბორცვის სიმბოლოს წარმოადგენდა.