ოქსირინხოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოქსირინხოსი – (ეგვ. Pr-mdd, „შეხვედრების სახლი“), ქალაქი ძველ ეგვიპტეში, მდებარეობდა ნილოსის ბაჰრ იუსუფის ტოტზე. დღეს ქალაქი თანამედროვე სოფლის, ბაჰნასას ქვეშ არის მოქცეული. ბერძნები ეძახდნენ პემპტეს (Pempte), მაგრამ ქალაქისათვის საკრალური თევზის, ოქსირინხოსის (Mormyrus kannume) გამო, მას ოქსირინხოსი დაერქვა.

ოქსირინხოსის თევზისადმი მიძღვნილ სამლოცველოს აღწერს სტრაბონი. ქალაქის მთავარი ღვთაება იყო სეტხი, რომელიც რამსეს III-ის წარწერაში „ოქსირინხოსის ბატონად“ არის მოხსენიებული. ეს ერთგვარად ხსნის ქალაქში თევზის კულტის არსებობას, რადგან თევზებს ეგვიპტელები ბოროტ ძალებს უკავშირებდნენ. სეტხის კულტი ოქსირინხოსში მოხსენიებულია ედფუს ტაძრის წარწერებშიც, სადაც ხორის და სეტხის ორთაბრძოლაზეა მოთხრობილი. ქალაქში ეთაყვანებოდნენ ასევე ტაურეტს, აშს, თერმუტისს, ოსირისს და ჰარპოკრატოსს. ოქსირინხოსზე არაფერია ცნობილი ახალი სამეფოს დასასრულამდე. უძველესი მოხსენიება დაკავშირებულია ფარაონ პიიესთან (XXV დინასტია). XXVI დინასტიის ფარაონის, ფსამტიხ I-ის ქალიშვილის, ნიტოკრისის სტელის თანახმად, ამ დროისათვის ოქსირინხოსი XIX ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი გახდა ძველი სეპერმერუს ნაცვლად. თუმცა ქალაქიდან პრაქტიკულად არაფერია შემორჩენილი, XIX საუკუნის დასასრულს აქ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ბერძნული პაპირუსები, რომლებიც დღეს ოქსირინხოსის პაპირუსების სახელით არის ცნობილი. ეს უზარმაზარი ნაკრები შეიცავს ლიტერატურულ, ისტორიულ, ბიოგრაფიულ ტექსტებს, ოფიციალურ ჩანაწერებს, კერძო დოკუმენტებს და წერილებს.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები