პიანხი (ფარაონი)
პიანხი – (ასევე პიიე, ეგვ Pnhj, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 750-712), ეგვიპტის ნუბიური დინასტიის პირველი მეფე, რომელმაც დაიპყრო ეგვიპტე.
თავისი მეფობის პირველი ათი წლის განმავლობაში გააგრძელა თავისი წინამორბედის, კაშტას ექსპანსია ჩრდილოეთით (უნდა ითქვას, რომ ზოგი მეცნიერი ნუბიური დინასტიის პირველ ფარაონად პიანხის მამას, კაშტას ასახელებს, მაგრამ თუმცა კაშტამ ნამდვილად მიაღწია ასუანამდე, მის უფრო ჩრდილოეთით აქტივობაზე ცნობები არ არის.), დაიქვემდებარა თებე და იმდროინდელ ამონის ცოლს, შეპენუპეტ I-ს აშვილებინა თავისი და, ამენერდისი, რომელიც, აქედან გამომდინარე, შეპენუპეტის მემკვიდრე და ამონის შემდეგი ცოლი უნდა გამხდარიყო. ეს მოხდა დაახლ. XXIII დინასტიის მეფის, იუპუტ II-ის დროს (ჩვ.წ-მდე 754-720 ან 715 წწ.), რომელსაც ცნობდა თებე. ამ დროისათვის ნუბიელები, როგორც ჩანს, აკონტროლებდნენ მთელ სამხრეთ ეგვიპტეს, შესაძლოა ჰერმოპოლისამდე და ჰერაკლეოპოლისამდე, რადგან შემდგომში პიანხი ღალატში ადანაშაულებს მათ მმართველებს. ნუბიელების მიერ ეგვიპტის სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობის ფონზე, ან შეიძლება ამ ვითარებით წაქეზებული, საისის ბატონი ტეფნახტი აერთიანებს ჩრდილოეთს და იწყებს სამხედრო მარშს სამხრეთისაკენ, მაგრამ პიანხი თვითონ უძღვება ჯარს და ამარცხებს ჩრდილოეთის კოალიციას.
ამ ბრწყინვალე სამხედრო კამპანიის ისტორია შემოგვინახა ცნობილმა პიანხის სტელამ, (ე.წ. „გამარჯვების სტელა“), რომელიც მან გებელ ბარკალის (ნაპატა) ამონის ტაძარში აღმართა. ვარდისფერი გრანიტის, შესანიშნავად შესრულებული და შენახული სტელა (სიმაღლე – 180სმ., სიგანე – 184სმ., სისქე – 43სმ.) დღეს კაიროს მუზეუმშია გამოფენილი. ტექსტის თარგმანი გამოცემულია ბრესტედის მიერ. სტელის თანახმად, პიანხის მეფობის ოცდამეერთე წელს მისმა ვასალებმა სამხრეთ ეგვიპტეში შეატყობინეს მას, რომ ტეფნახტმა დაიპყრო მთელი დელტა და ასევე სამხრეთ ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი. მხოლოდ ჰერაკლეოპოლისი იყო მის წინააღმდეგ. პიანხიმ, რომელსაც სურდა, მტერი რაც შეიძლებოდა სამხრეთით შემოეტყუებინა, გზავნილი უპასუხოდ დატოვა. მეორე შეტყობინება ამცნობს პიანხის, რომ ნიმლოტი, ჰერმოპოლისის მმართველი, გადავიდა ტეფნახტის მხარეს. ამის შემდეგ პიანხი აგზავნის ჯარს დავალებით, რომ ალყა შემოარტყან ჰერმოპოლისს, და სასწრაფოდ ადევნებს მეორე ჯარს. მეორე ჯარი, თებედან გასვლისას, ხვდება ტეფნახტის გემებს, და ატყვევებს მათ. ამის შემდეგ ის უტევს ტეფნახტის ჯარს, რომელსაც ალყა აქვს შემორტყმული ჰერაკლეოპოლისზე, და ამარცხებს მას ხმელეთზეც და წყალზეც. ჯარი გარბის ბაჰრ იუსუფისაკენ (ნილოსის ტოტი, რომელიც ფაიუმისაკენ მიედინება), მაგრამ მეორე დილას პიანხის ჯარი უტევს მას, და ჯარი იხევს დელტისაკენ. ამ დროს ნიმლოტი ბრუნდება ჰერმოპოლისში. პიანხი საშინლად ბრაზდება, როცა იგებს, რომ ტეფნახტის ჯარს დელტაში გაქცევის საშუალება მისცეს, მაგრამ რადგან უკვე წლის დასასრული იყო, მან გადაწყვიტა სახლში შეხვედროდა ახალ წელს, შემდეგ ედღესასწაულა ოპეტის დღესასწაული თებეში (წლის მესამე თვეს) და პირადად გაძღოლოდა ჯარს ჩრდილოეთთან საბრძოლველად. ამასობაში მისი ჯარი იპყრობს მთელ რიგ ქალაქებს, მაგრამ ჰერმოპოლისი კვლავ მის წინააღმდეგ არის. პიანხი მართლაც ზეიმობს ოპეტის დღესასწაულს თებეში და შემდეგ პირადად უძღვება ჯარს ჰერმოპოლისის დასაპყრობად. ის იპყრობს მას, და შეშინებული ნიმლოტი, რომელიც უკვე თავის სიცოცხლეზე ფიქრობს, აგზავნის თავის დედოფალს პიანხის ქალებთან დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის. ამ ხრიკმა გაჭრა, და პიანხი ნიმლოტს სიცოცხლის შენარჩუნებას პირდება. ამის შემდეგ ის შედის ქალაქში, სადაც ნიმლოტი მთელ განძს პიანხის და ამონის ტაძარს გადასცემს. ჰერაკლეოპოლისის მეფე, დაღლილი ტეფნახტის ჯარის ალყით, თავად ეახლება პიანხის და ერთგულებას აღუთქვამს. ამის შემდეგ პიანხი მიემართება დელტისაკენ, და იმორჩილებს ყველა ქალაქს, კროკოდილოპოლისის (ფაიუმში) და აფროდიტოპოლისის (ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე) გარდა, რომლებიც დაშორებული იყვნენ მისი მარშრუტიდან მემფისისაკენ. ყველა ქალაქში ის მსხვერპლს სწირავს ღმერთებს, და მოაქვს განძი თავისი ხაზინის და ამონის ტაძრისათვის. მემფისი, რომელიც კარგად გამაგრებული ქალაქი იყო, პიანხის ჯარის დანახვაზე ხურავს ჭიშკარს. პიანხი შემოუვლის მემფისს ჩრდილოეთიდან, და გაკვირვებულია მისი კედლის სიმაღლით. ის მაინც გადაწყვეტს, შეუტიოს ქალაქს მდინარის მხრიდან, მაღალი წყლის მიუხედავად. პიანხი აგზავნის თავის ფლოტს, რომელიც ატყვევებს მემფისის ყველა გემს. ამის შემდეგ პიანხი თვითონ უძღვება შეტევას, განალაგებს გემებს აღმოსავლეთ კედელთან, მათი დახმარებით ჯარი გადაძვრება კედელზე და ძალიან სწრაფად იპყრობს ქალაქს. გაიმართება სასაკლაო, მაგრამ ტაძრებს არავინ არ ეხება, და პტახი აღიარებს პიანხის მეფედ. პიანხის ნებდება მთელი მემფისის რაიონი, და მასთან საჩუქრებით მოდიან ასევე დელტის ქალაქების მმართველები. მემფისის განძის პტახის და ამონის ტაძრებს შორის გაყოფის შემდეგ, პიანხი მიდის ჰელიოპოლისში, სადაც შედის რას ტაძრის წმინდათა წმინდა ოთახში, რომ ღმერთმა, ძველი ტრადიციის თანახმად, მეფედ აღიაროს. მას ნებდება ოსორკონ IV (XXII დინასტიის ბოლო ფარაონი), თვითონ ტეფნახტი, რომელიც იმალება შორეულ ნილოსის კუნძულზე, უთვლის მას დანებების შესახებ, და როცა აფროდიტოპოლისის და კროკოდილოპოლისის მეფეებიც მოდიან მასთან საჩუქრებით, ნუბიელი ფარაონი მთელი ეგვიპტის ბატონი ხდება. ამის შემდეგ პიანხი ჯდება თავის გემზე და ბრუნდება ნაპატაში.
თოტმეს III-ის ანალების და რამსეს II-ის ქადეშის ბრძოლის აღწერასთან ერთად პიანხის სტელა ითვლება სამხედრო კამპანიის საუკეთესო აღწერად, რომელმაც ჩვენამდე ძველი ეგვიპტიდან მოაღწია. თავის დედაქალაქში, „წმინდა მთის“, გებელ ბარკალის ძირში, პინხიმ საგრძნობლად გაადიდა ამონის ტაძარი, რომელიც აგებული იყო ახალი სამეფოს დროს, ხუთასზე მეტი წლით ადრე. მიაშენა მას პილონი და დიდი კოლონებიანი დარბაზი. მოგვიანებით მიაშენა ტაძარს სვეტებიანი ეზო და მის წინ მეორე პილონი დადგა. დიდ დარბაზში მან თავისი გამარჯვების სტელა აღმართა. ნაპატასთან, ელ კურუს ნეკროპოლისში, პიანხიმ ააგო პირამიდა და სამარხები თავისი ხუთი დედოფლის და ორი ქალიშვილისათვის.
ნაპატას მეფეების პირამიდები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აღარ აგებდნენ ეგვიპტეში, ასევე მეტყველებს ნუბიელების დიდ პატივისცემაზე ეგვიპტის ტრადიციების მიმართ. თავის ძეგლებზე პიანხიმ მოათავსა თავისი აბსოლუტურად ეგვიპტურ ყაიდაზე შედგენილი სახელები, რომლებიც ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მიიღო: „ორი ქვეყნის გამაერთიანებელი“, „ორი ქვეყნის დამაწყნარებელი“, „ორივე ქვეყნის ხარი“, „ის, ვისაც გვირგვინი თებეში დაადგეს“. მან მოახდინა ასევე თავისი იდენტიფიცირება ორ დიდ ეგვიპტურ ფარაონთან, თოტმეს III და რამსეს II-თან მათი სატახტო სახელების მიღებით (მენხეპერრა და უსერმაატრა). მეცნიერები ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ დაბრუნდა პიანხი ნაპატაში ასეთი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ. რასაკვირველია, ტეფნახტმა მაშინვე განაახლა თავისი ბრძოლა ეგვიპტის გვირგვინისათვის. შესაძლოა, ის თვლიდა, რომ ეგვიპტის და ნუბიის დედაქალაქი ნაპატა იყო, ან კმაყოფილდებოდა გავლენით თებეს რეგიონზე და დასავლეთის სავაჭრო გზებზე, სადაც დახლას ოაზისში მეფობის ოცდამეოთხე წელს არის დაფიქსირებული. თავის მეორე სტელაზე გებელ ბარკალში პიანხი გვამცნობს: „ღმერთებს შეუძლიათ, შექმნან მეფე. ადამიანებსაც კი შეუძლიათ შექმნან მეფე. მაგრამ მე მეფედ შემქმნა ამონმა“.