შეზმუ
შეზმუ – (ეგვ. Šsmw), ღვინის და ზეთის საწნეხლის ღვთაება. გამოისახებოდა ხან ანთროპომორფულად, ხან – ლომის თავით, ან როგორც ლომი. სამშობლო, შესაძლოა, იყო მემფისი, რადგან მოხსენიებულია ახალი სამეფოს დროით დათარიღებულ მემფისური ღმერთების ჩამონათვალში. ჰქონდა ორგვაროვანი – „კეთილი“ და „საშიში“ ბუნება, რაც შესაძლოა სისხლის და ღვინის მსგავსებით იყო გამოწვეული. მაგრამ როგორც „საშიში“ ბუნების ღვთაება, ის მხოლოდ ცოდვილების და სიკეთის მოძულეთა წინააღმდეგ იქცეოდა. მისი ორგვაროვნება უკვე პირამიდების ტექსტებში ჩანს. უძველეს, ე.წ. „კანიბალის“ გამონათქვამში, სადაც ფარაონი შთანთქავს ღმერთებს „ღვთაებრივი ძალის“ მოსაპოვებლად, შეზმუ ყასბად არის მოვლენილი. სხვა გამონათქვამში ფიგურირებს, როგორც ფარაონთან ღვინის მიმტანი. ცოდვილებს შეზმუ განსასჯელ ქვაზე მიაჯაჭვებდა და მათ სულებს ანადგურებდა, როგორც ოსირისის სამსჯავროს მტანჯველი მსახური. რამესიდების პერიოდის პაპურუსების ნახატებზე ჩანს, თუ როგორ სრესს ის ცოდვილთა თავებს საწნახელში.
გვიანდელი პერიოდიდან შეზმუ ძირითადად ზეთების და მალამოების მწარმოებელი და გამანაწილებელია, რომელიც ამარაგებს ღმერთებსაც და გარდაცვლილებსაც და თანდათან მუმიის დამცველი ღვთაებაც ხდება, რომელიც მუმიაზე ზრუნავს და ღამის მეთორმეტე საათზე ბატონობს. ერთ XXI დინასტიის სარკოფაგზე (დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია) მოხსენიებულია, როგორც უმაღლესი ხარისხის ზეთის მწარმოებელი რასათვის; ედფუს და დენდერას ტაძრებში, სადაც შემორჩენილია საკუჭნაოს ოთახები, მას „პარფიუმერიის ოსტატს“ ეძახიან. შეზმუ იყო ასევე ვარსკვლავის ღვთაება, შუა სამეფოს დროიდან ერთ-ერთი დეკანიც ხდება. უკვე პირამიდების ტექსტებში მას საკუთარი ბარკა ჰქონდა, რომლითაც გარდაცვლილები ზეცის ერთ-ერთ ნაწილში გადაჰყავდა.