საქართველოს მცენარეული საფარი
საქართველოს მცენარეული საფარი – საქართველოს მდებარეობა დედამიწის უმსხვილესი გეოგრაფიული სარტყლების (სუბტროპიკულის და ზომიერის) გასაყარზე იმის ხელსაყრელ პირობებს ქმნის,რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სარტყლების მცენარეულობა განვითარდეს.
მცენარეული საფარის პლანეტარულად განსაზღვრულ ამ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის საკუთრივ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოროგრაფიული და კლიმატური ნაირგვარობა.
კავკასიონის ქედით საიმედოდ დაცულობა და თბილი შავი ზღვის სიახლოვე ხელსაყრელ კლიმატურ (უწინარესად თერმულ და ტენიანობის) რეჟიმს ქმნის დასავლეთ საქართველოს ბარსა და დაბალმთიანეთში მეზოფილური სითბოსმოყვარული მცენარეულობის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთის კალთების ქვემო ნაწილებში ზღვიური ჰავის გავლენის მკვეთრი შემცირება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მშრალი და ცხელი ჰავის ძლიერი გავლენა, განაპირობებს არიდული (ჰემიქსეროფილური, ქსეროფილური) მცენარეულობის ჩამოყალიბებასა და ფართოდ გავრცელებას.
და ბოლოს, ზომიერი და ცივი ჰავა, რომლითაც საქართველოს მთიანი რეგიონები ხასიათდება (ზღვის დონიდან 900-1000 მ ზემოთ), უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე ზომიერად სითბოს მოყვარული და ყინვაგამძლე მცენარეულობის განვითარებას.
ბუნებრივი მცენარეულობის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს უნიკალური, ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყნებს აკუთვნებს.
მცენარეული საფარის განვითარების გრძელ გზაზე (იგი დაიწყო მრავალი მილიონი წლის წინათ, ფაქტობრივად საქართველოს ხმელეთის ჩამოყალიბების დაწყებისთანავე) მიმდინარეობდა მისი სახეობრივი შემადგენლობის შევსებისა და შესაბამისი ფიტოცენოლოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესები. ბოლო ათასწლეულებში ამ ბუნებრივ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია ადამიანის მზარდმა სამეურნეო საქმიანობამ. მჭიდროდ დასახლებულ ბარში, ზეგნებსა და მთისწინეთში, ასევე მაღალმთის სათიბ-საძოვრების ზოლში, ბუნებრივი მცენარეულობის ანთროპოგენურმა ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი პირვანდელი სახე. ტყის მცენარეულობა, რომლითაც დაფარული იყო კოლხეთისა და ივერიის ბარის დიდინაწილი, დღეს ამ ტერიტორიაზე კუნძულებადღაა შემორჩენილი. ბევრგან კი ტყის აქ არსებობაზე მხოლოდ ცალკეულ დაცულ ტერიტორიაზე (ძირითადად სახელმწიფო ნაკრძალებში) შემორჩენილი კორომები და აქა-იქ მიმოფანტული ხანდაზმული ხეებიღა მიგვანიშნებს. ანთროპოგენურ-პასტორალური ზემოქმედებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ტყეების ბუნებრივი (პირველყოფილი) სტრუქტურა საქართველოს მთაში, სუბალპური და ალპური მდელოებისა – მაღალ მთაში.
ბუნებრივ მცენარეულობაზე მეტ-ნაკლები დოზით ადამიანის გავლენას მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა. საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ანთროპოგენური მცენარეულობაც, თავის მხრივ, ზრდის ქვეყნის საერთო ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და, რაც განსაკუთრებით ფასეულია – იგი ექსტრემალურ ადგილებში (ეროზირებული ფერდობები, გადატვირთული საძოვრები და სხვ.) მდგრადი ეკოსისტემების შექმნისათვის მნიშნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს მცენარეულობის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ნათლად ასახულია სპეციალურ ბოტანიკურ-გეოგრაფიული და გეობოტანიკური და რაიონების სქემებში (დოლუხანოვი, სახოკია, 1941; გროსჰეიმი, 1948; კეცხოველი, 1960; გულისაშვილი, 1964; ხარაძე, 1966; ქვაჩაკიძე, 1996 და სხვ.), მთლიანად საქართველოს და მისი ცალკეული რეგიონების მცენარეულობის გამოკვლევებზე შექმნილ მრავალრიცხოვან მონოგრაფიებსა და სამეცნიერო სტატიებში.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივი მცენარეული საფარის განაწილების კანონზომიერებებისა და მცენარეულობის სტრუქტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით, გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ცალკეული ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონების გეობოტანიკურ დახასიათებას. ზოგადი სურათის შესაქმნელად მიზანშეწონილად მივიჩნევთ ჩვენი ქვეყნის მცენარეული საფარი ცალ-ცალკე განვიხილოთ საქართველოს ორ ძირითად ნაწილში – დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოს მცენარეულობა
კოლხეთის დაბლობზე და მთისწინეთში ბუნებრივი მცენარეულობა შემორჩენილია ლოკალურად, მეტწილად მომცრო ფართობების სახით. უმეტესი ნაწილი კი ხელოვნურ (კულტურულ) ლანდშაფტადაა ქცეული. ყველაზე დაბალ ადგილებში (ზღვისპირეთი, მდინარეთა ჭალები) შემორჩენილია რელიქტური ჰიგროფილური ტყეები – მურყნიანი (ჩვეულებრივი მურყანი) და ლაფნიანი. სულ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე, კირით მდიდარ ნიადაგებზე (კირქვიან სუბსტრატზე) გვხვდება ქსერომეზოფილური რელიქტური ტყეები – ბზიანი (კოლხური ბზა) და დაფნარი (კეთილშობილი დაფნა). აჯამეთის ნაკრძალში რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გავრცელებულია რელიქტური ძელქვნარი (რცხილა, ფოთოლა ძელქვა) და მუხნარ-ძელქვნარი (ქუთაისის მახლობლად და სხვ.). გვხვდება წმინდა მუხნარი (ქართული მუხა) ტყეც, რომელიც წარსულში ფართო გავრცელებას აღწევდა კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში. სუბტროპიკული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (იმერული მუხა, წაბლი, წიფელი, რცხილა, ცაცხვი, იფანი და სხვ.), ასევე მონოდომინანტური წიფლნარი (აღმოსავლეთის წიფელი) და წაბლნარი (ჩვეულებრივი წაბლი), რომლითაც წარსულში დაფარული იყო კოლხეთის დაბლობის უმეტესი ტერიტორია, ამჟამად კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში მომცრო ფართობებზეა შემორჩენილი.
კოლხეთის დაბლობის დასავლურ ნაწილში ლოკალურად განვითარებულია ბუნებრივი (პირველადი) და ანთროპოგენური (მეორეული) მცენარეულობა – ჭაობები (ხავსიანი, ბალახიანი, ხე-ბუჩქიანი) და მდელოები, ეგზოტურ მცენარეთა მეტ-ნაკლები (ზოგან ფართო) მონაწილეობით. დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი უტყეო მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია ჯაგრცხილნარით, იელიანით, გვიმრიანით, მეზოფილური მდელოს სხვადასხვა ვარიანტებით.
მდინარე ბზიფის დელტაზე, დაახლოებით 200 ჰა ფართობზე, გავრცელებულია რელიქტური ფიჭვნარი (ბიჭვინთის ფიჭვი), რომლის შემდგენლობაში ფიჭვთან ერთად მონაწილეობს ხმელთაშუაზღვიური და კოლხური სახეობები – კოლხური ბზა, კოლხური მუხა, საკმელა, სესლერია და სხვ.
მთების (კავკასიონი, მცირე კავკასიონი) კალთები, ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე შემოსილია მთის ტყეებით. ტყეების შემადგენლობა არაერთნაირია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ბუნებრივ ფაქტორებზე (შავი ზღვიდან დაშორება, აბსოლუტური სიმაღლე, მთავარი ქედის თოვლიან-მყინვარიან მწვერვალებთან სიახლოვე და სხვ.), ასევე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ტიპზე და ინტენსივობაზე.
მთათა კალთებზე, ზღვის დონიდან 1000-1200 მ-მდე, ტყის საფარი ძირითადად ფართოფოთლოვანი ტყეებითაა შექმნილი. მათ შორის გაბატონებულია რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს – წაბლი, კოლხური მუხა, წიფელი, რცხილა. შერეული სახეობებიდან (ასექტატორები) გვხვდება ქართული და იმერული მუხა, ცაცხვი, მურყანი, ლაფანი, იფანი, ქორაფი და სხვ. ქვეტყეს უპირატესად ქმნის რელიქტური (კოლხური) სახეობები – შქერი, წყავი, კოლხური ბზა, კოლხური ჭყორი, ძმერხლი, კავკასიური მოცვი, იელი, კოლხური ჯონჯოლი და სხვ. ტყეებისათვის დამახასიათებელია ლიანა (ხვიარა) მცენარეები – ეკალღიჭი, მაყვალი, ღვეტკეცი, კოლხური სურო, გარეული ვაზი და სხვ. ბალახეული საფარი შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში იშვიათად ვითარდება. მის დომინანტთა შორის გვხვდება რელიქტური სახეობები – ხარისთვალა, ხახია, ანჩხლა და სხვ. ეპიფიტები ძირითადად წარმოდგენილია ხავსებით და მღიერებით.
შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები ფართო გავრცელებას აღწევს კოლზეთის დაბლობის მიმდებარე მთების დასავლურ ნაწილში (აჭარა-გურიისა და აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონები). აღმოსავლეთით ტყის ფიტოცენოზების შემადგენლობაში თანდათანობით სუსტდება მრავალი ტიპური რელიქტური (კოლხური) სახეობის ცენოზური როლი (კოლხური მუხა, წაბლი, შქერი, წყავი, ბზა და სხვ.), ზოგიერთი მათგანი (კოლხური მუხა და სხვ.) ტყის ფიტოცენოზთა (კორომების) შემადგენლობიდან საერთოდ ვარდება.
შერეული ფართოფოთლოვანი ტყეების ქვესარტყელში გვხვდება მონოდომინანტური და ბიდომინანტური ფორმაციებიც – წაბლნარი, წიფლნარი, მუხნარი (ქართული მუხა), რცხილნარი, რცხილნარ-წიფლნარი, წაბლნარ-წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი და სხვ. კირქვიან მთებზე საკმაოდ ფართო გავრცელებას პოულობს მუხნარი ჯაგრცხილას ქვეტყით, რომელიც სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე დომინირებს კიდეც (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი). კავკასიონის ზღვისპირა რეგიონში (აფხაზეთი) მუხნარ ტყეებში შემორჩენილია უძველესი (რელიქტური) სახეობები – მარწყვის ხე, ხემაგვარი მანანა, სესლერია და სხვ. მცირე კავკასიონის ზღვისპირა რეგიონში (აჭარა) შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება უძველესი ენდემური რელიქტები – უნგერნის შქერი, სმირნოვის შქერი, ეპიგეა.
ხელსაყრელი კლიმატურ-ნიადაგური პირობები განაპირობებს კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების მაღალ ბიოლოგიურ პროდუქტიულობას. ტყის კორომების უმეტესობა მაღალ წარმადობას (ბონიტეტის I-II კლასი) აღწევს.
კოლხური ტყეების შემადგენლობაში ზღვის დონიდან 1000-1100 მ-დან 1400-1500 მ-მდე დომინირებს წიფლნარი. გავრცელებულია ბიდომინანტური ტყეებიც, კერძოდ, რცხილნარ-წიფლნარი, წაბლნარ-წიფლნარი, ნაძვნარ-წიფლნარი, სოჭნარ-წიფლნარი. სვანეთის და რაჭა-ლუჩხუმის რეგიონებში გვხვდება მუქწიწვიანი ტყეებიც (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). ქვეტყეში ძირითადად წარმოდგენილია მარადმწვანე და ფოთოლცვენია კოლხური სახეობები – შქერი, წყავი, ჭყორი, კოლხური სურო, კავკასიური მოცვი, იელი; უფრო მაღლა (ზღვის დონიდან 1450-1500 მ-დან 1800-1900 მ-მდე) გაბატონებულია მუქწიწვიანი ტყეები – ნაძვნარი (აღმოსავლეთის ნაძვი), სოჭნარი (კავკასიური სოჭი), ნაძვნარ-სოჭნარი. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეებიც, კერძოდ, წიფლნარ-ნაძვნარი. წიფლნარსოჭნარი, ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარი. ტყეების მეტი ნაწილი რელიქტური კოლხური ქვეტყითაა (წყავი, შქერი, ჭყორი, კავკასიური მოცვი, იელი). სიმაღლის აღნიშნულ ზოლში გავრცელებულია წმინდა წიფლნარებიც რელიქტური კოლხური ქვეტყით. ზემო და ქვემო სვანეთის ქვაბულების აღმოსავლეთ ნაწილსა და რაჭა-ლეჩხუმში მნიშვნელოვანი ტერიტორია უკავია ფიჭვნარ (კავკასიური ფიჭვი) და ნაძვნარ-ფიჭვნარ ტყეებსაც. აჭარა-გურიის რეგიონში ლოკალურად გავრცელებულია კოლხეთის და კოლხეთ-ლაზისტანის ენდემური რელიქტების – მედვედევის არყისა და პონტის მუხის ტანბრეცილი ტყეები.
დასავლეთ საქართველოს მთის ფოთლოვანი და წიწვიანი ტყეების მეტი ნაწილი ბუნებრივად მაღალი ბიოლოგიური პროდუქტიულობით გამოირჩევა (ბონიტეტისI-II კლასი). ტყის კორომების წარმადობა მხოლოდ იმ ადგილებშია შემცირებული, სადაც უსისტემო ტყის ჭრამ და ხეთადგომის დასაშვებ ნორმაზე მეტად გამეჩხერებამ,ხელი შეუწყო ფერდობებზე ეროზიული პროცესების გაძლიერებას და, პარალელურად, ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითებას.
ტყიდან მაღალმთის მდელოებზე გარდამავალ ზოლში (სუბალპური სარტყელი, ზღვის დონიდან 1800-1900 მ-დან 2450-2500 მ-მდე) მცენარეული საფარის შემადგენლობის მრავალფეროვნება კულმინაციას აღწევს. ამ ჰიფსომეტრიულ ზოლში ბუნებრივი პირობები (უწინარესად ზაფხულის სითბო) ჯერ კიდევ ხელსაყრელია ტყის მცენარეულობის განვითარებისათვის. მასთან ერთად, ბუნებრივი პირობები უზრუნველყოფს ბუჩქნარი და ბალახეული მცენარეულობის ოპტიმალურ ზრდა-განვითარებასაც. ამ განსხვავებული მცენარეულობის (მცენარეული ტიპების) ურთიერთკონკურენციის პირობებში, ბუნებრივად ჩამოყალიბდა მაღალმთის (სუბალპური) ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსები. მცენარეულობის სხვადასხვა ტიპებით შეთანაწყობის (კომპლექსების) ბუნებრივი სურათი დღეს, სამწუხაროდ, ბევრგან ფაქტობრივად დარღვეულია. ანთროპოგენური წნეხის გავლენით ყველაზე მეტად დაზარალდა ტყეები. ტყის ფიტოცენოზები (მთლიანად ტყიანი ეკოსისტემები) ყველაზე უფრო მგრძნობიარეა. მაღალმთის ტყეების უსისტემო ჭრისა და შინაური პირუტყვის ზღვარგადასული ძოვების გავლენით ტყის ზემო (ალპური) საზღვარი დასავლეთ საქართველოში ხელოვნურად დაწეულია, საშუალოდ 2000-2200 მ-მდე. ტყე მხოლოდ ლოკალურად, ადამიანისა და ცხოველისათვის ძნელად მისაწვდომ ადგილებში, აღწევს თავისი გავრცელების ბუნებრივ (თერმულ) საზღვარს – 2400-2450 მ აბსოლუტურ სიმაღლეს (ზემო სვანეთში 2500-2550 მ).
კოლხეთის დაბლობის მიმდებარე მთების სუბალპებში მეტწილად გვხვდება დაბალი წარმადობის (IV-V ბონიტეტი) ნაძვნარი, სოჭნარი, ფიჭვნარი. ტიპური მაღალმთიური ფოთლოვანი ტყეებიდან გავრცელებულია დაბალი წარმადობისა და სუსტად კალთაშეკრული სუბალპური პარკისებრი და ტანბრეცილი ტყეები – ნეკერჩხლიანი (მაღალმთის ნეკერჩხალი), წიფლნარი, არყნარი (ლიტვინოვის არყი), ცირცელიანი (კავკასიური ცირცელი). სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სუბალპებში გავრცელებულია მუხნარიც (მაღალმთის მუხა). აჭარა-გურიის მთებში გვხვდება ენდემური ტანბრეცილი ტყეები – მუხნარი (პონტოს მუხა) და არყნარი (მედვედევის არყი). ქვეტყეში კვლავ ფართოდ მონაწილეობს რელიქტური სახეობები – წყავი, შქერი, ჭყორი, ძმერხლი, იელი, კავკასიური მოცვი, დეკა და სხვ. ტყის საბურველქვეშ ხშირად ვხვდებით სუბალპური მაღალ ბალახეულობის წარმომადგენელთაგან შექმნილ ბალახეულ საფარსაც.
სუბალპური მცენარეულობის კოლორიტული წარმომადგენელია რელიქტური მარადმწვანე ბუჩქის – დეკას მიერ შექმნილი ბუჩქნარი – დეკიანი. მისი მჭიდრო რაყები დიდ ფართობს მოიცავს ჩრდილო, დასავლური, ჩრდილო-დასავლური ექსპოზიციის ფერდობებზე (სწორედ აქ ფორმირდება მდგრადი თოვლის საფარი, რომელიც დეკას იფარავს და ზამთარში იცავს გაყინვისაგან). ლოკალურად გვხვდება მაღალმთის ბუჩქნართა სხვა წარმომადგენლებიც – ღვიიანები (გართხმული ღვია, ქონდარა ღვია), იელიანი, მოცვიანები (კავკასიური მოცვი, ლურჯი მოცვი), ტირიფიანი (ყაზბეგის ტირიფი) და სხვ. აფხაზეთ-სამეგრელოს კირქვიანებზე ლოკალურად აღინიშნება თხილიანიც (კოლხური თხილი).
სუბალპური ფიტოლანდშაფტის ასევე ფრიად კოლორიტული ელემენტია სუბალპური მაღალბალახეულობა (სიმაღლე 1,5-2 მ და მეტი). მათი ცენოზები გვხვდება მცირე დაქანების ფერდობებსა და გავაკებებზე, ტენიან და ნაყოფიერ ნიადაგებზე. შემადგენლობაში წამყვანია – დიყი, დიდი გვირილა – სამტიტა, ლაშქარა, ტელეკია, მზიურა, ხარისშუბლა, ტილჭირი, კენკეშა, კატაბალახა და სხვ.
დასავლეთ საქართველოს სუბალპებში ვრცელი ტერიტორია უკავია მაღალმთის (სუბალპურ) მდელოებს, რომლებიც ფიტოცენოლოგიურად და ეკოლოგიურად მრავალფეროვანია: მარცვლოვანი, ნაირბალახოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, ისლიანი მდელოები. მარცვლოვანი მდელოების უმთავრესი ფორმაციებია – ბერსელიანი, ბრძამიანი, ნამიკრეფიანი, ძიგვიანი, სესლერიანი. მათ შორის ბერსელიანი და სესლერიანი კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზეა განვითარებული (აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონი). კირქვიან მთებთან დაკავშირებულია პონტოს ისლის ენდემური დაჯგუფებებიც. ნაირბალახოვანი მდელოებიდან სჭარბობს ნემსიწვერიანი (ალპური ნემსიწვერა – უჟმურა), უძოვრიანი, ფრინტიანი. კირქვიანი მთების ფერდობებზე მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ვორონოვიას რელიქტურ მდელოს (აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონი). სვანეთის სუბალპებში, სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, ფართოდაა გავრცელებული ჭრელწივანიანი. აქვე ლოკალურად (მდ. თხეიშის სათავეები და სხვ.) გვხვდება ჭრელშვრიელიანი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზოლი (ზღვის დონიდან 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე) მთლიანად ალპური მდელოებითაა დაფარული (ზოგან, ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, 2700–2750 მ აბსოლუტურ სიმაღლემდე, იჭრება დეკიანის და მოცვიანის მომცრო დაჯგუფებები). აფხაზეთ-სამეგრელოში ვრცელი ტერიტორია უკავია წივანიან-ისლიან მდელოს. სხვა ფორმაციებიდან გვხვდება ძიგვიანი, კობრეზიანი და სხვ. ყველა მაღალმთიან რეგიონში გავრცელებულია ალპური ნემსიწვერიანი მდელოები; მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ჭრელწივანიანს. გავაკებულ ადგილებში და მყინვარების მახლობლად განვითარებულია ალპური ხალების (5-8 სმ სიმაღლის ბალახნარი) მომცრო დაჯგუფებები (ქარცხვი, პირთეთრა, ძირმაგარა, ბურბუშელა და სხვ.).
კიდევ უფრო მაღლა (ზღვის დონიდან 3000 მ-ს ზევით) მცენარეული საფარი განვითარებულია ფრაგმენტულად და, თანაც, ღია ცენოზების სახით. დამახასიათებელი სახეობებია – პირთეთრა, ქუდუნა, მინუარცია, სატილია, ფურისულა, ფხიჭა, სიმფიოლომა, ვერონიკა და სხვ. სვანეთის სუბნივალური სარტყლის კლდე-ნაშალების და ქვა-ღორღიანების მცენარეულობაში მონაწილეობს იშვიათი სახეობებიც – კავკასიური დეზურა, ფსევდოვეზიკარია და სხვ.
აღმოსავლეთ საქართველოს მცენარეულობა
აღმოსავლეთ საქართველოს მცენარეული საფარი, ფიტოცენოლოგიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, არსებითად განსხვავებულია დასავლეთ საქართველოს მცენარეული საფარისაგან. განსხვავება თვალსაჩინოა ფაქტობრივად მთელ სიმაღლით (ვერტიკალურ) პროფილზე, განსაკუთრებით კი ბარსა და მთის ტყეების სარტყელში (ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე).