სობეკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სობეკი

სობეკი – (ეგვ. Šbk), ნიანგის სახის ღვთაება. გამოისახებოდა, როგორც ნიანგი, ან ადამიანი ნიანგის თავით, ან, იშვიათად, სრულიად ანთროპომორფულად.

სობეკი დაფიქსირებულია უკვე ნარმერის დროით დათარიღებულ საბეჭდავზე. პირამიდების ტექსტებში მოხსენიებულია, როგორც ნეიტის შვილი. მისი ძირითადი საკულტო ადგილი იყო ფაიუმი, სადაც მისი კულტი, დიოდორეს ცნობით, მენესმა დანერგა. მთავარი ტაძარი ფაიუმის დედაქალაქში, კროკოდილოპოლისში ჰქონდა (ეგვ. შედეტი, Šdjt). სხვა საკულტო ადგილებიდან აღსანიშნავია ომბოსი და თებე.

ფაიუმში სობეკის ფუნქციას წყალზე ბატონობა და მიწის ნაყოფიერება წარმოადგენდა, და მას ეძახდნენ მინდვრების და მცენარეების ბატონს, რომლის სხეულიდან სანოვაგე მოედინება. რადგანაც XII დინასტიის ფარაონებს რეზიდენცია ფაიუმთან ჰქონდათ, სობეკი სამეფო რეზიდენციის ღმერთიც გახდა, და შედეგად უფრო საერთო-ეგიპტური მნიშვნელობა მოიხვეჭა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა სობეკის დაკავშირება სხვადასხვა მნიშვნელოვან ღმერთებთან – ამონთან, რასთან, ხორთან და სხვ. და მისი დიდი ღვთაებების მითებში ჩართვა, თუმცა საკუთარი მითოლოგიური ციკლი სობეკს არ ჰქონია. სობეკის ბუნება ორგვარად აღიქმებოდა – კეთილგანწყობილი ღმერთის სახით ის გვევლინება რას მშველელად მიწისქვეშეთის ძალებთან ბრძოლაში. ასეთივეა ის ოსირისის მითებში, მაგრამ ხანდახან წინა პლანზე წამოწეული იყო მისი, როგორც ნიანგის, დესტრუქციული ბუნება და ამ სახით სეტხთან იყო ასოცირებული. სობეკი პოპულარული იყო ბერძნულ-რომაულ პერიოდში. მას მიმართავდნენ სნეულებისგან განკურნების თხოვნით და თვლიდნენ მიცვალებულთა მფარველად.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები