კუბერტენი პიერ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარონი პიერ დე კუბერტენი

პიერ დე კუბერტენი - ფრანგი საზოგადო და სპორტის მოღვაწე თამანედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინების ინიციატორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1863 წლის 1 იანვარს, პარიზში, არისტოკრატთა ოჯახში. მისი სრული სახელია პიერ დე ფრედი, ბარონ დე კუბერტენი (Pierre de Frédy, Baron de Coubertin). იგი შარლ ლუი დეფრედის, ბარონ დე კუბერტენის (Charles Louis de Frédy, Baron de Coubertin) და აგატა მარია მარსელ გიგო დე კრისენოის (Agathe Marie Marcelle Gigault de Crisenoy) მეოთხე შვილი იყო.

გვარი - დე ფრედი - წარმოშობით იტალიიდანაა. საფრანგეთში ამ გვარის წარმომადგენელი მე-15 საუკუნეში გადმოსახლებულა. პიერის წინაპარს, რომელსაც ასევე პიერ დე ფრედი ერქვა, საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ 1477 წელს ბარონის წოდება უბოძა. იმავე წელს მას შეუძენია მამული კუბერტენში, ვერსალის მახლობლად. ბარონის წინაპრებს შორის, როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან, მრავლად იყვნენ ბრწყინვალე არისტოკრატები - ძირითადად, სამხედროები.

პატარა პიერმა ბავშვობა ნორმანდიაში, დედამისის საგვარეულო ციხე-კოშკში, შატო დე მირვილში გაატარა. იგი მეტად მკვირცხლი, მოძრავი, ცოცხალი მოზარდი იყო, იტაცებდა ფიზიკური ვარჯიშობა და სპორტის სხვადასხვა სახეობა - ჯირითი, ფარიკაობა, კრივი, ნიჩბოსნობა. ამავე დროს, მას უყვარდა კითხვა და მუსიკა.

პიერის მამა მხატვარი იყო, კლასიცისტი, აკადემიურ სალონში მართავდა გამოფენებს. ამავე დროს იგი მორწმუნე კათოლიკე გახლდათ, პოლიტიკური შეხედულებით კი - როიალისტი, ამიტომ შვილს შესაბამისი განათლება მისცა. პიერი სწავლობდა იეზუიტების კოლეჯში. 1880 წელს მან ხელოვნების ბაკალავრის, 1881 წელს კი მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. მამამისს იმედი ჰქონდა, რომ პიერი სწავლას სენ-სირის სამხედრო აკადემიაში გააგრძელებდა და სახელოვანი წინაპრების გზას გაჰყვებოდა, მაგრამ მან სორბონის უნივერსიტეტს მიაშურა, პოლიტიკურ მეცნიერებათა თავისუფალ სკოლაში შევიდა. 1885 წელს იგი იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი გახდა.

ფიზიკური აღზრდის სისტემა

Inglisuri ganatleba.PNG

პიერს ბავშვობიდან აინტერესებდა ანტიკური სამყარო, ძველი ბერძნების კულტურა, სტუდენტობის პერიოდში კი ეს ინტერესი უფრო მეტად გაუძლიერდა, რასაც კურციუსის გათხრებმა ძლიერი სტიმული მისცა. 80-იან წლებში პიერმა ევროპაში რამდენჯერმე იმოგზაურა, მათ შორის, ეწვია საბერძნეთს, საკუთარი თვალით იხილა ალტისის ჭალა - ბარონის გულში ოლიმპიური თამაშების გაცოცხლების იდეა ნელ-ნელა ძალას იკრებდა. მას უთქვამს: „გერმანიამ გათხარა ის, რაც ძველი ოლიმპიისგან დარჩა. რატომ არ შეიძლება საფრანგეთმა მისი ძველი დიდება აღადგინოს?“

პიერ დე კუბერტენი ასევე დაინტერესდა პედაგოგიკით, ისტორიით, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით. მას სურდა ჯანმრთელი, სულიერად და ხორციელად ლამაზი თაობა აღეზარდა. ბარონმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბრიტანულ სპორტსა და ყმაწვილთა აღზრდისა და ფიზიკური ვარჯიშობის სისტემას. მან რამდენჯერმე იმოგზაურა ინგლისში, შეისწავლა კუნძულელთა მიღწევები და გამოცდილება, რის შედეგადაც დაწერა ორი წიგნი: „ინგლისური განათლება“ („L’Éducation en Angleterr“, 1888) და „ინგლისური განათლება საფრანგეთში“ („L’Éducation Anglaise en France“, 1889).

ინგლისური სისტემა თომას არნოლდის (1795-1842) იდეებსა და გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი ქალაქ რაგბის სკოლა-ინტერნატის რექტორი გახლდათ. არნოლდის დამსახურებაა, რომ მან მოაწესრიგა აღმზრდელობითი პროცესი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფიზიკურ აღზრდასა და გუნდურ თამაშობებს, ჩამოაყალიბა „ქრისტიანი ჯენტლმენის“ იდეალი. არნოლდის იდეები განავრცო და გააღრმავა ჩარლზ კინგსლიმ (1819-1875). მათი მოღვაწეობა აისახა თომას ჰიუზის წიგნში „თომ ბრაუნის სასკოლო დღეები“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და კუბერტენმა ბავშვობაშივე წაიკითხა. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ბარონს მისი გავლენით გაუჩნდა ოლიმპიური თამაშების აღორძინების სურვილი, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ წიგნმა, რომელსაც „არნოლდიზმის ბიბლიას“ უწოდებენ, უფრო ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მოახდინა მასზე გავლენა - ანუ პედაგოგიური კარიერა ამჯობინა სამხედროსა თუ დიპლომატის კარიერას.

პიერ დე კუბერტენმა აქტიურად დაიწყო ინგლისელთა იდეების გავრცელება საფრანგეთში, რამაც მის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი განაწყო. მას ირონიულად „ანგლომანს“ უწოდებდნენ (ბარონი რაგბით იყო გატაცებული. ცნობილია, რომ მან იმსაჯა საფრანგეთის რაგბის პირველი ჩემპიონატის ფინალი „სტად ფრანსესა“ და „რასინგ მეტროს“ შორის). კუბერტენმა ასევე დაარსა სკაუტების პირველი ორგანიზაცია საფრანგეთში. ერთი სიტყვით, ბარონი დარწმუნებული იყო ინგლისელთა სისტემის სისწორეში - ეს ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, რაც ნამდვილად საშური საქმე გახლდათ. საფრანგეთის სამარცხვინო დამარცხებამ საფრანგეთ-პრუსიის ომში ცხადყო, რომ ფიზიკური აღზრდის სისტემაში რადიკალური ცვლილებები იყო განსახორციელებელი. კუბერტენი დეტალურად გაეცნო ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა სისტემას (იანის, ლინგის, ამოროსის, ბაისდოფის, პესტალოცის), მათ შორის, პრუსიულს, რომელიც დისციპლინაზეა დამყარებული და უპირატესობა ინგლისურ სისტემას მიანიჭა, რომელიც შეჯიბრებითობის და გუნდურობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

1880 წელს ბარონმა თანამოაზრე ლიბერალ-რესპუბლიკელთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა „ფიზიკური აღზრდის ნაციონალური ლიგა“. ამის საწინააღმდეგოდ, როიალისტმა ბულანჟემ 1884 წელს შექმნა „ფიზიკური აღზრდისა და სამხედრო მომზადების საზოგადოებათა კავშირი“, რომელიც ნებაყოფლობითობას უარყოფდა და საშუალო სკოლებში აუცილებელ გასამხედროებულ მომზადებას მოითხოვდა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პრესის ფურცლებზე ურთიერთგამომრიცხავი, პოზიციური ბრძოლა გაჩაღდა.

ამ პოლემიკის პროცესში - განსაკუთრებით, ბარონ დე კუბერტენის მომხრეთა შორის, მომწიფდა იდეა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებათა ჩატარების თაობაზე, სადაც საფრანგეთი ღირსეულად წარმოაჩენდა თავს. კუბერტენი აცნობიერებდა, რომ საფრანგეთში ფიზიკური აღზრდის სისტემას ვერ გარდაქმნიდა სერიოზული ბრძოლის გარეშე, ამიტომ, თავის მომხრეთა განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად, 1887 წელს შექმნა „ფიზიკური აღზრდის პროპაგანდის კომიტეტი“, რომლის ფორმალური ხელმძღვანელი საფრანგეთის განათლების იმდროინდელი მინისტრი, ჟიულ სიმონი გახდა.

ოლიმპიური თამაშები

სოკ-ის წევრები და პირველი ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები. 1896 წელი

საფუძველი ოლიმპიური თამაშების ასაღორძინებლად ბარონმა დე კუბერტენმა სწორედ ამ კომიტეტის დახმარებით მოამზადა. მან ინტენსიური მიწერ-მოწერა გააბა ფრანგულ და უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. კუბერტენმა და მისმა თანაშემწემ, ანდრე ლორიმ, ყოველმხრივ შეისწავლეს საკითხი და დაასკვნეს, რომ დიდი სახელმწიფოები მხოლოდ მაშინ დგამენ ნაბიჯებს კულტურის განვითარების თვალსაზრისით, როდესაც ეს მათი პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება. ამიტომ კუბერტენმა ჯერ გაზეთ „ლე ტამის“ ფურცლებზე, მერე კი 1889 წლის 15 ივლისს პარიზში, საერთაშორისო ათლეტიკურ კონგრესზე, რომელიც „ფიზიკური აღზრდის პროპაგანდის კომიტეტის“ ინიციატივით გაიმართა, გამოთქვა წინადადება საერთაშორისო შეჯიბრებათა სერიის ჩატარების თაობაზე, რომლებიც ანტიკური ოლიმპიური თამაშების მსგავსი იქნებოდა. საფრანგეთში კუბერტენის გამოსვლას დიდი გამოხმაურება თავიდან არ მოჰყოლია, მაგრამ მას მხარი დაუჭირა აშშ-ის ათლეტიკური ფედერაციის თავმჯდომარემ, უ. სლოუნმა, ევროპაში კი - გენერალმა ვ. ბალკმა, რომელიც მოგვიანებით შვედური ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე გახდა. ამ მხარდაჭერით გამხნევებულმა ბარონმა ფართო საორგანიზაციო საქმიანობა გაშალა, როგორც საფრანგეთში, ასევე საზღვარგარეთ - იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში - დაამყარა საქმიანი ურთიერთობა პაციფისტურ მოძრაობასთან, ხაზს უსვამდა, რომ თანამედროვე ოლიმპიური თამაშები საყოველთაო ერთობას, შერიგებას და მშვიდობას შეუწყობდა ხელს.

ბარონი დე კუბერტენი აირჩიეს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სპორტული ორგანიზაციის - „ათლეტური დისციპლინების ფრანგულ კავშირთა ფედერაციის“ - თავმჯდომარედ. 1890 წელს დაიწყო გამოსვლა სპორტულმა ჟურნალმა „რევიუ ატლეტიკ“. კუბერტენმა ჟურნალიც და საფრანგეთის სპორტულ სამყაროში თავისი თვალსაჩინო, დაწინაურებული მდგომარეობაც ოლიმპიური მოძრაობის აღორძინების პოპულარიზაციისთვის წარმატებით გამოიყენა - ამ იდეის მომხრეები კიდევ უფრო შეაკავშირა.

წარწერის ტექსტი

1892 წლის 25 ნოემბერს კუბერტენმა სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია, რომელიც ფრანგული ათლეტური ფედერაციის დაარსების მეხუთე წლისთავს მიეღვნა. მოხსენებაში მან ოლიმპიზმის საკუთარი ხედვა და გარკვეული პედაგოგიური შეხედულებანი გადმოსცა. სწორედ იმ დღეს, როგორც ფედერაციის თავმჯდომარემ, მან ოფიციალურად დააყენა ოლიმპიური თამაშების აღორძინების წინადადება.

დამსწრე საზოგადოებამ, როგორც დე კუბერტენი თავის მოგონებებში წერს, დიდი ენთუზიაზმით დაუკრა ტაში, ხმამაღლა გამოხატა მოწონება, წარმატებები უსურვა, თუმცა საქმის არსი სიღრმისეულად ვერავინ გაიაზრაო. თავდაპირველ ენთუზიაზმს ეჭვისა და შფოთვის პერიოდი მოჰყვა. თუმცა ამან დე კუბერტენი ვერ გააჩერა. 1893 წლის გაზაფხულზე ინგლისის და აშშ-ს ათლეტიკური კავშირების თავმჯდომარეების, კ. ჰერბერტის და უ. სლოუნის მხარდაჭერით, მან შექმნა საორგანიზაციო კომიტეტი დამფუძნებელი კონგრესის მოსაწვევად. ძირითადად, საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის დახმარებით, მან დაამყარა კონტაქტები იმ ქვეყნებთან, სადაც სპორტული ცხოვრება მეტ-ნაკლებად განვითარებული იყო და მოლაპარაკება გამართა.

და აი, ორი წინასწარი სხდომისა და ინტენსიური მიმოწერის შემდეგ, 1894 წლის 16 ივნისს, სორბონის უნივერსიტეტში გაიხსნა დამფუძნებელი კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფრანგები, ბერძნები, ინგლისელები, ამერიკელები, შვედები, ესპანელები, იტალიელები, ბელგიელები, რუსები და უნგრელები. ავსტრალიელებმა და იაპონელებმა თავის თანხმობა წერილობით გამოხატეს.

1894 წლის 23 ივნისს დელეგატებმა დააფუძნეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ-ი). მოგვიანებით, ეს დღე - 23 ივნისი - ოლიმპიზმის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

სოკ-ის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, რადგან გადაწყდა, რომ ახალი დროის პირველი ოლიმპიადა საბერძნეთში უნდა ჩატარებულიყო, რაც ტრადიციის აღდგენას სიმბოლურად გაუსვამდა ხაზს. პიერ დე კუბერტენი სოკ-ის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თავიდან ფიქრობდნენ თამაშების ოლიმპიაში ჩატარებას, მაგრამ სათანადო პირობებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება, ოლიმპიადა ათენში გამართულიყო.

კუბერტენის და ვიკელასის გარდა, სოკის წევრ-დამფუძნებლები, აგრეთვე, გახდნენ: ე. კალო (საფრანგეთი), გენერალი ვ. ბალკი (შვედეთი), პროფესორი უ. სლოუნი (აშშ), ლორდი ამპტჰილი (დიდი ბრიტანეთი), ჩ. ჰერბერტი (დიდი ბრიტანეთი), ფ. კემენი (უნგრეთი), ი. გუტ-იარკოვსკი (ბოჰემია), ხ. სუბიაური (არგენტინა), ლ. ა. კაფი (ახალი ზელანდია), გრაფი ლუკეზე პალი (იტალია), ანდრიის თავადი კარაფა (იტალია), გრაფი მ. დე ბუზი (ბელგია), გენერალი ა. ბუტოვსკი (რუსეთი) და ვ. გებჰარდტი (გერმანია).

ათენის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თაობაზე სოკ-მა ოფიციალურად მიმართა საბერძნეთის მთავრობას. ამის შემდეგ სერიოზული სირთულეები დაიწყო. შემოდგომაზე მთავრობამ განაცხადა, რომ ოლიმპიადას ვერ ჩაატარებს, რადგან საბერძნეთის სახელმწიფო ბიუჯეტს საამისოდ სახსრები არ გააჩნიაო.

ბარონი სასწრაფოდ გაემგზავრა საბერძნეთში და მოლაპარაკებას, რთულ დიპლომატიურ თამაშს შეუდგა: ერთის მხრივ, არწმუნებდა მეფეს - გეორგიოს პირველს გამოენახა ფინანსები ოლიმპიადის ჩასატარებლად და პარალელურად გამართა მოლაპარაკება უნგრელებთან, შესთავაზა თამაშები ბუდაპეშტში ჩაეტარებინათ უნგრეთის მოახლოებული ათასწლოვანი იუბილეს ფარგლებში. ბარონი თავის მოგონებებში წერს, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიური ხრიკი იყო, ბერძნებზე ზეწოლის მოსახდენად. დიპლომატიურმა მანევრებმა შედეგი გამოიღო, მეფე დათანხმდა ოლიმპიადის გამართვას. ტახტის მემკვიდრე, კონსტანტინე სათავეში ჩაუდგა თამაშების ორგანიზებას, ხაზინაში შემოვიდა შემოწირულობანი, 332 000 დრაჰმა, მთავრობამ გამოუშვა საფოსტო მარკების სერია, ალექსანდრიელმა ბერძენმა, მილიონერმა ავეროფმა თავისი ფულით აღადგინა ანტიკური მარმარილოს სტადიონი ათენში. ბარონი დე კუბერტენი მთელს ევროპაში აგროვებდა შემოწირულობას და საკუთარ თანხებსაც უშურველად გასცემდა. საბოლოოდ, ყველა სირთულე და დაბრკოლება გადალახულ იქნა.

ახალი დროის პირველი ოლიმპიური თამაშები ათენში გაიმართა 1896 წლის 6-15 აპრილს. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 241-მა სპორტსმენმა (მხოლოდ მამაკაცებმა), რომლებიც სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ოლიმპიურმა თამაშებმა წარმატებით ჩაიარა. ეს, პირველ რიგში, ბარონ დე კუბერტენის დამსახურება გახლდათ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტი

კუბერტენს მობილური პრეზიდენტობის იდეა ჰქონდა: სოკ-ის პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოლიმპიური თამაშები უნდა გაემართა. რადგან მეორე ოლიმპიადის ადგილად პარიზი შეირჩა, 1896 წლის ბოლოს ვიკელასმა თანამდებობა მას გადაულოცა.

1897 წელს კუბერტენმა ჰავრში (საფრანგეთი) მეორე ოლიმპიური კონგრესი ჩაატარა. იმის გამო, რომ მესამე ოლიმპიადის ჩატარების ადგილად სენტ ლუისი (აშშ) შეირჩა, სოკ-ის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ უილიამ სლოუნი - სოკ-ის წევრი აშშ-დან. მაგრამ მან უარი განაცხადა და წინადადება შემოიტანა, რომ დე კუბერტენი, როგორც თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელი, სოკ-ის პრეზიდენტად დარჩენილიყო. ამდენად, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ სოკ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესი გაუქმებულ იქნა.

პირველ მსოფლიო ომამდე დე კუბერტენმა ჩაატარა სოკ-ის მესამე (1905, ბრიუსელი), მეოთხე (1906, პარიზი), მეხუთე (1913, ლოზანა) და მეექვსე (1914, პარიზი) კონგრესები და 2 ოლიმპიადა: მეოთხე, ლონდონის (1908) და მეხუთე, სტოკჰოლმის (1912).

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ დე კუბერტენი ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა - იგი მშვიდობის იდეალებისთვის იბრძოდა, მაგრამ, იმავდროულად, თავისი ქვეყნის პატრიოტიც გახლდათ. მას არ შეეძლო ნეიტრალურად დარჩენა - სამხედრო ფორმა ჩაიცვა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ამიტომ მან დროებით დატოვა სოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობა, თავის ნაცვლად ნეიტრალური შვეიცარიის წარმომადგენელი, გოდფრუა დე ბლონე გამოაცხადა სოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებად. სოკ-ის შტაბ-ბინა შვეიცარიაში, ლოზანაში გადავიდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1919 წელს, დე კუბერტენი სოკის პრეზიდენტობას კვლავ დაუბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მეშვიდეოლიმპიადა ანტვერპენში (1920), მეშვიდე ოლიმპიური კონგრესი ლოზანაში (1921), მერვე ოლიმპიადა პარიზში (1924) და მასთან დაკავშირებული შამონის სპორტული კვირეული - შეჯიბრებები ზამთრის სპორტის სახეობებში; შემდეგ - მერვე ოლიმპიური კონგრესი პრაღაში (1925).

„ოდა სპორტს“

Pieris oda.PNG

საინტერესოა, რომ ბარონი დე კუბერტენი ოლიმპიადის გამარჯვებულიც, ანუ ოლიმპიონიკიცაა - 1912 წლიდან 1948 წლამდე მისი წინადადებით ოლიმპიურ თამაშებზე, ანტიკური ტრადიციის მსგავსად, ტარდებოდა შეჯიბრება ხელოვნებაში (არქიტექტურა, ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა, ქანდაკება). მეხუთე ოლიმპიურ თამაშებზე სტოკჰოლმში, 1912 წელს, დე კუბერტენმა შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ფსევდონიმით - გ. ჰოროდი და მ. ეშბახი - და მოიგო ოქროს მედალი ნომინაციაში „ლიტერატურა.“ მან ფრანგულ და გერმანულ ენაზე წარადგინა „ოდა სპორტს“ - ამაღლებული, შთაგონებული ჰიმნი პატიოსანი, ღირსეული სპორტული ბრძოლისა.

კუბერტენი პოეტი არ ყოფილა, მაგრამ იდეალისტი და საოცრად გულწრფელი ადამიანი გახლდათ - მან შესანიშნავი ოდა შექმნა. როდესაც გამარჯვებული გამოვლინდა, ჟიურიმ აღნიშნა: „ფრანგული და გერმანული ტექსტები თარგმანს არ წარმოადგენს. ავტორის აზროვნების სტილი ლათინურს გვაგონებს... შესაძლოა, ბატონებს ჰოროდსა და ეშბახს ამით სურდათ გამოეხატათ აზრი, ოლიმპიური ლიტერატურის მისია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სილამაზის კულტის მეშვეობით დააახლოვოს ხალხები“. დე კუბერტენმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინა ჟიურის დეფინიცია, რადგან მისი მიზანიც სწორედ ეს იყო - ხალხების დაახლოება, მშვიდობა და პატიოსანი ბრძოლა სპორტულ ასპარეზზე და არა ფრონტის ხაზზე.

1925 წელს დე კუბერტენი სოკ-ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა (იგი შეცვალა მისმა მეგობარმა, ბელგიელმა გრაფმა ანრი დე ბაიე ლატურმა), თუმცა სიკვდილამდე სოკ-ის საპატიო პრეზიდეტად რჩებოდა. გადადგომის შემდეგ დე კუბერტენი დიდ დროს უთმობდა პედაგოგიკას და საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

სიცოცხლის ბოლო წლები

1925 წლის 25 ნოემბერს მან ლოზანაში დააფუძნა „მსოფლიოს პედაგოგიკური კავშირი“ და მის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

პირად ცხოვრებაში ბარონი უიღბლო აღმოჩნდა. 1895 წელს მან მარი როტანი შეირთო ცოლად. მათი პირველი შვილი, ჟაკი, გონებრივად ჩამორჩენილი იყო, ქალიშვილი რენე კი - ნერვული აშლილობით დაავადებული. შთამომავლობა მათ არ დარჩენიათ.

ბარონ პიერ დე კუბერტენის ღვაწლი თანამედროვე ოლიპიური თამაშების ჩატარებასა და ოლიმპიური მოძრაობის ორგანიზების მხრივ განუზომელია. ის არის ავტორი ოლიმპიური დროშის, ემბლემის, ფიცის ტექსტის. ერთობ შთამბეჭდავია მის მიერ დატოვებული წერილობითი მემკვიდრეობა - 1200-მდე სტატია, 50 ბროშურა, 30 წიგნი. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი 60 000-მდე გვერდს მოიცავს.

ბარონი პიერ დე კუბერტენი გარდაიცვალა 1937 წლის 2 სექტემბერს გულის შეტევით, ჟენევის პარკში სეირნობისას. იგი დასაფლავებულია ლოზანაში, ქალაქში, სადაც სოკ-ის შტაბ-ბინა მდებარეობს (იქვეა კუბერტენის მუზეუმიც), მაგრამ მისი გული, ანდერძის თანახმად, გადაასვენეს ოლიმპიაში, რაც მეტად სიმბოლურია.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები