ჭულეს მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭულეს მონასტერი

ჭულეს (ჭულევის) მონასტერი − (ინგლ. Chule (Chulevi) Monastery), XI, XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მამათა მონასტერი. მდებარეობს ისტორიულ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადიგენიდან ჩრდილოეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შემავამი ნაგებობებია: წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო (აღარ არსებობს), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

XI საუკუნეში ჭულევის მამათა მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო დიდი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირეს თანამოღვაწე (მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში). შემდგომ ხანებში, სამცხის ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391 წწ.) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის აღდგენა-განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიური ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.

ვარსკვლავისებრი კამარის შუა ქვა

წმ. გიორგის ეკლესია გუმბათიანი ეკლესიაა. აგებულია 1381 წელს, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის მიერ. ნაშენია თლილი ქვით. თავისი არქიტექტურით მიეკუთვნება საფარისა და ზარზმის ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია – იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და ორ ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში ორი ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია – დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდებში დატანებულია თითო სარკმელი, დასავლეთის კედელზე – სამი, ხოლო გუმბათის ყელში – ექვსი. კონქის ქუსლის სიმაღლეზე დაპროფილებული სარტყელი გარს უვლის მთავარ სივრცეს.

როზეტი სამრეკლოდან

გუმბათქვეშა ბურჯები ორ მასიურ საფეხურზე დგას. ბურჯების პროფილში, ისევე როგორც ზარზმაში, გამოყოფილია კუთხის ლილვები, რომლებიც მთელ სიმაღლეზე მიყვება უწყვეტად. სვეტისთავები თავისებურია – მისი ფორმა წარმოადგენს გადმოშვერილ თაროს, რომელიც წრეთარგით ერთვის ბურჯის სიბრტყეებს. სადიაკვანე და სამკვეთლო შედარებით დაბალი კარით უკავშირდება მთავარ სივრცეს, ფასადთა დამუშავება პრინციპულად იგივეა, როგორც საფარასა და ზარზმაში. უმარტივესი ფასადი ჩრდილოეთისაა. აქ მხოლოდ ერთი სარკმელია (შუაში) და მედალიონი მის ზემოთ. ეს ფასადი სხვებზე უკეთ არის შენახული.

ღვთისმშობლის სამლოცველო

სამხრეთი ფასადის ყველა დეტალი ახალის წყობითაა შევსებული, რომელშიც ორი ფრაგმენტი ჩაუტანებიათ: შესასვლელის თავზე – დანგრეული სამრეკლოს I სართულის ვარსკლავისებრი კამარის შუა ქვა და სარკმლის მარცხნივ ორნამენტული როზეტი, სავარაუდოდ ესეც სამრეკლოდან.

დასავლეთის ფასადი სიმეტრიულია. სარკმელთან დაკავშირებული მაღალი ჯვრის მოტივი, დასავლეთით არის გამოყენებული. იგი ისევე უშუალოდ ებმის სარკმლის საპირეს, როგორც ზარზმაში.

აღმოსავლეთის ფასადში დიდ მართკუთხა მთავარი სარკმლის მარცხნივ და მარჯნივ ამოღებულია სამკუთხა, მცირე სიღრმის ნიშები. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს.

სამონატრო კომპლექსის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი. ეს ნაგებობა მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც დაახასიათა ეს ძეგლი მაღალი მხატვრული ღირსებებით. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს გამოჩნდა სამრეკლოს საძირკველი ჩაშენებული აკლდამით და მრავალი ჩუქურთმიანი დეტალით.

წმ. გიორგის ტაძრის სამხრეთით მდებარეობდა ღვთისმშობლის სახელობის პატარა სამლოცველო, რომელსაც ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. 1984 წლის სამუშაოებისას აღმოჩენილი ეს რელიეფი დაიკარგა. 2011 წელს აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სამლოცველო მთლიანად იქნა აღდგენილი (სურ. 5. ღვთის-მშობლის სამლოცველო).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები