ენქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენქი. ოკეანის თევზებს შორის. საბეჭდვის ანაბეჭდი (დაახ. XXIII-XXII ს.ს.), სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟი

ენქი – „ბატონი-მიწა“, შუამდინარულ მითოლოგიაში შუმერული წარმომავლობის ღმერთი, რომელმაც ბაბილონური პანთეონის სამებაში მესამე ადგილი დაიჭირა (ანუ ენლილი ენქი). შუმერული მითოსის მიხედვით ენქი დაკავშირებულია დილმუნის ქვეყანასთან, რომლის პირველ მცხოვრებლადაც არის იგი გამოყვანილი ნინხურსანგასთან ერთად.

სხვა, უფრო გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ენქის სამყოფელი მტკნარი წყლების ოკეანეა, საიდანაც მისი ძალით ჩქეფს ყოველი წყარო და მოედინება ყოველი მდინარე დედამიწის ზურგზე. როგორც წყლის მომნიჭებელი, ენქი წარმოდგენილია ხარად, რომელიც თავისი უხვი „თესლით“ ავსებს მდინარეთა კალაპოტებს. „რა მიეახლა მამა ენქი ბურანუნას (ევფრატს), მორქინალი ფურივით ამაყად მიეგება ბურანუნა; ღვარი დატვირთა ენქიმ ბურანუნა, მარადმედინი წყლით აავსო. ახლა იდიგინა (ტიგროსი) დაუდგა გვერდით მორქინალი ფურივით. ღვარით დატვირთა ენქიმ იდიგინა, საქორწინო ძღვენი მიართვა. გაიხარა იდიგინამ მორქინალი ფურივით. წყალი რომ მიართვეს, მარადმედინი წყალი იყო...“ ამგვარად არის გადმოცემული ერთ შუმერულ ტექსტში ევფრატისა და ტიგროსის წყლების წარმოშობა. ამავე ტექსტში, ენქი ფიგურირებს, როგორც კულტურული გმირი-ღვთაება, რომელიც ზრუნავს სამყაროს (იგივე შუმერის) მოწყობაზე, აკურთხებს ყოველგვარ მოღვაწეობას და შრომის დარგს: განუსაზღვრავს მოვალეობასა და ფუნქციას სამიწათმოქმედო იარაღებს (გუთანს, უღელს...) და თოხს, რომლითაც მოითხრება ქალაქთა ამშენებელი აგურის ალიზი, რასაც მიანდობს აგურის ღვთაებას – ქაბთას. ენქი ქმნის მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა ფორმებს და მათ ზედამხედველად ნიშნავს „მთათა ბატონს“ – სუმუკანს. ენქი აშენებს ბოსლებს და ფარეხებს, რძით ავსებს ჭურჭლებს და ყოველივე ამის პატრონად დანიშნავს დუმუზის.

ენქი სიბრძნისა და ხელოვნებათა ღმერთია, აგრეთვე მაგიისა, რადგან ყოველივე ეს შუამდინარული წარმოდგენით დასაბამს წყლის სიღრმეებიდან იღებს. მის ნაშიერებად ითვლებიან აფქალები, რომლებიც ისტორიამდელ ხანაში მოევლინენ შუმერის ქალაქებს და ცივილიზაციის საწყისები შემოიტანეს. მისი კულტი დაკავშირებულია შუმერის უძველეს ქალაქთან – ერიდუსთან, სადაც ინახებოდა კულტურული ფასეულობანი, მე-ები, რომლებიც ერთი შუამდინერული მითოსის მიხედვით ქალღმერთმა ინანამ გამოსტყუა მას და ურუქში წაიღო (მითოსი კულტურული ცენტრის გადანაცვლებისა ერიდუდან ურუქში).

შემთხვევითი არ არის, რომ ბაბილონური თეოგონიის თანახმად ენქის პირმშოა მარდუქი, რომელიც აბზუში, მის სამფლობელოში იბადება. ამავე ეპოსში მოთხრობილია, როგორ დაამარცხა და შებორკა ენქიმ ქაოტური საწყისი აბზუ და როგორ აქცია იგი თავის სამფლობელოდ.

ენქი მონაწილეობს პირველკაცის გაჩენაში და ამიტომაც შუამდინარულ მითოლოგიაში იგი ითვლება კაცობრიობის პირველ მფარველ ღვთაებად. მისი წყალობით გადაურჩა წარღვნას ერთადერთი ადამიანი – ზიუსუდრა, იგივე უთანაფიშთი, რომელსაც უნდა აღედგინა წარღვნის შედეგად დაღუპული ცივილიზაცია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები