მძლეოსნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიგრძეზე ხტომა. წითელფიგურიანი კილიკი. ძვ.წ. V საუკუნე. ბოსტონი, ხელოვნების მუზეუმი

მძლეოსნობა − სპორტის უძველესი, პოპულარული და გავრცელებული სახეობა. მოიცავს სხვადასხვა დისტანციაზე რბენას და სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას, მძლეოსნურ მრავალჭიდს.

მირონი. ბადროს მტყორცნელი. ძვ.წ. V საუკუნე. რომი, ეროვნული მუზეუმი

სარჩევი

ისტორია

მძლეოსნობა კაცობრიობის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩაისახა. უძველესი ცნობა მორბენალთა შეჯიბრების შესახებ ძვ.წ. 3800 წლით თარიღდება (ეგვიპტე, მემფისი). ძველ ინდურ იარაღთა წიგნში (ძვ.წ. 1400) დაწვრილებით არის აღწერილი სამხედრო ვარჯიშები, მათ შორის რბენა და ხტომა. სავარაუდოა, რომ უკვე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში მძლეოსნობა (რბენა, ხტომა, ტყორცნა) ყველა კონტინენტზე იყო გავრცელებული და მრავალი მიმდევარიც ჰყავდა. ჰომეროსის „ილიადაში“ ვრცლად არის აღწერილი ტროას ბრძოლების გმირების – აქილევსის, აიაქსის, ოდისევსის შეჯიბრება რბენასა და შუბის ტყორცნაში. მძლეოსნობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საბერძნეთს. ანტიკური ოლიმპიური და დელფური თამაშების საფუძველს თანამედროვე მძლეოსნური სახეობები შეადგენდა. ძველბერძნული ოლიმპიადის პირველი ჩემპიონი (გვარად კოროიბოსი) მორბენალი იყო. ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის მიუვალ კლდეზე ნაპოვნია წარწერა: „თუ გსურს ძლიერი იყო – ირბინე; თუ გსურს ლამაზი იყო – ირბინე; თუ გსურს ჭკვიანი იყო – ირბინე“. საბერძნეთში აღმოჩენილ უძველეს ვაზებზე, ამფორებსა და მედალიონებზე აღბეჭდილია მძლეოსანთა – მორბენალთა, მხტომელთა, მტყორცნელთა შეჯიბრებების ამსახველი სურათები.

თითოეულ მძლეოსნურ დისციპლინას თავისი ისტორია აქვს. პირველი ანტიკური თამაშების პროგრამაში შედიოდა რბენა 1 სტადიაზე (192, 27 მ). მოგვიანებით უფრო გრძელი დისტანციებიც შემოიღეს, მათ შორის რბენა 24 სტადიაზე. საშუალო და გრძელ მანძილებზე რბენა თანამედროვე სახით ინგლისში ჩამოყალიბდა. ასევე ინგლისში გავრცელდა პირველად სპორტული სიარული. 1867 წელს აქ ქვეყნის პირველი ჩემპიონატი გაიმართა. სიგრძეზე ხტომა უძველესი მძლეოსნური დისციპლინაა და ჯერ კიდევ ანტიკურ პენტატლონში (ხუთჭიდი) შედიოდა. არეკნისთვის ძელებს იყენებდნენ. მხტომელს ხელში ეჭირა რკინის ან ქვის ჰანტელი. XIX საუკუნეში ბრიტანელმა და ამერიკელმა სპორტსმენებმა სიგრძეზე ხტომის ახალი ხერხი შეიმუშავეს, დაიხვეწა გამორბენის, არეკნისა და ფრენის ტექნიკა. ჩვენამდე მოღწეული ნახატები მოწმობენ, რომ სამხტომი გავრცელებული ყოფილა შუა საუკუნეების ევროპაში. I ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 12 მძლეოსნურ დისციპლინას შორის სამხტომიც შეიტანეს. გაიმარჯვა ამერიკელმა ჯეიმს კონოლიმ (13,71 მ), რომელმაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

მორბენალთა შეჯიბრება. პანთენური ამფორა. ძვ.წ. VI საუკუნე. ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენ მუზეუმი

თანამედროვე სიმაღლეზე ხტომის წინამორბედად მიჩნეულია მაღალ წინაღობათა დასაძლევად გამიზნული ვარჯიშები, მაგალითად, ცხენებზე გადახტომა. შუა საუკუნეების ათლეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქალაქის გალავნის ნიშნულამდე ახტომაში. სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 1886 წელს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ჭოკით ხტომას, როგორც ბუნებრივ წინაღობათა დაძლევის საშუალებას, უძველესი დროიდან იყენებდნენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ყოველწლიური ირლანდიური თამაშების პროგრამაში (იმართებოდა 554 წლამდე) ჭოკით ხტომაც შედიოდა.1912 წლიდან აღინუსხება მსოფლიოს რეკორდები. ადრე ჭოკებს ამზადებდნენ სხვადასხვა ჯიშის ხისგან (წიფელი, კედარი, წითელი ფიჭვი). XX საუკუნეში შემოიღეს იაპონური ბამბუკის ფიზიკურ ვარჯიშებს შორის ერთ-ერთი უძველესია ბადროს ტყორცნა. ეს სახეობა, როგორც ხუთჭიდის (პენტატლონი) ნაწილი, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში შედიოდა. ბერძნები ბადროს დისკოს უწოდებდნენ, ბადროს მტყორცნელს – დისკობოლოსს. საყოველთაოდ ცნობილია ელადელი სკულპტორის, მირონის ბადროს მტყორცნელის უძველესი ქანდაკება, რომელიც ბერლინის მუზეუმში ინახება. ბირთვის კვრასაც დიდი ისტორია აქვს. თავდაპირველად დღევანდელი ბირთვის ნაცვლად მძიმე ქვებს იყენებდნენ, მოგვიანებით – ლითონის ნაჭრებს. ოლიმპიის გათხრებისას აღმოჩენილია ქვის, ხის, რკინის, სპილენძისა და ბრინჯაოს ბირთვები, რომელთა წონა 1,25-5,70 კგ-ია, დიამეტრი – 16,4-34 სმ. სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში. ამით აიხსნება, რომ ბირთვისა და საკვრელი სექტორის ზომა-წონა ბრიტანული საზომი ერთეულებით განისაზღვრება.

შუბის ტყორცნას, როგორც მძლეოსნურ სახეობას, საფუძვლად დაედო უძველესი ტომების შუბით ბრძოლისა და ნადირობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. აფრიკაში აღმოჩენილი, ბუშმენების მიერ შესრულებული ნაკაწრი ნახატები, რომლებზეც შუბით ნადირობის სცენებია გამოსახული, ძვ.წ. IV ათასწლეულით თარიღდება. უროს ტყორცნა ოლიმპიურ სახეობად 1900 წელს აღიარეს და, იქიდან მოყოლებული, ყველა თამაშების პროგრამაშია. 2000 წლიდან ოლიმპიადებზე უროს მტყორცნელი ქალებიც დაუშვეს, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იყო.

მრავალჭიდელები უნივერსალური ათლეტები არიან. კაცები თავდაპირველად ხუთჭიდში გამოდიოდნენ, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კი ათჭიდში ასპარეზობენ. ქალთა მრავალჭიდის ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება. ეს სახეობა თავიდან ხუთ დისციპლინას მოიცავდა, 80-იანი წლებიდან კი – შვიდს. მრავალჭიდი სპორტსმენისგან მრავალმხრივ ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს, ზოგადად კი, მძლეოსნობა სპორტის თითქმის ყველა სახეობის საფუძველია, ამიტომაც უწოდეს „სპორტის დედოფალი“.

მძლეოსნობა საქართველოში

3000 მეტრზე წინაღობებით რბენა. რიო დე ჟანეირო, 2016 წელი

შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. აპოლონიოს როდოსელის, „არგონავტიკაში“ ვკითხულობთ: „კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ“. ძველ ქართულში „რბენის“ მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ. ბასილი ზარზმელი მას „სრბას“ უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი – „მკვირცხლობას“ და „ფეხით მალობას“, არჩილ მეფე – „ფეხმსუბუქობას“. რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი („ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა“. სულხან-საბა ორბელიანი), ფუნდრუკი („ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა“. სულხან-საბა ორბელიანი).

პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. 1925 წელს საქართველოს ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, ბორის დიაჩკოვი, არჩილ ბაქრაძე და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის. მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო 1922 წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო გორის დიაჩკოვი, რომელმაც 100 8 12,4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს ბორის დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა, გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (3485 სმ), 1948 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49 მ, 11 სმ), რომელმაც ორჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა.

მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი შოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე, ტარიელ ბიწაძე.

ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის – ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს ჯონ თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი სამხტომში ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) – სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი ნარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა რამდენიმე ჩვენმა სპორტსმენმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება შეძლო.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომაში ვიქტორ სანეევი

წესები

მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები იმართება სტადიონის მთავარ არენაზე, რომელიც აღჭურვილია სარბენი ბილიკებით, ხტომისა და ტყორცნის სექტორებით. სტანდარტული სარბენი ოვალის სიგრძეა 400 მ, ბილიკების რაოდენობა – 8, ბილიკის სიგანე – 125 სმ. მარათონისა და გრძელ დისტანციებზე სპორტული სიარულისთვის ეწყობა სპეციალური ტრასები სტადიონის ფარგლებს გარეთ.

რბენა

სპრინტერულ დისტანციებზე (100, 200, 400 მ), აგრეთვე 4X100 და 4X400 მ ესტაფეტის პირველ ეტაპზე იყენებენ ე. წ. დაბალ სტარტს და სპეციალურ ტერფსაბჯენს, რომელიც მიერთებულია ფალსტარტის ფიქსატორს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება წინასწარი გარბენი, აქ ბილიკები კენჭისყრით ნაწილდება, მომდევნო გარბენებში – ნაჩვენები შედეგების მიხედვით. სტარტს იღებენ სასტარტო პისტოლეტის ნიშანზე. მოკლე დისტანციებზე სტარტი მონიშნულია სარბენი ბილიკის პერპენდიკულარული 5 სმ-ის სიგანის სწორი თეთრი ხაზით. დანარჩენ დისტანციებზე სტარტის ხაზი რკალისებურია.

ესტაფეტა

ქალთა და კაცთა შეჯიბრებები ერთსა და იმავე დისტანციებზე იმართება (4X100 მ და 4X400 მ). ასევე ტარდება ე.წ. შერეული (2 კაცი, 2 ქალი) ესტაფეტა 4X400 მ. გუნდის თითოეულმა წევრმა თითო ეტაპი უნდა გაირბინოს და ესტაფეტა თანაგუნდელს გადასცეს საამისოდ გამოყოფილ 20-მეტრიან ზონაში. ესტაფეტის ჯოხის (ამანათის) სიგრძეა 28-30 სმ, გარშემოწერილობა – 12 სმ, დამზადებულია მაგარი მასალისაგან და იწონის 50 გრამს. გუნდის წევრებს (გარდა პირველ ეტაპზე მორბენლისა) უფლება აქვთ სტარტი აიღონ ესტაფეტის გადაცემის ზონიდან არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით.

სტიპლჩეიზი

სტანდარტული ოლიმპიური დისტანციაა: 3000 მ (ქალები, კაცები). წინაღობა მზადდება ხის ოთხკუთხა ძელისგან, რომელიც დამაგრებულია ლითონის დგარზე. წინაღობის სიგანეა 3,96 მ, სიმაღლე – 91,4 სმ (კაცებისთვის) და 76,2 სმ (ქალებისთვის). ოთხი ასეთი წინაღობა აღმართულია სარბენ ოვალზე, მეხუთე – წყლიანი ორმოს თავზე. ორმო კვადრატულია (3,66 X 3,66 მ), წყლის მაქსიმალური სიღრმე – 70 სმ. 3000 მეტრზე მორბენლებმა 28 ჩვეულებრივი და 7 წყლის დაბრკოლება უნდა გადალახონ. პირველ 400 1 მეტრზე წინაღობები არ არის.

თარჯრბენი

დისტანცია – 110 მ და 400 მ (კაცები), 100 მ და 400 მ (ქალები). თარჯის დგარი ლითონისგან მზადდება, ზედა ხარიხა კი ხისაა. მთელი ეს კონსტრუქცია 10 კგ–ზე მეტს არ უნდა იწონიდეს. თი– თოეულ ბილიკზე დგამენ 10–10 თარჯს. მათი სიგანე ერთნაირია და უდრის 1,20 მეტრს, სიმაღლე კი დამოკიდებულია დისტანციის სიგრძესა და მონაწილის სქესზე.

მარათონი

მარათონული რბენის დისტანცია შეადგენს 42 კმ და 195 მეტრს. სტარტი და ფინიში მეტწილად სტადიონზე ეწყობა, დისტანციის დანარჩენი ნაწილი კი საგანგებოდ შემოსაზღვრულ და დაცულ ტრასაზე გადის.

სპორტული სიარული

სიარულის დროს სპორტსმენმა უნდა შეინარჩუნოს თვალით შესამჩნევი მუდმივი კონტაქტი მიწასთან: უკანა ფეხი მანამდე არ უნდა მოსწყდეს მიწას, სანამ წინა მას არ შეეხება.

სიმაღლეზე ხტომა

თამასის საყრდენები მზადდება მაგარი მასალისგან, თამასა – ფიბრობოჭკოსგან ან სხვა შესაფერისი მასალისგან, ოღონდ – არა ლითონისგან. თამასის სასტარტო სიმაღლეს მსაჯები რაუნდის დაწყებამდე აცხადებენ. შემდეგ რაუნდზე გადასვლისას თამასას სულ მცირე 2 სმ-ით მაღლა სწევენ. მხტომელს უფლება აქვს შეჯიბრებაში ჩაერთოს მსაჯის მიერ წინასწარ გამოცხადებული ნებისმიერი სიმაღლიდან. სპორტსმენი, რომელიც ერთსა და იმავე სიმაღლეზე გადებულ თამასას სამჯერ ვერ გადაახტება, შეჯიბრებას ეთიშება.

ჭოკით ხტომა

შეჯიბრების მონაწილენი ორ საყრდენზე გადებულ თამასაზე გადასახტომად დრეკად ჭოკს იყენებენ. სპორტსმენს ნება ეძლევა ნებისმიერი მასალისგან დამზადებული თავისი ჭოკი იქონიოს. ჭოკის სიგრძე და დიამეტრი წესებით განსაზღვრული არ არის. საყრდენები მაგარი მასალისაგან მზადდება. მონაწილეთა თხოვნით შეიძლება საყრდენების გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ არაუმეტეს 40 სმ-ისა გამორბენის მხარეს და 80 სმ-ისა ლეიბის მხარეს. თუ ჭოკი გადატყდა, სპორტსმენს ხელმეორე ცდის უფლება ეძლევა- ერთ სიმაღლეზე სამი წარუმატებელი ცდის შემდეგ სპორტსმენი შეჯიბრებას ეთიშება.

სიგრძეზე ხტომა

ხტომის სექტორი შედგება გამოსარბენი ბილიკის, ასარეკნი ძელაკისა და ქვიშიანი ორმოსგან. თეთრი ხაზით შემოსაზღვრული ბილიკის მინიმალური სიგრძეა 40 მ, სიგანე – 1,22 მ, ასარეკნი ძელაკი 20 სმ სიგანის ხისგან მზადდება და ბოლოვდება საჯარიმო ზოლით. ამ ზოლის სიგანეა 10 სმ. მზადდება პლასტილინისგან, რათა დაბიჯების შემთხვევაში ნაკვალევი მკაფიოდ გამოჩნდეს. ქვიშიანი ორმოს სიგრძეა 9 მ, სიგანე – 2,75–3 მ. შეჯიბრების მონაწილე- ნი გამოქანდებიან, ხის ნიშნულიდან აირეკნებიან და რაც შეიძლება შორს ხტებიან ქვიშიან ორმოში. ცდა წარუმატებლად ითვლება, თუ სპორტსმენმა გადახტომის დროს საჯარიმო ზონას ფეხი დააბიჯა.

სამხტომი

ქვიშიანი ორმო და არეკნის ძელაკი სამხტომში იგივეა, რაც სიგრძეზე ხტომაში, ოღონდ არეკნის ნიშნულიდან ორმომდე 13 მ მაინც უნდა იყოს კაცებისათვის და 11 მ – ქალებისთვის. ანალოგიურია შეჯიბრების წესებიც, ოღონდ სამხტომში დამატებითი ყურადღება ექცევა ხტომის შემადგენელ ნაწილებს: კამარას, ნაბიჯსა და ნახტომს. კამარის დროს სპორტსმენი მიწაზე იმავე ფეხით უნდა დაუშვას, რომლითაც აირეკნა, ნაბიჯის შემთხვევაში კი – პირიქით.

შუბის ტყორცნა

შუბის მტყორცნელებისთვის სტადიონის მინდორზე გამოყოფილია ცალკე სექტორი, რომელსაც აქვს 30-36,5 მ სიგრძისა და 4 მ სიგანის გამორბენის ზოლი და 100 მ სიგრძის 29-გრადუსიანი დამიწების ზონა. კაცებისათვის განკუთვნილი შუბის სიგრძეა 260 – 270 სმ, ლითონის ბუნიკისა – 25 - 33 სმ, მანძილი შუბის წვერიდან სიმძიმის ცენტრამდე – 90-106 სმ, სახელურის (ხვეულის) სიგრძე – 15-16 სმ, წონა – 800 გ. ქალებისათვის განკუთვნილი შუბის სიგრძეა 220-230 სმ, ლითონის ბუნიკისა – 25-33 სმ, მანძილი შუბის წვერიდან სიმძიმის ცენტრამდე – 80-95 სმ, სახელურის სიგრძე – 14-15 სმ, წონა – 600 გ. შუბს მხოლოდ ცალი ხელით ტყორცნიან. თუ გამორბენისას სპორტსმენი ტყორცნის ხაზს ან ბილიკის რომელიმე შემომსაზღვრელ პარალელურ ხაზს შეეხო, ტყორცნის შედეგი არ ჩაითვლება.

ბირთვის კვრა

ბირთვი მზადდება მაგარი ლითონისგან. მას სფეროს ფორმა აქვს. კაცებისთვის ბირთვის წონაა 7,26 კგ, დიამეტრი – 110-130 მმ. ქალებისთვის – 4 კგ და 95-110 მმ. ბირთვს კრავენ ცალი ხელით თეთრი ხაზით შემოსაზღვრული წრიდან (დიამეტრი – 2,135 მ, კვრის არე – 45 გრადუსი). ცდა არ ჩაითვლება, თუ ბირთვის კვრის დროს სპორტსმენი წრიდან გავა, ბირთვის კვრის შემდეგ სხეულის რომელიმე ნაწილით შემომსაზღვრელ წრე ხაზს გადასცილდება ან ხელით შეეხება შემაკავებელ რკალს.

ბადროს ტყორცნა

ბადროს კორპუსი ხისგან მზადდება, კიდეებზე კი მომრგვალებული ლითონის რკალი აქვს შემოვლებული. სიმძიმის ცენტრი ბადროს ცენტრშია. კაცებისთვის ბადროს მინიმალური წონაა 2 კგ, ქალებისათვის – 1 კგ, დიამეტრი – შესაბამისად 219-221 მმ და 180-182 მმ. ბადრო მსაზღვრელი ხაზებით შემოსაზღვრულ სექტორში უნდა დაეცეს. ბადროს მიერ ნაფრენი მანძილი იზომება სექტორში მიწაზე დაჩნეული ნაკვალევის უახლოესი წერტილიდან წრეხაზის მსაზღვრელის შიგნითა კიდემდე, 2 სმ-ის სიზუსტით.

უროს ტყორცნა

ლითონის სფეროზე, რომლის დიამეტრია 110-113 მმ (კაცებისათვის) და 95-110 მმ (ქალებისათვის), 3 მმ დიამეტრის მქონე მავთულით მიბმულია ფოლადის სახელური. უროს საერთო სიგრძეა 117, 5-121,5 მმ (კაცები) და 116,0-119,5 მმ (ქალები); წონა – 7, 257 კგ (კაცები) და 4 კგ (ქალები). ტყორცა სრულდება მკაფიოდ შემოხაზული დაბეტონებული წრიდან, რომელიც რკინის დამცავი ბადით არის შემოსაზღვრული. ურო უნდა დაეცეს სექტორში, რომელიც ტყორცნის წრიდან იწყება და რომბისებურად ფართოვდება.

მრავალჭიდი

კაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან ათჭიდში, ქალები – შვიდჭიდში. კაცთა მრავალჭიდი შედგება 10 მძლეოსნური დისციპლინისგან. შეჯიბრება ტარდება ორი დღის განმავლობაში შემდეგი თანამიმდევრობით: პირველი დღე – რბენა 100 მ, სიგრძეზე ხტომა, ბირთვის კვრა, სიმაღლეზე ხტომა, რბენა 400 8; მეორე დღე – 110 მ თარჯრბენი, ბადროს ტყორცნა, ჭოკით ხტომა, შუბის ტყორცნა, რბენა 1500 მ.

ქალთა შვიდჭიდი შედგება 7 მძლეოსნური დისციპლინისაგან. შეჯიბრების თანმიმდევრობა ასეთია: პირველი დღე – 100 მ თარჯრბენი, სიმაღლეზე ხტომა, ბირთვის კვრა, რბენა 200 მ; მეორე დღე – სიგრძეზე ხტომა, შუბის ტყორცნა, რბენა 800 მ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები