ხეთური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეთური ენა – წინარე ანატოლიური ინდოევროპული ენის დაშლის შედეგად გამოყოფილი ენა (ლუვიურ და ფალაურ ენებთან ერთად) ინდოევროპელი ხეთებისა, რომლებმაც ძვ. წ. XVII ს-ში ცენტრალურ მცირე აზიაში (ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) შექმნეს ხეთების სამეფო (იარსება ძვ. წ. II ათასწლ. ბოლომდე). ხეთურ ლურსმულ ტექსტებში ამ ენას ეწოდება „ნესური“ (ნესიტური) ან „ქანესური“, რაც წარმომდგარია ცენტრალური, მცირე აზიის ქალაქის სახელწოდებისაგან: „ნესა“, იგივე „ქანესი“ (ადგილმდებარეობა უცნობია).

ტექსტები ხეთურ ენაზე შედგენილია ლურსმული დამწერლობის იმ სახეობით. რომელიც მომდინარეობს ძველი აქადური ლურსმული დამწერლობის ჩრდილო-მესოპოტამიური ან ჩრდილო-სირიული სახეობიდან. დამწერლობა მარცვლოვანია: მარცვალი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. გამოყენებულია იდეოგრამები დადეტერმინატივები. იდეოგრამებს საჭიროების შემთხვევაში ახლავთ ფონეტიკური კომპლემენტებიც.

ხეთური ენის ვოკალიზმი შეიცავს a, e. i და u ხმოვნებს. კონსონანტიზმი მოიცავს ხშულთა ქვესისტემას, რომელიც შედგება 6 თანხმოვნისაგან (pp/p, tt/t, kk/k). სპირანტთა სისტემა მოიცავს s სიბილანტსა და უკანაენისმიერ h-ს, აფრიკატ z (tz)-ს. ხეთურში შენარჩუნებულია ლარინგალი, რომელიც დაკარგულია ძვ. ინდოევროპულ ენებში.

სახელს (არსებით, ზედსართავ, რიცხვითს) აქვს სქესის (საერთო, საშუალო), რიცხვისა (მხოლობითი და მრავლობითი) და ბრუნვის კატეგორიები. ბრუნვის სისტემა შედგება შემდეგი ბრუნვებისაგან: სახელობითი (საერთო, ბრუნვის ნიშანი -š/s), ბრალდებითი (საერთო, -n), ვოკატივი (საერთო, ბრუნვის ნიშანი -e), სახელობით-ბრალდებითი (საშუალო: n ბრუნვის ნიშნით), ნათესაობითი (ბრუნვის მაჩვენებელი - aš), მიცემითი (ბრუნვის ნიშანი -i), ადგილობითი (ლოკატივი, -i ბრუნვის ნიშნით), გამოსვლითი (აბლატივი, ბრუნვის მაჩვენებელი -az), მოქმედებითი (ინსტრუმენტალისი, ბრუნვის ნიშანი -it). სახელი იბრუნვის ვოკალური და კონსონანტური ძირების მიხედვით.

ხეთური ენაში დადასტურებულია პირის, კუთვნილებითი, ჩვენებითი, კითხვითი, შედარებითი, განუსაზღვრელი ნაცვალსახელები.

ხეთურ ზმნას აქვს რიცხვის, პირის, კილოს (თხრობითი, ბრძანებითი), გვარის (მოქმედებითი, ვნებითი) და დროის (აწმყო, ნამყო) კატეგორიები. მოეპოვება ინფინიტივი, სუპინუმი, მიმღეობა. განირჩევა ორი უღლება, რომლითაც აწმყო დროის I პირის დაბოლოების მიხედვით ეწოდებათ mi- და hi- უღლება.

სახელის სიტყვაწარმოება აგებულია სუფიქსური მოდელების მიხედვით. ზმნის სიტყვაწარმოების დროს სუფიქსთა გვერდით იხმარება პრეფიქსებიც, რომლებიც გამოიყენება აგრეთგე დამოუკიდებლად პრევერბების სახით.

სინტაქსს ახასიათებს მთელი რიგი არქაული ნიშნები, მაგ., წინადადების დასაწყისში ენკლიტიკური კომპლექსების გამოყენება (ციტირებული სიტყვის ნაწილაკი, უკუქცევითი ნაწილაკი, ობიექტური ნაცვალსახელები და სხვ), რომლებიც განლაგებულია ჩართული კავშირების შემდებ. როგორიცაა „და“ „როდესაც“. ზმნისართები სამ ფუნქციაში – პრევერბებისა, საკუთრივ ზმნისართებისა, წინდებულებისა ანდა თანდებულებისა. ზმნას წინადადებაში ბოლო ადგილი უკავია.

ხეთური ენის ლექსიკური ფონდი ინარჩუნებს ინდოევროპული ძირების მნიშვნელოვან რაოდენობას. ნათესაობის აღმნიშვნელი სიტყვათა დიდი ნაწილის მნიშვნელობები, იდეოგრამებში დაფარული, უცნობი რჩება. სიტყვათა ნაწილი ხათურს, ხურიტულს ან სხვა რომელიმე უცნობ ენას განეკუთვნება. ლექსიკური იზოგლოსები სოციალური და საკრალური ლექსიკის სფეროში უკავშირდება თოხარულ, კელტურ-იტალიკურ და ბერძნულ ენებს.

ხეთურ ენაზე შექმნილია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი წერილობითი ძეგლები სხვადასხვა ჟანრისა, ისტორიული თხზულებები, მოთხრობები და ზღაპრები, რელიგიური ლიტერატურა (ლოცვანი, საგალობლები, რიტუალები), საკმაოდ მდიდარია ხეთური მითოლოგიური ლიტერატურა და ა. შ.

ხეთურ და ქართველურ ენებს შორის მსგავსების ცალკეულ ნიშნებს ყურადღება მიაქცია ჯერ კიდევ მ. წერეთელმა (1924). ახლა უკვე ცნობილია, რომ ამ ენებში ვლინდება მსგავსება ან სრული იდენტურობა ზოგიერთი ბრუნვის ნიშნისა თითქმის ყველა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი) სახელისათვის. მაგ., ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი მხოლობით და მრავლობით რიცხვში -aš (წარმოითქმოდა -as) მსგავსია ყველა ქართველური ენის იმავე ბრუნვის ფორმანტისა: -ის, -ს (ქართ), -იშ, -შ (მეგრული); -შ (ჭანური; -(ი)შ, -eშ (სვანური). მრავლობითი რიცხვის მიცემითი ბრუნვის მაჩვენებელი ხეთურში -aš წააგავს ყველა ქართველური ენის იმავე ბრუნვის ნიშანს -ს ფორმით. სრულ იდენტურობას ავლენენ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის მოქმედებითი ბრუნვის მაჩვენებლები ხეთურსა და ქართველურ ენებში: -ით.

ზოგიერთი ხეთური ზმნის პირის დაბოლოებათა შედარება ქართველურ ენათა ცალკეული პირის ნაცვალსახელებთან შემდეგ სურათს იძლევა: მოქმედებითი გვარის თხრობითი კილოს აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის I და II პირის მაჩვენებლები ხეთურში (-mi-ზე დაბოლოებული ზმნის უღლება) -mi და -ši) ბგერითი შემადგენლობით მსგავსია პირის ნაცვალსახელებისა I და II პირისათვის ქართველურ ენებში: -მე(ნ)-, მენა-(ქართ.); მა- (მეგრ.); მა(ნ)- (ჭან.); მი- (სვან.) „მე“ და შენ- (ქართ); სი- (მეგრ); სი(ნ)- (ჭან.); სი (სვან.) „შენ“. შდრ. ხეთური iia-mi და ქართული „ვაკეთებ მე“; ხეთ. iia-ši და ქართ. „აკეთებ შენ“.

მოქმედებითი გვარის თხრობითი კილოს აწმყო დროის I და II პირის მაჩვენებლები -weni და -teni ხეთურში მსგავსებას ამჟღავნებს პირის ნაცვალსახელთა ფორმებთან ქართულში: ჩვენ და თქვენ.

საინტერესოა შემდეგი ლექსიკური პარალელები (როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ზოგიერთი მათგანი დასაკავშირებელია საერთო ინდოევროპულ ძირებთან):

ხეთ. ešiar (isiar) „სისხლი“ და ქართული სისხლ; ხეთ. hahharš - „სიცილი, ხარხარი“ და ქართ. ხარხარ იმავე მნიშვნელობით; ხეთ. (išlamana იმ- (išlamina) „ყური“, ištamaš – „მოსმენა“ და საერთო ქართველური *სმ-ინ „სმენა“; ხეთ. Kakkapa- (kaqqaba) „კაკაბი“ და საერთო ქართველური კაკაბ იმავე მნიშვნელობით: ხეთ. katkatiia „კანკალი“, katkattima – „კანკალი“ და ქართ. კაწკაწი; ხეთ. laplap- და ქართ. ლაპლაპი; ხეთ. hashas - ,გაპრიალება“ და ქართ. ხასხასი; ხეთ. gimmant- „ზამთარი“, gimmand(t)ariia „გამოზამთრება“ და ქართ. ზამთარი; ხეთ. suppi „წმინდა (რიტუალურად წმინდა)“ და ქართ. „სუფთა“; ხეთ. ta- „და (კავშირი) და ქართ. „და“; ხეთ. tekan „მიწა“ და ქართ. თიხა, ხეთ. wellu „ველი“ –ქართ. ველ- იმავე მნიშვნელობით; ხეთ. duddumili „ჩუმად, ფარულად“ – ქართ. დუმილი; ხეთ. aku „ქვა“ – ქართ. ქუა, ქვა იმაეე მნიშვნელობით და სხვა მრ.

როგორც ჩანს, ამ მსგავსებათა და პარალელთა ნაწილი საერთო ქართველურში განსახილველია როგორც უძველესი ინდოევროპული ნასესხობანი, რომლებიც არ განეკუთვნებიან ანატოლიურ ინდოევროპულ ენათა ხანას (სავსებით დასაშვებია, რომ ისინი ეკუთვნიან საერთო ქართველურ, საერთო ინდოევროპულ და საერთო სემიტურ ურთიერთობათა პერიოდს). მათი გარკვეული ნაწილი კი სწორედ ისეთი მსგავსებები და ლექსიკური პარალელებია, რომლებიც წარმოიშვა მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად ან ხეთურსა და ქართველურ (საერთო ქართველურ) ენებს შორის არა უადრეს ძვ. წ. II ათასწლ., ანდა საერთო ანატოლიურსა და საერთო ქართველურ ენობრივ ერთეულებს შორის ძვ. წ. III ათასწლ. მანძილზე. ქართველურ ტომთა განსახლების ძირითადი უძველესი კერები სამხრეთ-დასავლეთით ემეზობლებოდნენ სწორედ ანატოლიურ ინდოევროპულ ენობრივ თუ კულტურულ სამყაროს.

გ. გიორგაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები