ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუთაისის პპერის თეატრი

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი – დაარსდა 1969 ქუთაისში მანამდე არსებული სახალხო თეატრის ბაზაზე. დაარსების ინიციატორები იყვნენ საქართველოს კულტურის მინისტრი ო. თაქთაქიშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი დ. მჭედლიძე. თავდაპირველად დაარსდა როგორც თბილისის საოპერო თეატრის ფილიალი, 1971-იდან თეატრს დამოუკიდებელი სტატუუსი მიენიჭა ხოლო 1990 მ. ბალლანჩივაძის სახელი. სხვადასხვა დროს თეატრს ხელმძღვანელობდნენ დ. მჭედლიძე, გ. გაჩეჩილაძე, გ. ტორონჯაძე, მ. ამირანაშვილი, ბ. სამადაშვილი, რ. ჯავახიშვილი, გ. ჭიჭინაძე, 2015-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ი. ლომინაძე. თეატრის ძირითად ამოცანად განისაზღვრა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების დადგმა. თეატრის წარმატებებში დიდი ღვაწლი მიუძღვით დირიჟორებს: თ. კობახიძეს, ო. დიმიტრიადის, რ. ხურცილავას, ი. ჭიაურელს, რ. ტაკიძეს, ა. მამაცაშვილს, გ. ჭიჭინაძეს, თ. ჭუმბურიძეს, მ. კობახიძეს; რეჟისორებს: გ. გაჩეჩილაძეს, დ. ალექსიძეს, ვ. ტაბლიაშვილს, ნ. ლორთქიფანიძეს, მ. კიკნაძეს, ვ. ნიკოლაძეს, მ. გაჩეჩილაძეს; ქორმაისტერებს: ა. განუგრავას, ა. მაჭავარიანს, ლ. დავითაშვილს, ტ. თოფურიძეს; მხატვრებს: თ. არსენიძეს, ი. ასკურავას და სხვ. მომღერლებს: ვ. კუბლაშვილს, გ. კუბლაშვილს, რ. კუბლაშვილს, ი. ქუთათელაძეს, ლ. მესხს, ა. ჭურღულიას, ო. ჭურღულიას, გ. ლომთაძეს, ჯ. და ფ. ჯინჯიხაძეებს, ნ. სულაბერიძეს, ვ. მითაიშვილს, ა. ფხაკაძეს და სხვ. თეატრი შეივსო ახალგაზრდა მომღერალთა ჯგუფით: თ. ფარცვანია, ნ. სტეფანიშვილი, ნ. ზაქაიძე და სხვ.

თეატრი გაიხსნა ზ. ფალიაშვილის ოპ. „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენით (მთ. როლებს ასრულებდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა და პეტრე ამირანაშვილები). წლების მანძილზე თეატრმა განახორციელა შემდეგი ქართული ოპერების დადგმა: ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ო.თაქთაქიშვილის „მინდია“, შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (ახალი რედაქციით), ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“, დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (ახალი რედაქციით.), ბ. კვერნაძის „მედეა“, თ. შავლოხაშვილის „თეთრი მანდილი“, ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“ ი. გოკიელის „წითელქუდა“, მ. ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“, დაიდგა ბალეტები: ვ. აზარაშვილის „ხევისბერი“, შ. დავითაშვილის „ზვიადაური“ და „ვეფხვი და მოყმე“. ქართველი კომპოზიტორების ოპერების გარდა უმთავრესი დადგმებია: ბეთჰოვენის „ფიდელიო“, როსინის სევილიელი დალაქი, ვერდის „ტრუბადური“, „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“, პუჩინის „ჯანი სკიკი“, „ტოსკა“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“, დონიცეტის ლუჩია დი ლამერმური, მასკანის „სოფლის ღირსება“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“, რახმანინოვის „ალეკო“, ბიზეს „მარგალიტის მაძიებელნი“ და სხვ.

თეატრის ძალებით განხორციელდა ბეთჰოვენის IX სიმფონიისა და ვერდის „რეკვიემის“ შესრულება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები