რომანტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომანტიზმი – ტერმინით „რომანტიზმი“ ჩვეულებრივ აღნიშნავენ იდეურ და მხატვრულ მიმდინარეობას ევროპულ ქვეყნებში (XVIII-XIX-ს–ების (მიჯნა), რომელმაც ასახვა პოვა ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

მე-18 საუკუნეში რომანტიკულად ითვლებოდა ყოველივე ფანტასტიკური, უჩვეულო, უცნაური, მხოლოდ წიგნებში მოთხრობილი. მე-18–19 საუკუნის მიჯნაზე სიტყვა რომანტიკულმა შეიძინა ახალი შინაარსი და განისაზღვრა როგორც კლასიციზმთან დაპირისპირებული მიმართულება ხელოვნებაში. რომანტიზმი იყო, აგრეთვე, ანტიგანმანათლებლური ტენდენციების ყველაზე მკაფიო გამოვლინება, რაც თავდაპირველად აისახა სენტიმენტალიზმში და წინარერომანტიზმში. პროგრესისადმი ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ, ისტორიული მოვლენების აუხსნელობის განცდამ, ურწმუნეობამ სოციალური კეთილმოწყობის მიმართ, გამოიწვია რომანტიზმის „კოსმიური პესიმიზმი“, „მსოფლიო სევდა“, სამყაროს აღქმა „საბედისწერო ტრაგედიად“. ამასთანავე, ზემოთქმულის საპირისპიროდ რომანტიზმისთვის ნიშნეული იყო ადამიანის შესაძლებლობების ურყევი რწმენა, სამყაროს მშვენიერების აღიარება, განახლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვა იდეალისა და სინამდვილის, ოცნებისა და რეალობის დაპირისპებამ წარმოშვა ე.წ. „რომანტიკული ირონია“, რაც პირველხანად გამოწვეული იყო სამყაროს და ყოფის შეუცნობლობის განცდით, ოცნების განუხორციელებლობის აღიარებით. სწორედ ამ დამოკიდებულებამ წარმოშვა ყოველივე ზღაპრულის, ფანტასტიკურის, ხალხური თქმულებებისა და იგავური აზროვნებისაკენ ლტოლვა, ბუნების ეგზოტიკური სურათების ასახვა, ევროპისაგან შორს მყოფი ხალხების ეთნოსისადმი ინტერესი. რომანტიკოსები ეძებდნენ უნივერსუმს, სამყაროს ერთიან მოდელს, რომლის სათავეში იდგა ადამიანი თავისი განუმეორებელი ინდივიდუალობით. რომანტიკოსებმა გაილაშქრეს ე.წ. „მიმესისის“ წინააღმდეგ. ისინი თვლიდნენ, რომ ბუნების ბაძვა კი არა, თავად ხელოვანის სულიერი სამყარო, მისი ხედვა და აღქმაა მთავარი. მათ მიაჩნდათ, რომ ხელოვანი სინამდვილის სარკე კი არა, ახალი რეალობის შემომქმედია. ამით აიხსნება რომანტიკოსების ძიებანი მხატვრული ფორმის სფეროში, პირობითი გამომსახველი საშუალებების თამამი გამოყენება. რომანტიზმმა უარყო ყოველივე ყოფითი და პროზაული. მან უმაღლეს ფასეულობად გამოაცხადა ირაციონალური და ზეგრძნობადი, ფანტასტიკური და გროტესკული, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო არა მხოლოდ ნეორომანტიზმს, არამედ სიმბოლიზმსაც, ექსპრესიონიზმსაც, ნაწილობრივ სიურრეალიზმსაც და სხვა ავანგარდისტულ მიმართულებებს ხელოვნებაში.

სახვით ხელოვნებაში რომანტიზმი ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა ფერწერისა და გრაფიკაში, ნაწილობრივ – ქანდაკებაში, შედარებით ნაკლებად მკაფიოდ – არქიტექტურაში (ე.წ. „ყალბი გოთიკა“).

რომანტიზმი მუსიკაში

რომანტიზმი მუსიკაში, როგორც დამოუკიდებელი (მიმართულება, ყალიბდება XIX ს-ის 10-იან წლებში, თითქმის ერთდროულად ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, რამდენადმე მოგვიანებით – საფრანგეთში. რომანტიზმის აღმოცენება უკავშირდება ხელოვანთა იმედგაცრუებას საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგებით. რომანტიული მეთოდისათვის დამახასიათებელია მხატვატვრული იდეური ანტითეზისების (რეალური-იდეალური, კომიკური-ტრაგიკული და ა.შ.) მწვავე შეჯახება, დრამატული კონფლიქტურობა, მარტოობის, ხეტიალის, ტრაგიკული მოტივების გაბატონება, ამავე დროს, შორეული წარსულის იდეალიზაცია და პოეტიზაცია, ბუნების კულტი და ა.შ.

რომანტიზმმა მუსიკაში განვითარების სამი პერიოდი განვლო: ადრინდელი − 1810-40 (კ. ვებერი, ფ. შუბერტი, ა. ჰოფმანი, ნ. პაგანინი, ჯ. მეიერბერი, ა. ბელინი), შუა ხანა –1840-50 (რ. შუმანი, ფ. შოპენი, ფ. მენდელსონი) და გვიანდელი ანუ ნეორომანტიზმი − 1850-70 (ჰ. ბერლიოზი, ფ. ლისტი, ი. ბრამსი, რ. ვაგნერი, ჰ. ვოლფი). ეს პირობითი პერიოდები გამოირჩევიან კლასიცისტურ და რომანტიკულ თვისებათა თავისებური შერწყმით (მენდელსონი, შოპენი, ბრამსი), ახალი ჟანრების (ბალადა, რაფსოდია, სკერცო, ინტერმეცო, კაპრიჩო, ერთნაწილიანი სონატა, სიმფონიური პოემა) შემოღებითა და ახალ გამომსახველ საშუალებათა ძიებით. რომანტიზმმა კვლავ წამოჭრა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სოციალური და ეთიკურ-ფილოსოფიური პრობლემები (ბერლიოზი, ლისტი, ვაგნერი), რომლებიც სუბიექტურობის თვალთახედვითაა გადაწყვეტილი.

ერთ-ერთ წამყვან ჟანრს რომანტიკოსთა შემოქმედებაში წარმოადგენს ხალხური სასიმღერო ტრადიციებზე აღმოცენებული ვოკალური ლირიკა, რომელშიც პოეტური სიტყვა, ვოკალური მელოდია და საფორტეპიანო თანხლება ორგანულ მთლიანობაშია მოცემული (შუბერტი, შუმანი, მენდელსონი, კ. ლევე, ვოლფი). ნაირფეროვან ფსიქოლოგიურ განწყობილებათა გამოთქმის უშუალობით, მღერადობითა და კოლორიტულობით, რომანტიკულმა სიმღერამ ღრმა კვალი დაამჩნია XIX ს. სიმფონიურ და კამერულ-საკრავიერ მუსიკას, მის „ლირიზაციას“, „სასიმღერო სიმფონიზმის“ (შუბერტი) წარმოქმნას. ცალკეული სასიმღერო ციკლები კომპოზიტორთა თავისებურ ემოციურ „დღიურად“ იქცა.

გერმანული ეროვნული გაერთიანებისაკენ მისწრაფებამ გაამახვილა ინტერესი ეროვნული მითოლოგიის, ლეგენდების, თქმულებებისა და მუსიკალური ფოლკლორისადმი, რომელთა საფუძველზე აღმოცენდა რომანტიკული ხალხურ-ყოფითი, რაინდულ-ლეგენდარული და ზღაპრულ-ფანტასტიკური ოპერები (ჰოფმანის „უნდინა“, ვებერის „თავისუფალი მსროლელი“, „ობერონი“, „ევრიანთე“, ჰ. მარშნერის „ჰანს ჰაილინგი“, ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ტანჰოიზერი“, „ლოენგრინი“, „ტრისტან და იზოლდა“). იტალიელი ხალხის ბრძოლამ უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ (XIX ს.) განაპირობა ჯ. როსინის („ვილჰელმ ტელი“), ბელინის („ნორმა“), ადრეული პერიოდის ვერდის („ნაბუქო“, „ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში“, „ბრძოლა ლენიანოსთან“) ოპერების შექმნა. მხურვალე პატრიოტული და ნოსტალგიური გრძნობებია გამოხატული შოპენის მრავალ ნაწარმოებში. რევოლიციურ იდეალებს ხარკი გადაუხადეს ბერლიოზმა („მარსელიეზა“, „სამგლოვიარო-ტრიუმფალური სიმფონია“), ლისტმა („მარსელიეზა“, „გმირთა დატირება“, „ლიონი“) და სხვ.

სიმფონიური მუსიკის კონკრეტიზაციისა და დემოკრატიზაციის მიზნით, გარდა ბგერწერითი მეთოდის გამოყენებისა, განვითარდა აგრეთვე პროგრამული სიმფონია, სიმფონიური პოემა, საკონცერტო უვერტიურა და სახასიათო საფორტეპიანო პიესები („კარნავალი“, „უსიტყვო სიმღერები“), რომლებშიაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ძირითადი იდეისა და მთავარი მუსიკალური სახეების კონკრეტულ ხატოვან გამოსახულებას.

რომანტიული მუსიკის ახალმა იდეურ-ემოციურმა შინაარსმა და ორიგინალურმა ეთიკურ-ესთეტიკურმა პრობლემატიკამ გამოიწვია ახალი მუსიკალური ჟანრებისა და ფორმების ძიება, გამომსახველ საშუალებათა (მელოდიკა, ჰარმონია, ინსტრუმენტობა, დინამიკა) გადახალისება, მათი ახლებური გააზრება. ჩამოყალიბდა საშემსრულებლო ხელოვნების რომანტიული სტილი (პაგანინი, ლ. შპორი (მევიოლინეები), ლისტი, შოპენი, ს. ტალბერგი, ჯ. ფილდი (პიანისტები), ვებერი, ბერლიოზი, მენდელსონი, ვაგნერი (დირიჟორები), ა. ნური, ჯ. პასტა, მ. მალიბრანი, ჯ. რუბინი, ლ. ლაბლაში, ა. ტამბურინი (მომღერლები) და სხვ).

რომანტიული მიმართულების კომპოზიტორები (ჰოფმანი, ვებერი, შუმანი, ბერლიოზი, ლისტი, ვაგნერი), თავიანთი მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად გამოდიოდნენ კრიტიკის პუბლიცისტური წერილებით, ვრცელი სტატიებითა და კვლევითი ხასიათის შრომებით. თუმცა ბევრი რამ მათი ამ სახის მოღვაწეობიდან დღეისათვის მოძველებულია, მაგრამ მათი ისტორიული მნიშვნელობა უეჭველია.

რომანტიული მუსიკის ტრადიციებმა დიდი გავლენა მოახდინეს XIX ს. ბოლო ოცწლეულებისა და XX ს. I ოცწლეულის მუსიკალურ კულტურაზე (ა. ბრუკნერის, მალერის, რ. შტრაუსის, დებიუსის, სკრიაბინის შემოქმედება), ეროვნული საკომპოზიციო სკოლების ჩამოყალიბებაზე ესპანეთში (ალბენისი), ნორვეგიაში (გრიგი), ფინეთში (სიბელიუსი). გარკვეულწილად რუსეთში (ალიაბიევი, ვერსტოვსკი, ახალგაზრდა გლინკა) რ-ის გავლენა XIX ს. მეორე ნახ., XX ს. დასაწყისში განიცადეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც იყვნენ ჩაიკოვსკი, სკრიაბინი, რახმანინოვი, მეტნერი. რომანტიზმმა ნაწილობრივ გავლენა მოახდინა აგრეთვე მომდევნო პერიოდის ცალკეული გამოჩენილი კომპოზიტორების (დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ბ. ბარტოკი, ბ. ბრიტენი) შემოქმედებაზე, რომანტიული მუსიკის ზემოქმედება განიცადეს ქართველ კომპოზიტორთა თაობებმა დაწყებული ზ. ფალიაშვილით და თანამედროვე კომპოზიტორებით დამთავრებული.

განვითარების გვიანდელ ეტაპზე რომანტიზმმა განაპირობა ახალი მიმდინარეობების შექმნა მუსიკალურ ხელოვნებაში, როგორებიცაა ვერიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი. რომანტიზმის ეპოქა მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხანაა.

ლიტერატურასა თეატრალურ ხელოვნებაში

რომანტიზმი როგორც მხატვრული მიმდინარეობა დრამატულ თეატრში წარმოიშვა მე-18 საუკუნის ბოლოს და სრული განვითარება ჰპოვა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მისი წარმოშობის ნიადაგად იქცა ინდივიდუალიზმი ევროპულ სოციოკულტურაში და იდეალური საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა. უსამართლო, მახინჯ, მტრულ სინამდვილეს რომანტიკოსებმა დაუპირისპირეს პოეტური პიროვნება, რომელსაც უნარი შესწევს სულიერი პათოსით და მჩქეფარე ემოციებით, ყოფით რეალიებზე მაღლა დადგეს, გამოხატოს თავისი პროტესტი და თავი შესწიროს იდეალისათვის ბრძოლას.

რომანტიკული დრამები აგებულია როგორც ისტორიულ, ისე ფილოსოფიურ თემატიკაზე. თუკი ისტორიულ დრამებში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია პიროვნების როლზე, ფილოსოფიურ დრამებში ასახულია კეთილისა და ბოროტის, ღვთაებრივისა და დემონურის ჭიდილი. რომანტიზმის მიმდევრები, დაუპირისპირდნენ რა კლასიციზმის კანონიკურ მხატვრულ აზროვნებას, უარი თქვეს ჟანრული სიწმინდის დაცვაზე, ამაღლებულისა და მდაბლის მკაცრ გამიჯვნაზე. კვლავაც აღდგენილ იქნა მოვლენების მითოსური ხედვა, მთელი მრავალფეროვნებით და კომბინაციურობით. რომანტიზმის წიაღში იშვა მელოდრამაც, რასაც მოჰყვა უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანების ასახვა თეატრალურ ხელოვნებაში. რომანტიკოსებმა მისაბაძ ნიმუშად გაიხადეს შექსპირის მხატვრული მემკვიდრეობა. რომანტიზმის პათოსმა, დინამიკამ და გრძნობათა სიღრმემ დიდად შეუწყო ხელი სამსახიობო კულტურის განვითარებას.

რომანტიზმმა წარმოშვა გლობალური მნიშვნელობის მსახიობები: ედმუნდ კინი – ინგლისში, ლუდვიგ დევრიენტიგერმანიაში, გუსტავო მოდენა, ადელაიდა რისტორიიტალიაში, პიერ ბოკაჟი, მარი დორვალი, ფრედერიკ ლემეტრი – საფრანგეთში, პაველ მოჩალოვირუსეთში. სწორედ სამსახიობო ხელოვნებამ ყველაზე უკეთ ცხადყო, რაოდენ დიდად დაშორდა და დაუპირისპირდა რომანტიკული გმირი კლასიცისტურ რაციონალიზმს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძინა მსახიობის წარმოსახვამ და მგრძნობელობამ. როლის შესრულებაში გაჩნდა კონკრეტიკა, ყოფითი დეტალები. წამღერებული, სტილიზებული დეკლამაცია შეიცვალა ბუნებრივი მეტყველებით, თუმც სიტყვის წარმოთქმის ხელოვნება კვლავაც ძალაში დარჩა. ყოველივე ამან განაპირობა ინტონაციური მრავალფეროვნება, ხმის მოდულირების და ნიუანსირების ზრდა, რაც ამოზრდილი იყო პერსონაჟის სულში მიმდინარე ცვალებადი პროცესებიდან.

რომანტიკულმა თეატრმა, პირველად თეატრის ისტორიაში, სცენაზე დაამკვიდრა განცდა როგორც გამორჩეული თეატრალური ფენომენი სწორედ ამ დროს ჩაისახა პერსონაჟის ფსიქოლოგიური დახასიათების ხერხიც, რასაც მოჰყვა შესაბამისი პლასტიკური ასახვა, მიმიკის და ჟესტის სიზუსტე და ექსპრესიულობა.

რომანტიზმმა თეატრს ახალი მოთხოვნები წაუყენა ფაბულის სცენური ასახვის სფეროში. ისტორიზმის პრინციპის გარდა, დიდი ადგილი დაეთმო მასების ინდივიდუალიზებას, კონკრეტული სოციოფსიქოლოგიური მახასიათებლების გადმოცემას.

რომანტიზმს თეორიული საფუძვლები შეუქმნეს: ვიქტორ ჰიუგომ, ძმებმა შლეგელებმა, ალესანდრო მანძინიმ, დრამატურგებმა: ჯორჯ ბაირონმა, პერსი შელიმ (ინგლისი), ჰიუგომ, ალფრედ დე ვინიმ, ალექსანდრე დიუმა-მამამ, ალფრედ დე მიუსემ (საფრანგეთი), ლუდვიგ ტიკმა, ჰენრიხ კლეისტმა (გერმანია), სილვიო პელიკომ, ჯოვანი ნიკოლინიმ (იტალია), ფრანც გრილპარცერმა (ავსტრია), ადამ ელენშლეგერმა (დანია). რომანტიზმს მისტიკური შეფერილობა შესძინეს: ვინიიმ, კლაისტმა, განსაკუთრებით კი, ერნსტ ჰოფმანმა. რომანტიზმმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თეატრის, არამედ მთლიანად ხელოვნების ისტორიაში.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები