ტყვიის სროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 40: ხაზი 40:
  
 
მოძრავ სამიზნეზე სროლა ტახზე ნადირობის იმიტაციაა. სამიზნეზე გამოსახულია ტახი, რომელსაც ბეჭზე კონცენტრული წრეები აქვს შემოხაზული. სპეციალურ მოწყობილობაზე დამაგრებული „ნადირი“ გადაადგილდება ღიობში ორივე მიმართულებით. ნელი სვლისას სამიზნე ღიობს გადაკვეთს 5 წამში, ჩქარი სვლისას – 2,5 წამში. სამიზნეზე ტყვიის მოხვედრა ფასდება 1-დან 10 ქულამდე. შაშხანისა და ოპტიკური მოწყობილობის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 5,5 კგ-ს. სპორტსმენი ისვრის დგომელა, ყოველგვარი საყრდენის გარეშე. ღვედის გამოყენება აკრძალულია. გამარჯვებულად ცხადდება შეჯიბრების ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.
 
მოძრავ სამიზნეზე სროლა ტახზე ნადირობის იმიტაციაა. სამიზნეზე გამოსახულია ტახი, რომელსაც ბეჭზე კონცენტრული წრეები აქვს შემოხაზული. სპეციალურ მოწყობილობაზე დამაგრებული „ნადირი“ გადაადგილდება ღიობში ორივე მიმართულებით. ნელი სვლისას სამიზნე ღიობს გადაკვეთს 5 წამში, ჩქარი სვლისას – 2,5 წამში. სამიზნეზე ტყვიის მოხვედრა ფასდება 1-დან 10 ქულამდე. შაშხანისა და ოპტიკური მოწყობილობის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 5,5 კგ-ს. სპორტსმენი ისვრის დგომელა, ყოველგვარი საყრდენის გარეშე. ღვედის გამოყენება აკრძალულია. გამარჯვებულად ცხადდება შეჯიბრების ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[სასტენდო სროლა]]
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

მიმდინარე ცვლილება 13:10, 2 ივნისი 2021 მდგომარეობით

ტყვიის მსროლელი ძმები - 1912 წლის ოლიმპიური თამაშების 3 გზის ჩემპიონი ვილჰელმ კარლბერგი (მარჯვნივ) და ერიკ კარლბერგი

ტყვიის სროლა − სასროლო სპორტის სახეობა. ტყვიის სროლა ცეცხლსასროლი და პნევმატური კუთხვილლულიანი შაშხანით ან პისტოლეტით უძრავ ან მოძრავ სამიზნეზე.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

სასროლო იარაღის გამოგონება უწინარესად ნადირობას უკავშირდება. ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა შუბს, მშვილდსა და ისარს, მოგვიანებით – არბალეტს, XIV საუკუნის შუა წლებიდან კი – ცეცხლსასროლ იარაღს. მსროლელთა უძველესი საზოგადოება (გოსლარი) შექმნეს არბალეტის მოყვარულებმა 1220 წელს.

ოსკარ სვანი ცეცხლის ხაზზე. ლონდონი, 1908 წელი

პირველი ორგანიზებული შეჯიბრება გარეულ მტრედებზე არბალეტით სროლაში გაიმართა 1286 წელს შვერდნიცაში (შვეიცარია). რაც შეეხება საკუთრივ ტყვიის სროლას, ამ სახეობაში პირველი ადგილობრივი მნიშვნელობის შეჯიბრება მოეწყო ციურიხში 1452 წელს (სხვა ვერსიით – 1472 წელს). დაახლოებით ამ დროიდან იწყება შეჯიბრებების გამართვა ტირში – სროლისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნაგებობაში.

XV საუკუნის 30-იან წლებში გამოიგონეს პნევმატური იარაღი, რომელიც შეკუმშული ჰაერის წნევით ისვრის. XVI საუკუნეში გავრცელდა პისტოლეტი, XIX საუკუნეში კი შეიქმნა სპორტული იარაღი – მცირეკალიბრიანი შაშხანა. ცეცხლსაროლი იარაღის ტექნიკური სრულყოფის კვალდაკვალ იცვლებოდა სპორტულ შეჯიბრებათა პროგრამა და ნაირსახეობები. ჩამოყალიბდა სპორტული სროლის ორი ძირითადი დისციპლინა: ტყვიის სროლა და სასტენდო სროლა.

კუთხვილლულიანი იარაღით ტყვიის სროლაში პირველი შეჯიბრება 1824 წელს გაიმართა შვეიცარიაში. მალე სასროლო სპორტი ფართოდ გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, საბერძნეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, ნიდერლანდები), მოგვიანებით კი – ამერიკის კონტინენტზეც. სხვა გარემემოებებთან ერთად, ამას ხელი შეუწყო სასროლო იარაღის სერიული წარმოების განვითარებამ, ტყვიის სროლის განსაკუთრებულმა, სამხედრო-გამოყენებითმა მნიშვნელობამ.

სასროლო სპორტს მრავალი დიდგვაროვანი და ცნობილი ადამიანი მისდევდა, მათ შორის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი პიერ დე კუბერტენი. მისი მხარდაჭერით, ტყვიის სროლა პირველივე ოლიმპიური თამაშების (1896) პროგრამაში შეიტანეს და მას შემდეგ, ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა, გარდა 1904 და 1928 წლების თამაშებისა. I ოლიმპიადაზე (1896) მედლების 5 კომპლექტი განაწილდა. 3 ოქროს მედალი მოიპოვეს ბერძნებმა, 2 – ამერიკელებმა.

ასეთი რამ პირველად მოხდა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში: ერთ ოლიმპიადაზე (2016 წელი), თანაც სპორტის ერთ სახეობაში (ტყვიის სროლა) ერთად გამოვიდნენ დედა და ვაჟიშვილი – ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი. ნინოსთვის ეს იყო მერვე თამაშები, ცოტნესთვის – პირველი.

XX საუკუნეში სასროლო სპორტის ოლიმპიური პროგრამა არაერთხელ შეიცვალა იარაღის სახეობის, სასროლო დისტანციის, სამიზნისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. თამაშების პროგრამაში ყველაზე მეტი (19) დისციპლინა შეტანილი იყო 1920 წ, ყველაზე ნაკლები (2) – 1932 წელს. 1968 წლიდან ოლიმპიურ ტურნირში ქალებიც ჩაებნენ და კაცების მხარდამხარ ასპარეზობდნენ, 1984-დან კი ქალთა პროგრამა ცალკე გამოყვეს.

XX საუკუნის პირველ ნახევარში ძირითადად აშშ-ის, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მსროლელები იმარჯვებდნენ. შემდეგ დაწინაურდნენ ყოფილი სსრკ-ის, გდრ-ისა და ჩინეთის სპორტსმენები, მაგრამ აშშ ამ სახეობაში მაინც გამოკვეთილი ლიდერია.

უნიკალურია შვედი მამა-შვილის – ოსკარ და ალფრედ სვანების მიღწევა. ისინი ერთი გუნდის შემადგენლობაში ერთდროულად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები (1908), სულ კი 15 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს.

[რედაქტირება] ტყვიის სროლა საქართმელოში

ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. ასეთი ჯგუფები გაიხსნა სპორტსაზოგადოება „დინამოსა“ და დოსააფის ორგანიზაციებშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოსააფის ტირები მოეწყო თბილისში – რუსთაველის მოედანზე, ყოფილ ენგელსის (ახლანდ. ლადო ასათიანის) ქუჩაზე და ვაშლიჯვარში, ბესიკის ქუჩაზე კი განახლდა „დინამოს“ ტირი. 1959 წელს ავჭალაში მწყობრში ჩადგა არმიელთა კეთილმოწყობილი სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

რაც უფრო ფართოვდებოდა სპორტული ბაზების ქსელი, იზრდებოდა ტყვიის სროლაში მომეცადინეთა რიცხვიც. გამოჩნდნენ ოსტატი მსროლელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჯერ საკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში. საქართველოში ტყვიის სროლას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს დამსახურებულმა მწვრთნელებმა – ლევ ტერტერიანმა და გიორგი ლომიძემ (არმიის სპორტკლუბი), მიხეილ პეროვმა, მიხეილ კალინინმა, ვენიამინ ევგრაფოვმა, მიხეილ ჟამურაშვილმა, ალექსანდრე ოგანეზოვმა და ვერა ტიმოფეევამ („დინამო“), პარმენ ლეკიშვილმა, ანდრო ჯაბაშვილმა, თენგიზ ხერხეულიძემ (დოსააფი), ვახტანგ სალუქვაძემ და სხვებმა.

პირველი თაობის მსროლელთა შორის გამოირჩეოდნენ გიორგი ბექთაშევი, არტემ ბარათაშვილი, ვაზგენ გაბრიელიანი, ლევ ვაინშტეინი, ოთარ მელია და სხვები. 60-იან წლებში დაწინაურდნენ შოთა ქველიაშვილი, ვახტანგ სალუქვაძე, ალექსანდრე სტროევი, ლილიანა ჟურული-გრუზდევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა ქველიაშვილის მიღწევები. მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1976 წელს საბჭოთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა სოხუმელი მარლენ პაპავა.

საქართველოს ტყვიის მსროლელთა შორის ყველაზე ტიტულიანია ნინო სალუქვაძე – ოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრიჯაოს მედლების მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, 8 ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მან 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ვაჟის – ცოტნე მაჭავარიანის მხარდამხარ იასპარეზა, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

[რედაქტირება] წესები

სპორტსმენები ისვრიან ცეცხლის ხაზიდან, რომლის წინ, 10 და 30 მეტრზე დამაგრებულია ქარის მიმართულების მაჩვენებელი პატარა ალამი. სამიზნეები დაყოფილია 10 კონცენტრულ ზონად, რომლებიც შეესაბამება წესებით დადგენილ ქულებს. მცირეკალიბრიანი ნებისმიერი შაშხანის მაქსიმალური წონაა 8 კგ კაცებისთვის, 6 კგ ქალებისთვის. მაქსიმალური კალიბრი – 5,6 მმ მცირეკალიბრიანი სტანდარტული შაშხანის მაქსიმალური წონაა 5 კგ, მაქსიმალური კალიბრი – 5,6 მმ მსხვილკალიბრიანი ნებისმიერი და სტანდარტული შაშხანების მაქსიმალური კალიბრია 8 მმ, წონები შესაბამისი მცირეკალიბრიანი შაშხანების წონებს ემთხვევა. პნევმატიკური შაშხანის მაქსიმალური კალიბრია 4,5 მმ. შაშხანას სამი მდგომარეობიდან ისვრიან:
1. წოლელა, როცა მსროლელს იარაღი უჭირავს ორივე ხელით, ცალი მხარითა და ღვედით;
2. დგომელა, როდესაც სპორტსმენი მიწაზე ორივე ფეხით დგას, მარცხენა (ან მარჯვენა) ხელი და იდაყვი შეიძლება ეყრდნობოდეს მკერდსა და თეძოს, მაგრამ ღვედის გამოყენება აკრძალულია. მსროლელს შაშხანა უჭირავს ორივე ხელით, ცალი მხარითა და მკერდით, აგრეთვე, ლოყით;
3. ჩოქელა, როცა მარჯვენა ფეხის წვერი, მარჯვენა მუხლი და მარცხენა ფეხი მიწას ეყრდნობა. სპორტსმენს შაშხანა ისევე უჭირავს, როგორც დგომელა სროლის დროს, ოღონდ აქ მარცხენა იდაყვით მარცხენა მუხლს ეყრდნობა. ფიქსაციისთვის დასაშვებია ღვედის გამოყენება, აგრეთვე, მუთაქისა, რომელსაც მარჯვენა წვივის ქვეშ იდებენ. საშეჯიბრო პისტოლეტის ლულის დიამეტრია 5,6 მმ, კალიბრი – 0,22. სპორტსმენს იარაღი ცალ ხელში უნდა ეჭიროს, აკრძალულია საყრდენისა და ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება.

ძირითად შეჯიბრებაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, 8 საუკეთესო მსროლელი აგრძელებს ბრძოლას ფინალურ სერიაში.

[რედაქტირება] სროლა მოძრავ სამიზნეზე

ოლიმპიურთან შედარებით, გაცილებით მრავალფეროვანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პროგრამა. ამ ჰეჯიბრებების ერთ-ერთი ტრადიციული დისციპლინაა სროლა მოძრავ სამიზნეზე. სასროლეთი წარმოადგენს ღია მოედანს, საცეცხლე ტერიტორია კი გადახურულია. მანძილი ცეცხლის ხაზიდან სამიზნემდე – 50-52, 5 მ, ღიობის სიგანე – 10 მ.

მოძრავ სამიზნეზე სროლა ტახზე ნადირობის იმიტაციაა. სამიზნეზე გამოსახულია ტახი, რომელსაც ბეჭზე კონცენტრული წრეები აქვს შემოხაზული. სპეციალურ მოწყობილობაზე დამაგრებული „ნადირი“ გადაადგილდება ღიობში ორივე მიმართულებით. ნელი სვლისას სამიზნე ღიობს გადაკვეთს 5 წამში, ჩქარი სვლისას – 2,5 წამში. სამიზნეზე ტყვიის მოხვედრა ფასდება 1-დან 10 ქულამდე. შაშხანისა და ოპტიკური მოწყობილობის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 5,5 კგ-ს. სპორტსმენი ისვრის დგომელა, ყოველგვარი საყრდენის გარეშე. ღვედის გამოყენება აკრძალულია. გამარჯვებულად ცხადდება შეჯიბრების ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

სასტენდო სროლა

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები