მაკედონიის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე დიდი, სიდონის საფკოფაგი

მაკედონიის არმია - ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული, კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული სამხედრო ძალა იყო. მან მსოფლიო ისტორიაში დიდი როლი ითამაშა, რომ არა ფილიპე II-ის მიერ შექმნილი მაკედონური ძალები, ალექსანდრე დიდი მსოფლიოს ვერ დაიპყრობდა, ის ხომ სწორედ თავისმა ერთგულმა და მამაცმა მაკედონელმა ჯარისკაცებმა ატარეს ტრიუმფით ჰინდიკუშის ქედამდე და ჰიდასპემდე (ინდოეთი).

მაკედონიის მძლავრი არმიის და კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება მიეწერება ალექსანდრე მაკედონელის მამას, ფილიპე II-ს. ფილიპე მეორის მეფობის დასაწყისში მაკედონური სამეფო სუსტი და უძლური ქვეყანა იყო, მას ჩრდილოეთიდან ბარბაროსული ტომები ავიწროებდნენ, სამხრეთიდან კი ბერძნული პოლისები (ქალაქ-სახელმწიფოები). ფილიპე მეორემ დიდი გამჭრიახობა და სიბრძნე გამოიჩინა და პატარა მაკედონიამ მალე მოახერხა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების ჩამოყალიბება. ფილიპეს არმიამ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრო. ასე და ამგვარად როდესაც მაკედონიის სათავეში ფილიპეს ვაჟი ალექსანდრე მოვიდა, მას უკვე ძლიერი სამხედრო ძალები დახვდა, თუმცა ღარიბი სახელმწიფო ხაზინა. მიუხედავად ამისა ალექსანდრეს არმიამ ძლიერი და მდიდარი სპარსელები გრანიკოსის, ისოსის და გავგამელას გენერალურ ბრძოლებში დაამარცხა და თავიანთ მეფეს სპარსეთის ტახტისკენ გზა გაუნთავისუფლა.

პატარა მაკედონიის მიერ უზარმაზარი სპარსეთის დამარცხება და დაპყრობა ალექსანდრეს სამხედრო ნიჭმა, ჯარისკაცების ამაღლებულმა საბრძოლო სულისკვეთებამ და უმაღლესმა დისციპლინამ მოახერხა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ 40000-იანმა მაკედონურმა ლაშქარმა სპარსეთის მეფის 140000-ზე მეტი ჯარისკაცისგან, სპილოებისა და ეტლებისგან შემდგარი არმია გაანადგურა. (სავარაუდოდ რიცხვები გაზრდილია,თუმცა იმ ფაქტს არავინ უარყოფს, რომ სპარსელებს მაკედონელებზე მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდათ.)

სიდონის სარკოფაგი, დეტალი

სარჩევი

მაკედონური ქვეითი ჯარი

მაკედონიის არმიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქვეითი ჯარი იყო. ფილიპე II-მ თავისი ქვეითი ჯარის ნაწილები ათენელი სტრატეგოსის იფიკრატესის და საკუთარი გეგმების მიხედვით ჩამოაყალიბა. ქვეითი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაკედონელი ფალანგისტები წარმოადგენდნენ. ფალანგა ძველბერძნული საბრძოლო წყობა იყო, რომელიც ითვალისწინებდა ფარებით და გრძელი შუბებით შეიარაღებული ქვეითების მართკუთხედ ან კვადრატულ დაწყობას მჭიდრო რიგებად, ქვეითები შუბებს მტერს უღერებდნენ და თვითონ თავს ფარებით იცავდნენ. პირველ რიგში მდგომი ფალანგისტები შუბებს ერთდროულად და ერთხაზად უღერებდნენ მტერს, მეორე რიგი წინა რიგის ჯარისკაცების მხარზე გასდებდნენ შუბის ტარს და წვერს მტერს აწვდენდნენ, შემდეგი რიგებს შუბები უფრო მაღლა ეჭირათ და წინა ხაზის შეთხელების შემთხვევაში წინ ინაცვლებდნენ და დახოცილი ან დაჭრილი თანამოძმეების ადგილს იკავებდნენ, ასე რომ ფალანგა ბოლომდე მწყობრში ცდილობდა ბრძოლას და დისციპლინას არ არღვევდა, მეომრებს დიდი მრგვალი ფარები ჰქონდათ, რომელსაც იფარებდნენ და თავის ნახევარ სხეულსაც იცავდნენ და გვერდზე მდგომი მეომრისაც, შემდეგ მეორე მეომარიც ასე ფარავდა ამხანაგსაც და ამიტომ მთელი ხაზი დაცული იყო. თავზე ჯარისკაცებს მუზარადები ეფარათ, ტანზე აბჯრები ემოსათ, ამიტომ ისრებისაგან თავს კარგად იცავდნენ. შორიდან ბერძნულ-მაკედონური ფალანგა დიდი ზღარბივით მოჩანდა, რადგან ყველა მეომარს გრძელი და წვეტიანი შუბი ეჭირა. თუმცა ფალანგას ჰქონდა ორი ნაკლი, ეს იყო ზურგისა და ფლანგების დაუცველობა და სიზანტე. ფალანგა ნელა დადიოდა და შუბებს წინ მტერს უღერებდა, ამ დროს შეიძლებოდა მას ზურგში ან ფლანგებიდან მტრის ცხენოსანი ან ქვეითი ჯარი დასხმოდა თავს და მწყობრი გაერღვია. მეორე ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ფალანგა ნელა დადიოდა იმის გამო, რომ ჯარისკაცებს მწყობრი არ დაერღვიათ და არ დაფანტულიყენენ, მათი ძალა ხომ ერთიანობაში მდგომარეობდა, თუმცა ასე მობილურობაც იკარგებოდა.

ქვეითი მეომრები რაზმებად იყოფოდნენ. ყველაზე პატარა რაზმი ათი კაცისაგან შედგებოდა და „დეკას“ ეწოდებოდა. ალექსანდრეს დროს „დეკასში“ შემავალი ჯარისკაცების რიცხვი გაიზარდა და 16-ს მიაღწია. „დეკასი“ ფალანგის ერთ რიგს შეადგენდა. ათეული ჩვეულებრივ დროს გაშლილი წყობით იდგა, რომელშიც თითოეული მეომარი ერთ კვადრატული მეტრის ფართობს იკავებდა. ასეთ წყობას „პიკნოსი“ ეწოდებოდა. მეორე წყობა „სინასპისმოსი“ გამოიყენებოდა მაშინ, როდესაც ჯარი დაცვაზე გადადიოდა, ამ დროს ფალანგის სიღრმე 8-მეტრს უდრიდა. უკანა ჯარისკაცები წინებს ნახევარი მეტრით უახლოვდებოდნენ და ფალანგაც მჭიდროედებოდა. ასეთი წყობის დროს ფალანგა მანევრულობას კარგავდა, ამიტომ იყო კიდევ ერთი წყობის ვარიანტი ეგრეთწოდებული ღია მწყობრი, რომელიც სიღრმეში ორი რიგი იყო. ამ წყობას ალექსანდრეს არმიაში ღრმა მწკრივი ანუ „ბათოსი“ ეწოდებოდა. ყველა ეს წყობა ფალანგაში გამოიყენებოდა, მაგრამ ფრონტზე მდგომი ფალანგები მაინც შეუცველელი წყობით იდგნენ და ფორმაციებს იშვიათად მიმართავდნენ. ყველა ამ წყობის დროს ფალანგისტების შუბები მაღლა იყო აწეული, ეს ჯარისკაცებს რა თქმა უნდა ხელს უშლიდათ სწრაფად სხვადასხვა წყობაზე გადასვლაში.

მაკედონიის არმიის ჯარისკაცები

შეტევისას ჯარისკაცები შუბებით ხელში მიიწევდნენ წინ და ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებდნენ, ამ დროს ისინი მაკედონურ სამხედრო შეძახილს: „ალალა-ლა–ლაი“ აგუგუნებდნენ (ენიალიუს-მეორენაირად არესს, ომის ღმერთს ეძახდნენ). როდვსაც მტერს ძალიან მიუახლოვდებოდნენ, მაკედონელებში სიჩუმე ჩამოვარდებოდა და შეძახილებითა და ღრიალით დაშინებულ მოწინააღმდეგეს თავს მრისხანე ძალა ატყდებოდა (შეტევაზე გადასვლისას ღრიალს და ბრძოლაში ერთიანი სიჩუმით ჩართვას მტერზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო).

მარშის დროს არმია კოლონებად ეწყობოდა, ფალანგები ორ ფრთად იყოფოდნენ.

ალექსანდრეს ისტორიკოსი კალისთენე წერს, რომ ფალანგა გაშლის ადგილზე 32 კაციანი სიღრმის წყობით მიემართებოდა, შემდეგ 16, ბოლოს კი 8. ალექსანდრე მაკედონელმა თავისი მეფობის დასასრულისათვის, ფალანგის რიგებში სპარსელი მშვილდოსნები და დროტიკების მსროლელები ჩაამატა. ისტორიკოსი არიანე წერს, რომ ფალანგის თითოეულ რიგებს „დეკადარხოსები“ მეთაურობდნენ. ამას გარდა მასთან ერთად რიგში იყვნენ „დიმოირიტესები“ და „დეკასტატეროსები“ (ათი სტატერის მიმღები). ტერმინი „დიმოირიტესები“ ნიშნავს ორმაგი გასამრჯელოს მიმღებს ქსენოფონტის მიხედვით. ელინისტურ პერიოდში თექვსმეტკაციანი რიგი ოთხად იყოფოდა. რიგის ნახევარ ნაწილს „დიმოირია“ ეწოდებოდა და მას „დიმოირიტისი“ მეთაურობდა. „დეკადარხოსი“ კი მთელ რიგს ხელმძღვანელობდა. ორი დეკასტატერა რიგში მერვე და მეთექვსმეტე ადგილს იკავებდა. ისინი ვეტერანი ჯარისკაცები იყვნენ და ჯარში იმავე მოვალეობას ასრულებდნენ, რასაც ბრიტანელი უმცროსი სერჟანტები და ევროპელი უნტერ-ოფიცრები.

ქვეითთა შენაერთს, რომელიც 512 მეომრისაგან შედგებოდა, „ლოხოსი“ ეწოდებოდა. „ლოხოსი“ 32 რიგად იყოფოდა და ფრონტზე 32 მეტრს იკავებდა. „ლოხოსის“ მეთაურს „ლოხაგი“ ეწოდებოდა. ალექსანდრეს დროს „ლოხოსს“ ხუთასეული ეწოდა, მის მეთაურს კი „პენტეკოსია რხოსი“ ანუ ხუთასისთავი. ყველა ასეთ სამხედრო დანაყოფს თავისი მესაყვირე და „გიპერეტოსი“ (დისციპლინის დამცველი და დამნაშავეების დამსჯელი). ჰყავდა ორი ან სამი „ლოხოსი“ უკვე „ტაქსის“ შეადგენდა. ზოგჯერ ასეთ დანაყოფს „ჰილიარხიას“ უწოდებდნენ რაც იგივე ათასეულია. მაგრამ ჩვეულებრივ ტერმინი იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა, როცა რაზმში ორ „ლოხოსზე“ მეტი არ იყო. თითოეულ დეკასს მსახური ჰყავდა, რომელიც მძიმე ბარგის თრევაზე აგებდა პასუხს. მსახურის დასახმარებლად გამოყოფილი იყო სახედარი ან ჯორი; ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, აზიური კამპანიის დროს მაკედონელებმა აქლემების გამოყენება დაიწყეს, რომელთაც მძიმე ტვირთის თრევა შეეძლოთ. სამხედრო აღალის მსახურებს „ეკტატოის“ უწოდებდნენ (ზურგში მყოფებს, უკან მდგომებს), რადგან ისინი არ იბრძოდნენ. დეკასის მთავარი ბარგი კარავი იყო. ზუსტად არაა ცნობილი რამდენ ჯარისკაცს ეძინა კარავში. მთელ რიგს, ნახევარ რიგს თუ მეოთხედ რიგს. ჩვენთვის ცნობილია; რომ ყველა დეკასს თავისი ხელის წისქვილი ჰქონდა.

მარშის დროს ქვეითები ჩვეულებრივ იარაღით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მოუხერხებელ მუზარადს იხდიდნენ და მის ნაცვლად „კაუსიას“, მაკედონურ ბერეტის მსგავს ქუდს იხურავდნენ. ჯარისკაცებს პირადი ბარგიც მიჰქოდათ. რომელშიც დასაწოლიც შედიოდა. ამას გარდა ყველა მეომარს თავისი ჭიქა ჰქონდა წყლის დასალევად და პროდუქტები საჭმლის მოსამზადებლად. საჭმელს შესვენების დროს ამზადებდნენ. ჯარისკაცთა დანარჩენი ქონება აღალში ინახებოდა. მათთვის სპეციალური სანიტარული ურიკები იყო. ურიკებით გადაჰქონდათ საალყო და ლოდსატყორცნი მანქანებიც. აღალი ჯარის უკან მოდიოდა და არიეგარდი იცავდა, ალექსანდრეს დროსაც მაკედონელები იყენებდნენ „პელტის“, ერთგვარ მსუბუქ ფარს, რომლითაც მტრის მოისრეებისაგან თავის დასაცავად ერთმანეთს ატყუპებდნენ დაეფარებოდნენ, ეს რომაული „ტესტუდოს“ (კუს) ანალოგი იყო მაკედონურ ჯარში. პელტები კარგად იცავდნენ ჯარისკაცს ისრისა და დროტიკისაგან. მაკედონურ სარკოფაგზე გამოსახულ ფალანგისტებს აბჯარი აცვიათ, მაგრამ მრავალი თანამედროვე ავტორი არ იხსენებს, რომ მაკედონელ ჰოპლიტებს აბჯარი ეცვათ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსები: არიანე და დიოდორე თავიანთ ნაშრომებში მოიხსენიებენ, რომ მაკედონელ ქვეითებს აბჯარი ემოსათ, თუმცა ზოგიერთი მხოლოდ ტყავისა და სელის ბეგთრით იყო შემოსილი. მუზარადები მაკედონელებს იმ დროისათვის გავრცელებული, ფრიგიული სტილისა ჰქონდათ. ზოგიერთი მუზარადი უბრალოდ ბრინჯაოსი იყო, ზოგიერთი კი ლურჯი ფერით იყო მოსართავად შეღებილი (ლურჯი ფერი ქვეითების ფერი იყო). ზოგიერთი მუზარადი ოქროთიც იყო მორთული, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიცრებისთვის გახლდათ და მათ სამხედრო ჩინს აღნიშნავდა. ზოგ მუზარადს სპეციალური ნაწილები ჰქონდა ფრთების მისამაგრებლად. თვითონ ალექსანდრე მაკედონელიც რამდენიმე მონეტაზე ფრთიანი მუზარადითაა გამოსახული.

მაკედონელი ქვეითები გრძელი მაკედონურ-ბერძნული შუბით, „სარისით“ იყვნენ შეიარაღებულები. ძველბერძნული წყაროების მიხედვით ყველაზე გრძელი „სარისა“ 555 მეტრი იყო,მაგრამ ეს წყარო ელინისტურ, დიადოხოსების პერიოდის დროინდელია. ალექსანდრეს დროს შედარებით მოკლე „სარისები“ იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჯარისკაცს ის ორი ხელით უნდა დაეჭირა. „სარისას“ გრძელი რკინის წვერი ჰქონდა, რომელსაც ვერანაირი აბჯრები ვერ უძლებდნენ. „სარისას“ უკანა ნაწილზეც წვეტი ჰქონდა მიწაზე დასაბჯენად და წინ უფრო დიდი ძალით მიმართვისათვის.

ქვეითი ჯარის სახეობები

პეძეტაიროი

პეძეტაიროი (პირდაპირი თარგმანით ქვეითი „ჰეტაირები“). მათი რიცხვი 9000-ს შეადგენდა და 6 „ტაქსისად“ იყოფოდა. თითოეული „ტაქსისი“ სამ „ლოხოსად“ იყოფოდა. „პეძეტაიროიები“ მაკედონიის ჩრდილოეთში იყვნენ შეკრებილვბი და არმიის ელიტარულ ნაწილს შეადგენდნენ. ისინი კარგად იყვნენ შეიარაღებულები „სარ-ისებით“, ხმლებით და ფარებით, თავზე მუზარადი ხოლო ტანზე ბრინჯაოს აბჯარი ემოსათ.

გიპასპისტები

გიპასპისტები (ბერძნულად ფაროსნებს ნიშნავს). გიპასპისტების სრული სახელწოდებაა ჰეტაირების გიპასპისტვბი, ამიტომ ითვლება, რომ ამ დანაყოფის ჯარისკაცები ჰეტაირი მხედრების საჭურველმტრვირთველები იყვნენ. ბრძოლის დროს გიპასიპისტები მეფესთან და მხედრებთან იყვნენ და აღჭურვილობა მიჰქონდათ, მათ შორის ტროას წმინდა ფარი. თავდაპირველად გიპასპისტები 3000 ჯარისკაცს ითვლიდნენ და ექვს ლოსოსად იყოფოდნენ.

მათგან ერთი ლოხოსი მეფის პირადი დაცვისთვისაც იყო გამოყოფილი. მათ „აგემი“ ეწოდებოდათ და გიპასპისტების ავანგარდს წარმოადგენდნენ. აგემებს სამეფო (ბასილისკო) გიპასპისტებს უწოდებდნენ. ამ რაზმს მაღალი და ღონიერი კაცები შეადგენდნენ, მთელს არმიაში რჩეული ქვეითები.

გიპასპისტთა სამეფო ლოხოსი არმიის მარჯვენა ფლანგზე იკავებდა ადგილს. ჩვეულებრივ ისინი მეფის კარავს იცავდნენ. დანარჩენი გიპასპისტთა ლოხოსები მარცხენა ფლანგზე იდგნენ. გიპასპისტები კავალერიასთან ერთად მოქმედებდნენ და როდესაც ცხვნოსნები შეტევაზე გადადიოდნენ, მათ გასწვრივ გიპასპისტები გარბოდნენ და მხედრების ხაზს იფარავდნენ. გიპასპისტები პეძეტაირებთან შედარებით მსუბუქად იყვნენ შეიარაღებულები. ამის გამო ისინი ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ. როდესაც ალექსანდრემ არმიაში „მფრინავი რაზმი“ ჩამოაყალიბა, მისი რიგები გიპასპისტებით შეავსო, მათი სისწრაფის გამო, რითაც ბევრად სჯობნიდნენ პეძეტაირებს, რომლებიც მძიმედ იყვნენ შეიარადებულები. მთელი ქვეითი ჯარიდან მხოლოდ გიპასპისტებს ეცვათ ფეხსაცმელი.

ბერძნული ქვეითი ჯარი

ჰელესპონტიდან მაკედონიის არმიას 7000 ბერძენი ჯარისკაცი შეემატა, რომლებიც კორინთოს კავშირმა გაუგზავნა ალექსანდრეს. მათ თავიანთი ოფიცრები ჰყავდათ, თუმცა მეთაური (მაკედონელი სტრატეგოსი იყო. ქერონეას ბრძოლის შემდეგ ბერძნებმა, არმიაში რეფორმების გატარება დაიწყეს, რომ უფრო მძლავრი და მსხვილმასშტაბიანი ომისათვის საჭირო არმია შეექმნათ. მათ გააუმჯობესეს აბჯარი და „ტორაკსი“ შემოიღეს, აგრეთვე შეიცვალა მუზარადი და ფრიგიული ტიპისა შემოვიდა, როგორც მაკედონიაში.

კორინთოს კავშირის სახელმწიფოების არმიებში დაქირავებული ჯარისკაცებიც შედიოდნენ. დაქირავებული ბერძნები არ იყვნენ მძიმედ შეიარაღებულები და აბჯარი არ ემოსათ. მათ ჰქონდათ ბრინჯაოს ფარი, შუბი და მოკლე მახვილი. ტანზე წითელი ქიტონი ემოსათ. სიმსუბუქის გამო დაქირავებული ბერძნები მობილურები და მოხერხებულები იყვნენ და დიდი ძალა გააჩნდათ. ალექსანდრეს ნაწარმოებ ბრძოლებში ისინი ფლანგებზე იყვნენ განლაგებულები.

მსუბუქი ქვეითები

ალექსანდრეს არმიაში შედიოდნენ მსუბუქი ქვეითები „პსილოი“. ისინი ფალანგაზე ფართო მწყობრით იყვნენ განლაგებულები და ფრონტზე უფრო დიდ ადგილს იკავებდნენ. იყო 500 ჯარისკაციანი რაზმები. თუმცა არ არის ცნობილი ასეთი რაზმსაც ლოხოსად მოიხსენიებდნენ თუ არა. „ტოქსოტები“ ანუ მშვილდოსნები, პსილოის მსგავსად 500 კაციან რაზმებად იყვნენ განლაგებულები. მათ სტრატეგოსი მეთაურობდათ, ხოლო თითოეულ 500-კაციან რაზმს „ტოქსარხი“.

ალექსანდრეს არმიაში კრეტელ, მშვილდოსან-ტოქსოტთა რაზმები იყო, რადგან კრეტელები კარგი მშვილდოსნები იყვნენ და თან ყველას ექირავებოდნენ ვინც ფულს გადაუხდიდა. ალექსანდრეს არმიაში კრეტელები კრეტაზე, მაკედონიის მოკავშირე და მეგობარ ქალაქებში იყვნენ შეკრებილები და მოქირავნეები არ გახლდნენ. კრეტელ მშვილდოსნებს პატარა ბრინჯაოს ფარი „პელტე“ ეჭირათ, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში ეხმარებოდათ და ისრის სროლაშიც ხელს არ უშლიდათ. კრეტელებს თავიანთივე ეროვნების მეთაურები ჰყავდათ. ამას გარდა იყო მშვილდოსნების მეორე დანაყოფი, მაგრამ არ არის ცნობილი, რომელი ხალხები მსახურობდნენ მასში, შეიძლება ისინი მაკედონელები იყვნენ. მაკედონიისა არმიაში იყვნენ „აგრიანელი აკონტისტები“, ანუ დროტიკების მსროლელები. დროტიკი მოკლე ბერძნული სასროლი შუბი იყო. აკონტისტებს პელტეებიც ეჭირათ ხელჩართული ბრძოლისათვის.

მაკედონური არმიის ნაწილი იყო „თრაკიელები“, რომელშიც შედიოდნენ ტრიბალები, ილირიელები და თრაკიელი ოდრისები. ზოგიერთი მათგანი დაქირავებული იყო. უმეტესი ნაწილი ალექსანდრეს ვასალი მეფეების გამოგზავნილები იყვნენ. მათ შორის რამდენიმე მეშურდულეთა რაზმიც იყო. მსუბუქი ქვეითი ჯარი რამდენიმე ტაქსისად იყოფოდა.

ცხენოსანი ჯარი

ცხენოსნების მთავარი საბრძოლო ერთეული იყო „ილა“, რომელშიც 200 ცხენოსანი შედიოდა „ილარხოსისა“ და ოთხი „ტეტრარხოსის“ მეთაურობით. თითოეული ტეტრარხოსი 49 მხედარს მეთაურობდა და ამ რაზმს ტეტრარხია ეწოდებოდა. ტეტრარხიის საბრძოლო წყობა იყო სამკუთხოვანი წვეტი, რომლის თავშიც იდგა ტეტრარხოსი, გვერდებზე და შუაში კი 13 გამოცდილი მხედარი. ილარხოსს ჰყავდა მებუკე ტეტრარხოსებისთვის ბრძანების მისაცემად და „გიპერეტოსი“ ილას მართვაში დასახმარებლად და დისციპლინისთვის ყურადღების მისაქცევად. ოთხი სამკუთხოვანი წვეტი ისე ეწყობოდა ფრონტზე, რომ ერთმანეთისთვის მანევრულობა და წყობა არ აერიათ და თავისუფლად ემოქმედათ. რამდენიმე ილა, ჩვეულებრივ ორი, სამი ან ოთხი, „ჰიპარხიაში“ ერთიანდებოდნენ, „ჰიპარხის“ მეთაურობით. მხედრებს საკუთარი ცხენები ჰყავდათ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ ისინი მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ და საკუთარი ცხენისა და აღჭურვილობის შეძენა შეეძლოთ. თუ ბრძოლაში ცხენები დაეხოცებოდაო“, მათ სპეციალური არმიის ცხენებით ცვლიდნენ. ეს ცხენები ჯარს თან დაჰყავდა და დანაკლისს ავსებდა. მხედრები და თვითონ ალექსანდრეც მარშზე ფეხით დადიოდნენ და ცხენებს არ ღლიდნენ. ცხენოსნები ცხენებს მხოლოდ ბრძოლისას იყენებდნენ.

მხედრებს ბეოტიური ან ფრიგიული მუზარადები ეხურათ. ტეტრარხოსებისა და ილარხების მუზარადები მორთული იყო ან ოქროს ნიშნებით ან ვერცხლის. ზოგიერთი მხედრის მუზარადი მორთული იყო ცხენის ძუით, რომელსაც ფერს აძლევდნენ. ალექსანდრე თავის გამოჩენისთვის ხშირად აჯილდოვებდა თავის კავალერისტებს და ოქროს გვირგვინებს ჩუქნიდა, რომელსაც ისინი მუზარადზე იმაგრებდნენ.

მაკედონურ კავალერიას გრძელი საბრძოლო შუბი „კრისტონი“ ჰქონდა. მაკედონელთა მეორე იარაღი მახვილი იყო, რომელსაც მხედრები მარცხენა მხარეს ატარებდნენ ქამარზე ჩამოკიდებულს. ზოგი მხედარი იატაგანის მსგავს მახვილს, „კოპისს“ იყენებდა, ზოგი სწორს და ორლესულს. საერთოდ ბერძნული ცხენოსანი ჯარი ფარს არ ხმარობდა. მხოლოდ მეთაურის გვერდით იყო რამდენიმე ფაროსანი მხედარი მის დასაცავად. ზოგიერთი მხედარი მხოლოდ უმკლავებო ტუნიკას ატარებდა, ზოგი კი გრძელმკლავიანს. აბჯარი მხოლოდ მძიმე კავალერიის ნაწილებს ეცვათ, ჰეტაირებს, V თესალიელებს და მოკავშირეებს. თვითონ ალექსანდრე მაკედონელიც იშვიათად ატარებდა აბჯარს. მას ყოველთვის თან ახლდა ჰეტაირების მძიმე კავალერიის რაზმი. ფეხსაცმელი მთელ ცხენოსან ჯარს ერთნაირი ჰქონდა.

ჰეტაირების დანაყოფის ფერი იისფერი ან მუქი ლურჯი იყო, თესალიელებისა მუქი იისფერი, „პროდრომებისა“ ვარდისფერი. აბჯრის სარტყელები კავალერიას იმავე ფერისა ჰქონდა, როგორიც მისი სახეობის ცხენოსანთა რაზმის ფერს შეესაბამებოდა. ცხენოსნებს ცხენებზე ჩულა ჰქონდათ გადაფარებული, მაღალი რანგის ოფიცრებს კი ლეოპარდის ტყავები, რადგან იმ დროს უნაგირები არ იყო.

ჰეტაირები

ჰეტაირები არმიის ყველაზე ელიტარულ და ძლიერ დანაყოფს შეადგენდნენ. მათი რაზმები შეკრებილი იყო მაკედონელ არისტოკრატთა ახალგაზრდა ვაჟებით. ალექსანდრეს არმიას ლაშქრობის დასაწყისში 1800 ჰეტაირი ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი უფრო მეტი იყო, მეფემ დანარჩენი ჰეტაირები მაკედონიაში დატოვა. ჰეტაირები რვა ილად იყოფოდნენ მეფის ილა ჰეტაირების ავანგარდს წარმოადგენდა და ბრძოლაში საპატიო ადგილი ეჭირა. სამეფო ილა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო. დანარჩენებში თითოეულ ილაში 200 მხედარი შედიოდა.

ჰეტაირებს მოსხმული ჰქონდათ მოსასხამი „ქლამიდა“. თვითონ ალექსანდრეც ჰეტაირების ოფიცერივით იყო გამოწყობილი. ჰეტაირებსაც თავიანთი მეფის მსგავსად თეთრი ტყავისა და ბრინჯაოს აბჯარი ემოსათ.

თესალიელები

ისტორიულ წყაროებში ხშირად მოიხსენიებენ, რომ თესალიელები მთელს არმიაში საუკეთესო მხედრები იყვნენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ეს კავალერიული დანაყოფი თესალიელი არისტოკრატებისგან, მთელს საბერძნეთში საუკეთესო მხედრებისაგან იყო ჩამოყალიბებული. დიოდორე მოიხსენიებს, რომ აზიაში ლაშქრობის დასაწყისში არმიაში 1800 თესალიელი მხედარი იყო. ეს ზუსტად ჰეტაირების კავალერიის ოდენობის ტოლია. თესალიელებიც ზუსტად ისე იყვნენ მოწყობილები ილებად და ორგანიზებულები, როგორც ჰეტაირები. თესალიელებიც მოსასხამებს ატარებდნენ რომელიც მათ ზურს და ერთ მხარს უფარავდათ და მეორე მხარზე იკერებოდა. თესალიელებს ჰეტაირების მსგავსად თეთრი აბჯარი ემოსათ, ზოგიერთს კი შიგნით გრძელმკლავიანი ტუნიკა.

მოკავშირეთა კავალერია

კორინთოს კავშირის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ვალდებულნი იყვნენ მაკედონიის არმიის სამსახურში ქვეითი და ცხენოსანი ჯარის რაზმები გაეგზავნათ. რა თქმა უნდა ყველა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს ჰყავდა თავისი ცხენოსანი ჯარი. დიოდორე წერს, რომ აზიაში გადასვლისას ალექსანდრე მაკედონელს 600 ბერძენი ცხენოსანი ჰყავდა. ალექსანდრეს ბერძენ მხედართა სამი ილა ახლდა სპარსულ ლაშქრობაში. მოკავშირე ბერძენი მხედრები მძიმე კავალერიას შეადგენდნენ.

პროდრომები

პროდრომები ანუ მზვერავები შედგებოდნენ თრაკიული კავალერიის ოთხი ილასაგან, რომელიც მეფის არმიაში შედიოდა. პროდროშები მაკედონიის თრაკიულ პროვინციებში იკრიბებოდნენ მაკედონელი ოფიცრების მეთაურობით. შვმდეგ ალექსანდრემ პროდრომების რიგებს კიდევ 500 მხედარი შემატა. თრაკიელი მხედრები ბარბაროსი და გაუთლელი ჯარისკაცები იყვნენ. მათ მონებზე და ოქროზე უფრო ეჭირათ თვალი ვიდრე ბრძოლაზე და უყვარდათ ძარცვა-გლეჯვა. პროდრომების ფუნქცია იყო ის, რომ დაეზვერათ არმიის გარშემო ტერიტორიული არეალი და ცნობები შეეკრიბათ მტერზე. ბალკანური კამპანიის დროს ზოგიერთი პროდრომების ილა დროტიკებსაც იყენებდა. ამას გარდა ხომ მათაც ჩვეულებრივ გრძელი მაკედონიური შუბი, კსისტონი ეჭირათ. პროდრომებს ეხურათ ბეოტიური მუზარადებიც. •

თრაკიული კავალერია

მაკედონიის არმიაში 4-5 ილა თრაკიული კავალერია იყო. მათ შორის პეონების ილა. თრაკიელების ჩაცმულობა და შეიარაღება დიდად არ განსხვავდებოდა პროდრომებისგან.

დაქირავებული კავალერია

თავისი კამპანიების განმავლობაში ალექსანდრე მაკედონელი თავის არმიაში მსუბუქი ცხენოსნების ნაკლებობას აღნიშნავდა. დაქირავებულმა მხედრებმა ეს დანაკლისი შეავსეს. როდესაც ალექსანდრემ ეკბატანაში დაშალა თავძსი ბერძნული სამხედრო ნაწილები, შესთავაზა მათ, რომვისაც უნდოდა შეიძლებოდა ჯარში სამსახური გაეგრძელებინა დაქირავებულის სტატუსში. მოკავშირე კავალერია ახლა დაქირავებული კავალერია გახდა. ზოგიერთმა ბერძენმაც სამსახური გააგრძელა. ახლა ისინი შეადგენდნენ დაქირავებულ ჯარს. შემდეგ ალექსანდრემ ისევ დაიქირავა უცხოელი მეომრები და ჯარში ჩარიცხა.

მაკედონური საალყო მანქანები

ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე II-მ თავის ჯარში რეგულარული სამხედრო ინჟინერებისა და მექანიკოსების ნაწილები შექმნა, რომლებიც ქმნიდნენ საალყო მანქანა-დანადგარებს. მაკედონელმა ინჟინრებმა გამოიგონეს ბორბლებიანი თავშესაფარი, რომლითაც ჯარისკაცები გალავანს უსაფრთხოდ უახლოვდებოდნენ. ამას მაკედონელები ან კუს ან „ხელონეს“ ეძახდნენ. ზოგჯერ, როდესაც მაკედონელები ქალაქს საალყო მანქანების მეშვეობით ვერ აიღებდნენ, ხანგრძლივ ბლოკადაზე გადადიოდნენ და ქალაქის გარშემო სიმაგრეებს აშენებდნენ. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ სურსათისა და იარაღის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კაპიტულაციას არ გამოაცხადებდა. ალექსანდრე მაკედონელმა გააუმჯობესებინა სამხედრო მანქანები და ქალაქების აღება გაადვილა, თუმცა ფინიკიელთა ქალაქმა ტიროსმა (ბიბლიური ტიროსი) მას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია და მაკედონელები ექვსი თვე იბრძოდნენ მთელი ძალისხმევით მისი ქალაქის კედლების გასარღვევად და შიგ შესაღწევად. ალექსანდრემ გამოიყენა ნავებზე დადგმული კატაპულტები და მიწაყრილები, რომლის საშუალებითაც ჯარისკაცები ტვიროსის მცველებს უტევდნენ. მაკედონელთა ქვის სატყორცნ მანქანას „კატაპელტე მაკედონიკი“ ერქვა, რაც მაკედონიურ კატაპულტას ნიშნავს. ზოგიერთი ძლიერი მაკედონური ქალაქი აღჭურვილი იყო კატაპულტებით და როდესაც მათ გალავანს მტერი ალყას შემოარტყამდა, წარმატებით იყენებდნენ თავიანთ ქვისმტყორცნელ მანქანებს.

ელინისტურ პერიოდში, ანუ „დიადოხოსების“ ომების დროს სამხედრო საალყო ტექნიკას შეემატა საბრძოლო სპილოებიც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მაკედონელებს შორის ინდოეთის კამპანიის შემდეგ. როდესაც საალყო მანქანები კედლებს შეანგრევდნენ, სპილოები ნანგრევებზე გავლით შეიჭრებოდნენ გალავანს შიგნით და ქვეითებს გზას უსწორებდნენ, უნთავისუფლებდნენ. ალექსანდრეს ერთერთი უმამაცესი სარდლის, ანტიგონე ცალთვალას ვაჟს, დემეტრიოს ანტიგონეს ძეს, „პოლიორკატესი“ შეარქვეს, რაც ქალაქის მოალყეს ნიშნავს, ეს მეტსახელი მან საალყო ტექნიკის განვითარებისა და ქალაქების ალყების ჩატარების გამო მიიღო. დემეტრიოს პოლიორკატესის გამოგონებად ითვლება „ჰელოპოლი“, გიგანტური საალყო კოშკი.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები