,,დამტკიცებულია“
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის
გენერალური დირექტორის 2025 წლის 14 აპრილის №13 ბრძანებით
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭვავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომში - ეროვნული ბიბლიოთეკა) წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინფორმაციო დაწესებულებას, საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, რომლის საქმიანობა განისაზღვრება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ" საქართველოს კანონით, "საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით" და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ეროვნულ ბიბლიოთეკას უფლება აქვს გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობის წესს ან ზიანს აყენებენ ეროვნულ ბიბლიოთეკის ქონებას.
3. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული სახელმწიფო და ეროვნული ბიბლიოთეკის ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის დაცვა/მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის.
4. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზები დიფერენცირებულია დარგობრივი პრინციპით. საბიბლიოთეკო დოკუმენტები გაიცემა მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის შესაბამის სამკითხველო დარბაზებში.
5. საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფოტოასლებისა და ქსეროასლის გადაღება ნებადართულია მხოლოდ უფლებამოსილი პირის ნებართვით.
6. რარიტეტული გამოცემებისა და საარქივო ეგზემპლარების ელექტრონული ასლების გადაღება იშვიათ გამოცემათა განყოფილება - ,,წიგნის მუზეუმში“ ნებადართულია უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე.
7. ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით, აწარმოებს წიგსაცავის ფონდში არსებული საბიბლიოთეკო დოკუმენტების დროებით სარგებლობისათვის სხვა ბიბლიოთეკებზე გაცემას.
მუხლი 2. ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის რეგისტრაცია
1. საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, კატალოგებით, ელექტრონული რესურსებით, აუცილებელია ჰქონდეს ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული მკითხველის ბილეთი. მკითხველის ბილეთის მიღებისთვის აუცილებელია - მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან მოქალაქის პასპორტის წარდგენა.
2. მკითხველის ბილეთი გაიცემა 5 წლის ვადით. მკითხველის ბილეთის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მკითხველს უფლება აქვს მიმართოს მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას და მოითხოვოს მოქმედების ვადის გაგრძელება, რისთვისაც საჭიროა მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან მოქალაქის პასპორტის წარდგენა.
3. მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა აღნიშნულის თაობაზე უნდა განაცხადოს მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში. მკითხველის დაკარგული ბილეთის აღდგენა ხდება განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3. ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის უფლებები
1. ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სრული ინფორმაცია და კონსულტაცია ინფორმაციის პირველადი წყაროების მოძიების, ფონდების, ფაქტოგრაფიული მონაცემების დაზუსტების საკითხებზე, ჩაატაროს საცნობო-ბიბლიოგრაფიული ძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით (კატალოგი, კარტოთეკა, ელექტრონული რესურსი, ფონდი);
ბ) ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების მომსახურებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებითა და ელექტრონული რესურსებით;
გ) მოითხოვოს გამოწერილი მასალის გადანახვა 10-დან 20 დღემდე ვადით. მასალის გადანახვის ვადას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი;
დ) სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით (ფოტოაპარატი, ქსეროქსი, სკანერი) გადაიღოს ფონდში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტის ასლი, რომლის ნებართვას და გადასაღებ გვერდთა რაოდენობას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი;
ე) გამოიწეროს ან დისტანციურად დაჯავშნოს ერთდროულად არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო დოკუმენტი. საბიბლიოთეკო დოკუმენტის მიწოდების დრო დამოკიდებულია ბიბლიოთეკის საცავში მასალის ადგილმდებარეობაზე და არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს;
ვ) ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით, საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის ბიბლიოთეკებიდან და უცხო ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში მიიღოს, ის ბეჭდური და ციფრული გამოცემები, რომლებიც არ მოიპოვება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში;
ზ) მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებით მიმართოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.
მუხლი 4. ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის ვალდებულებები
1. მკითხველი ვალდებულია:
ა) ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას და გასვლისას, ასევე საბიბლიოთეკო დოკუმენტის მიღებისას წარადგინოს მკითხველის ბილეთი;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის მიღების დროს გადაათვალიეროს მიღებული დოკუმენტი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ მასალაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა აღნიშნული მასალით;
გ) გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ საბიბლიოთეკო დოკუმენტს. არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვ.;
დ) მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას;
ე) დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები.
ვ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეაწუხებს სხვა მკითხველს და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს. აღნიშნული ქმედებისათვის ორჯერ გაფრთხილების შემთხვევაში, მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი;
ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ყოფნისას დაიცვას ამ წესით დადგენილი ნორმები და ქცევის წესები;
2. მკითხველი პასუხისმგებელია პირად ქონებაზე, მათ შორის ძვირფას ნივთზე, ჩანთაზე, მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქონების უმეთვალყურეოდ დატოვების ან დაკარგვის შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. პირადი ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილებას;
3. მკითხველს ეკრძალება:
ა) მკითხველის ბილეთის სხვისთვის გადაცემა ან სხვისი ბილეთით სარგებლობა;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ეროვნული ბიბლიოთეკიდან ან სამკითხველო დარბაზიდან გატანა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე;
გ) ინტრანეტში განთავსებული ციფრული მასალის გადატანა პირად ელექტრონულ მატარებელზე;
დ) სპეციალური ნებართვის გარეშე საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნის, გაზეთის, ჟურნალისა და სხვა ნაბეჭდი ერთეულების ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შემოტანა);
ე) ნებისმიერი სახის იარაღის, მათ შორის: ფეთქებადი ნივთიერების, მჭრელი და ბასრი იარაღის, მუსიკალური ინსტრუმენტის, სასმელის, საკვები პროდუქტის შემოტანა;
ვ) კატალოგებიდან და კარტოთეკებიდან ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების, ბარათების ამოღება;
ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობებში, შიდა ეზოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე თამბაქოს (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები, სიგარები და სიგარილები, საჩიბუხე თამბაქო, შესახვევი თუთუნი), ასევე ელექტრონული სიგარეტის მოწევა;
თ) სამკითხველო დარბაზებში მობილური ტელეფონით საუბარი.
4. ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა, თანამშრომელთა და საბიბლიოთეკო ფონდების უსაფრთხოების მიზნით: ჩანთა, დიდი ზომის კონვერტი, პარკი ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების მიერ ექვემდებარება შემოწმებას;
მუხლი 5. მკითხველის პასუხისმგებლობა სამკითხველო დარბაზებითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობის წესის დარღვევისათვის
1. ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობის წესის დარღვევის შემთხვევაში მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი 1 წლის ვადით.
2. მკითხველის ბილეთის ჩამორთმევა ხდება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ბრძანებით. 3. ეროვნული ბიბლიოთეკის ქონებისთვის მიყენებული ზიანისათვის მკითხველი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.