მღვიმეების წიგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრესკა რამსეს V-ის სამარხიდან

მღვიმეების წიგნი – (The Book of Caverns), გარდაცვლილთა ლიტერატურის ერთ-ერთი ილუსტრირებული ნაწარმოები. სახელი წიგნმა მიიღო იმ „მღვიმეებისაგან“, რომლებიც, ეგვიპტელის წარმოდგენით, საიქიო სამყაროს ნაწილს წარმოადგენდა. გარდაცვლილებს და საიქიოში „მცხოვრებ“ ღმერთებს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „მათ, ვინც მღვიმეებში არიან“.

„მღვიმეების წიგნის“ ყველაზე ძველი ტექსტი აღმოჩენილია სეტი I-ის კენოტაფში (ოსირეიონში), შესასვლელი კორიდორის მარცხენა კედელზე, „ჭიშკრის წიგნის“ ტექსტის პირდაპირ. წიგნი აღარ გვხვდება მომდევნო მეფეების სამარხებში, თუმცა შესაძლოა, ტექსტს ათავსებდნენ პატარა, მოოქროვილი სამლოცველოების კედლებზე, რომლებსაც სამარხებში ათავსებდნენ და რომლებიც ჩვენთვის დაკარგულია. მერნეპტახის, ტაოსრეტის (XIX დინასტიის უკანასკნელი ფარაონი-ქალი) და რამსეს III-ის სამარხების დასაკრძალი ოთახის კედლების მორთულობაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მინიჭებული წიგნის დასასრულ ნაწილს. ნაწყვეტები პირველი ორი ნაწილიდან გამოყენებულია რამსეს IV-ის სამარხის მესამე კორიდორში, სადაც ჩვეულებრივ ამდუატის წიგნი თავსდებოდა. თითქმის სრული ტექსტი კვლავ ჩნდება რამსეს VI-ის სამარხში, ისევ „ჭიშკრის წიგნის“ მოპირდაპირე კედელზე. ამონარიდები წიგნიდან მოთავსებულია ასევე რამსეს VII-ის და რამსეს IX-ის სამარხების კედლებზე. წიგნის ნაწილები შემონახულია ე.წ. ნეჯმეტის პაპირუსზე (XXI დინასტია), ვინმე პეტამენოფისის სამარხში (გვიანი პერიოდი) და ასევე, გვიანი პერიოდის სარკოფაგებზე.

წიგნში, ისევე როგორც ამ ჟანრის ნაწარმოებების უმეტეს ნაწილში, აღწერილია მზის ღამის მოგზაურობა ქვესკნელში. სხვა წიგნებთან შედარებით, აქ უფრო წამოწეულია ოსირისის ფიგურა. ბუნდოვანია ოსირისის და რას ურთიერთდამოკიდებულება, რადგან ორივე უფრო ერთი ღვთაების სხვადასხვა გამოვლინებად არის წარმოჩენილი. ასევე, მიმდინარე მოქმედება არ არის განაწილებული ღამის საათებს შორის. ძირითად მოტივს წამოადგენს რას მიერ ოსირისის სხეულში „გავლა“ (მესამე ნაწილში), რის შემდეგაც იწყება მზის ღმერთის „გაახალგაზრდავება“ და „აღდგენა“ (მეოთხე ნაწილიდან). ამდუატის და ჭიშკრის წიგნებისაგან განსხვავებით, არ არის გამახვილებული ყურადღება აპოპისთან ბრძოლაზე. წიგნი ძირითადად ოსირისის მტრების განადგურებას ეძღვნება. წიგნის ბოლოს მზე, გაახალგაზრდავებული და ახალი ძალებით სავსე, ამოდის ქვესკნელიდან.

ილუსტრაციაზე, რომელიც წიგნის დასასრულს ახლავს, მზე აღზევდება ორი ბორცვიდან, რომელთაგან თითოეულს იცავს ღვთაება. ორივე მხრიდან მას ეგებება შვიდ-შვიდი ღმერთი, თორმეტი ღმერთი კი მის ბარკას მიაცურებს. თვითონ ბარკა ჯერ კარგად არ ჩანს, მაგრამ უკვე ჩანან მისი ბა, სკარაბეოსი, და ცხვრისთავიანი მზის ღმერთი. აქვე გამოსახულია ორი სამკუთხედი, რომლებიც თითქოს გადმოგვცემენ, თუ რისგან შედგება საიქიო: მათი ნახევარი შავია (სიბნელე), ნახევარი კი ლურჯი (წყალი). მგზავრობის დასასრულს მზე აღზევდება აღმოსავლეთის მთაზე და კიდევ ერთხელ ანათებს ქვეყანას.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები