აბუსერისძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუსერისძენი - XI-XVI საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო.

ისტორია

ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის (1027-1072) პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან კლარჯეთის (არტანუჯი) და ხიხათა (სხალთის ხეობა აჭარაში) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. ბაგრატ IV-მ იოანეს ძე აბუსერი დანიშნა ახალშემოერთებული სომხური ქალაქის, ანისის გამგებლად (1044). ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის ატეხილი ომის დროს 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა აბუსერი სხვა დიდებულებთან ერთად ანისიდან გამოიტყუა და მძევლად მყოფ შვილში გაუცვალა მეფეს: „ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ხელთა შინა და ითხოვა იგი ბაგრატისაგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის ციხითა მშვიდობით“.

1046 წელს ღრტილაში (ჯავახეთი) სომეხ იღუმენთან, სოსთენთან, საპაექროდ საეკლესიო „უფროსდა სამხედრო“ კრებას ესწრებოდა აბუსერისძე გრიგოლი: „მას ჟამსა არავინ იპოვა სიტყჳსმგებელი ძლიერი, გარნა ვიეთნიმე ეზრახნეს მცირედ რაიმე, რომელნიმე დახუდეს მელქაძე წურწყაბელი, სანანო ყუელელი, გრიგოლი აბუსერის ძე, გაბრიელ უკის ძე ვინმე, გარნა ვერ წინააღუდგეს უმეცრებისათვს წიგნთა მათთასა“. 1047 წელს ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის სასირეთის ჭალაში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) მორიგი შეტაკებისას ბაგრატის ლაშქარი დამარცხდა და აბუსერი კვლავ ტყვედ ჩავარდა. ლიპარიტმა დატყვევებული დიდებული დაამცირა და პური არჩევინა (აცხრილვინა) და „ეგრეთ ლიხნი გარდავლეს“. აბუსერის შემდეგ კლარჯეთის ერისთავობა მიიღო მისმა შვილმა, გრიგოლმა. სხვა მესხ დიდებულებთან ერთად, გრიგოლმა აფხაზეთში მყოფ ბაგრატ IV-ს ლიპარიტთან საბრძოლველად მოუწოდა: „შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა, ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ — ერისთავმან არტანუჯისამან შეაერთეს სიტყუა და შეწვივნეს მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი და უხმეს ბაგრატს“. ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის ბრძოლა ამჯერად არყისციხესთან (ახლანდელი ყულალისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მეფე ისევ დამარცხდა. ლიპარიტმა სულა კალმახელი და გრიგოლ ერისთავი შეიპყრო. გრიგოლმა სიკვდილით დასჯის შიშით არტანუჯი ბაღვაშებს დაუთმო: „შეიპყრეს სულა, კალმახისა ერისთავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა და მისცა“.

1052-1054 წლებში გრიგოლ აბუსერისძე მეფე ბაგრატ IV-ს კონსტანტინოპოლში გაჰყვა და სხვა დიდებულებთან ერთად ხელი შეუწყო გიორგი მთაწმინდის „დიდი საქმის“ განხორციელებას. ამ პერიოდით თარიღდება ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში გრიგოლ აბუსერისძის აღაპი: „თთუესა იანვარსა კთ (29). აღაპად განგჳწესებია გრიგოლ ერისთავთა-ერისთვისა აბუსერისძისათვჳს და გრიგოლ შაშუაჲსძისა, წყალობათა და ქველისმოქმედებათა მათთათჳს“. 1058 წელს კლდეკარის ერისთავის განდიდებით უკმაყოფილო სულა კალმახელმა და მესხმა დიდებულებმა ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრეს და ბაგრატ IV-ს გადასცეს. მეფემ, ერთგულების სანაცვლოდ, სულას უბოძა „მამულობით ციხისჯუარი და ოძრხე ბოდო-კლდითა“. ასე გადავიდა სულა კალმახელის ხელში სამცხის ციხეები, რომლებსაც მანამდე აბუსერისძენი ფლობდნენ. ამგვარად, აბუსერისძეებმა XI საუკუნის II ნახევარში დაკარგეს როგორც არტანუჯის ერისთავობა, ისე ციხისჯვრისა და აწყურის ციხეების პატრონობა. მათ სამფლობელოდ დარჩათ მხოლოდ ხიხათა (აჭარის) საერისთავო. მათი საერისთავო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა „დიდი თურქობის“ დროს. XI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მეფე გიორგი II ხიხათა საერისთავოსთან ახლოს, ყველისციხეში, იყო გამაგრებული, საიდანაც თურქ-სელჩუკთა სულთნის, მალიქ-შაჰის, მიერ ძლეული თავდაპირველად აჭარაში გადავიდა, შემდეგ კი — აფხაზეთში. ქართველთა მარცხის შემდეგ (1080), „დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკუდრი ყოველი. და მასვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი“.

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ხიხათა საერისთავოში სოფელ თხილვანაში აშენდა იოანე მახარებლის სახელობის აბუსერისძეთა გვარის „სამკვდრებელი“ ეკლესია (ჩვენამდე მოაღწია ნანგრევების სახით). ეკლესიის ბალავრის ქვის წარწერაში იხსენიება მათი ორი თაობა: „ქ. წმიდა იოვანე მახარებელო, დაიცავენ სულითა და ფორცითა ერისთავთ-ერისთავი აბუსერი და დიოფალ-დიოფალი ვანენი და ძე მათი ზაქარია და შვილნი მათნი და ყოველი ერი მათი და მოხაიშნე ექმენ. დღესა მას სასჯელისასა ნუ დასჯი. ამინ“. აბუსერ II, ვანენი და მათი ძე ზაქარია XI-XII საუკუნეების მოღვაწეები არიან („მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებული გრიგოლ I-ის შთამომავლები). ეს პირები იხსენიებიან ვერნების ეკლესიის წარწერაშიც: „ქრისტე, ადიდენ ერისთავთ-ერისთავნი: გრიგოლ და აბუსერი და ბასილი და შვილნი მათნი“ - გრიგოლ, ზაქარია,. თხილვანისა და ვერნების ეკლესიების მაშენებელთა შთამომავლების შესახებ ცნობებს გვაწვდის აბუსერისძე ტბელი ხელნაწერ A-85-ზე დართულ ანდერძში.

ანდერძის პირველ ნაწილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თხილვანისა და ვერნების წარწერებში მოხსენიებული ზაქარიას ძის - გრიგოლ II აბუსერისძის — შვილებს: აბუსერ III-სა და სანანოს, რომლებმაც დაიბრუნეს „ხიხანი, მტერთა ზედა გაცემულნი, ბრძანებითა ღმრთისა სწორთა პატრონთაჲთა“. საგულისხმოა, რომ 1191 წელს ხიხათა ციხესიმაგრის ბედით თამარ მეფე და დავით სოსლანი დაინტერესებულან და მათ ააბუსერისძეთა მამული სიგელით დაუმტკიცებიათ. ამ პერიოდში ხიხათა ციხესიმაგრეში „ძველი სახლოვანის“ (ნაგებობის) დაშლა დაწყებულა, რომლის აღდგენის სახსრები არც აბუსერსა და სანანოს ჰქონიათ და არც მათ შთამომავლებს. XII საუკუნის II ნახევარი მათთვის იყო „უცალოებათა და დამართებათა“ ხანა. აბუსერისძეთა ფეოდალური სახლი განსაკუთრებით დაწინაურდა XIII საუკუნის I ნახევარში, რაშიც დიდი ღვაწლი მიუძღვით ივანე ერისთავთ-ერისთავის შვილებს: აბუსერს, ვარდანს, ტბელსა და ვანენს. ივანე აღესრულა ბასიანის ბრძოლაში (1203) „თურქთა ჴველითა“.

ტბელისა და მისი და-ძმების მოღვაწეობაზე გავლენა მოუხდენია შემონაზვნებული დედის — ეკატერინეს (ხათუთაყოფილის) — ღვთისმოსაობას. დედოფალი ხათუთა მონაზვნად ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ აღკვეცილა. ის „გამოუთქმელითა სარწმუნოებითა“ სასოებდა წმ. გიორგის სასწაულთმოქმედ ხატს, რომელიც სიკვდილის წინ ტბელ აბუსერისძეს დაუტოვა „ანდერძობით, მფარველად ორისავე ცხოვრებისა“. დედის კვალს გაჰყოლია დიოფალ-დიოფალი ვანენიც, „რომელმან ეკლესიაჲ აღაშენა წმიდისა იოვანე მახარებელისაჲ და ღმრთისმეტყუელისაჲ, აბუსერისძეთა სამკჳდრებელი ჩუენი, და აღავსო საწყაული კეთილი დიოფალ-დიოფლისა ნისიმესი, პაპისა ჩუენისა პაპისდისა“, – ნათქვამია ანდერძში. ვანენი მონაზვნად აღკვეცილა თავისი მეუღლის, ბოცო ბოცოს ძე ჯაყელის, გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1226 წელს, ჯალალედინის შემოსევის დროს დაიღუპა.

1225-1230 წლებში აჭარა იქცა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ლტოლვილი მოსახლეობის თავშესაფრად. აჭარას, როგორც კარგად დაცულ მხარეს, მტრის შიშით ლტოლვილი ქართველობა სამი საუკუნით ადრე, აბულ-კასიმის შემოსევის დროსაც (914) მოაწყდა, როგორც ამას სტეფანე მტბევარი გვაუწყებს. ხვარაზმელთა შემოსევის დროს საქართველოში „არღარა იყო შენებულება თჳნიერ ციხეთა და სიმაგრეთა“, - წერს ჟამთააღმწერელი. საქართველოს სამეფო კარი ქუთაისში გაიხიზნა, „ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი, თორელნი, შავშნი, კლარჯელნი, ტაოელნი — ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდეს“. ამავე პერიოდში დაიბრუნა ძველი ფუნქცია ხიხათა ციხესიმაგრემ. აბუსერ და ვარდან ერისთავთ-ერისთავებმა ხიხათა ციხესიმაგრისა და ეკლესიის აღდგენა ტბელ აბუსერისძეს დაავალეს, რომელმაც, ეკლესიის გაფართოებასთან ერთად, ციხესიმაგრეში „მრავალი სახლოვანიც“ ააშენა. ფაქტობრივად, ტბელ აბუსერისძემ 1222-1233 წწ. ხიხანზე გააფართოვა როგორც ეკლესია, ისე ციხესიმაგრე. ხიხათა ციხე, ეკლესია და მისთვის შეწირული რელიკვიები ადასტურებენ „მამულის კაცთა“ მიმართ აბუსერისძეთა ზრუნვას. ამგვარი ქველმოქმედების გამო განახლებულ ტაძარში მღვდელი ყოველ გიორგობაზე ტბელ აბუსერისძის : ხელნაწერის „ანდერძს“ კითხულობდა, რომელიც ერისთავთ-ერისთავთა მოსახსენებლებს შეიცავდა.

ტბელი, აბუსერი და ვარდანი მრავალმხრივ თანამშრომლობდნენ გელათში მყოფ საქართველოს კათოლიკოსთან - არსენ ბულმაისიმისძესა და სამეფო კარის ეპისკოპოსთან, საბა სვინგელოზთან, რომლებმაც ძმების თხოვნითა და ფინანსური ხელშეწყობით, საგალობლები დაწერეს ტბელ აბუსერისძის ხელნაწერისთვის. არსენ კათოლიკოსმა საგალობლებთან ერთად გელათიდან აბუსერს სამადლობელი ეპისტოლე მისწერა, რომელშიც დიდი შეფასება მისცა აბუსერისძეთა გვარის დამსახურებას ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე.

„მატიანე ქართლისაის“, თხილვანისა და ვერნების წარწერებისა და ტბელ აბუსერისძის „ანდერძის“ ტექსტებზე დაყრდნობით, შესაძლებელია აბუსერისძეთა საგვარეულოს გენეალოგიის აღდგენა XI-XIII საუკუნეებისათვის (I-III თაობები იხსენიებიან „მატიანე ქართლისაში“; IV-V თაობები — თხილვანის ეკლესიის წარწერაში; VI-X თაობები — A-85 ხელნაწერის „ანდერძში“):— იოანე; II — აბუსერ I (იოანეს ძე); III — გრიგოლ I (აბუსერ I-ის ძე); IV — აბუსერ II (გრიგოლ ||-ის ძე); V – ზაქარია I (აბუსერ II-ის ძე); VI – გრიგოლ II (ზაქარია 1-ის ძე); VII — აბუსერ III (გრიგოლ II-ის ძე); VIII — ივანე 1 (აბუსერ III-ის ძე); IX — ტბელი (ივანე I-ის ძე); X — ტბელ აბუსერისძის შვილები (რუსუდანი, ზაქარია, ივანე, ონოფრე და აღსართანი).

XI ს. I ნახევარში აბუსერისძენი უახლოვდებიან მხარგრძელთა გავლენიან სახლს. 1216 წ. ივანე ათაბაგის მიწვევით, დვინის სასამართლოს დაესწრო ტბელი აბუსერისძე. 1235 წ. კი მონღოლთა შემოსევის დროს აჭარას თავი შეაფარა შანშე მხარგრძელმა. აბუსერისძეთა შემდგომი ისტორიის შესახებ ცნობები მწირია.

XIII საუკუნით თარიღდება „აღაპი და წირვა აბუსერისძისა ივანესი“, რომელიც პალესტინის ჯვრის მონასტერში განუწესებიათ 26 ოქტომბრისათვის. ჯვრის მონასტრის მოსახსენებლებში გვხვდება აგრეთვე „პანაშვიდი აბუსერისძისა — სიდედრისა ბორენასი“. წარწერას პალეოგრაფიულად XIV საუკუნით ათარიღებენ.

1266 წლიდან აჭარა სამცხესთან ერთად უშუალოდ ემორჩილებოდა მონღოლებს. ამ პერიოდში აბუსერისძენი იმდენად დასუსტებულან, რომ მამულის ნაწილი – სოფელი შუბანი (ახლანდელი შუახევის მუნიციპალიტეტი) გაუყიდიათ, რასაც მოწმობს ქართლის კათოლიკოს ნიკოლოზის, სიგელი (1081/1082). A-85 ხელნაწერის ორ მინაწერში იხსენიება ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე: „აქა მოვიდა აბუსერისძის ივანეს სახლსა შიგან... ამირსპასალარის დაჲ სითი“ (1952); „აქა გარდაიცვალა პატრონი... ამირსპასალარი“ (1354). ივანე III აბუსერისძის ამირსპასალარობა ემთხვევა გიორგი ბრწყინვალის მემკვიდრის — დავით IX-ის — მეფობის დროს (1346-1360), საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს აბუსერისძეთა საერისთავო უშუალოდ დაექვემდებარა გაერთიანებულ საქართველოს. აბუსერისძეთა მამულში დღესაც დგას მათ მიერ აგებული სხალთის ტაძარი (XIII ს.) რომელიც ფრესკებით შეუმკიათ XIV-XV საუკუნეებში. სხალთის იკონოგრაფია აჭარაში შემორჩენილი კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია.

აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნეების საისტორიო წყაროებშიც. 1516 წლის საბუთში მცხეთის საპატრიარქოს „სამწყსოთა სამცხეს თავადთა“ შორის დასახელებული არიან „აბუსერისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, რაც მოწმობს, რომ ხიხათა ერისთავთერისთავები XV-XVI საუკუნეეში არიან სამცხე-საათაბაგოს თავადები, აქვთ სათავადო მამული, კარის ეკლესია, მონასტერი და სასაფლაო (ცხადია, ყველაფერი ეს — სხალთის ხეობაში). თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობისა და ახალციხის საფაშოს ჩამოყალიბების (1579) შემდეგ 5-თა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება. შესაძლოა, ამ გვარს ეკუთვნოდა აჭარის უკანასკნელი ქრისტიანი მმართველი ბეჟანი, რომელიც XVI საუკუნის 60-იან წლებში დაუმორჩილებლობას უცხადებდა დამპყრობლებს. სწორედ XVI საუკუნით თარიღდება ბეჟანის მოსახსენიებელი („სულსა აბუსერისძესა ბეჟანას შეუნდვნენ ღმერთმან და მისსა მეუღლესა მზექალს შეუნდნენ ღმერთმან“) („კლარჯული სვინაქსარი“ A-97 ტბელ აბუსერისძის აღაპთან ერთად).

რ. ხალვაში

ლიტერატურა

  • აბუსერისძე ტბელი., თხზულებანი, ნ. გოგუაძის, მ. ქავთარიას და რ. ჩაგუნავას გამოც., ბათ., 1998;
  • ახვლედიანი ხ., ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის, ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათ., 1955;
  • ბრეგაძე თ., A-85 ხელნაწერის აღწერილობა, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1973;
  • მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 2000;
  • სიხარულიძე ი., ტბელ აბუსერისძე XIII ს. ქართველი მწერალი, თბ., 1963;
  • სულავა ნ., XII-XII სს. ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., 2003;
  • ტბელ აბუსერის ძე, ცხოვრება ქვითხუროისა ბასილისა, ი. სიხარულიძის გამოც., ბათ., 1981; შოშიაშვილი ნ., აბუსერისძეთა ფეოდალური სახლი XI-XVI სს., აბუსერისძე ტბელი — 800, თბ., 1999;
  • ჭიჭილეიშვილი მ., სხალთა, ბათუმი, 2007;
  • ხალვაში რ., სამცხე-საათაბაგოს თავადთა გვარები XVI საუკუნეში, კრ.: „საისტორიო მაცნე“, ბათ., 2004, #13.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები