ათონის ივერთა მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათონის ივერთა მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერებისაბერძნეთში ქათული ხელნაწერი წიგნის უმთავრესი კოლექცია დაცულია ათონის მთის ივერთა (ივირონი), იმავე პორტაიტის ღვთისმშობლის მონასტრის წიგნსაცავში. კოლექცია აერთიანებს X-XVII სს-ის 86 ხელნაწერ წიგნს, რომელთა შედგენა-გადაწერა დაკავშირებულია 980-983 წწ-ში ათონის მთაზე შუა საუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრის, ივირონის, დაარსებასთან.

XVIII ს-დან დაწყებული ივირონის ისტორიის კვლევას, რომელსაც საფუძვლად დაედო მონასტრის საცავში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მონაცემები, არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნირო პუბლიკაცია მიეძღვნა (Цагарели 1886: XV; Peeters 1923; გაბაშვილი 1956; ძეგლები 1967; კეკელიძე 1980: 98-102; მენაბდე 1980: 185-247; მეტრეველი 1996; 1998; Actes 1985; 1990; 1994). როგორც მთლიანი კოლექციის, ასევე ცალკეული ხელნაწერის მნიშვნელობის შეფასებისათვის განსაკუთრებულ ღირებულება შეიძინა ქართულ ხელნაწერთა სამეცნიერო აღწერილობებმა, რომელთა დღემდე ყველაზე სრული, 86-ვე ხელნაწერის შესახებ დაწვრილებითი კოდიკოლოგიური მონაცემების შემცველი ვერსია XX ს-ის 20-იან წლებშია შედგენილი რ. ბლეიკის მიერ (Марр 1900; Blake 1931-1932; 1933-34; აღწერილობა 1986(b).

წინამდებარე გამოცემა ივირონის ქართული ხელნაწერების პალეოგრაფიული და კოდიკოლოგიური მონაცემები სწორედ ბლეიკისეულ კატალოგს ეყრდნობა. ამავე დროს გარკვეული სახის ინფორმაცია შეტანილია იმ სამეცნიერო პუბლიკაციების საფუძველზე, რომლებიც კოლექციის ამა თუ იმ ხელნაწერ წიგნს ეძღვნება.

ივირონის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის უმთავრესი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში გაერთიანებული ხელნაწერი წიგნები ასახავენ ბიზანტიური სამწიგნობრო ტრადიციის მაკედონური (876-1056 წწ) და კომნენოსთა (1081-1185 წწ) პერიოდებისთვის დამახასიათებელ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალი რედაქციის შინაარსობრივად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტენდენციის წიგნების შექმნისა და კოდექსის მხატვრულ-დეკორატიული თუ მარგინალური სისტემების ჩამოყალიბება-დანერგვასთან. ქრისტიანული მწერლობისა და ხელნაწერი ტრადიციის ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმა ივირონმა მემკვიდრეობით ტაო-კლარჯეთის სკრიპტორიუმებისგან მიიღო. პირველი ნაბიჯები, რომლებიც გამოვლინდა შედგენილობით მრავალფეროვანი, საგანმანათლებლო ტენდენციების კრებულების შექმნაში, დათარიღების და დეკორირების სისტემების ჩამოყალიბებაში, გადაიდგა ოშკის, შატბერდის, ტბეთისა და ტაო-კლარჯეთის სხვა სამწიგნობრო ცენტრებში. ტაო-კლარჯეთშივე ათონზე ქართველთა დიდი ლავრის ამოქმედებამდე დაიწყო მზადება ივირონის სამონასტრო წიგნსაცავის შექმნისთვის. 977-980 წლებში ოშკის სკრიპტორიუმში ჩორჩანელთა დიდი ფეოდალური სახლის მესვეურების, ოშკის მონასტრის კტიტორების, იოვანე-ვარაზვაჩესა და იოვანე-თორნიკეს, დაკვეთით გადაიწერა სამი უმნიშვნელოვანესი წიგნი (Ivir.Geo.1; Ivir.Geo.3; Ivir.Geo.9) ათონის მთის ქართველთა ლავრისთვის. ამ საგანგებოდ გადაწერილი სამი წიგნის გარდა, ივირონის წიგნსაცავს ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო ცენტრებიდან სხვა კრებულებიც (Ivir.Geo.8; Ivir.Geo.11; Ivir.Geo.83) შეემატა. ივირონის კოლექციის პირველი ეტაპის ეს წიგნები ადრებიზანტიური, ანუ იერუსალიმური, რედაქციის ტექსტებს შეიცავენ. მეორე ეტაპი მაკედონური ხანის რეფორმასთან ქართული ხელნაწერი წიგნის დაახლოვებისა უკვე ათონის მთაზე მოღვაწე იოვანე ქართველის ინიციატივითა და მისი ძის, ეფთვიმე ათონელის (955-1028), სამწიგნობრო მოღვაწეობის შედეგად დაიწყო კვლავ ივირონის დაარსებამდე 975 წელს, ხოლო 1005 წლიდან, ივირონში წინამძღვრად ეფთვიმეს დადგინების შემდგომ, ამ დიდ ლავრაში გაგრძელდა (ძეგლები 1967: 38-100). ეფთვიმე ათონელი შეუდგა ბიბლიური წიგნების, ასევე ეგზეგეტიკური, დოგმატიკური, პოლემიკური, ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული ჟანრების როგორც ადრე თარგმნილი თხზულებების რედაქტირებას, ასევე ქართული ხელნაწერი ტრადიციისათვის მანამდე უცნობი ბერძნულენოვანი ძეგლების თარგმნას. მის მიერ ნათარგმნ თხზულებათა ნუსხა ცნობილია იოვანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანების შემცველი წიგნის Ivir.Geo.10 ანდერძიდან (Blake 1931-32: 339-341), რომელიც „თარგმანების“ ერთი დიდი ხელნაწერის ნაწილია Ivir.Geo.13-სა და Ivir.Geo.4 ერთად. ეფთვიმე ათონელმა, გარდა უშუალოდ მთარგმნელობითი-სარედაქციო საქმინობისა, შეკრიბა მწიგნობართა მთელი ჯგუფი - იოვანე გრძელისძე, არსენი ნინოწმინდელი, იოვანე ხახულელი, ზაქარია მირდატის-ძე და სხვანი (კეკელიძე 1980: 186.სქ.2; მეტრეველი 1996: 107-130).

კოლექციაში ამ ეტაპის ამსახველი არაერთი წიგნი ინახება, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ქართული სასულიერო მწერლობის კონსტანტინეპოლურ ტრადიციასთან სრული დაახლოვების პროცესი ვერც ეფთვიმე ათონელის მოღვაწეობის პროცესში დასრულდა. კოლექციაში გვხვდება კრებულები, რომლებშიც ერთადაა თავმოყრილი როგორც ეფთვიმესეული, ისე ადრეული იერუსალიმური თარგმანები. მაკედონური ხანის სალიტერატურო რეფორმის დასრულება გიორგი ათონელისა (1009-1065 წწ.) და ეფრემ მცირის (1027-1103 წწ.) დამსახურებაა. მათს სახელებს უკავშირდება კონსტანტინეპოლური რედაქციის თხზულებების, ლიტურგიკული კალენდრისა და კრებულების შედგენა, ხელნაწერთა არშიებზე ე.წ. „შეისწავეების“, ანუ სამეცნიერო კომენტირების დართვა (კეკელიძე 1980: 213-234, 250-269). ივირონისა და, ზოგადად, ქართული ხელნაწერი წიგნის შემოქმედთა საქმიანობისთვის დამახასიათებელი ზემოთ განხილული რეფორმატორული განწყობილებები, უპირველეს ყოვლისა, შეეხო ბიბლიურ კოდექსებს, როგორც სარიტუალო-საღვთისმსახურო დანიშნულების წიგნებს, რადგანაც შუა საუკუნეების ჩვენი სამწერლობო ტრადიციის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა ღირსეული და დასაბუთებული პასუხი გაეცა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობისა და მართლმორწმუნეობის საკითხებზე ბერძნებთან გაშლილი პოლემიკისთვის, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით ივირონში დაიწყო და შავ მთაზეც გაგრძელდა (ძეგლები 1967: 106-207). X-ს-ის დასასრულსა და მთელი XI ს-ის განმავლობაში ქართველ მწიგნობრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ამ მიზნის აღსასრულებლად. საჭირო იყო როგორც ძველი ტექსტების რევიზია-რედაქტირება, ასევე ახალი თარგმანების შესრულება, საეკლესიო კალენდრის შევსება-შესწორება და, რაც მთავარია, შექმნა იმ სახის კრებულებისა, რომლებიც უპასუხებდნენ კონსტანტინეპოლის საეკლესიო-სამონასტრო პრაქტიკის მოთხოვნებსა და უზრუნველყოფდნენ ქართული ეკლესიის დამოუკიდებელი სტატუსის ბიზანტიურ სივრცეში დამკვიდრების მიზანს. ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა 977 წელს ოშკის ტაძარში ძველი აღთქმის სრული კრებულის გადაწერა და ივირონის კოლექციაში გადატანა (ჩხიკვაძე 2010(b) :411-420). ტექსტებმა, მათი არქაული რედაქციული თავისებურებების გამო, მკვლევართა დიდი ყურადღება მიიპყრეს. კოლექცია არ გამოირჩევა ოთხთავთა სიმრავლით, მაგრამ მასში ვხვდებით როგორც ტაოკლარჯული სამწიგნობრო ცენტრებიდან გადმოტანილ ადრებიზანტიურ, ასევე კონსტანტინეპოლური ეპოქის რედაქციის ოთხთავებს. ბიბლიურ წიგნებში დაცულმა არქაულმა რედაქციებმა მკვლევართა დიდი ყურადღება მიიპყრო (Blake 1928; 1933; 1950; შანიძე 1945; Briere 1957). გაცილებით დიდი, მოცულობითი ნაწილი ამ კოლექციისა მოდის აგიოგრაფიულ, ჰომილეტიკურ, ასკეტიკურსა და ლიტურგიკულ კრებულებზე. ამ მიმართულებით მეტად საინტერესოა სწორედ ტაოკლარჯული წარმომავლობის ხელნაწერების რედაქციული თავისებურებანი.


რაც შეეხება ჰიმნოგრაფიულ კრებულებს, ისინი სწორედ გიორგი ათონელის სამწერლობო-რეფორმატორული საქმინობის შედეგს წარმოგვიდგენენ. წინამდებარე გამოცემაში ივირონის კოლექციის ხელნაწერების კოდიკოლოგიური მონაცემები მოწოდებულია არსებული კატალოგების (Blake 1931-1932; 1933-1934 აღწერილობა 1986 (b) საფუძველზე, ინფორმაცია შევსებულია სამეცნიერო პუბლიკაციების გათვალისწინებით რომლებიც მოხმობილია თითოეული ერთეულისათვის დართულ ბიბლიოგრაფიაში. რ. ბელიკის სახელმძღვანელოდ აღებული კატალოგი დამოწმებულია მხოლოდ სხვა პუბლიკაციებისაგან განსხვავებული თვალსაზრისის არსებობის შემთხვევაში. ხელნაწერები დალაგებულია დარგობრივ-ქრონოლოგიურად პრინციპით.

სარჩევი

ბიბლიური წიგნები

Ivir. Geo. 83. ოპიზის ოთხთავი

913 წ. 260 ფ.; ეტრატი; 13,9x12,4 სმ; მთავრული; მელანი ყავისფერი; შავი ტყავის ყდა ტვიფრული, ჯვარცმისა და ღმრთისმშობლის გამოსახულებებით. გადამწერი: გრიგოლი; მომგებელი: ბასილი; გადაწერის ადგილი: ოპიზა. ოპიზის ოთხთავი 1898 წელს აღმოაჩინა და აღწერა ნიკო მარმა (Марр 1899:10). წიგნის თარიღი და გადაწერის ადგილი მითითებულია გადამწერის ანდერძში: „...დაიწერა წმიდაჲ ესე სახარებაჲ ლავრასა შინა წმიდისა ნათლისმცემელისასა უპიზას, დედისაგან უცთომელისა სიტყჳთ და ზანდუკით გამოწმედილისა. და ქრონიკონი იყო რლგ“. ტექსტი დამუხლულია და ხელნაწერის ქვედა არშიაზე გატანილია ამონიოსის სექციების აღმნიშვნელი საზედაო ასოები. ტექსტი მიჰყვება ქართული ოთხთავის ჯრუჭ-პარხლის რედაქციას, რომელსაც აკ. შანიძე პროტოვულგატას უწოდებს (შანიძე 1945: 08). ქართული ოთხთავის ადრებიზანტიური თარგმანების შესწავლის საფუძველზე ოპიზის ოთხთავის წყაროდ ხანმეტური პერიოდის თარგმანები ივარაუდება (ქაჯაია 1984: 327; მელიქიშვილი 2012(a): 166). ოპიზის ოთხთავის ტექსტი რამდენჯერმეა გამოცემული (Blake 1928: 439-574; 1933; 1950; Briere 1957).

Ivir. Geo.1. ბიბლია

978 წ. 454 ფ.; ეტრატი; 44,5x32,3 სმ., ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები ზოგჯერ სინგურით; ხეზე გადაკრული შავი ტყავის ყდა; 3 გადამწერი: სტეფანე, გიორგი გელასისძე და მიქაელი; მომგებელი: იოვანე თორნიკ-ყოფილი; შემმოსველი: სტეფანე; გადაწერის ადგილი: ოშკის ლავრა. ძველი აღთქმის პირველი სრული კრებული. აკინძულია ორ წიგნად. ხელნაწერი ნაკლულია. გადაწერილია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის ფინანსური უზრუნველყოფით და ივირონის მონასტრის დაარსებისთანავე გადატანილია ამ ლავრის წიგნსაცავში, რასაც ადასტურებს წიგნის სხვადასხვა გვერდზე დართული მინაწერები, გადამწერთა და მომგებლის ანდერძები (წ.2:421-422r, 423r, 421v). წიგნს ერთვის გვიანდელი მინაწერები, მათ შორის პეტრე მოსეს ძე თაბლიანისძისა, რომელმაც XIX ს-ში პლატონ იოსელიანის მიერ ივირონიდან დროებით ჩამოტანილი ამ ბიბლიის ასლი გადაწერა. არსებობს ოშკის ბიბლიის ორი ასლი, რომლებიც დაცულია კ. კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (ხეც S-422, A-471). პირველ ტომში შესულია შემდეგი წიგნები: დაბადება, გამოსლვათა, ლევიტელთა, მსაჯულთა, რუთი, იობი, ესაია, იერემია, ბარუქი, გოდება ერემიასი, ლოცვა, გოდებანი, ეზეკიელი, დანიელი, ეზრა ზორობაბელი, სიტყუანი ნაუმისნი, ეზრა სუთიელი, ესთერმარდოქე, ივდითი და ტობი. მეორე ტომში შედის: მეფეთა I-IV წიგნები, სოლომონის იგავები, ეკლესიასტე, ქება ქებათა, სიბრძნე სოლომონისა, ისუ ზირაქი, მცირე წინაწარმეტყუელის წიგნები. დაკარგულია რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს წიგნები. მასში საერთოდ არც ივარაუდებოდა ფსალმუნისა და ისო ზირაქის წიგნთა არსებობა. რედაქციული თვალსაზრისით ბიბლიაში შესული ტექსტები განეკუთვნება ადრებიზანტიური ეპოქის თარგმანების არაერთგვაროვან რედაქციებს. ამასთანევე ბიბლიის წიგნთა შორის გამოვლენილია მეტად მნიშვნელოვანი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული არაერთგვაროვნება, რაც გულისხმობს, რომ ბიბლიის გადამწერები სარგებლოდნენ სხვადასხვა დროსა და სივრცეში გადაწერილი დედნებით. არ იძებნება არც ძველი აღთქმის წიგნთა შესატყვისი ბერძნული რედაქციები (მელიქიშვილი 2012(a): 79-84,94-118). წიგნი თარიღდება ანდერძის საფუძველზე: „ოდეს ესე წიგნი დაიწერა, ქრონიკონი იყო რჟ~ჱ“. ანდერძები სრულადაა გამოქვეყნებული (წიგნნი 1989: 563-571). ტექსტობრივი თავისებურებებისა და რედაქციული არქაულობის გამო ბიბლიამ არაერთხელ მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. კვლევის შედეგების პარალელურად გამოცემულია როგორც მასში შემავალი ცალკეული წიგნები, ასევე მთელი კრებულიც (Марр 1913: 389-398; კეკელიძე 1920; 1972: 172-239; Blake 1929(a): 33-105; 1929(b): 57-105; შანიძე 1947; 1948; ცქიტიშვილი 1976: 190-223; წიგნნი 1989; 1990; 1991; ბიბლია 2017). ხელნაწერი აღწერილია რამდენჯერმე (Цагарели 1886: 69-75,№1. Blake 1931-1932:301-304; წიგნნი 1989: 559-580).

Ivir.Geo.62. ოთხთავი

XI ს. 297 ფ.; ეტრატი; 20,4x15,5 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები სინგურით; მოხატული; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნაკლული; გადამწერი: იოანე დიაკონი (240r). ხელნაწერი იწყება კამარებში მოქცეული ევსებიოსის წერილითა და დეკორირებული კანონებით. ტექსტი ნასწორებია. არშიებზე გატანილი და მარგინალური ნიშნით გამოყოფილია სწორებები (74v, 116r, 169r და სხვ.). რ. ბლეიკის აზრით, ტექსტმა გაიარა ჯერ ეფთვიმეს, ხოლო შემდეგ გიორგი ათონელის ხელში. სწორებების ინიციატორი გიორგი ათონელია (Цагарели 1886: 75 №4; Blake 1933-1934: 251).

Ivir.Geo.82. ფსალმუნი

XI ს. 91 ფ.; ეტრატი; 15x20 სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; უყდო; ხელნაწერი ნაკლულია. ალ. ცაგარელს აღნუსხული აქვს 103 ფ., ბლეიკს - 130 ფ.; ფსალმუნი გიორგი ათონელის რედაქციის ერთ-ერთი უადრესი ნუსხა უნდა იყოს. შემორჩენილია ფს.31,15-44,3;67,3-90,12. ტექსტში ძველი ტრადიციის მსგავსად აღნიშნულია დიაფსალმები, რაც გიორგი ათონელის რედაქციის გვიანდელ ნუსხებში არ ჩანს. ფსალმუნის ყოველი მუხლი ახალი სტრიქონით იწყება, რაც უახლოვდება გიორგი ათონელის ეპოქის ბერძნულ ფსალმუნს. მართალია, ტექსტი, ძველი ტრადიციის მსგავსად, დაყოფილია 20 კანონად, მაგრამ ფსალმუნთა განაწილება კანონებში განსხვავდება ძველი ტრადიციისგან. კრებული შესწავლილია (Цагарели 1886: 75№2; შანიძე 1989: 111-116).

Ivir.Geo.15. ოთხთავი

XII-XIII სს. 239 ფ.; ქაღალდი; 33,4x24,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; ნაკლული; მარკოზისა და ლუკას სახარებების სათაურები შემკულია თავსამკაულებით (67r, 109r); გადამწერი: იოსები (182r). ოთხთავის რედაქციულ თავისებურებასთან დაკავშირებული სამეცნიერო პუბლიკაცია არაა ცნობილი. რ. ბლეიკის თვალსაზრისით, ტექსტი გიორგი ათონელის რედაქცი- ისა უნდა იყოს (Цагарели1886: 76 №10; Blake 1931-1932: 360-361).

Ivir.Geo.67. ოთხთავი

XIIIს. 90 ფ.; ეტრატი; 28x18 სმ.; თავბოლონაკლული; ნუსხური; შავი მელანი; სტილიზებული საზედაო ასოები და სათაურები სინგურით; 19v, 69r არშიებზე მიწერილია თავებისა და მუხლების მაჩვენებელი მთავრულითა და ნუსხურით. იწყება მარკოზის სახარების 7,26 მუხლით. ლუკასა და იოვანეს თავების წინა ფურცელი დაუწერელია. 63v-ზე იოვანე მახარებლის გამოსახულებაა. ბლეიკის დროს ხელნაწერი დაშლილი და შავ საქაღალდეში იყო ჩადებული (Blake 1933-34:254). ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა (Цагарели 1886: 76№8).

ევსებიოსის წერილითა და დეკორირებული კანონებით. ტექსტი ნასწორებია. არშიებზე გატანილი და მარგინალური ნიშნით გამოყოფილია სწორებები (74v, 116r, 169r და სხვ.). რ. ბლეიკის აზრით, ტექსტმა გაიარა ჯერ ეფთვიმეს, ხოლო შემდეგ გიორგი ათონელის ხელში. სწორებების ინიციატორი გიორგი ათონელია (Цагарели 1886: 75 №4; Blake 1933-1934: 251).

Ivir.Geo.82. ფსალმუნი

XI ს. 91 ფ.; ეტრატი; 15x20 სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; უყდო; ხელნაწერი ნაკლულია. ალ. ცაგარელს აღნუსხული აქვს 103 ფ., ბლეიკს - 130 ფ.; ფსალმუნი გიორგი ათონელის რედაქციის ერთ-ერთი უადრესი ნუსხა უნდა იყოს. შემორჩენილია ფს.31,15-44,3;67,3-90,12. ტექსტში ძველი ტრადიციის მსგავსად აღნიშნულია დიაფსალმები, რაც გიორგი ათონელის რედაქციის გვიანდელ ნუსხებში არ ჩანს. ფსალმუნის ყოველი მუხლი ახალი სტრიქონით იწყება, რაც უახლოვდება გიორგი ათონელის ეპოქის ბერძნულ ფსალმუნს. მართალია, ტექსტი, ძველი ტრადიციის მსგავსად, დაყოფილია 20 კანონად, მაგრამ ფსალმუნთა განაწილება კანონებში განსხვავდება ძველი ტრადიციისგან. კრებული შესწავლილია (Цагарели 1886: 75№2; შანიძე 1989: 111-116).

Ivir.Geo.15. ოთხთავი

XII-XIII სს. 239 ფ.; ქაღალდი; 33,4x24,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; ნაკლული; მარკოზისა და ლუკას სახარებების სათაურები შემკულია თავსამკაულებით (67r, 109r); გადამწერი: იოსები (182r). ოთხთავის რედაქციულ თავისებურებასთან დაკავშირებული სამეცნიერო პუბლიკაცია არაა ცნობილი. რ. ბლეიკის თვალსაზრისით, ტექსტი გიორგი ათონელის რედაქცი- ისა უნდა იყოს (Цагарели1886: 76 №10; Blake 1931-1932: 360-361).

Ivir.Geo.53.ოთხთავი

XIII-XIVს. 163 ფ. (რ. ბლეიკის მიხედვით, 149 ფ.); ეტრატი; 22,5x16,5 სმ; ნუსხური; შავი მელანი; კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა; გიორგი ათონელის რედაქცია. (Цагарели 1886: 76№7).

Ivir. Geo. 75. ოთხთავი

XV ს. 78+4ფ.; ეტრატი; 23,1x18,3 სმ; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით, დეკორირებული; ხელნაწერი ნაკლულია; წარმოდგენილია მხოლოდ ლუკას თავის სახარება, წინ უძღვის საძიებელი; ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა. ხელნაწერში ჩართულია 2 ფრაგმენტი: თვენისა (XIII ს.) და არაიდენტიფიცირებული ჰომილიისა (XI ს.) (Цагарели1886: 76 №6).

ადრებიზანტიური რედაქციის კრებულები

Ivir.Geo. 42 . სამოციქულო. პეტრესა და პავლეს წამება

963-969 წლები. 237 ფ.; ეტრატი; 22,3x17,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; აბზაცის დასაწყისები და სათაურები მთავრულით, სინგურით; მომგებელი: მიქაელი; გადაწერის ადგილი: წმ.კოზმა და დამიანეს მონასტერი ოლიმპოს მთაზე. კრებულში შესულია: პავლეს ეპისტოლეები, საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლეები, სამოციქულოს დასასრულს კი – „წამებაჲ წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. კრებულის რედაქციულ თავისებურებას განსაზღვრავს სამოციქულოს წიგნთა თანამიმდევრობა, რომელიც მხოლოდ წინარეათონური პერიოდის ქართულ ხელნაწერებში გვხვდება (მელიქიშვილი 2012(a): 185). საყურადღებოა, რომ კრებულის დასასრულ შეტანილი პეტრესა და პავლეს აპოკრიფული „წამების“ ეს ქართული თარგმანიც გვხვდება მხოლოდ პალესტინური რედაქციების შემცველ კრებულებში Ivir.Geo.8, ხეც A-95 და ოქსფორდის უნივერსიტეტის ნუსხაში MS.Georg.b.I, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ XI ს-ის 50-60-იან წლებშია გადაწერილი, შეიცავს ადრებიზანტიური რედაქციის კიმენურ აგიოგრაფიას. ხელნაწერს ერთვის გადამწერ მიქაელის ანდერძები, ერთ-ერთი ნაწერია ლექსად (კეკელიძე 1980:608); სწორედ ამ ანდერძში მოხსენიებუ- ლი ისტორიული პირების – ნიკიფორე ფოკასა (963-966 წწ.) და პოლიევქტი პატრიარქის (953-970 წწ.) ზეობის წლების საფუძველზე შესაძლებელი ხდება წიგნის გადაწერის თარიღად განისაზღვროს 963-966 წლები. ის ფაქტი, რომ ადრეული რედაქციების შემცველი ქართული ხელნაწერი ოლიმპის მთაზეა გადაწერილი, გვაფიქრებინებს, რომ X ს-ის 60-იანი წლებისთვის მაკედონური ხანის ბერძნულ სამწერლობო ტრადიციაშიც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ძველი რედაქციების კონსტანტინეპოლურით ჩანაცვლების პროცესი. „საქმე მოციქულთას“ ადრეული რედაქციები გამოცემულია (Цагарели 1886: 76-77 №11; აბულაძე 1950: 033-222).

Ivir.Geo.9. ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებული „სამოთხე“

977 წ. 377 ფ.; ეტრატი; 37,7x28 სმ.; ასომთავრული; შავი მელანი; სათაური და საზედაო ასოები სინგურით; ხეზე გადაკრული ტილოს ყდა; გადამწერი: სტეფანე დეკანოზი; მომგებლები: იოანე-თორნიკე და იოვანე ვარაზვაჩე; მომგებლის ანდერძის დამწერი: დავითი; გადაწერის ადგილი: ოშკი. კრებული აერთიანებს ასკეტიკურ-ჰომილეტიკური ჟანრის 38 თხზულებას, 1 აპოკრიფსა და იოვანე მოსხის „ლიმონარს“. ჰომილეტიკურ ნაწილში შესულია იოვანე ოქროპირის 16, ბასილი დიდის 2, მარკოზ მონაზვნის 1, მარტვირი მონაზვნის 1, საჰაკ მონაზვნის 1 და ეფრემ ასურის 16 ასკეტიკური ჰომილია. არც ერთ ამ ტექსტს არ ეძებნება უშუალო ბერძნულენოვანი დედანი. კრებულში შესული იოსებ არიმათიელის ავტორობით ცნობილი ლუდიის ეკლესიის ადრექრისტიანული აპოკრიფი მხოლოდ ქართული თარგმანითაა შემორჩენილი (CANT 1992: n°77; ჩხიკვაძე 1997: 60-66; Tchkhikvadze 1997: 179-191). რაც შეეხება იოვანე მოსხის „ლიმონარს“, ამ კრებულში შესული ტექსტი შეიცავს დამატებას „მიმსგავსებული სამოთხისა“, რომელიც თხრობათა განსხვავებული თანამიმდევრობითაა შესული PG-ში გამოქვეყნებულ ბერძნულ რედაქციაში. კრებულის შედგენილობისა და მისი ტექსტების რედაქციულობის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ოშკის „სამოთხის“ დედნად გამოყენებულია საბაწმინდური ტრადიციის კრებული (ჩხიკვაძე 2002: 172-182). გადაწერის ინიციატორები და დამფინანსებლები ისევე, როგორც გადამწერები, არიან ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წევრები (375r-377v). ანდერძი შედგენილია 979-980 წწ.-ში და ეძღვნება დავით კურაპალატისთვის ბიზანტიის საიმპერატორი კარის მიერ მაგისტროსის ტიტულის მინიჭებას. ხელნაწერში იკითხება არაერთი მინაწერი. ანდერძ-მინაწერები სრული სახით გამოქვეყნებულია (აღწერილობა 1986(b):45-49). კრებულში შემავალმა თხზულებებმა არაერთხელ მიიპყრეს მკვლევართა ყურადღება. არსებობს ტექსტებისა და ანდერძების რამდენიმე გამოცემა (Цагарели 1886 89-91№°69; Марр 1900(c): 5-72; კეკელიძე 1947: 261-315; აბულაძე 1955; 1960; Garitte 1956(b): 243-311; მეტრეველი 1996: 7-16)

Ivir.Geo.3. გიორგი ალექსანდრიელი. „ცხოვრება იოვანე ოქროპირისა“. კოზმან მეჭურჭლე. „აღმოყვანებისათჳს ნაწილთა იოვანე ოქროპირისათა“

979-980 წწ. 141 ფ.; ეტრატი; 36x24,7 სმ.; ნუსხური, ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა. გადამწერი: იოვანე ჩირაჲ; დამკვეთნი: იოვანე-თორნიკე და იოვანე ვარაზვაჩე; გადაწერის ადგილი: ოშკის ლავრა. იოვანე ოქროპირისადმი მიძღვნილ კრებულში შესული „ცხოვრების“ ტექსტი მიჰყვება ადრებიზანტიურ ბერძნულ ვერსიას, რომლისგანაც მკვეთრად განსხვავდება PG-ში გამოცემული კონსტანტინეპოლური ტრადიციის ბერძნული ტექსტი. თარგმანში გამოვლენილი არაბიზმები და ზოგიერთი ტექსტობრივ-ლინგვისტური თავისებურება ხაზგასმით მიუთითებს ამ რედაქციის პალესტინურ წარმომავლობაზე (გვარამია 1986: 011-048). ხელნაწერის გადაწერის ადგილი მითითებულია ანდერძში: „....დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი ლავრასა შინა დიდებულსა ოშკს, საყოფელსა ... წინამძღურობა[ს]ა წმიდისა მამისა საბაჲსსა, ღმერთმან ადიდენ და ცოდვანი შეუნდვენ ჴელითა ჩემ გლახაკისა, საწყალობელისა იოვანეჩირაჲსითა...“ ანდერძ-მინაწერები გამოქვეყნებულია (Цагарели1886:83 №52; აღწერილობა 1986(b): 29-30; გვარამია 1986: 024-026).

Ivir.Geo.8. კრებული-მრავალთავი

X ს. I+379 ფ.; ეტრატი; 34,1x28,7 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; მოწითალო ნარინჯისფერი ყდა ორნამენტების გარეშე. 1898 წელს ხელნაწერი შეუკაზმავს მაკარის; მომგებელი: არსენი მამათმთავარი; კრებული დიდი მოცულობისაა. მასში გაერთიანებულია კიმენური რედაქციის 61 მარტვილობა. მისი შედგენილობის, რედაქციულობისა და კალენდარული სისტემს საფუძველზე მ.ვან ესბროკი მას მრავალთავთა რიცხვს მიაკუთვნებს (Esbroeck 1975: 11-14). კრებულის რედაქციული განსხვავებულობის პირველი საინტერესო ნიშანია მისი კალენდარული სისტემა, კერძოდ, წმინდანთა ხსენებისათვის მითითებული კალენდარული დღე ყოველთვის არ შეესაბამება არც იოვანე-ზოსიმესეული კალენდრისა და არც IX-X სს-ის ბერძნული სვინაქსრების ჩვენებებს. Ivir.Geo.8-ში საკმაო მოცულობითაა შესული VII-VIII სს-ში სომხურიდან თარგმნილი მარტვილობები: დედოფალ სანდუხტისა, წმ. ოსკისა და მის მოყვასთა, ნერსე სომხითის ეპისკოპოსისა, საჰაკ პართელისა, ვარდანისა და სხვა ნახარართა, შუშანიკის მარტვილობის მოკლე რედაქცია, ლონგინოსისა, გეორგი იმავე გორდი ზორავარისა, საჰაკ სპარსელისა - სულ 12 ტექსტი. ამ მარტვილობათა ნაწილს ან საერთოდ არ ეძებნება სხვაენოვანი დედანი, ან ცნობილი სომხური რედაქცია საგრძნობლად სხვაობს მათგან (Marr 1906: 285-341; Кипшидзе 1914: 54-104; Peeters 1911: 393-427; 1921: 277-313; აბულაძე 1944: 8-21, 62-94, 114-160; კეკელიძე 1955: 137-218; გაფრინდაშვილი 2013: 25-33; გაბიძაშვილი 2014: 105-109; მემკვიდრეობა 2018: 56-56). სომხურიდან თარგმნილი ტექსტების ასეთი რაოდენობით არსებობა ადასტურებს არაერთგზის გამოთქმულ თვალსაზრისს ტაო-კლარჯეთის რეგიონში ქალკედონიტ სომეხთა ქართველებთან თანაცხოვრების შესახებ (Peeters 1911: 393-427; აბულაძე 1944: 133-147), ამიტომაც კრებულის ტაოკლარჯული წარმომავლობა ეჭვს არ ბადებს. წინამდებარე კრებული კარგად ასახავს ივირონის კოლექციის ჩამოყალიბებაში ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ ეფთვიმე ათონელისა და ივირონის სხვა მწიგნობართა მთარგმნელობითი საქმიანობა მიმართული იყო მხოლოდ ბერძნული რედაქციების თარგმნისკენ, ათონელი მწიგნობრები არ უარყოფდნენ მათი წინარე პერიოდის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას. არსენი მამათმთავარი, ანუ ნინოწმინდელი, უნდა იყოს არა გადამწერი, არამედ მომგებელი წიგნისა, ხოლო გადამწერი ანდერძებში მოხსენიებულ გიორგისა და მეორე არსენის შორისაა საძიებელი. კრებულს ერთვის გვიანდელი მინაწერებიც (Цагарели 1886: 84-85 №57).

Ivir.Geo.11. ათონის მრავალთავი

X ს. 394 ფ.; ეტრატი; 31,5x24,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; შავი ტყავის ყდა. ხელნაწერი ნაკლულია. შედგება გრიგოლ ნოსელის, ანთიპატროს ბოსტრელის, პროკლე კონსტანტინეპოლელი, გრიგოლ ნაზია- ნზელის, იოვანე ოქროპირის, ეპიფანე კვიპრელის, ივლიანე ტაბიელის, ევსუქი იერუსალიმელის, ტიმოთე იერუსალიმელის, იოვანე კონსტანტინეპოლელის, ევსტათი ანტიოქელის, ტიტე ეპისკოპოსის, ათანასე ალექსანდრიელის, მელეტი ანტიოქელის, იოვანე ბოლნელის, ევსები ალექსანდრიელის, ეფრემ ასურის, ბარსაბა იერუსალიმელის, ბასილი დიდის, იპოლიტე რომაელის ჰომილიებისგან. მრავალთავში შესულია შემდეგი აპოკრიფები: იოვანე ნათლისმცემლის შობისა, ღვთისმშობლის შობისა, იგივე იაკობის პირველსახარება, ჯვრის გამოჩინებისა, იოვანე ღვთისმეტყველის მეორედ გამოცხადებისა, იოვანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა, ფილიპე მოციქულის წამებისა. ათონურმა მრავალთავმა შემოინახა ადრექრისტიანული ძეგლების მეტად საინტერესო თარგმანები. ეს საკმაოდ მოცულობითი კრებული მოიცავს საუფლო დღესასწაულთა და მარხვის ციკლის 94 საკითხავს. მრავალთავი აღწერილი და შესწავლილია (Цагарели 1886: 93 №80; Esbroeck van 1975; მეტრეველი 1999). ცალკეული თხზულებები გამოცემულია (Marr 1926: 629-742; აბულაძე 1944: 241-316, 1982: 32-316; მოძღვრება 2002; Verhelst 2015).

Ivir.Geo.25. აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული

X ს. 233 ფ.; ეტრატი; 27,2x21,6 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ტყავგადაკრული ყავისფერი ყდა. წიგნი აერთიანებს ადრებიზანტიურ თარგმანებს. კრებულში შესულია: არკადი კვიპრელის სვიმეონ მესვეტე უმცროსის კიმენური „ცხოვრება“ (კეკელიძე 1918: 215-240; გაბიძაშვილი 2014: 61), დიონისე არეოპაგელის ავტორობით ცნობილი პეტრესა და პავლეს აპოკრიფული მარტვილობა (Peeters 1912: 5-10; 1921: 277-314; კეკელიძე 1980: 450), იოვანე ოქროპირის, კირილე ალექსანდრიელის, ეფრემ ასურის ჰომილიები. ტექსტების უმეტესობა პარალელს პოულობს X ს-ის ტაო-კლარჯულ კრებულებში. კრებული აღწერილია (Цагарели 1886: 85 №59)

Ivir.Geo.12. პატერიკი

X-XI სს. 235 ფ.; ეტრატი; 33,2x25 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები მთავრულით. ორი გადამწერი: სჳმეონი და ანონიმი. ამ ანბანური პატერიკის ტექსტი გამოცემულია (დვალი1974).

Ivir.Geo.28. აგიოგრაფიული კრებული

1003 წ. 272 ფ.; ეტრატი; 29,5x19,3 სმ.; ნუსხური; ანდერძი დაწერილია მთავრულით. ტყავგადაკრული ტვიფრულ ხის ყდა. გადამწერი და შემმოსველი: აკჳლა მტბევარი. ხელნაწერი გადაწერილია ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე შაორში, შესაბამისად, ანდერძ-მინაწერებში მოხსენიებულიატაოკლარჯელი მოღვაწე იოვანე მტბევარი. წიგნში შესულია 13 კიმენური საკითხავი: სტეფანე პირველმოწამის, იგნატი ანტიოქელის, 40 სებასტიელის, კოზმან და დამიანეს, ევსტათის, წმ. ეკატერინეს, ბარბარეს, ირინეს, მარინას, პანტელეიმონის, ქრისტეფორეს მარტვილობების, წმ. მოწამე თევდორეს ცხოვრება და საკვირველებანი, ლუდიის წმ. გიორგის ეკლესიის სატფურების აპოკრიფული საკითხავი, წმ. დიმიტრის წამება და სასწაულები, პეტრესა და პავლეს ხსენება. ხელნაწერს ერთვის ისტორიული მნიშვნელობის არაერთი ანდერძ-მინაწერი (Цагарели 1886: 83 №53; მემკვიდრეობა 2018: 97).

Ivir.Geo.85. ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი

X-XI სს. 167 ფ.; ეტრატი; 14,5x11 სმ; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, გალობათა სახელწოდებები და ძლისპირთა დასაწყისი ასოები მთავრულით; სავარაუდო გადამწერები: იოვანე და გიორგი. ძლისპირები ნევმირებულია. ირმოლოგიონი განეკუთვნება II რედაქციის ტექსტს. ძლისპირთა კრებულების რედაქციები შესწავლილი და გამოცემულია (ინგოროყვა 1965: 79-92; მეტრეველი 1971: 03-276). ხელნაწერი დაწვრილებითაა აღწერილი (Цагарели 1886: 81 №47; აღწერილობა 1986(b): 123-132).

ეფთვიმე ათონელის თარგმანთა შემცველი კრებულები (იოვანე გრძელიძე, არსენი ნინოწმიდელი)

Ivir.Geo.32. ბასილი დიდის ჰომილიები

977 წ. 314 ფ.; ეტრატი; 29x21,4 სმ; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; სინგურით. შავტყავგადაკრული ხის ტვიფრული ყდა; მომგებელი: იოვანე ქართველი; გადამწერი: საბა; გადაწერის ადგილი: ათონი, იოანე მახარებლის ეკლესია. კრებულში გაერთიანებულია ეფთვიმე ათონელის თარგმნილი „ბასილი დიდის ცხოვრება“, მისივე 24 ჰომილია; მისივე წმ. გიორგის შესხმა; გრიგოლ ღვთისმეტყველის მაკაბელთა შესხმა, რომელიც ჩართულია ბასილი დიდის ჰომილიებში და უძღვის წმ. გიორგის შესხმის ბასილი დიდისეულ ტექსტს. კრებულში გაერთიანებული თარგმანები შესრულებულია ივირონის დაარსებამდე. ხელნაწერს ახლავს იოვანე ქართველის, ეფთვიმე ათონელისა და გადამწერის ანდერძები. მომგებლის ანდერძში მოიხსენიებიან ივირონის დამაარსებელები: „... ლოცვასა მოგჳჴსენენით მე, იოვანე, და სულიერად და ჴორციელად ძმაჲ ჩემი იოვანე, თორნიკ-ყოფილი და შვილი ჩემი ეფთიმე, რომელმან თარგმნა ესე, და სულიერნი ძმანი ჩემნი არსენი, თეოდორე დაგიორგი ... დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, მონასტერსა წმიდისა იოვანემახარებელისასა, ინდიკტიონსა ე, დასაბამითგანთა წელთა [ხჳპე]..(313r).“ ხელნაწერი შესწავლილი და აღწერილია, ტექსტები და ანდერძ-მინაწერები სრუ- ლადაა გამოქვეყნებული (Цагарели 1886: 82, n°49; ქურციკიძე 1983; აღწერილობა 1986 (b): 92-99; ქაჯაია 1992: 21-43, 338).

I vir.Geo. 5. იოანე სინელი. კლემაქსი

X ს. 318 ფ.; ეტრატი; 37,4x24 სმ.; ნუსხური; ორი გადამწერი: საბა და სვიმეონი. ყავისფერი ტყავის ყდა; ხელნაწერი ნაკლულია; ტექსტზე დართული ანდერძის თანახმად, კრებული გადაწერილია ეფთვიმე ათონელისეული დედნიდან, რომელიც 983 წელს იოვანე ქართველისა და ეფთვიმეს დავალებით გადაუწერია ათონზე იოანე სჳნკელს. მკვლევართა ვარაუდით, კლემაქსის ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი ბერძნული რედაქციიდან გამოკრების პრინციპითაა შესრულებული და ტექსტი მთარგმნელის მიერაა შემოკლებული (გაბიძაშვილი 2009:366). კრებულის შედგენილობაა: დანიელ რაითელის წინასიტყვაობა და ზანდუკი, იოანე სინელის „ცხოვრება“, დაწერილი რაითელი მონაზვნის დანიელის მიერ, იოანე სინელისა და იოანე რაითელის ეპისტოლეები და სათნოებათა კიბე, ანუ კლემაქსი; ერთვის იოვანე სჳნკელის (2v-3v, 316v), კრებულის გადამწერ საბასა (316v) და გვიანდელ პირთა ანდერძ-მინაწერები (Цагарели 1886: 88-89 №68 ).

Ivir.Geo. 68. გრიგოლ ღვთისმეტყველის შობის საკითხავი მაქსიმე აღმსარებლის კომენტარითურთ

X ს. 156 ფ.; ეტრატი; 22x15 სმ; ნუსხური; ყავისფერი მელანი; მედალიონებით შემკული ტყავგადაკრული ხის ყდა; ორი გადამწერი; თავბოლონაკლული; ხელნაწერში შესულია ეფთვიმე ათონელის თარგმანები: გრიგოლ ღვთისმეტყველის „შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა წმიდისაგან ქალწულისა“, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში Or.38-ით არის ცნობილი. ამ სიტყვას მოსდევს ე.წ. სავედრებელი, რომელიც ღვთისმეტყველის 45-ე სიტყვის (Or. 45) დასასრულს წარმოადგენს. ეს ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ე.წ. პარაფრაზირებულ თარგმანს, დასტურდება მხოლოდ ამ ხელნაწერში (მელიქიშვილი 2012(b): 331-332). კრებულს დაასრულებს მაქსიმე აღმსარებლის „თარგმანებაჲ ძნიად საყოფელთა სიტყუათა ქრისტეს შობასა საკითხავისათა.“ კრებული ნასწორებია. არსებობს ვარაუდი, რომ კორექტივები ტექსტში თავად ეფთვიმე ათონელს აქვს შეტანილი. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება თავნაკლულია, ამიტომაც რ. ბლეიკთან ის არაა იდენტიფიცირებული და კრებულის რაობა განსაზღვრულია, როგორც მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა შემცველი წიგნი (Blake 1933-1934: 254-255). კრებულს ერთვის ეფთვიმე ათონელის მოსახსენებელი მინაწერები: „ლოცვა-ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს“ (39v). ასევე დასტურდება გვიანდელი, XIX ს-ის, მინაწერები. ხელნაწერი აღწერილი და შესწავლილია, ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1886: 92-93 №75; ბრეგაძე 1988: 62; Sancti Gregorii 2001; Otkhmezuri 2009: 73-85: ოთხმეზური 1999: 236-252; 2016:277-278).

Ivir.Geo.13 .იოანე ოქროპირი. მათეს თავის თარგმანება

I წიგნი.1008 წ.; 261ფ.; ეტრატი; 37x29,8 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; სათაურებში გამოყენებულია სინგური; შავი ტყავის ტვიფრული ყდა; გადამწერი: იოვანე გრძელისძე; მომგებლები: მამა მიქაელი და ბაკურ პატრიკი; შემმოსველები: სერაპიონი და თეოდორე (XIV ს.); გადაწერის ადგილი: ივირონი. Ivir.Geo 13-ის გაგრძელებაა Ivir. Geo. 4. წიგნი შეიცავს თარგმანების 1-18 თავებს, რომლებსაც უძღვის თეოლოგიური „წინათქმა“, რომლიც სრული სახით წარმოდგენილია III დამამთავრებელ წიგნში. თარგმანების ტექსტში ყოველ თავს ერთვის სწავლა ეთიკურ-ზნეობრივ საკითხზე. ზანდუკი, ანუ საძიებელი, სულ შეიცავს 90 სწავლას (2v-4v). ხელნაწერი აღწერილი და ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1886: 91-92 №70; თარგმანება 1996).

Ivir.Geo.4. იოანე ოქროპირი. მათეს თავის თარგმანება

II წიგნი. 1008 წ. 263 ფ.,; ეტრატი; 36,8x29 სმ.; ნუსხური; მელანი: მუქი რუხი; სათაურები სინგურით; შავი ტყავის ყდა; ტვიფრული; გადამწერები: იოვანე გრძელისძე, ოქროპირი, არსენ ნინოწმიდელი; მომგებელი: იოვანე გრძელისძე; შემმოსველები: სერაპიონიდა თეოდორე. გადაწერის ადგილი: ივირონი. Ivir.Geo.4 არის ეფთვიმე ათონელის მიერ ბერძნული რედაქციიდან შესრულებული თარგმანი. ხელნაწერი იოვანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანების სამწიგნეულის II წიგნია. მისი ნაწილებია Ivir.Geo.13 და Ivir. Geo.4. ხელნაწერში შესულია განმარტების 19-45 თავები, რომლებსაც მოსდევს „სწავლანი“, გადაწერილია ეფთვიმე ათონელის 1002 წლის ავტოგრაფული ნუსხიდან. კრებულის გადამწერები წარმოადგენენ ეფთვიმე ათონელის მიერ შემოკრებილ მწიგნობართა გუნდის წევრებს (მეტრეველი 1996:107-134). ხელნაწერს ახლავს იოვანე და ეფთვიმე ათონელების ღვაწლის აღმნიშვნელი რამდენიმე მინაწერი (22r, 108r, 144r, 175v და სხვ.), გადამწერთა ანდერძ-მინაწერები (22r, 108v-109r და სხვ.) და გვიანდელი მინაწერები. წიგნი დათარიღდება ანდერძითვე: „...დაიწერა მეორე ესე წიგნი ჴელითა ჩუენ ცოდვილთაჲთავე: არსენი, იოვანე და ოქროპირისაჲთა. განმანათლებელისა მამისა ეფთჳმეს ნამუშაკევთა ესე საშოალი წიგნი არს, ვინცა [ი]კითხვიდეთ და ირგე[ბ]დეთ, ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათა ჩუენთათჳს იოვანესა და ეფთჳმესა... და ჩუენ უცბად მწერალთა და სერაპიონ მმოსელისათჳს ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, და რომელი დაგჳკლია, შენდობა ყავთ ღმრთისათჳს. ხოლო დაიწერა მთაწმიდას ათონას მონასტერსა. წმიდათა მამათა იოვანეს და ეფთჳმესა საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ქრონიკონი იყო სკპ“ (263r). ხელნაწერი აღწერილია, ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1886: 86 №66; თარგმანება 1996; 2014).

Ivir.Geo.10. იოანე ოქროპირი. მათეს თავის თარგმანება

III წიგნი. 1008 წ. 338 ფ.; ეტრატი; 36x28,7სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები წითლით; შავი ტყავის ტვიფრულ ყდა. მთარგმნელი: ეფთჳმე ათონელი; გადამწერები: იოანე, ოქროპირი და არსენი ნინოწმიდელი; გადაწერის ადგილი: ივირონი. ხელნაწერი შეიცავს 46-90 თავებს, რომლებსაც მოსდევს „სწავლანი“. როგორც ტექსტოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, ეთვიმესეული თარგმანი სხვაობს PG 57 გამოქვეყნებული ბერძნული რედაქციისგან (რაფავა 2012:86-95), რაც რამდენიმე ბერძნული რედაქციის არსებობაზე მიუთითებს. 90-ე თავის მომდევნოდ გადაწერილი თეოლოგიური ტრაქტატი, მკვლევართა ნაწილის თვალსაზრისით, „თარგმანების“ ბერძნული რედაქციიდან მომდინარეობს (მეტრეველი 1996: 114-115,120), ნაწილი მას ეფთვიმეს ორიგინალურ თხზულებად აღიარებს (რაფავა 2012:86-95), ხოლო ნაწილი - იოვანე ქართველის ორიგინალურ ტექსტად (თარგმანება 1996:I,8). ტრაქტატს მოჰყვება იოვანე ქართველის ანდერძი, რომელშიც დასახელებულია ეფთვიმეს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი თხზულებები. ეს ანდერძი, ფაქტობრივად, წარმოაჩენს სამონასტრო სკრიპტორიუმის გეგმას X-XI სს-თა მიჯნაზე. ხელნაწერში ანდერძი ნაკლულია. იოვანე ქართველის ანდერძის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია (თარგმანება 1996:10-19). ხელნაწერი აღწერილი და ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1886: 86-88 №67; თარგმანება 1998; 2014).

Ivir.Geo.33. ბასილი დიდი. ფსალმუნთა თარგმანება

1014 წ. 160 ფ.; ეტრატი; 24,5x16,4 სმ.; ნუსხური; მოშავო ყავისფერი მელანი; სათაურები მთავრულით; სინგურით; ყდა გვიანდელი; გადამწერი: აღაპი; კრებულში შედის ბასილი დიდის ფსალმუნთა განმარტების ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. ხელნაწერი თარიღდება გადამწერის ანდერძში მითითებული ქორონიკონით: „დაიწერა თავითგან ვიდრე ბოლოდმდე ჴელითა გლახაკისა აღაპისითა. ქრონიკონსა სლდ. ლოცვა ყავთ“. ხელნაწერი 1903 წელს აუკინძავს მაკარის. ბასილი დიდის ქართული თარგმანები და ხელნაწერი შესწავლილია (ქურციკიძე 1983; ქაჯაია 1992; მელიქიშვილი 2000: 6-23).

Ivir.Geo.77. აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული

1029 წ. 146 ფ.; ეტრატი; 20,9x15,4 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ყდა გვიანდელი, მუყაოსი, აკინძულია არათანამიმდევრულად. 3 გადამწერი: ნიკოლაოსი, იოვანე გრძელისძე და იოვანე; კრებულში შედის ეფთვიმე ათონელის მიერ თარგმნილი აგიოგრაფიული და ჰომილეტიკური ტექსტები. აგიოგრაფიული საკითხავებია: წმ. ნიკოლაოსის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ჰრომთა პაპის „ცხოვრებები“, ჰომილეტიკურია: „გრიგოლ ნოსელის ბასილი დიდის შესხმა“, „ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ღვთისმეტყველის მიმართ“, „ბასილი დი-დის ჰომილია“, „კლემენტოს ჰრომთა პაპის ჰომილია იაკობის მიმართ“. აგიოგრაფიული და ჰომილეტიკური ტექსტები წარმოდგენილია შერევით. პირველი თხრობა ნიკოლაოსის „ცხოვრებისა“ ძალზე დაზიანებულია. კრებული დათარიღებულია გადამწერ ნიკოლაოსის ანდერძის ჩვენების მიხედვით: „...დაესრულა ცხორებაჲ და შესხმაჲ და სასწაულნი წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა ნიკოლაოსისი ჴელითა გლახაკისა და ფრიად ცოდვილისა ნიკოლაოსისითა, ქორონიკონსა სმთ... (249+780=1029) რ. ბლეიკი ხელნაწერს 1049 წ-ით ათარიღებს (Blake 1933-1934:259). საფიქრებელია, რომ კრებულში გაერთიანებულია ძველი და ახალი თარგმანები, ვინაიდან მასში შემავალი 8 თხზულებიდან მხოლოდ ორის – გრიგოლ ნოსელის „ბასილი დიდი შესხმისა“ და „გრიგოლ ჰრომთა პაპის „ცხოვრებისთვისაა“ მითითებული, რომ თარგმანი ეფთვიმე ათონელს ეკუთვნის: „ესე განწესებაჲ მოღუაწეთაჲ და უდაბნოს ყოფისა სარგებელისა გამოჩინებაჲ წმიდისა და დიდისა ბასილის მიერ მე, გლახაკმან ეფთჳმე, ვთარგმნე. აწ ვინცა იკითხვიდეთ, ლოცვაჲ-ყავთ ჩემთჳს და თქუენცა ღმერთმან მიგმადლენ აღსრულებაჲ მოქალაქობისა მისისა, ამენ“ (99v). მსგავსი შინაარსის მინაწერი ახლავს გრიგოლ ნოსელის „შესხმას“. კრებულის პირველი თხრობის – „ნიკოლაოს საკვირველმოქმედის „ცხოვრების“ შესახებ კი გადამწერის ანდერძში (19v-20r) ნათქვამია: „ესე სასწაულნი წმიდისა ნიკოლაოსისნი ბერსა, კურთხეულსა საბას ქერჭამულსა, ქართული წიგნი [...] ბერძულისად შეეწამა [...] სასწაულისაჲ [...]“. კრებულში გვხვდება როგორც მისი გადაწერის, ასევე გვიანდელი პერიოდის რამდენიმე მინაწერი (Цагарели1886: 85 №58).

Ivir.Geo.21. აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული

1030 წ. 330 ფ.; ეტრატი; 26,5x21 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; წითელი ქსოვილის ყდა; გადამწერი: ისაკ ულუმბოელი; დამკვეთი: გრიგოლ ათონელი; გადაწერის ადგილი: ბითვინიის ოლიმპი, ქვაბი, საყოფელი ქართველთა; წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია. შედის მაკარი მეგვიპტელის „ეპისტოლეები“, მაკარი მეგვიპტელის „გამოცხადება“, „აკეფსიმა, იოსებ და აითალას მარტვილობა“, „ბაგრატ ტავრომენიელის ცხოვრება“. კრებულში წარმოდგენილი თხზულებები ეფთვიმე ათონელის თარგმანებია. მაკარი მეგვიპტელის თხზულებები აღნიშნული ხელნაწერის მიხედვით შესწავლილი და გამოცემულია (ნინუა 1982). ანდერძების ტექსტები გამოქვეყნებულია (აღწერილობა 1986(b): 80-86). ხელნაწერი დათარიღებულია გადამწერის მიერვე: „ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ოლიმპოს საბერძნეთისასა, ქუაბსა საყოფელსა ქართველთასა, ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ბრძანებითა მამისა გრიგოლისითა, ჴელითა გლახაკისა და ფრიად ცოდვილისა ისაკისითა მანკანელისაჲთა, მეფობასა ჰრომანოსისა, ოდეს სარკინოზეთს წარვიდა წარმოტყუენვად, ღმერთმან განუმარჯუენ! ქორონიკონი იყო სნ, ამენ! იყავნ!..“ (237v). (Цагарели1886: 83-84 №54).

Ivir.Geo.84. აგიოგრაფიული კრებული

1042-1044 წწ. 131 ფ.; ეტრატი; 15,2x11,8 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; ორი გადამწერი: გიორგი დაყუდებული და ანონიმი; გადაწერის ადგილი: სვიმეოწმინდასათან არსებული ქვაბი. კრებული შედგება ანტიოქიის წმინდანებისადმი - სვიმეონ საკვირველმოქმედის დედა მართასა და წმ. ბარლაამისადმი – მიძღვნილი თხრობებისა და წმ. ბარლაამისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონისგან. ერთვის მთარგმნელის ანდერძი: „ლოცვა ყავთ, ქრისტეს მოყუარენო ერნო, გლახაკისა დავითისთჳს, რომელმან ესე თარგმანა ქართულსა ენასა ბერძულისაგან. უცბად წერისათჳს შენდობა ყავთ, მაგრა, რაჲ დედასა მიპოვნია, იგი დამიწერია და შეგჳწამებია კარგად“ (124r). კ.კეკელიძის თვალსაზრისით, მთარგმნელი არის დავით ტბელი (კეკელიძე 1957: 221). კრებულს ერთვის ასევე გიორგი დაყუდებულის ვრცელი ანდერძი, რომლის თანახმადაც ნუსხა გადაწერილია ივირონის მონასტრისთვის მისი წიგნსაცავის შევსების მიზნით, გიორგი ათონელის დეკანოზობის დროს: „მე, ცოდვილმან და გლახაკმან ბერმან გიორგი ხუცესმან, რომელი ვჯედ მახლობელად მონასტერსა წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისასა, აღვწერე წმიდაჲ ესე და სულთა საცხორებელი წიგნი და შევწირე მთაწმიდას...“ მაშასადამე, კრებული ანტიოქიაში გავრცელებული რედაქციების თარგმანებისგან შედგება. საინტერესოა, რომ, ნ. მარის თანახმად, ცნობილია ბარლაამ სიროკავკასიელის „ცხოვრების“ მხოლოდ არაბული რედაქცია. შესწავლილი და გამოქვეყნებულია: „წმ. მართას ცხოვრება“ (Garitte 1968), „ბარლაამის ცხოვრება“ და საგალობელი (Марр 1901: 109-144; ინგოროყვა 1965: 371-372); ამავე რედაქციის „ბარლამიის ცხოვრების“ ტექსტი Ivir.Geo 63-ისა და ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერის Add. 11281 მიხედვით (იმნაიშვილი 1975: 198-211). ბოლო წლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ცენტრის ფონდებში გამოვლინდა „ბარლაამის ცხოვრების“ სვინაქსარული რედაქცია (კიკნაძე 2014(a);(b):54-60). ხელნაწერი აღწერილია (Цагарели 1886: 84 №55).

Ivir.Geo.19. სამოციქულო.

XI ს. ქაღალდი; 201 ფ.; 32x24სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; თავბოლონაკლული. გადამწერი: ელია; დამკვეთი: ქავთარ ნიკოლოისძე; ხელნაწერის ზუსტი თარიღი არა ცნობილი; არაა დადგენილი არც გადაწერის ზუსტი ადგილი და ივირონში მისი მოხვედრის გზა. ბლეიკი ხელნაწერს XIII-XVI სს. ათარიღებს (Blake 1933-1934:117-118), მაგრამ ეპისტოლეთა რედაქციული თავისებურებებისა და კრებულის არქიტექტონიკის მიხედვით, იგი XI ს-ით უნდა დათარიღდეს. პავლეს ეპიტოლეების მიმდევრობა არ შეესაბამება ტრადიციულ რიგს, კერძოდ, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს მოსდევს; პავლეს ეპისტოლეთა შემდგომ კრებულში შეტანილია „საქმე მოციქულთა“, „7 კათოლიკე ეპისტოლე“ და „პავლენის“ განწესება“, ანუ საკითხავთა კალენდარული საძიებელი. სამოციქულოს ტექსტებს მოსდევს იოვანე ოქროპირის სინანულის ლოცვა და თეოდორიტე კვირელის „აღსარებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ“, თეოფილე ხუცესმონაზვნისეული თარგმანი (კეკელიძე 1980: 246) და არაიდენტიფიცირებული ლოცვის ტექსტი. აღსანიშნავია, რომ პავლეს ეპისტოლეები ადრებიზანტიური თარგმანია, რომელიც არაერთგზისაა გამოცემული (აბულაძე 1950; ლორთქიფანიძე 1956; ძოწენიძე 1974; კოჭლამაზაშვილი 2001; 2011). აღნიშნული ხელნაწერი წიგნი წარმოადგენს ადრებიზანტიურიდან კონსტანტინეპოლური ტრადიციისკენ გარდამავალი ხანის კრებულს. აღწერილია (Цагарели1886: 77 №13).

Ivir.Geo.17. აგიოგრაფიულ-ასკეტიკური კრებული

XI ს. 348 ფ.; ეტრატი; 32x26 სმ.; მოყავისფრო მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; შავი ტყავის ყდა; გადამწერი: ბასილი; გადაწერილია, სავარაუდოდ, ივირონში. მოცულობითი კრებულის პირველ ნაწილში წარმოდგენი- ლია კიმენური და მეტაფრასული აგიოგრაფია: „ბაგრატ ტავრომანიელის ცხოვრება“; „ევტათის, თეოპისტას, აღაპისა და თეოპისტის ცხოვრება და წამება“; „თეკლას წამება“; „დიმიტრის წამება“ და სასწაულები; „ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, ორესტისი და მარდარის წამება“,; „თქუმული კლემენტო ჰრომთა პაპისაჲ, თუ ვითარ სახედ დაემოწაფა იგი წმიდასა პეტრეს“, „კლემენტოს ჰრომთა პაპისა და პეტრე მოციქულის წამება“; მეორე ნაწილში- „გამოკრებილი სიტყვანი მამათანი“. თხზულებები თარგმნილია ეფთვიმე ათონელის მიერ. მეორე ნაწილში შესული აპოთეგმები წარმოდგენილია როგორც ადრებიზანტიური, ასევე ეფთვიმე ათონელის თარგმანებით (Outtier 1980: 7-17). ხელნაწერი აღწერილია რამდენჯერმე (Цагарели 1886: 82-83 №50; Марр 1900(b): 3-15; აღწერილობა 1986(b): 57-63) „ბაგრატ ტავრომანიელის ცხორებისა“ და „თეკლას წამების“ ტექსტები გამოცემულია (Хаханов 1904; აბულაძე 1975: 25-90). კრებულს ახლავს გვიანდელი მინაწერები.

Ivir.Geo.40. ასკეტიკურ-ჰაგიოგრაფიული კრებული

XI სს. 1+329ფ.; ეტრატი; 23,4x17,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; მუქი წითელი ტყავის ყდა; ორი გადამწერი. მომგებელი: საბა ქერჭამული. ხელნაწერი გვიან ყდაში ჩასვა ვენედიქტე ქიოტიშვილმა. კრებული შეიცავს მამა დოსითეს კიმენურ ცხოვრებას (კეკელიძე 1957: 124), დოროთე მონაზვნის, იოვანე ოქროპირის, ბასილი დიდის ჰომილიებს, საბა განწმენდილის, მაკარი მეგვიპტელის, ონოფრე განშორებულის „ცხოვრებებს“. კრებულში შესულია ეფთვიმე ათონელის თარგმანები. ხელნაწერი შავ მთაზე უნდა იყოს გადაწერილი, რისი ვარაუდის საშუალებასაც გვაძლევს მომგებლის მიერ ხელნაწერის მეოხად სვიმონ საკვირველმოქმედის ხსენება: „მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდისა მამისა ჩუენისა სუიმიონ საკუირველთმოქმედისაჲთა და წმიდისა მთავარმოწამისა...“ შავ მთაზე კი ქართველი მოწესეები ინტენსიურად XI ს-დან დამკვიდრდნენ. ხელნაწერს ერთვის გვიანდელი მი- ნაწერები (პლატონ იოსელიანისა, ბენედიქტე ქიოტიშვილისა) (Цагарели 1886: 84 №56).

Ivir. Geo. № 41. ასკეტიკურ-აგიოგრაფიული კრებული

XI ს. 216+02 ფ.; ეტრატი; 25,4x17,9 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; გადამწერი: ფარსმან ჩორჩანელი; შემკაზმველი: მიქაელი; XIX ს-ში წიგნი ხელახლა აუკინძავს ვენედიქტე ქიოტიშვილს. კრებულში შესულა ამბა დოროთეს „სწავლანი“, დოსითეს „ცხოვრება“, კატიანოსისა და ნისთერეონის „ცხოვრება და განგება“, იოვანე ოქროპირი „მარგალიტი“. კრებულში შესულია ეფთვიმე ათონელისე- ული თარგმანები (კეკელიძე 1957: 40-41,71 №8; მელიქიშვილი 2015: 9,17), იოვანე ოქროპირისავე „სიყუარულისათჳს და მოწყალებისა, თარგმანებისაგან იოვანჱს სახარებისა“. ხელნაწერში გადამწერის არაერთი მინაწერია: „ქრისტე, ადიდენ ჩორჩანელი ფარსმან“ (88r). წიგნს ერთვის გვიანდელი მონაწერებიც (Цагарели 1886: 93 №77).

Ivir.Geo.79. აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული

XI ს. 131+02 ფ.; ეტრატი; 16,5x12,8 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; საზედაო ასოები სინგურით; თავბოლონაკლული; გამოიყოფა 7 განსხვავებული ხელი; შესაძლებელია მხოლოდ I ნაწილის ზუსტი თარიღის განსაზღვრა: 1042-1044 წწ. ბლეიკის აზრით, ხელნაწერი ეფთვიმე ათონელის ავტოგრაფია, გადაწერილი 990 წელს. როგორც ჩანს, მკვლევარს ამ ვარაუდის საფუძველი შეუქმნა ეფთვიმე ათონელის ანდერძმა, რომელიც გადამწერს დაურთავს კრებულისთვის ეფთვიმე ათონელის თეოდორე საბაწმინდელისადმი გაგზავნილ პასუხთან ერთად. კრებულში შესულია 10 თხზულება: „წმ. ფებრონიას წამება“ (ნაკლულია), ათანასე ალექსანდრიელის „წმ. ანტონის ცხოვრება“ (ტექსტი ნაკლულია), ანდრია კრიტელის „ჯვრის ამაღლების საკითხავი“, რომელიც ამ ხელნაწერში ისევე, როგორც Ivir.Geo.20-ში, მიეწერება ბასილი დიდს; ბასილი კესარიელის „ღვთისმშობლის მიცვალებისათვის“, ბერძნული რედაქცია ავტორად ასახელებს ანდრია კრიტელს (ქურციკიძე 1983: 011); „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ გამოცემული და შესწავლილია (ლოლაშვილი 1982: 79-80; კილანავა 1983: 154-166); „სწავლაჲ ზოსიმესი“, ეფრემ ასურის სწავლა „იოვანეს მიმართ მონაზონისა“, „სწავლაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ზოსიმესი“ და მიქაელ სჳნკელი იერუსალიმელის „მართლისა სარწმუნოებისა წარმოთქუმაჲ“. ამ თხზულების სხვა რედაქცია გამოქვეყნებულია როგორც მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ნაწილი (კეკელიძე 1918: 87-90); სვიმეონ ლოღოტეთის „წმ. გიორგის წამება და შესხმა“, ბასილი დიდის „წმ. გიორგის წამება და შესხმა“. თხრობებს მოსდევს ეფთვიმე ათონელის პასუხი თეოდორე საბაწმინდელისადმი. ეს ტექსტი ცნობილია ორი რედაქციით, ერთგან ეფთვიმეს ადრესატია თეოდორე საბაწმინდელი, ხოლო მეორეგან – გიორგი ჭყონდიდელი. ორივე ტექსტი გამოქვეყნებულია (კეკელიძე 1980: 431-434) და კრებულის დასასრულს „სიტყუაჲ მცირე წმიდისა მამისა ეფთჳმესთჳს და საბაჲსთჳს“. ეს თხზულება არის კირილე სკვითეპოლელის „საბას ცხოვრების“ ადრეული რედაქციის ფრაგმენტი. „ცხოვრების“ ადრეული რედაქცია გამოქვეყნებულია (კეკელიძე 1946: 117-219; იმნაიშვილი 1975:56-125). წიგნი ორი ნაწილის გაერთიანებითაა შედგენილი. ხელნაწერის შესწავლით დადგინდა, რომ კრებულის პირველი ნაწილი გადაწერილია გიორგი ათონელის ივირონის დეკანოზობის დროს (1042-1044 წწ.) ეფთვიმეს ავტოგრაფიდან (აღწერილობა 1986(b): 120). კრებულია ანდერძები და ეფთვიმეს პასუხი თეოდორე საბაწმინდელისადმი გამოქვეყნებულია (Цагарели 1886: 92 №72; აღწერილობა 1986(b):118,121-123)

Ivir.Geo.16. იოანე ოქროპირი. იოანეს თავის თარგმანება

XI ს. 60-იანი წლები. 391 ფ.; ეტრატი; 33,2x23 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; შავი ტყავის ყდა. გადამწერი: მიქაელი; „თარგმანება“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანია. ხელნაწერი გადაწერილია იერუსალიმში (389v). დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, სად შეიქმნა Ivir.Geo.16. ბლეიკის თვალსაზრისით, კრებული გადაწერილია ათონური სტილის ნუსხურით (Blake 1933-1934: 361). ხელნაწერში რამდენჯერმეა მოხსენიებული მროველი ეპისკოპოსი ლეონტი, რაც საშუალებას იძლევა, კრებულის გადაწერის თარიღი განისაზღვროს XI ს-ის 60-იანი წლებით. ლეონტი მროველის მინაწერებს თავდაპირველად ყურადღება მიაპყრო ნ. მარმა (Марр 1900(b): 84). ხელნაწერი აღწერილია, ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1886: 85 №65; განმარტება 1993).

გიორგი ათონელი და თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანთა შემცველი კრებულები

Ivir.Geo.20. მეტაფრასული კრებული

1081 წ. 189 ფ.; ეტრატი; 27x21 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; სათაურები და საკითხავების რიგითი ნომერი წითლით; შავი ტყaვის ყდა. გადამწერი: თეოფილე ხუცესმონაზონი; შემმოსველი: მღვდელი საბა; მკაზმავი: ხუცესი ხრისტოდულე; გადაწერის ადგილი: კონსტანტინეპოლი; ტრიანდაფილვის მონასტერი. კრებულში შედის: 1-30 სექტემბერს საკითხავი მეტაფრასული აგიოგრაფია; 30 სექტემბრის მეტაფრასულ ტექსტს მოსდევს 8 სექტემბრისთვის განსაზღვრული იოვანე დამასკელის ღვთისმშობლის შობის 2 ჰომილია გადამწერისეული შენიშვნით, რომ მან ეს თხზულება გადმოიწერა არა დედნად არჩეული კრებულიდან, არამედ სხვა ხელნაწერიდან (63v); 14 სექტემბერს ბასილი დიდის ავტორობით შეტანილია ანდრია კრიტელის ჯვრის ამაღლების საკითხავი. ავტორთა ამგვარი აღრევა ჩვეულებრივი მოვლენაა ადრებიზანტიური რედაქციების შემცველ ხელნაწერებში. თარგმანი რომ არ ეკუთვნის ეფთვიმე ათონელს, როგორც ეს მითითებულია აღწერილობაში (აღწერილობა 1986(b): 71,შენ.1), ამას მოწმობს თავად თეოფილე ხუცესმონაზვნის 186v-ზე არსებული მინაწერი: „ხოლო ამას წიგნსა შინა ქართულთაგან ანუ პირველთა თარგმანთა თარგმანებულისა ყოვლადვე არაჲ წერილ არს, თჳნიერ ჯუარისა საკითხავისა, სხუაჲ ყოველი ახალი არს.“ მინაწერიდან ნათელი ხდება, რომ XI ს-ის I ნახევარში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული კონსტანტინეპოლური რედაქციების დამკვიდრების პროცესი. კრებულის დასასრულს იკითხება გადამწერისა და მთარგნელის ვრცელი აკროსტიხული ლექსი და ანდერძი, რომელიც ასახავს XI ს-ის ქართული მთარგმნელობითი სკოლის ტენდენციებს: „...ლოცვა ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ცოდვილისა თეოფილესთჳს, რეცა თარგმნისა, რამეთუ მე არარაჲსათჳს სხჳსა, არამედ ლოცვათათჳს თქუენთა წმიდათა თავს-მიცშრომაჲ ამისი. ხოლო ვევედრები და ვამცნებ ყოველთა ეკლესიათა, რომელსაცა მიიწიოს წიგნი ესე, რაჲთა უკუეთუ ვინმე წერდეს ამიერ, ვითა აქა პოოს, ეგრეთ წერდინ შეუცვალებელად ... რამეთუ მე თავით ჩემით არარაჲ დამიწერია...არამედ ვითარცა ბერძულად მიპოვნია წიგნთა შინა მართალთა და ფრიადცა წარჩინებულთა, ესრეთვე ქართულად დამიწერია...ესრეთვე კუალად ვევედრები წინამძღუართა და დეკანოზთა ...ესე წესი იპყარნ მანცა, რომელი უპყრიეს ეკლესიათა საბერძნეთისათა. ითარგმნა უკუე წიგნი ესე მეტაფრასი ქალაქსა შინა სამეუფოსა კოსტანტინეპოლეს, მონასტერსა შინა ყოვლად შუენიერისა ტრიანდაფილვის დედისა ღმრთისასა...უღირსისა მიერ თეოფილეს რეცა ხუცესმონოზონისა და ამათვე ჴელთა მიერ დაინუსხა დასაბამითგანთა ... (186v-188v). საყურადღებოა ყველა ანდერძი გამოქვეყნებულია (Цагарели1886:79-80 №29; აღწერილობა 1986(b): 63-79).

Ivir.Geo.29. იოანე ოქროპირი. დაბადების თარგმანება

XI ს. 342 ფ. (ბლეიკის მიხედვით, 348 ფ.); ქაღალდი; 27x172 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; მეორედ მკინძველი: საბა. მთარგმნელი და გადამწერი თეოფილე ხუცესმონაზონი: „ღმერთმან შეიწყალენ ცოდვილი თეოფილჱ ამისი თარგმან-მნუსხველი ოდესმე გლახ რჱცა პროტოსჳნგჱლოსი. უფალო ღმერთო, წყალობა აურაცხჱლო, ცოდვანი შემინდვენ და სული ჭირვეული შეიწყალე თუ რა სხ...ი...ვე სამ...ოებ ...ლს“ (288r). საკითხავების დასასრულს იკითხება მთარგმნელისა და გადამწერის არაერთი ანდერძ-მინაწერი (Цагарели 1886: 93 №81; ოთხმეზური 2016: 287).

Ivir.geo.36. მეტაფრასული კრებული

XI ს.-ის II ნახევარი. 205 ფ.; 26,8x16,2 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ყდა შავი ტვიფრული ტყავისა; გადამწერი უცნობია. ნოემბრის მეტაფრასულ კრებულში შესულია თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანები. ხელნაწერი თავნაკლულია, იწყება 6 ნოემბრით. იგი აგრძელებს Ivir.Geo. 37-ის მასალას, მაგრამ ეს ორი წიგნიარ წარმოადგენს ერთი ხელნაწერის ნაწილებს, რაზეც, უპირველესად, მოგვანიშნებს ამ ორი კრებულის საწერი მასალის სხვაობა. კრებულების სხვა სახის განსხვავებების შესახებ წარმოდგენილია ნოემბრის თვის მეტაფრასული კრებულის გამოცემაში (ახობაძე 2017: 10-12);

Ivir.Geo.37. მეტაფრასული კრებული

XI ს.-ის II ნახევარი. 22 ფ.; ეტრატი; მოყავისფრო მელანი; სათაურები სინგურით. რ. ბლეიკი ხელნაწერს ათარიღებს დაახლოებით 1080 წ-ით. კრებულში შედის 1-5 ნოემბრის საკითხავები, უძღვის „ზანდუკი“, რომელიც აერთიანებს Ath. 37 და Ath. 36 ნუსხებში წარმოდგენილ თხზულებებს (ორი კრებულის მიმართებაზე იხ. Ivir.Geo 36). საკითხავები მოიცავს 1-5 ნოემბრის მასალას. მთარგმნელი და გადამწერია თეოფილე ხუცესმონაზონი. ნოემბრის მეტაფრასი გამოცემულია (ახობაძე 2017).

Ivir.Geo.7. აგიოგრაფიული კრებული

XII ს. 04+338 ფ.; ქაღალდი; 36x22,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ჰყავს ორი გადამწერი: სიმეონ ხერკელი და ანონიმი. კრებული აერთიანებს დეკემბერ-აგვისტოს 34 საკითხავს – აგიოგრაფიულ, ჰომილეტიკურ ტექსტებს, იოსებ არიმათიელის ავტორობით ცნობილი ლუდიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დაფუძნების აპოკრიფს. კრებულში შემავალი თხზულებების მთარგმნელები არიან ეფთვიმე და გიორგი ათონელები, თეოფილე ხუცესმონაზონი. აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ნაწილში წარმოდგენილი არიან ავტორები: იოვანე დამასკელი, ამფილოქე იკონიელი, ეპიფანე კვიპრელი, ლეონტი ნიკოპოლელი, ანდრია კრიტელი, იოვანე ოქროპირი, გიორგი ნიკომიდიელი და მათი თხზულებები. აგიოგრაფიული ტექსტების უმეტესი ნაწილი კიმენური რედაქციისაა. ზოგადად, ქართული ხელნაწერი წიგნის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ კრებულში შესული იოსებ არიმათიელის ავტორობით ცნობილი აპოკრიფის ბერძნული და სხვაენოვანი რედაქციები არ იძებნება, თხზულებამ მხოლოდ ქართული ადრებიზანტიური (Ivir.Geo.9, ხეც A-249) და გიორგი ათონელისეული თარგმანებით მოაღწია (ჩხიკვაძე 1997:60-66, Tchkhikvadze 1997:179-191). ტექსტები გაწყობილია კალენდარზე, იწყება შობის საკითხავით, მოსდევს თებერვალ-აგვისტოს მასალა. ყველაზე სრულად წარმოდგენილია თებერვლის თვე, დანარჩენი თვეები - გამოკრებით. იწყება შობის საკითხავებით. ხელნაწერს აღმწერლები XIII, XIII-IV სს-ით ათარიღებდნენ (Blake 1931-1932:305-308; Цагарели 1986:85 №61). თუმცა, ათონის მთის სააღაპე წიგნის მიხედვით, კრებულის გადამწერი სიმეონ ხერკელი – „...ხერკელი მომიხსენეთ ამის დამწერელი (228r)“ – XII ს.-ის მოწესეა ( მეტრეველი 1998: 135,193,300).

Ivir.Geo.2. მეტაფრასული კრებული

XII-XIII სს 253 ფ.; ქაღალდი; 36,5x26,5 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; მოშავო ტყავის ყდა; ნაკლული; გადამწერი უცნობია. კრებულში შესულია დეკემბრის თვის 21 საკითხავი, იწყება 4 დეკემბრით. გაერთიანებულია ეფთვიმე ათონელის, ეფრემ მცირის, თეოფილე ხუცესმონაზვნის, დავით ტბელის, არსენი იყალთოელისა და იოვანე პეტრიწის თარგმანები. ზოგ თხზულებას მიწერილი აქვს მთარგმნელის სახელი. კრებული აღწერილი და შესწავლილია (Цагарели1886: 85 №63; აღწერილობა 1986(b): 16-28).

Ivir.Geo.14. გრიგოლი ნოსელი. თხზულებანი

XVI ს. 373 ფ.; ქაღალდი; 31x22,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; თავბოლონაკლული. გადამწერი უცნობია. კრებულში შედის გრიგოლ ნოსელის „სიტყვანი“, „ეპისტოლეები“, „შესხმანი“ , ბასილი დიდის „ექვსთა დღეთათჳს“, რომელიც მოსდევს ბასილი დიდის გრიგოლ ნოსელისეულ შესხმას, გრიგოლ ნოსელის „დაბადებისათჳს კაცისა“ და ბასილი დიდის დასახელებული თხზულების გრიგოლ ნოსელისეული განმარტება „ პეტრეს მიმართ ძმისა თჳსისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“. თხზულებებს წინ უძღვის ზანდუკი. კრებული უნდა წარმოადგენდეს გრიგოლ ნოსელის გიორგი ათონელისეული თარგმანების შემცველი ნუსხიდან Ivir.Geo.49 გამოკრებილ წიგნს. კრებული შესწავლილია, მასში შემავალი ეგზეგეტიკური თხზულებები გამოცემულია (Цагарели 1886: 94 №84; ჭელიძე 1989: 192-243; კოჭლამაზიშვილი 2009; ნოსელი 2009; რუხაძე 2010; ოთხმეზური 2016: 283-284).

გიორგი ათონელის რედაქციის ლიტურგიკული/ჰიმნოგრაფიული კრებულები

Ivir.Geo.60. საწელიწდო სახარება

1043 წ. 163 ფ.; ეტრატი; 20,5x14,8 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; აქვს შავტყავგადაკრული ტვიფრული ყდა ჯვარცმისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით. გადამწერები და შემმოსველები: მიქაელი და გიორგი. გადაწერის ადგილი: ივირონი. საწელიწდო სახარება კონსტანტინეპოლური რედაქციისაა, შედგენილია „წესისაებრ სოფიაწმიდისა და ასტუდიისა და ყოველთა ეკლესიათაებრ საბერძნეთისათა“. წიგნების შედგენა-გამრავლებას ქართული საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების ნორმატიული ორგანიზაციის მნიშვნელობა რომ ჰქონდა, ამის დასტურს წარმოადგენს, თუნდაც ხარტულარის , ანუ, ფაქტობრივად, სამონასტრო დოკუმენტაციისა და წიგნსაცავის მცველის მონასტრის წინამძღვრად დადგინების ფაქტიც. ხელნაწერი გადაწერილია 1043 წელს: „ხოლო დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი და შეიმოსა ჴელითა ძმათა სულიერთა მიქაელ და გიორგისითა. ქრისტემან სასყიდელი მიაგენ შრომისა მათისაჲ, ამენ ქორონიკონი იყო სჲგ.“ წიგნს ერთვის არაერთი გვიანდელი მინაწერი (Цагарели 1886: 75 №5).

Ivir. Geo. 76. სტიქარონების კრებული

XI ს. 40-იანი წლები. 20 ფ.; ეტრატი; 21,5x16,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; მარტი-ივლისი გამოკრებილi სტიქარონების ნაკრები. გიორგი ათონელის ავტოგრაფული ნუსხა მისივე რედაქციისა. იწყება 9 მარტის საგალობლებით და თავდება 2 ივლისის არასრული მასალით. რ. ბელიკის მიხედვით, ეს კრებული ნაწილია გიორგი ათონელის მიერ შედგენილი და 1040 წელს გადაწერილი სვინაქსრისა Ivir.Geo 30 (Цагарели1886: 81 №36).

Ivir.Geo.30. დიდი სვინაქსარი

XI ს. 1071 წ. 428 ფ.; ეტრატი; 25,3x18,9 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, წითლით. გვიანდელი ყდა. 2 გადამწერი: უცნობი და ევსტრატი დეკანოზი. მომგებელი: გიორგი ოლთისარი; გადაწერის ადგილი: ივირონი. გიორგი ათონელის რედაქციის სვინაქსარი, რომელშიც წარმოადგენილია როგორც სტუდიური, ასევე საბაწმინდურ-იერუსალიმური ჰიმნოგრაფიული მასალა. სვინაქსარი შემადგენელი ნაწილების თანამიმდევრობით განსხვავდება XI ს-ის სხვა სვინაქსარებისგან. ტექსტს ახლავს გიორგი ათონელისა და ევსტათი დეკანოზის ანდერძები, ასევე გვიანდელი მინაწერები. ნუსხა შესწავლილია, ტექსტი და ანდერძები გამოცემულია (დოლაქიძე 2017; აღწერილობა 1986: 87-92) (Цагарели1886: 79 №28).

Ivir.Geo.54. თვენი

1076 წ. 287 ფ.; ეტრატი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. გიორგი ათონელის რედაქციის ოქტომბერ-ნოემბრის თვენი. ორი გადამწერი: ოქტომბრის თვისა – ზოსიმე და ნოემბრის თვისა – ანონიმი. გადაწერის ადგილი: ივირონი. თვენი იწყება 6 ოქტომბრიდან. ოქტომბრის თვის შემდგომ დართულია გიორგი ათონელის, გრიგოლ ხახულელისა და გადამწერ ზოსიმეს ანდერძები (ჯღამაია 1986: 83; 1998: 477). ანდერძები, გადამწერის ანდერძის გამოკლებით, მეორდება ნოემბრის თვის მასალასთან. ათონური თვენი სხვაობს გიორგი ათონელის რედაქციის იერუსალიმური Jer. Geo.124-გან. Ivir. Geo. 54-ში შესულია კანონი, რომელსაც ეწოდება მეხურნი. ტერმინი შესწავლილია (ჯანაშვილი 1891:42; Марр 1912:53;1916: 45; ჟორდანია 1956: 55; გვახარია 1970: 45; კეკელიძე 1980: 604-606; ჯღამაია 1962 : 70, მეტრეველი 1971: 050, 2007: 30-51).

Ivir.Geo.24. პარაკლიტონი

1077 წ. 234 ფ.; ეტრატი; 30x21 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულით, წითლით. მაგარი ტყავის ყდა; გადამწერი: კვირიკე დიაკვანი; შემმოსველი: სვიმონ თავშიშველი. გიორგი ათონელის რედაქციის პარაკლიტონის გადაწერის შესახებ ცნობები დაცულია ანდერძში: „...დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი, სამკაული წმიდისა ეკლესიისა ახალი და ყოვლითურთ უნაკლულოჲ, თარგმნილი ღმრთივ-სანატრელისა წმიდისა მამისა გიორგისი მთასა წმიდასა ათონას, ლავრასა შინა დიდებულსა ქართველთასა, ჴელითა ყოვლად უღირსისა და ცოდვილისა კჳრიკე დიაკონისაჲთა; დასაბამითგანსა წელთა ხქპგ., ქრონიკონსა სჟზ-სა... ლავრასა ამას ჩუენსა ზედა წინამძღურობასა გიორგი ოლთისარისასა. ხოლო ისყიდა წმიდაჲ ესე წიგნი საფასოჲთა და განძითა აბაზ ბაკურიანისძისაჲთა. ღმერთმან ბევრ-წილად მიაგებენ სულსა მისსა, ამინ“ (217r).

Ivir.Geo.55. თვენი

1080-1085 წწ. 219 ფ.; (ბლეიკით 216 ფ.); ეტრატი; 20,8x16,6 სმ; ნუსხური; ყავის- ფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; ტექსტის სათაური და დასაწყისი დეკორირებულია. ყდა შავი ტყავისა. გადამწერი: ანონიმი, გადაწერის ადგილი: ივირონი. ხელნაწერი თარიღდება ანდერძში დასახელებული ივირონის წინამძღვარ ნიკოლა პროტოსვიტერის ზეობის წლებით (1080-1085). კრებულში შესულია გიორგი ათონელის რედაქციის თებერვლის თვენი, რომელიც ასახავს ამ რედაქციის ფორმირების ეტაპებს. ანდერძის თანახმად, ნუსხა სხვა კრებულებში გადაწერილი თარგმანებით შევსებულია გიორგი ათონელის თხოვნით (ჯღამაია 1986: 83-100). ხელნაწერი აღწერილია, ანდერძი გამოქვეყნებულია (Цагарели 1886: 80 №30; ჯღამაია 2017: 11-12).

Ivir.Geo.39. ჰომილეტიკური კრებული

XI ს. 132 ფ. (ბლეიკით 126 ფ.); ეტრატი; 24,5x18,5 სმ.; ნუსხური; რუხი ფერის მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; შავი ტყავის ტვიფრული ყდა; გამოიყოფა სამი ხელი: ორი ანონიმისა, მესამე - გიორგი ათონელისა. კრებული თავნაკლულია. იგი აერთიანებს ეფთვიმე და გიორგი ათონელების თარგმნილ თხზულებებს. იწყება ტიმოთე საკვირველმოქმედის კიმენური „ცხოვრების“ ფრაგმენტით. აღნიშნული თხზულება შესწავლილი და გამოცემულია (კეკელიძე 1940:9-151). „ცხოვრებას“ მოჰყვება გიორგი ათონელის თარგმნილი ეპიფანე კვიპრელის „საღმრთოთა ჴორცთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა დაფლ- ვისათჳს და იოსებისათჳს არიმათიელისა და ნიკოდიმოსისათჳს“. თხზულება გვხვდება „ათონის მრავალთავის“ სახელწოდებით ცნობილ Ivir.Geo 11-ში, თუმცა, ამ კრებულში განსხვავებული დასათაურებით შესული კვიპრელის საკითხავი ადრებიზანტიურ თარგმანს წარმოადგენს. Ivir. Geo.39-ის მომდევნო საკითხავები ეფთვიმე ათონელისეული თარგმანებია თხზულებებისა: პავლეს ეპისტოლეთა კირილე ალექსანდრიელისეული თარგმანება (კეკელიძე 1972: 178-239; 1980:199; კოჭლამაზაშვილი 2003) და გრიგოლ ნოსელის „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“ (ზვიადაძე 2011). ხელნაწერი აღწერილია (Цагарели 1886: 81 №39).

Ivir.Geo.43. პარაკლიტონი

I ს.185 ფ.; ეტრატი; 23,5x18 სმ; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები მთავრულად და წითელი მელნით. გიორგი ათონელის პარაკლიტონის პირველი რედაქცია. შეიცავს ორ ფრაგმენტს, რომლებიც პარალელს პოულობენ გიორგი ათონელის რედაქციის თვენსა და დიდ სვინაქსარში. ხელნაწერში დასტურდება ორიოდე მინაწერი მამა გრიგოლის მოხსენიებით. პარაკლიტონს არ შემორჩა გადამწერის ანდერძი (Цагарели 1886: 77 №15).

Ivir.Geo.44. პარაკლიტონი

XI ს. დასაწყისი. 185 ფ.; ქაღალდი; 25,8x18,5 სმ.; ნუსხური; მოშავო-ყა- ვისფერი მელანი, საზედაო ასოები მთავრულით, ღია წითლით. პარაკლიტონის პირველი რედაქცია.

Ivir.Geo.45. პარაკლიტონი

XI ს. 310 ფ.; ეტრატი; 29x22 სმ.; ნუსხური; აბზაცების სათაურები მთავრულით. ხელნაწერი ნაკლულია. წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციის პარაკლიტონის ავტოგრაფულ ნუსხას; გადაწერილია: შავ მთავზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში. კრებულს ერთვის გიორგი ათონელის ვრცელი ანდერძი, რომელშიც განმარტებულია პარაკლიტონის შედგენის პრინციპები. მოგვყავს ფრაგმენტი: „დაესრულა ახალთარგმნილი ესე პარაკლიტონი თარგმნით და ნუსხვით ჴელითა ჩემ გლახაკისა გიორგისითა ხუცესმონაზონისაჲთა მთასა საკჳრველსა, ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისასა, ქრონიკონსა [ ] დასაბამითგანთა წელთა ექუს ათას ხუთას სამეოცდა [ ].“ ანდერძში არაა მითითებული ქორონი- კონის წლები (Цагарели1886: 77 №17).

Ivir.Geo.49. კრებული

XI ს. 207 ფ.; ეტრატი; 24,5x118,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით; თავბოლონაკლული. რ. ბლეიკის აზრით, ხელნაწერში გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფი უნდა იყოს (Blake 1933-34: 241). კრებული შეიცავს გრიგოლ ნოსელის 9 ჰომილეტიკურ და 6 არაჰომილეტიკურ თხზულებას (ნოსელი 2003; 2004; კოჭლამაზაშვილი 2006: 3-27; 2009(a); ბუკია 2004: 5-29). იწყება იგი 3 არაჰომილეტიკური სიტყვით, რომელთაც მოჰყვება მისივე 9 ჰომილია, შემდგომ მოსდევს ნეკტარი კონსტანტინეპოლელის, ათანასე ალექსანდრიელის, ოანიკე მონაზვნის, თალასი მონაზვნის თხზულებები, გრიგოლ ღვთისმეტყველის „ბასილი დიდის ეპიტაფია“ და ბასილი დიდის „ექვსთა დღეთათვის“, გრიგოლ ნოსელის სამი არაჰომილეტიკური სიტყვა (ჭელიძე 1989: 194-412) და ბასილი დიდის სახელით შეტანილი ბასილი ანკვირიელის „ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა ჭეშმარიტისა უხრწნელებისა“ ფრაგმენტი. ტექსტი შესწავლილი და გამოცემულია (შათირიშვილი 2016). კრებული გიორგი ათონელის რედაქციისაა (მელიქიშვილი 2012(b): 364-365).

Ivir.Geo.52. თვენი

XI ს.; 288 ფ.; ეტრატი; 21,8x16,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით, ბოლონაკლული. გიორგი ათონელის რედაქციის ნოემბერ-დეკემბრის თვენი. ბლეიკის თვალსაზრისით, კრებული გიორგი ათონელის ავტოგრაფული ნუსხაა. ამავე ხელითაა ნაწერი 1040 წლის Ivir.Geo.76. (Цагарели 1886: 81 №39; Blake 1933-1934: 244).

Ivir. Geo. 58. სტიქარონთა კრებული

XI ს. 194 ფ.; ეტრატი; 20x15,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. კრებული მოიცავს 23 სექტემბრიდან 24 მაისის ჩათვლით სტიქარონებს. ამ კრებულის დასაწყისია Ivir.Geo.73, რომელშიც წარმოდგენილია 1-22 სექტემბრის სტიქარონები. მასალი თანამი- მდევრობის გამო ვურთავთ საერთო კომენტარს. იხ. Ivir.Geo.73 (ბლეიკის აღწერილობაში Ivir.Geo 58 ფიქსირებულია 57 ნომრით. შდრ.: Blake 1933-1934: 248-249).

Ivir.Geo.59. მარხვანი

XI ს. 212 ფ.; ეტრატი; 21,2x17 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; აბზაცების სათაურები და დასაწყისები სინგურით. ნაკლული. თავში 2 რვეული გვიანდელი ნუსხურითაა ნაწერი, ზოგიერთი ფურცელი პალიმფსესტია, რომლის ქვემო ფენა ნუსხურია. გადამწერი: ბასილი, II გადამწერი უცნობია. მარხვანი გიორგი ათონელის რედაქციისაა.

Ivir.Geo.65. თვენი

XI ს. 325 ფ.; ეტრატი; 21,9x16,9 სმ; ნუსხური; შავი მელანი; დღესასწაულის სახელწოდებები, ტექსტის დასაწყისები, ძლისპირთა და ღმრთისმშობლისას დასაწყისები მთავრულით და სინგურით; სინგურითვე განკვეთის ნიშნები. იანვარ-თებერვლის გიორგი ათონელის რედაქციის თვენი. ნაკლული; გამოიყოფა ორი ხელი. კრებულს წინ უძღვის ზანდუკი. ხელნაწერში გვხვდება გიორგი ათონელის განმარტებითი შენიშვნები. თვენი ავლენს თანხვედრას X ს.-ის იადგარებთან (ჯღამაია 1961: 33-57; 2007: 18;), ასევე დასტურდება იოვანე მინჩხის საგალობლები (ხევსურიანი 2008:242). იანვრის თვენი გამოქვეყნებულია (თუენი 2004: 3-547). კრებულს ახლავს გიორგი ათონელის ვრცელი ანდერძი, რომელშიც საუბარია თითოეული თვის თვენის შედგე- ნა-შევსების პრონციპებზე, იმ დედნებზე, რომლებიც ათონელ მოღვაწეს ხელთ ჰქონია. ანდერძი გამოქვეყნებულია (Blake 1933-1934: 256; ჯღამაია 2007: 464-465). გიორგი ათონელი საკუთარი თვენის წყაროდ მიუთითებს ანტიოქიურ, ანუ შავი მთის ბერძნულ ხელნაწერებს: „ერთი დედაჲ პეტრე წმიდისაჲ მყვა ანტიოქიით და ერთი სჳმეონწმიდით, ორნივე ბერძულნი, სახელოანნი და წმიდანი“ (169r) (Цагарели1886: 80 №65).

Ivir.Geo.69. თვენი

XI ს. 190 ფ.; ეტრატი; 20x15,2 სმ.; ნუსხური; მორუხო ყავისფერი მელანი; სათაურები და დასაწყისები სინგურით. წარმოადგენს გიორგი ათონელის ავტოგრაფულ ნუსხას, რომელშიც შესულია მისივე რედაქციის ნოემბრის თვის საგალობლები. კრებული ძლიერაა დაზიანებული, ბევრი ფურცელი არ იკითხება. ტექსტს ერთვის კომენტარები ამა თუ იმ საგალობელთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ათონელ მოღვაწეს კრებულში შეუტანია ან გამორჩენილი და ან თვენის შედგენისას მისთვის უცნობი საგალობლები: „ესე რომელ გინა და გურჩომოდეს, გინა ვერ გუეპოვნა, ესე რა სრულ იქმს უფალი, ამენ“ (130v). ნოემბრის თვენსა და საგალობლებს მოსდევს სხვა ხელით გადაწერილი ცისკრად საგალობელი სავედრებელი ტროპარები, ანუ „გამოავლინენი“. კრებულს ერთვის გიორგი ათონელის ანდერძი, რომელიც გამოქვეყნებულია (Цагарели 1886: 80 №32; Blake 1933-1934: 256; ჯღამაია 2017: 466 ).

Ivir.Geo.70. თვენი.

XI ს. 198 ფ.; ეტრატი; 30x48,5 სმ; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; გამოიყოფა ორი ხელი. პირველი ხელი გიორგი მთაწმიდელს ეკუთვნის და კრებულის ეს ნაწილი ავტოგრაფულია. კრებულში შეტანილია მარტი-აპრილის საგალობლები. საინტერესოა, რომ Ivir.Geo 69-ის მსგავსად, გამორჩენილი მასალა გიორგი ათონელს შეაქვს შემდგომ შესაბამისი კომენტარის დართვით, მაგალითად, მარტის თვის დასასრულს გვხვდება 1-ლ მარტს საკითხავი ტექსტი შემდგომი კომენტარით: „თუესა მარტსაა, წმიდისა ევდოკიაჲსი. ესე დამრჩომოდეს (99v). გიორგი ათონელისავე ხელით სწორებები შეტანილია მეორე გადამწერის ტექსტში ( Цагарели1886: 81 №37).

Ivir.Geo.73/58. სტიქარონთა კრებული

XI ს. 199 ფ.; 20,2x15 სმ.; ეტრატი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და დასაწყისები სინგურით; მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა. გადაწერის ადგილი: ივირონი. ხელნაწერში Ivir.Geo. 58-თან ერთად შესულია გიორგი ათონელის რედაქციის სტიქარონები 1 სექტემბრიდან 24 მაისის ჩათვლით. გიორგი ათონელის ავტოგრაფია. წიგნი ნაკლულია. საინტერესოა გიორგი ათონელის ანდერძი, რომელშიც საუბარია სტიქარონთა კრებულის შედგენის პრონციპებზე: „ ... ხოლო აქა სტიქარონნი საუფლოთა დღესასწაულთანი და საჩინოთა წმიდათანი: სეკდენბერი, ოკდონბერი, ნოენბერი, დეკენბერი, იანვარი, ფებერვალი, მარტი სუბუქადრე, აპრილი სუბუქადვე და ეგრეთვე მაისი და ეგრეთვე ივნისი და ეგრეთვე ივლისი და ეგრეთვე აგჳსტოსი. და კუალად მარტისავე იწყებს და უვრცელესადრე სრულ-ჰყოფს ამათ ექუსთა თუეთა: მარტსა, აპრილსა, მაჲსსა, ივნისსა, ივლისსა და აგჳსტოსსა და ესრეთ სრულ იქმნების წიგნი...“(3r). ანდერძი გამოქვეყნებული (ლოლაშვილი 1982: 9; ჯღამაია 2007: 468).

Ivir. Geo.74. თვენი

XIს. 8 ფ.; ეტრატი; 8x15,5 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მაისის თვენის ფრაგმენტია. პალეოგრაფიული ნიშნებით XI ს-ის ხელნაწერია, მიახლოებულია გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფულ ნუსხასთან. საინტერესოა, რომ თვენში შეტანილია იერემია წინასწარმეტყველის ძველი და გიორგი ათონელისეული თარგმანები. ბლეიკის მიხედვით, ხელნაწერი XII-XIII სს-ითაა დათარირებული (Blake 1933-1934: 257).

Ivir.Geo.78. სამოციქულო

XI ს. 231 ფ.; ეტრატი; 17,5x13,6 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და მუხლების დასაწყისები მთავრულით, წითელი მელნით; დაზიანებული ყდა. გადამწერი: ნიკოლა. სამოციქულო გიორგი ათონელის რედაქციისაა. მასში შესულია: „პირველი სიტყუაჲ საქმისათჳს მოციქულთაჲსა და უწყებაჲ განწესებისათჳს თავთაჲსა“; „.სიტყუაჲ ბ. წიგნისა ამისთჳს, რომელ არს საქმე მოციქულთაჲ“; „.გ. „მიმოსლვაჲ პავლესი“; დ. „განწესებაჲ თავთა წმიდათა მოციქულთა საქმისაჲ“; ე.„სამოციქულოთა ამათ ეპისტოლეთა თავ-თავოანად განყოფაჲ რიცხუიდამ“; კათოლიკე და პავლეს ეპისტოლეთა თავების დასახელება; 7 პატარა კათოლიკე ეპისტოლე და პავლეს ეპისტოლეები. ევთალეს სტიქომეტრიას ახლავს გიორგი ათონელის განმარტებითი მინაწერი: „ხოლო ამიერითგან აღვწერო სამოციქულოთა ამათ ეპისტოლეთა თავ-თავოანად განყოფაჲ რიცხუიდამ, რაჲთა რომელიცა ვითარ სიტყუაჲ უნდეს აღმოკითხვად, უშრომელად პოოს რიცხჳთა თჳთოეულსა ეპისტოლესა შინა. ხოლო არს რიცხუსაცა ამას შინა თავთაჲსა კერძო განყოფილებაჲ თჳნიერ რიცხუთაჲსა, რომელსა ზედა ნიშნად გამოსახულ არს მასკულავი, რაჲთა საცნაურ იქმნას განყოფილებაჲ სიტყჳსა და ძალთაჲ...“(85v-86r). ტექსტის დასასრულს აკრისტიქული ლექსია, რომელიც გამოქვეყნებულია (აბულაძე 1950: 24-25). ხელნაწერის დასარულს ტექსტის ხელით შესრულებული ანდერძის გვაწვდის ცნობას სამოციქულოს ქართული თარგმანის ისტორიიდან: „ლოცვა ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ღმერთშემოსილისა მამისა გიორგისთჳს, რომელმან წმიდაჲ ესე და ქრისტეანობისა წინამძღუარი წიგნი განაახლა და თარგმნა.“ რ. ბლეიკის თვალსაზრისით, ნუსხას გიორგი ათონელის ავტოგრაფია (Blake 1933-1934: 261), თუმცა ეპისტოლეთა გამომცემლები კრებულის გადამწერად მოიხსენიებენ ანდერძსა და არაერთ მინაწერში დასახელებულ ნიკოლას (ძოწენიძე 1974:016-017): „ჩემთჳს, გლახაკისა ნიკოლაისა, ლოცვა ყავთ, წმიდანო მამანო, რამეთუ ფრიადითა წადიერებითა მოვიგე საუნჯე ესე ყოვლისა კეთილისაჲ, რაჲთა იჴსნას ღმერთმან სული ჩუენი სატანჯველთაგან საუკუნეთა და იქმნას სასყიდელი სიყუარულისა მის, ამინ...“ (231r). ამ ათონური ხელნაწერის ტექსტი გათვალისწინებულია პავლენის კრიტიკულ გამოცემაში (ძოწენიძე 1974). ხელნაწერი აღწერილია (Цагарели 1886: 77 №12).

Ivir.Geo.34. ზატიკი

XI-XII სს. 235ფ.; ეტრატი; 25x20,5 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო შავი მელანი. გადამწერი: გრიგოლი; მკაზმველი: სუიმონი; გადაწერის ადგილი: ივირონი. გიორგი ათონელის რედაქციის კრებული; ავტოგრაფული ნუსხის ზუსტი ასლი (ხევსურიანი 2008: 234). ხელნაწერი ძირითადად მიჰყვება გიორგი ათონელის რედაქციის ნუსხას Ivir.Geo.63, თუმცა მისგან განსხვა- ვებით Ivir.Geo.34-ში არ არის შეტანილი იოანე დამასკელის სააღდგომო კანონის გიორგი ათონელისეული თარგმანი. იგი ჩაანაცვლა ეფრემ მცირისეულმა თარგმანმა. ხელნაწერს ერთვის გვიანდელი მინაწერები. გადამწერის ანდერძი: „ესე ზატიკნი წმიდისა მამისა გორგი მთაწმიდელისა თარგმნილისაგან დაიწერნეს... ვითა დედასა შინა მიპოვნია, არაჲ შემიცულია...ამისთჳს მეცა, უღირსი და ცოდვილი ესე ბერი გაბრიელი ვითხოვ თქუენგან ლოცვასა...დაიწერნეს წმიდანი ესე ზატიკნი მთაწმიდას, ქართველთა მონასტერსა წინამძღურობასა მამისა ნიკოლოზი საბრძანებითა მისითა დიდისა ეკლესიისათჳს...“ (235r-v).

Ivir.Geo.51. თვენი

XI-XII სს. 121 ფ.; ეტრატი; 22,5x19,5 სმ.; ნუსხური; დასაწყისები და საზედაო ასოები მთავრულით. გიორგი ათონელის რედაქციის იანვრის თვენი. ნაკლული. იწყება 15 იანვრის საგალობელთა ნაწილით და წყდება 29 იანვარს წმ. ეგნატეს კანონის „ადიდებდითსაზე“. ეს კრებული აბსოლუტური იდენტურობით არ მიჰყვება გიორგი ათონელის რედაქციის თვენს Ivir. Geo. 65 (Цагарели1886: 78, №21; ჯღამაია 2007: 15,17).

Ivir.Geo.56. თვენი

XI-XII სს. 185 ფ.; ეტრატი; 21x15,5 სმ.; ნუსხური; დღესასწაულის სახელწოდებები და ტექსტის დასაწყისები, ძლისპირთა და ღმრთისმშობლისანის დასაწყისები მთავრულითა და სინგურით. წითელი ხის ყდა. შემკაზმველი: მაკარი ქართველი. გიორგი ათონელის მაის-ივნისის თვენი. ნაკლული. მთავრდება ეფთვიმე ათონელისადმი მიძღვნილი საგალობლით. კრებულს 184v-ზე ერთვის გიორგი ათონელის ანდერძი, რომელშიც საუბარია მაის-ივნისის თვენის წყაროებზე: „დიდებაჲ და მადლი ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა, ამენ. რომლისა შეწევნითა სრულ იქმნა ესეცა თუე ივნისი კეთილად და ბრწყინვალედ და ვრცელად ორთა დედათაგან პეტრეწმიდისა და სჳმეონწმიდისათა, საჩინოთა და სახელოანთა.“ ანდერძი გამოცემულია (ჯღამაია 2007: 466).

Ivir.Geo.61. თვენი

XI-XII სს. 145 ფ.; ეტრატი; 202x51 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ყავისფერი ტვიფრული ყდა. ხელნაწერი ნაკლულია. შემორჩენილია მხოლოდ 39-ე რვეულის ბოლო ფურცელი და 40-57 რვეულები. შეიცავს გიორგი ათონელის რედაქციის აგვისტოს თვენს. იწყება 11 აგვისტოს მასალით. ძირითადად, იდენტურია გიორგი ათონელის რედაქციის იერუსალიმური ნუსხისა Jer. Geo.107, მაგრამ, როგორც ეს დამახასათებელია გიორგი ათონელის რედაქციის კრებულებისთვის, მისი ზოგიერთი განგება არ დასტურდება იერუსალიმურ ნუსხაში. ამავე კრებულში შეტანილიაოვანე მინჩხის საგალობელი (ხაჩიძე 1987: 53-54). XVII-XVIII ს-ში წიგნი შეაკაზმვინა მღვდელმონაზონმა იაკობმა (Цагарели1886: 80 №33).


Ivir.Geo.63. ზატიკი

XI-XII სს. 264 ფ.; ეტრატი; 20,7x15,2 სმ.; ნუსხური; მოშავო მელანი; სათაურები და ტექსტის დასაწყისი ასომთავრულით და სინგურით; ტვიფრული ღია ყავისფერი ყდა. მომგებელი: ბერი კლიმი; შემმოსველი: ბერი თევდორე. წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველში წარმოდგენილია აღვსებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით საგალობელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების რეპერტუარი (კანონები, სტიქარონები, წარდგომანი...), მეორეში – ამავე თანმიმდევრობით მხოლოდ სტიქარონების ნაკრები (ხევსურიანი 2016: 88-109); ხელნაწერი აღწერილია (Цагарели 1886: 78 №20).

Ivir.Geo.80. საწელიწადო სამოციქულო

XI-XII სს. 59 ფ.; ეტრატი; 16,9x12,1 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით, უყდო; ნაკლული. ხელნაწერი შეიცავს გიორგი ათონელის რედაქციის საწელიწდო სამოციქულოს. კრებული ნაკლულია (Цагарели1886: 77 №14).

Ivir.Geo.38. მარხვანი

XII ს. 360 ფ.; ქაღალდი; 30,5x23 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები სინგურით. შავი ტყავის ტვიფრული ყდა. გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანი. ბლეიკი ხელნაწერს XVI-XVII სს-ით ათარიღებს (Blake 1933-1934,228). მაგრამ წიგნის პირველ გვერდზე მინაწერია გიორგი ციხისჯვარელისა, რომლის სულის მოსახსენებელიც ათონის მთის აღაპებში განწესებულია XII ს-ის 50-იან წლებში (მეტრეველი 1998: 254-255), რაც ცვლის ბლეიკისეულ და- თარიღებას ((Цагарели1886: 79 №25).

Ivir. Geo. № 48. თვენი.

XII ს. 192 ფ.; ეტრატი; 23,5x18,5 სმ.; ნუსხური; დღესასწაულის სახელწოდებები, ტექსტის დასაწყისები, ძლისპირთა და ღვთისმშობლისას დასაწყისები მთავრულით და სინგურით; სინგურითვე განკვეთილობის ნიშნები; ნაკლულია. ორი გადამწერი. შემკაზმავი: დიაკვანი ნიოფიტე ლასურისძე. გიორგი ათონელის რედაქციის მაისის თვის თვენი. ეს რედაქცია შესწავლილია (ჯღამაია 2016: 198-204).

Ivir.Geo. 57. თვენი

XII ს. 92 ფ.; ეტრატი; 20,4x16 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და გალობის დასაწყისები სინგურით. (ბლეიკის აღწერილობაში Ivir.Geo. 57 ფიქსირებული 58 ნომრით. შდრ. Blake 1933-1934: 249). გიორგი ათონელის რედაქციის ივნის-იანვრის გამოკრებილი თვენი. ტექსტს ერთვის შენიშვნები საკითხავი ტექსტების მოძიებასთან დაკავშირებით:“სხუაჲ სა- გალობელი ყოველი ნოენბერსაჱ ჰპოო“, თუმცა კრებულში არაა შეტანილი ნოემბრის თვის მასალა. როგორც ჩანს, ცალ-ცალკე წიგნებად გადაწერილი თვენები ერთი დიდი ლიტურგიკული წიგნის ნაწილები, ანუ გაგრძელება იყო. გადამწერმა კარგად იცოდა, რომ ყველა თვის კრებული უნდა ჰქონოდა ხელთ. ხელნაწერს ბოლოს იანვრის მასალას ერთვის 27 ივლისისა და 31 აგვისტოს ხსე- ნებები და გალობები. ეს არაა პირველი შემთხვევა გიორგი ათონელის თვენებს შორის, რაც სწორედ რომ ამ ლიტურგიკული წიგნის შევსების პროცესზე უნდა მიგვანიშნებდეს (Цагарели1886: 81 №35).

Ivir.Geo.64. თვენი

XII ს. 40 ფ.; ეტრატი; 19,5x14 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო შავი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით. შემორჩენილია ხუთი რვეული. გამოიყოფა სამი ხელი. წიგნში შესულია გიორგი ათონელის რედაქციის ივლისის თვენი. კრებული მცირედ სხვაობს გიორგი ათონელის რედაქციის იერუსალიმური ნუსხისგან Jer.Geo.107.

Ivir.Geo. 66. სტიქარონების კრებული

XII ს. 212 ფ.; ქაღალდი; 18x13 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო შავი მელანი; დღესასწაულის სახელწოდებები და ტექსტის დასაწყისები სინგურით; სინგურითვეა შესრულებული ძლისპირთა და ღმრთისმშობლისას დასაწყისებიც. წიგნი წარმოადგენს გი- ორგი ათონელის რედაქციის მთელი წლის სტიქარონების ნაკრებს. ჰყავს ორი გადამწერი, რაც საფუძველს აძლევს რ. ბლეიკს, წიგნი ორი ნაწილისგან შემდგარ კონვოლუტად ჩათვალოს, თუმცა ტექსტებს შორის შინაარსობრივი ბმა ნათელს ხდის, რომ Ivir.Geo.66 ერთიანი ნუსხაა. წიგნი ძლიერაა დაზიანებული, ტექსტის დიდი ნაწილი არ იკითხება. შემონახულია მხოლოდ ოქტომბერ-მაისის სტიქარონები. რ. ბლეიკი ხელნაწერს XVI-XVII სს-ით ათარიღებს, თუმცა პალეოგრაფიული და კოდიკოლოგიური ნიშნების საფუძველზე წიგნი XII ს-ს ვერ გასცდება (Цагарели1886: 8 №44).

Ivir.Geo.35. საწელიწადო სამოციქულო და საწინასწარმეტყველო

XII-XIII სს. 263 ფ.; ეტრატი+ქაღალდი; 24,8x17,8 სმ.; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. ლიტურგიკული კრებული გიორგი ათონელის რედაქციისაა. რ. ბლეიკის აღწერილობის მიხედვით, ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს, 24-34 რვეულები გადაწერილია ქაღალდზე. ბლეიკი აღნიშნავს, რომ ამ ორი ნაწილის გადამწერთა ხელი და მელნის ფერი მცირედ, მაგრამ მაინც სხვაობს ერთმანეთისგან. აღმწერელი ქაღალდზე გადაწერილ ნაწილს ათარიღებს XVI ს-ით (Blake 1933-34: 226). გადამწერის ძლიერ დაზიანებული ანდერძი ერთვის ეტრატზე გადაწერილ ნაწილს (161v-162r). ანდერძში გადამწერის სახელი არ იკითხება. (Цагарели 1886: 76 №9).

Ivir.Geo.46. თვენი

XII-XIII სს. 150 ფ.; ეტრატი; 23,2x16,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; აბზაცების დასაწყისები სინგურით; ნაკლული. რ. ბლეიკის განსაზღვრებით, კრებული შემოკლებული თვენია, რომელიც მოიცავს 25 ოქტომბერ-29 აგვისტოს მასალას. თვენის შესწავლის შედეგები არაა ცნობილი.

Ivir.Geo.47. ლიტურგიკული კრებული

XII-XIII სს. 150 ფ.; ეტრატი; 25,2x16,5 სმ; ნუსხური; შავი მელანი; ფურცლების უმეტესი ნაწილი პალიმფსესტურია. შავი ტყავის ტვიფრული ყდა. კრებულის ზუსტი შედგენილობისა და რედაქციული თავისებურების კვლევის შედეგები არ არის ცნობილი.

Ivir.Geo.71. სტიქარონების კრებული

XII-XIII სს. 171 ფ.; ეტრატი; 20,5x16,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით; სექტემბერ-დეკემბრის სტიქარონების კრებული გიორგი ათონელის რედაქციისაა. თავნაკლულია; იწყება 16 სექტემბრის არასრული საგლობლებით. სათაურით „ძუელნი სტიქარონნი“ გამოყოფილია უძველესი იადგარიდან მომდინარე ფენა (Цагарели1886: 80 №34).

Ivir. Geo. 72. გიორგი მცირე. „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა“

XIII-XIV სს. 04+74 ფ.; ქაღალდი; 21,5x16,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით. ხელნაწერი იწყება „ცხოვრების“ ერთგვარი რიტორიკული შესავლით – გიორგი შეყენებულის მიმართ ეპისტოლით. ტექსტი ნაკლული და დაზიანებულია. „ცხოვრების“ კრიტიკული ტექსტი გამოცემულია (ძეგლები 1967: 101-207), გამოქვეყნებულია რუსული (Сабинин 1872: 161-272) და ლათინური (Peeters 1917-1919: 74-79) თარგმანები. ხელნაწერს ერთვის გვიანდელი მინაწერები (Цагарели1886: 85 №64).

Ivir.Geo.86. ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი

XIV-XV სს. 185 ფ.; ეტრატი; 13,7x9,9 სმ; ნაწილისა 11x7,8 სმ; ნუსხური; რუხი ყავისფერი მელანი; დასაწყისი ასოები და ხმების ნუმერაცია მთავრულით; ტვიფრული ხის ყდა. ხელნაწერი დაწვრილებითაა აღწერილი (აღწერილობა 1986(b):132- 139). ძლისპირთა კრებულების რედაქციები შესწავლილია (Цагарели 1886:81 №45; ინგოროყვა 1965:79-92; მეტრეველი 1971).

Ivir.Geo.26. პარაკლიტონი

XV-XVI სს. 502 ფ.; ეტრატი; 24,2x19 სმ; ნუსხური; შავი მელანი; მომგებელი: გრიგოლ დრელის ძე. გიორგი ათონელის რედაქციის კრებულია. დამკვეთი: გრიგოლ დრელიძე: „...მე, ბერმან ცოდვილმან გრიგოლ დრელისძემან, საქართველოჲთ მოსრულმან წმიდასა ათანას, დავაწერინე ესე რვა ჴმანი ჩემითა ...ქონებითა და მოჭირვებითა ...ჩემსა პორტისს დეკანოზობასა შევწირე ყოვლად წმიდა“ ...(1r). გადაწერის ადგილი: ივირონი. (Цагарели1886: 78 №19).

Ivir.Geo.31.თვენი

XV-XVI სს. 307 ფ.; ქაღალდი; 25,2x19,3 სმ.; ყავისფერი მელანი; სათაურები და დასაწყისები სინგურით; ნაკლული; შავი ტყავის ტვიფრული ყდა. გიორგი ათონელის რედაქციის დეკემბერ-იანვრის თვენი, რომელშიც დასტურდება ამ ლიტურგიკულ წიგნში მოგვიანო ხანაში შეტანილი გარკვეული სტრუქტურული სხვაობები. თვენს გადამწერისვე ხელით დართული აქვს 28 დეკემბრის წმ. თეოდორე საბაწმიდელ ხუცისადმი მიძღვნილი საგალობელი (Цагарели 1886:81 №43).

Ivir.Geo.50. ოქტოიხოსი

XV-XVI სს. 140 ფ.; ეტრატი; 23,7x29 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები წითლით. ხელნაწერი გადაწერილია Ivir.Geo 26-ის მეორე გადამწერის მიერ და წარმოადგენს მის ნაწილს.

Ivir.Geo. 22. თვენი

XVI-XVIIსს. 250ფ.; ქაღალდი; 29,8x 20,8სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით. გადამწერის ანდერძი არ ახლავს. გიორგი ათონელის რედაქციის თვენი შეიცავს ოქტომბრის თვის სრულ მასალას; ნაწერია Ivir.Geo.27-ის ხელით (Цагарели1886:81 №44).

Ivir.Geo.27. თვენი

XVI-XVII სს. 283 ფ.; ქაღალდი; 30x20სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; შავი ყდა. გიორგი მთაწმიდელის რედაქციის 1 – 26 ნოემბრის თვენი. ყოველი დღის განგება კანონის წინ შეიცავს გიორგი ათონელის რედაქციისთვის დამახასიათებელ წარდგომანს (Цагарели 1886: 81 №41).

Ivir.Geo.81.ჟამნი სახარება-სამოციქულოს საკითხავებითურთ

XVII ს. 202 ფ.; ქაღალდი; 16x13,4 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით, შავი ყდა. გადამწერი: იოსები. კრებულს ახლავს გადამწერის ანდერძი და XVIII ს.-ის ორიოდე მინაწერი (Цагарели 1886:77 №16).

ელინოფილური თარგმანები (ეფრემ მცირე)

Ivir.Geo.6.ჰომილეტიკური კრებული

XII-XIII სს. 170 ფ.; ქაღალდი; 37x25,5 სმ.; ნუსხური; ხეზე გადაკრული შავი ხის ყდა; შავი მელანი; სათაურებს უძღვის თავსამკაული სწორკუთხოვანი ჩარჩო ყვავილოვან-ფოთლოვანი სტილიზებური ორნამენტით. შემკაზმველი: ჭუჭაშვილი მიქელ. ხელ- ნაწერი ნაკლულია. საკითხავების რიგითი ნომრის საფუძველზე ჩანს, რომ პირველი 16 თხზულება დაკარგულია. კრებულში შესული ელინოფილური თარგმანი შესრულებულია ეფრემ მცირის (Blake 1931-1932: 313) ან მისი ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლის მიერ (აღწერილობა 1986(b):34). ტექსტებს ახლავს სასვენი და მარგინალური ნიშნები, „შეისწავეები“. კრებულში შედის იოანე ოქროპირის 17 ჰომილია, რომელთა იდენტიფიკაცია, ტექსტის დაზიანების გამო, შეუძლებელია (Blake 1931-1932: 25). დღეს შემორჩენილი კრებულის მესამე ჰომილიას დასათაურების გარეშე, როგორც მისი ერთი ადგილის განმარტება, მისდევს გრამატიკული ხასიათის ტრაქტატი ბერძნულ ართრონთა შესახებ (შანიძე 1971(a): 114; 1979:56). ტრაქტატის სათაური აღდგენილია სხვა ქართულ ხელნაწერთა მიხედვით (აღწერილობა 1986(b): 31). თანადროული ანდერძები დაკარგულია, ერთვის გვიანდელი მინაწერები (Цагарели 1886: 94 №85).

Ivir.Geo.18. სამოციქულოს თარგმანება. ეფრემ მცირისეული თარგმანი

XV-XVI სს. 128 ფ; ქაღალდი; 34x23,5 სმ., ნუსხური; შავი მელანი; ქვესათაურები და საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით; თავსა და ბოლოში ჩაწყობილია ორი სხვახელნაწერის ფრაგმენტები: I. 5 ფ, 33x23 სმ. ქაღალდი; შავი მელანი; ნაწერია ნუსხურით; ფრაგმენტი წარმოადგენს გრიგოლ ნოსელის „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (კოჭლამაზაშვილი 2001: 335-336); II. 6 ფ.; ქაღალდი, 25,5x17,5 სმ.; ნუსხური. ფრაგმენტზე დაცულია პარაკლიტონის ტექსტი Ivir.Geo.26-დან. ხელნაწერი თავნაკლულია. მასში შესულია იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან გამოკრებილი სამოციქულოს კატენური განმარტება, ქართულად თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ; ეფთვიმე ათონელის თარგმანი კირილე ალექსანდრიელის „სხჳსა ვისმე ებისკოპოსისაჲ მიმართ“. ტექსტებს ერთვის ეფრემ მცირის კომენტარები, ანუ „შეისწავეები“ და ვრცელი ანდერძი სამოციქულოს თარგმანთან დაკავშირებით. ხელნაწერი შესწავლილია, ანდერძი გამოქვეყნებულია (Цагарели 1886:93 №82; დანელია 1974: 27-42; თვალთვაძე 1995: 345-361; 1988: 213-221; 2009: 210-211; კოჭლამაზაშვილი 2003: 3-302). ტექსტები გამოცემულია (ჭელიძე 1989: 192-243; კოჭლამაზიშვილი 2003; 2000-2006-2010).

Ivir.Geo.23. ეფრემ ასურის სწავლანი

[XVI-XVII სს]. 174 ფ.; ქაღალდი; 31x19,5 სმ.; შავი მელანი; ხის ტყავგადაკრული ყდა. კრებული შეიცავს ეფრემ ასურის ჰომილიათა ეფრემ მცირისეულ თარგმანებს, რომლებიც ქართველ მთარგმნელს გაერთიანებული აქვს „ასკეტიკონის“ სახელწოდებით 2 წიგნად დაყოფილ კრებულში. ამ ხელნაწერის 16 ჰომილია არის „ასკეტიკონის“ პირველი წიგნის - „ეფრემ პირველის“ ნაწილი. კრებული დაზიანებულია, არ შემოუნახავს ანდერძ-მინაწერები (Цагарели1886: 94 №83).


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები