მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი − (ინგლ. Icon Cathedral of the Virgin of Iveria), ქართული ხუროთმოძღვრების უახლესი ძეგლი, კათედრალური ტაძარი. მდებარეობს ქ. თბილისში, მახათას მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, კარიბჭე სამრეკლოთი, წყალკურთხევის პავილიონი, მღვდელმსახურთა სახლი, საპატრიარქო რეზიდენცია, მონასტრის ეკლესია, სატრაპეზო, მომლოცველთა სასტუმრო, ბერების სენაკები, სამეურნეო სათავსები, ქვაზე და ხეზე კვეთის, ხატწერისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, ღვთისმშობლის მუზეუმი და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობანი.

ისტორია

მთავარი კათედრალური ტაძარი ნაწილია სამონასტრო კომპლექსისა, რომლის მშენებლობა მახათას მთაზე 2002 წელს დაიწყო და პირველი ნაგებობა – იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სამონასტრო ეკლესია 2006 წელს აიგო. კათედრალის მშენებლობისათვის 2010 წელს შეიქმნა ფონდი „ივერიისა“ (ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე, დირექტორი გურამ ახალაია, მენეჯერი ირაკლი ქვარაია), რომლის შემოსავლის წყარო მოქალაქეთა შემოწირულობები იყო (მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ). ტაძრის საძირკვლის კურთხევა მოხდა 2011 წლის 21 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ხოლო მშენებლობა დაიწყო 2012 წლის 17 აპრილს და დამთავრდა 2018 წლის ბოლოს (არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძე).

აღწერილობა

ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ტრადიციების გათვალისწინებით აგებული გუმბათოვანი ტაძარი, სიდიდით მეორეა საქართველოში (წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ). მისი სიმაღლეა 51 მ, მაქსიმალური ზომები გეგმაში – 60,0x34,0 მ, შიდა ფართობი – 1250 მ2. ტაძრის ბუნებრივი განათებისთვის გამოყენებულია მრავალი სარკმელი. ჩვეულებრივზე მეტია მათი რაოდენობა გუმბათის ნაწილშიც, რაც ძალიან ნათელს ხდის ტაძარს. კათედრალის მშენებლობისათვის ძირითადად გამოყენებულია თანამედროვე რკინაბეტონის კონსტრუქციები.

გუმბატის ყელი

12 მ დიამეტრის ოცწახნაგა გუმბათის ყელში განთავსებულია 20 სარკმელი, რომლის მოჩუქურთმებული საპირეების ზედა თავები შეკრულია სარკმლებს შორის ამოყვანილ პილასტრებზე დაყრდნობილი უწყვეტი თაღედით. თაღებს შორის ჩასმულია დეკორატიული კოპები, ხოლო მათ ზევით – ლილვები, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან გუმბათის ყელის უმშვენიერეს შუბლს. გუმბათს აგვირგვინებს მოოქროვილი ჯვარი, რომელიც ყველაზე დიდია საქართველოში აქამდე ჩამოსხმულებს შორის (მისი წონა 3000 კგ-ზე მეტს შეადგენს).

არქიტექტორ ომარ ნაფეტვარიძის მიერ დამუშავებულ იქნა ტაძრის ჯვრის სრულიად ახლებური მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. თავისი ფორმით ის განსხვავდება სხვა ჯვრებისგან. კომპოზიციის ცენტრს ქმნის დიდი წრე, რომლის გარშემოც განლაგებულ მკლავებში სხვადასხვა ზომის მომცრო წრეებია ჩასმული და სამ-სამი წაგრძელებული ფორმის ფურცლით სრულდება. ამავე დროს, სხვადასხვა ფორმისა და ზომის წრეების გამოყენებით, სილამაზისა და ორიგინალურობის გარდა, მიღწეულ იქნა საერთო წონისა და მაზე მოქმედი ქარის დატვირთვის ზემოქმედების საგრძნობი შემცირება. ამან, თავის მხრივ, შეამსუბუქა კონსტრუქცია და ხელი შეუწყო მისი მდგრადობის ამაღლებას. ჯვრის დამაბოლოვებელი მცენარეული ორნამენტის ტალღოვანი მოხაზულობა, დიდი და პატარა წრეების დინამიური მონაცვლეობა მსუბუქ, დახვეწილ იერს ანიჭებს მთელ მოცულობით-დეკორაციულ კომპოზიციას და ჯვრის გამორჩეულ მხატვრულ სახეს ქმნის (ჯვარი ჩამოისხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული თითბერის გასროლილი საარტილერიო ჭურვების მასრების გადადნობის გზით).

შესასვლელის ლითონის კარის მორთულობა

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ყველა მორთულობას, კონუსურ გუმბათთან და 5,1 მ სიმაღლის დამაგვირგვინებელ ჯვართან ერთად, კათედრალის არქიტექტურაში საოცარი სიმსუბუქე შემოაქვს და მნახველში ცად ამაღლების მშვენიერების განწყობილებას ქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გუმბათზე ჯვარი 2015 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს დაიდგა.

ტაძარი მთლიანად მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფის ქვით, ხოლო ბაზისი და ცოკოლი – ყაზბეგის მწვანე ფერის დიაბაზის ქვით. ტაძრის ოთხივე ფასადს ამშვენებს ბოლნისის ტუფის ქვისაგან დამზადებული მორთულობები ბარელიეფების, ტიმპანების, ჩუქურთმებისა და სხვა მხატვრულ-დეკორატიული ელემენტების სახით.

საქართველოს ეკლესია-მონასტრების შესასვლელი კარი, ტრადიციულ გაფორმებასთან შედარებით, განსხვავებულად განხორციელდა (მოქანდაკე გია ჯაფარიძე), რაც გამოიხატება ლითონის კარის თითბრის ფურცლებით, რელიგიურ თემებზე შესრულებული თითბრის სხმულებითა და თითბრისგან ჩამოსხმული ცალკეული დეტალებით შემოსვაში. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია კარის სახელურების გაფორმება ღვთისმშობლის მლოცველი ხელის მტევნების სახით, რომლებიც ასევე თითბრისაგან არის ჩამოსხმული და განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნატიფი ორნამენტებით შემკული ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარზე

შესასვლელის ლითონის კარის სახელურები

ტაძრის შიდა მხატვრული გაფორმებისას, კერძოდ კანკელის, ტრაპეზის, სამკვეთლოს, მაღალი დასაჯდომების, კიბეების, ამბიონის, იატაკის და სხვა დეტალების მოსაწყობად გამოყენებულია იტალიური (კარარას კარიერი) და სალიეთის მარმარილო. ტაძრის სახურავისათვის გამოყენებულია სპილენძის თხელი ფურცლები.

ტაძარი ერთი მხრივ აგრძელებს ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ საკურთხევლის გამართვის ტრადიციას, მაგრამ ამავე დროს, საკურთხევლის ცალკეული ელემენტების მხატვრული გაფორმების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში.

კარარას თეთრი მარმარილოსაგან დამზადებული საკურთხევლის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი, ტრაპეზის მთლიანი ფილა ყველაზე დიდია საქართველოში. მისი ზომა შეადგენს 240 X 200 სმ, სისქე 16 სმ და თითქმის 2,5 ტონას იწონის. ტრაპეზის ოთხივე კუთხე რელიეფური ორნამენტებითა და ჯვრებითაა გაფორმებული (ეს ჯვრები ტაძრის გუმბათზე აღმართული ჯვრის გამოსახულებას იმეორებენ). ტრაპეზის ფილის მომრგვალებულ წიბოებს შორის, მის მთელ პერიმეტრზე ამოკვეთილია ღვთისმშობლის ლოცვა „მოწყალებისა კარი გაგვიღენ...“. იგი შესრულებულია ქვაზე კვეთის ცნობილი ოსტატის პაატა გიგაურის მიერ. რელიეფური წარწერა ფურცლოვანი ოქროთია დაფარული, რაც ტრაპეზს განსაკუთრებით მდიდრულ იერს ანიჭებს.

კანკელი და ტრაპეზი

საკურთხევლის შემადგენელ ელემენტებს შორის, თავისი მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით, გამორჩეული ადგილი უჭირავს აღსავლის კარს. თავად კარი ლითონის კარკასზე გადაკრული კაკლის მერქნის შეწებებული ფიცრებისგანაა დამზადებული, რაც გამორიცხავს მათ დეფორმაციას და ბზარების გაჩენას. საინტერესოა აღსავლის კარის მხატვრული გაფორმება ინტერიერისა და საკურთხევლის მხრიდან. საკურთხევლისკენ მიმართულ პირზე ხეში ამოკვეთილია მთავარანგელოზების და 12 მოციქულის გამოსახულება (შესრულებულია ხეზე ჭრის ოსტატის პაატა დევდარიანის მიერ). განსხვავებული შემკულობა აქვს კარს ნაოსის მხარეს. მხატვარმა დავით კაკაბაძემ ის მიკრომოზაიკით გააფორმა, რომელშიც ოქროსფერი ჭარბობს. აქ უხვადაა გამოყენებული ძვირფასი ქვის ჯიშებიც. კარის ორივე ფრთა მოვარაყებულია მაღალი სინჯის ვერცხლის ფურცლებით, რომელსაც მთლიანად ფარავს ნატიფი ორნამენტები (ოქრომჭედელი ზ. ჩიქვინიძე). აღსანიშნავია, რომ ტაძრის მხრიდან ეს ფურცლები მოოქროვილია, ხოლო საკურთხევლისკენ შენარჩუნებულია და ძალზე ეფექტურია მისი ბუნებრივი შეფერილობა.

მარმარილოს კანკელის ოთხივე თაღოვანი სივრცე ხატებითაა შევსებული (მხატვარი თეიმურაზ ჯაფარიძე). კანონიკური წესის მიხედვით, აღსავლის კარის მარცხნივ მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, მის გვერდით წმინდა ნინოს გამოსახულებაა. კარის მარჯვენა მხარეს, მაცხოვრის ხატია, რომლის შემდეგ, დადგენილი წესით, იმ წმინდანის გამოსახულება უნდა იყოს, რომლის სახელზეც არის აგებული ტაძარი. ვინაიდან ეკლესია ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა, მისი ხატის არსებობის გამო, მაცხოვრის შემდეგ კანკელზე ანდრია პირველწოდებულის ხატია განთავსებული.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეკლესიის ყველა ჯვარი და ზარი ჩამოსხმულია საქართველოში თითბრისგან. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისას ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ კომპლექსისთვის განკუთვნილი 5 ზარი აუცილებლად საქართველოში, ქართველ ოსტატთა მიერ უნდა ყოფილიყო დამზადებული. მამა-შვილმა ოლეგ და პაატა გელაშვილებმა ჩამოასხეს ზარები, რომელთა შორის ყველაზე დიდის წონააა 3 ტ., ენა – 120 კგ., სიმაღლე – 1.8 მ., დიამეტრი 1.5 მ. ის უდიდესია საქართველოში ჩამოსხმულ ზარებს შორის. დანარჩენი ზარები 1600, 800, 400 და 200 კგ-ს იწონიან. მასალად აქაც თითბერია გამოყენებული, რომელიც (გუმბათის ჯვრის მსგავსად) ზარბაზნების გასროლილი ჭურვების მასრების გადადნობითაა მიღებული და მაღალი სიწმინდით, დიდი სიმტკიცით და მეტი დრეკადობით (ბრინჯაოსთან შედარებით) გამოირჩევა. ამავე დროს, მისი ხმის ჟღერადობა უფრო სუფთა და ძლიერია.

ტაძარი ეკურთხა 2019 წლის 12 მაისს. საქართველოს საპატრიარქომ ეს დღე გამოაცხადა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ, რაც უდიდესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის ქართველი ხალხის საჩუქარი ღვთისმშობლისადმი და მისი დიდი ღვაწლის აღიარება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები