ქაშვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაშვეთის ეკლესია

ქაშვეთი („ქვაშვეთი“) - (ინგლ. Kashveti Church) – ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, ქაშვეთის (ქვაშვეთის) წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მდებარეობს ქ. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. მის ადგილზე, 1904 წლამდე, სრულიად განსხვავებული იერის მქონე ნაგებობა იდგა, რომელიც 1753 წელს, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის გივი ამილახვრის მიერ იყო აშენებული და ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში საეკლესიო ნაგებობებს შორის ცნობილ ერთ-ერთ ტიპს – ე.წ. „სუფთა“ ტეტრაკონქს (ოთხაფსიდიანს) წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევრში მდგარა, რომლის მშენებლობა მამა დავით გარეჯელის მოღვაწეობას უკავშირდება. ამ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია და არც მისი აღწერაა ცნობილი.

ძველი ქაშვეთი. სამხრეთი ფასადი

სარჩევი

ისტორია

ახალი ქაშვეთის ეკლესია 1904-1910 წლებშია აშენებული. თავისი გეგმითა და დეკორით ის 1030 წელს აგებული სამთავისის მინაბაძს წარმოადგენს. ქაშვეთმა გამორჩეული ადგილი დაიკავა თბილისის არქიტექტურაში არა თავისი განსაკუთრებული, ახალი მხატვრულ-არქიტექტურული ფორმების შექმნის მცდელობით (შეიძლება ითქვას, რომ ქაშვეთის ახალი ეკლესიის მშენებლებმა ძველი ფორმა მის შესაბამის, ძველადვე შემუშავებულ „შინაარსს“ მოარგეს), არამედ იმით, რომ პირველად XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთიდან შემოტანილი უცხო არქიტექტურული სტილების გარემოში თბილისში შეიქმნა ქართული ეროვნული ფორმის საკულტო ნაგებობა, რომელსაც ამავე დროს გარკვეული მხატვრული ღირებულებებიც გააჩნია.

ახალი ქაშვეთის ტაძრის მშენებლობას საინტერესო ისტორია აქვს. ამის შესახებ ცნობებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გვაწვდის, რომელიც ამ მოვლენების უშუალო მონაწილე იყო. მისი უწმინდესობა თავის წიგნში - „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში“, ქაშვეთის რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობის ამბავს იწყებს 1897 წლიდან, როდესაც ტაძარი ახალმა წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა მარკოზ ტყემალაძემ ჩაიბარა. მამა მარკოზის დიდი მცდელობის შედეგად, მაშინდელმა ეგზარქოსმა ქაშვეთის საკრებულოს ნება დართო, რომ ძველის ადგილზე ქართული ტრადიციული ფორმის ახალი ეკლესია აეგოთ. XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო არქიტექტორს, ლეოპოლდ პეტრეს ძე ბილფელდს (1883-1917 წწ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორი) მიეცა საპროექტო დავალება, შეესწავლა ამილახვრების საგვარეულო მამულში მდებარე სამთავისის საყდარი და შეედგინა მისი მსგავსი ეკლესიის პროექტი. ლ. ბილფელდმა შექმნა ახალი ქაშვეთის გეგმა, შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, ააგო ტაძარი და ამით თავისი სახელი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრული ფორმების აღორძინების ცდებს დაუკავშირა.

ტაძრის გეგმა. 1904-1910 წწ.

ახალი ტაძრის ასაგებად ქაშვეთის მამულების გამგე კომიტეტმა შეკრიბა იმ დროს თბილისში მოღვაწე საუკეთესო არქიტექტორ-მშენებელთა ჯგუფი: ხუროთმოძღვარ-სამუშაოთა მწარმოებელი - ლეოპოლდ პეტრეს ძე ბილფელდი, მოიჯარადრე-მშენებელი - საქართველოში მოღვაწე ცნობილი იტალიელი ინჟინერი ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტი; ხუროთმოძღვარ-მშენებელი - არქიტექტორი ედუარდო ანდრეოლეტი. ქაშვეთის მამულების გამგე კომიტეტის დადგენილებით ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა და მეთვალყურეობა ეკლესიის მაშინდელ წინამძღვარს კალისტრატე ცინცაძეს დაევალა.

ქაშვეთის ტაძრის აგებაში ფინანსურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული ბურჟუაზიისა და არისტოკრატიის წარმომადგენლები: გივი და ანა ამილახვრების ხარჯით გაკეთდა კანკელი; ანა ალექსანდრეს ასულმა ამილახვარმა შეამკობინა აღმოსავლეთი ფასადის დიდი სარკმელი და ჯვარი; ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეებმა გააკეთებინეს ჩრდილოეთი ფასადის ვარდული, ჯვარი და სამი შუა სარკმლის თამასა, ხოლო ამავე ფასადის ორი დარჩენილი სარკმლის თამასები კი გიორგი არჯევანიძემ და მარიამ არჯევანიძე-ფედოტოვამ დაამზადებინეს; ბარბარე ლორთქიფანიძის, სოლომონ გულისაშვილის, გიორგი ბაქრაძის და უცნობი პირის, სავარაუდოდ, გრაფინია ელისაბედ ვორონცოვ-დაშკოვას (კ. ცინცაძე) დაფინანსებითაა გაკეთებული სამხრეთი ფასადის თითო სარკმლის თამასები; ნიკოლოზ და ნინო თუმანიშვილებმა შეამკობინეს აღმოსავლეთი ფასადის ჩრდილოეთი ნიში და სარკმელი, ხოლო ამავე ფასადის სამხრეთი მხარის ნიში და სარკმელი მართა ივანეს ასულმა თურქიამ. მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ხარჯით შეიქმნა სამხრეთი ფასადის შუა სარკმლის თამასები და ვარდული; დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებმა გააკეთებინეს წმ. გიორგისა და წმ. ნინოს ხატებით მოჭედილი სამხრეთი შესასვლელის ბრინჯაოს კარი; ვასილ გურიელის სახსრებით გამოიჭედა სამხრეთი შესასვლელის თავზე ტიმპანში განთავსებული წმ. გიორგის ბრინჯაოს ხატი; უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე გიორგი კუნდუროვი, რომელმაც დაამზადებინა გუმბათის ჯვარი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაძრის ასაგები ძირითადი თანხა ქაშვეთის მამულების გამგე კომიტეტს სინოდის კანტორიდან ჰქონდა ნასესხები).

1910 წელს ახალი ეკლესიის კურთხევამ (სატფურებამ) სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო. იმ დროის საზოგადოებისთვის ქაშვეთი ქართული სულის აღორძინების სიმბოლოდ იქცა, ვინაიდან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თბილისში ქართული იერის მქონე ფაქტიურად არაფერი აშენებულა. ამას ისიც ერთოდა, რომ თითქმის საუკუნე იყო გასული მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია. სწორედ ამ მტკივნეული თარიღის თავზე, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში აიგო „ქართული“ ფორმის ნაგებობა, როგორც ქართული სულის უკვდავების სიმბოლო, მისი ვიზუალური ნიშანსვეტი ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებაზე უფრო მძლავრად ზემოქმედი იმდროინდელი საზოგადოების ეროვნულ ცნობიერებაზე და ამავე დროს დაპირისპირებული გოლოვინის პროსპექტზე (დღეს რუსთაველის გამზირი) რუსეთის კავკასიაზე გაბატონების ნიშნად წამომართულ გრანდიოზულ სამხედრო ტაძართან ე.წ. „სობოროსთან“ - უცხო „სხეულთან“ XX საუკუნის დასაწყისის თბილისის „ევროპულ“ არქიტექტურულ გარემოშიც კი.

აღწერილობა

როგორც უკვე ითქვა, ქაშვეთის ახალი ტაძარი მიზანმიმართულად სამთავისის ძირითადი სქემის მიხედვით შექმნილი ნაგებობაა და აქ განხორციელებული, ეპოქის მოთხოვნილებების შესაბამისი ცვლილებების მიუხედავად, თითქმის იმეორებს სამთავისის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის უკვე შემუშავებულ ფორმებს.

ქართული გუმბათოვანი ეკლესიის ტრადიციული ფორმულაა მასებით სივრცეში შექმნილი ჯვრის ფორმა, ცენტრში აღმართული ყელიანი გუმბათით. ეს ფორმულა არსებითად არ შეცვლილა ქაშვეთშიც. გეგმაში სწორკუთხა მოხაზულობის ტაძარი მაღალ ცოკოლზე დგას. ნაგებობა ორსართულიანია. ზედა, წმინდა გიორგის სახელობისაა, ხოლო ქვედა, ცოკოლის ეკლესია წმინდა მარინეს სახელზეა ნაკურთხი. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის ზომებია: სიგრძე გარედან 23,12x18,75 მ. (შიგნით 22,70x15,20; საკურთხევლის სიგრძე 5 მეტრი, ამბიონის - 2,80); სიმაღლე გუმბათის ჯვრიანად 36,25 მეტრი, შიგნით - 27,75 მ.

წმინდა გიორგის ტაძარი

წმ. გიორგის ტაძრის შიდა სივრცის ხუროთმოძღვრული აღნაგობა ნათელი, ხალვათი და ადვილად აღქმადია. გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა, რომელთაგან დასავლეთის ბურჯები ცალკე მდგომია, ხოლო აღმოსავლეთისა საკურთხეველთან იმდენად ახლოსაა მიდგმული, რომ აფსიდის შვერილების შთაბეჭდილებას ტოვებს. ინტერიერის ცენტრალურ ნაწილს მაღლა ატყორცნილი გუმბათქვეშა სივრცე ქმნის. მკლავები, თავიანთი შემკვრელი თაღებით, ტაძრის ყველა არქიტექტურულ ელემენტს გუმბათქვეშა კვადრატის გარშემო უყრის თავს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება, რომლებიც გუმბათქვეშა თაღების ქუსლებს შორის გაჩენილ კედლის სიბრტყეებშია ჩასმული. სივრცის აზიდულობის შთაბეჭდილებას აძლიერებს გუმბათის ცილინდრული ყელი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის მკლავებთან შედარებით გვერდითი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები ვიწროა. მათ მაღალ თაღებსა და კამარებს ნახევარწრიული მოხაზულობა აქვთ. გარედან ქაშვეთის ტაძარი უხვადაა მორთული ქვაში ნაკვეთი ქართული ორნამენტითა და თაღნარით. ეკლესიის ფასადებზე სამთავისის ფასადების მხატვრული გაფორმების ზოგადი სქემაა გამოყენებული. მიუხედავად სამთავისთან გეგმითი მიმსგავსებისა, ტაძარს ახალი დროის მთელი რიგი თავისებურებები გააჩნია და ეს სხვაობა უფრო ტაძრის შიგნით, ინტერიერის საერთო სივრცით გადაწყვეტაში, ცალკეულ არქიტექტურულ ფორმებში ვლინდება.

კანკელი

ძველი ქართული ტაძრების მსგავსად, აღმოსავლეთით შუა მკლავი საკურთხევლის აფსიდის მოცულობაში გადადის. მას გეგმაში ნახევარწრიული მოხაზულობა აქვს და წინ ერთსაფეხურიანი ბემითაა განვრცობილი. დარბაზისგან საკურთხეველს კანკელი ჰყოფს. ჩანს, რომ ქაშვეთის ხუროთმოძღვრის მთავარ საზრუნავს აფსიდის წინ მდებარე სივრცის მოწყობა წარმოადგენს. საჭირო იყო დიდი რაოდენობის მრევლის დასატევად ცენტრალური, გუმბათქვეშა მოცულობის შეძლებისდაგვარად გაზრდა. ამ რთული პრობლემის გადაჭრა კი სამთავისის გეგმის ზედმიწევნით ზუსტი „გადმოწერით“ შეუძლებელი იქნებოდა. დასახული ამოცანა ხუროთმოძღვრისგან მოცემული ტრადიციული არქიტექტურული ფორმების ახლებურად გააზრებას მოითხოვდა. უნდა შექმნილიყო ახალი დროის შესაფერისი ფართო, განსაკუთრებულად მდიდრული ინტერიერი, რომელიც თბილისის მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი იქნებოდა და მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. აღსანიშნავია, რომ შიდა სივრცის ორგანიზების ეს პრობლემა ყველაზე მეტად განასხვავებს ქაშვეთს მისაბაძი სამთავისის ტაძრისგან. ლ. ბილფელდმა მის წინაშე დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ქართული საეკლესიო სამშენებლო ტრადიციისთვის სრულიად უცხო მიდგომა გამოიყენა: სივრცის გაზრდის მიზნით კანკელი სიღრმეში გადასწია, დაამოკლა და აღმოსავლეთის საყრდენი ბურჯების უკანა მხარეს, ბემის შვერილებს შორის მოაქცია. ამან საშუალება მისცა არქიტექტორს, რომ ამბიონი კანკელის წინ დამატებით გაჩენილ თავისუფალ სივრცეში სწორ ხაზზე განეთავსებინა (ნაცვლად ტრადიციული მომრგვალებული ფორმისა, რომელიც, ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა სივრცეში იყო შეჭრილი და დიდ ადგილს იკავებდა) და ინტერიერში მრევლისთვის უფრო მეტი ადგილი დაეთმო, ვიდრე სამღვდელოებისთვის, რაც ასევე უჩვეულო იყო მრავალსაუკუნოვანი ქართული ღვთისმსახურებისა და საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის.

ქართული ეკლესიის ტრადიციული ფორმულაა საკურთხევლის ორივე მხარეს განთავსებული პასტოფორიუმები. ქაშვეთში ისინი გასასვლელებით უშუალოდ უკავშირდებიან აფსიდს. ორივე ერთნაირადაა გადაწყვეტილი – უაფსიდო სადიაკვნეს და სამკვეთლოს საკურთხევლის მხარეს ირიბად გამოყვანილი კედლები აქვთ (შიგნიდან ზუსტადაა გამეორებული აღმოსავლეთი ფასადის მოხაზულობა). მათ წინ, ტაძრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის გრძივ მკლავებში საგანგებოდ პატარა სივრცეებია გამოყოფილი, რომლებიც ამბიონის დონეზეა გამართული და მის მსგავსად, სამსაფეხურიანი კიბითაა ამაღლებული ტაძრის ინტერიერის დანარჩენი ნაწილისგან. ეს უბეები ერთი მხრივ, ეკლესიის გვერდით მკლავებში არიან გახსნილი, ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთის გუმბათქვეშა ბურჯებისა და ბემის კედლების დამაკავშირებელი მაღალი თაღოვანი გასასვლელებით ამბიონს უკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორმა პასტოფორიუმების წინ განთავსებული სივრცეები ერთგვარ ღია „ოთახებად“ აქცია და მთავარი დარბაზისგან დაბალი მოაჯირითაც გამოყო. თავისებურადაა გადაწყვეტილი სამხრეთი მკლავის აღმოსავლეთი ნაწილი. სადიაკვნეს შესასვლელი დარბაზის მხრიდან არ აქვს (კარი მხოლოდ აფსიდიდანაა გაჭრილი). სამხრეთ პასტოფორიუმსა და მის წინ განთავსებულ „ოთახს“ შორის ყრუ კედელია აღმართული (უნდა აღინიშნოს, რომ სადიაკვნეში ორი კიბეა: ერთი ქვედა ეკლესიაში ჩადის, ხოლო მეორე საკურთხევლის თავზე ასასვლელად და ჩრდილოეთის კარის გავლით სახურავზე მოსახვედრად გამოიყენება).

ინტერიერი

ქართულ ტაძრებში, შიდა სივრცის აღქმაში უდიდესი მნიშვნელობა შესასვლელების განლაგებას ენიჭებოდა. ქაშვეთი ამ მხრივაც გამორჩეული ნაგებობაა. ქართული ტაძრისთვის უჩვეულოდ მაღალ ცოკოლზე შესმულ ეკლესიას (სავარაუდოდ, ამ ხერხით ლ. ბილფელდი შეეცადა „ჩავარდნილი“ ნაგებობა პროსპექტის დონეზე ამოეწია და მთავარი ქუჩიდან „ხილული“ გაეხადა) შესასვლელი სამხრეთი ფასადის ორმხრივი ორმარშიანი კიბიდან აქვს (თავის დროზე ეს იყო ტაძრის ერთადერთი კარი. ამ მხარესაა ქაშვეთის ეზოს ჭიშკარიც). მართალია, თანამედროვე იერის მქონე კიბემ დიდებული იერი შესძინა ტაძარს, მაგრამ, ამავე დროს, შესასვლელის გაჭრამ ფასადის ცენტრში, შიგ შუა დეკორატიულ თაღში არსებითად შეცვალა ინტერიერის აღქმის პირობები (ჩვეულებრივ, ტრადიციულ ქართულ საკულტო ნაგებობებში გვერდითი შესასვლელები ცენტრალური ღერძიდან დასავლეთისკენ იყო წანაცვლებული, რაც შიდა სივრცეს უფრო რთულს, დაძაბულს და მოძრავს ხდიდა). სამხრეთი ფასადის დიდი თაღოვანი კარიდან ეკლესიაში შესვლისთანავე ადამიანი, გვერდითი მკლავის სივიწროვის გამო, პირდაპირ გუმბათქვეშა სივრცეში ამოყოფს თავს. ძველი ქართული ტაძრებისგან განხვავებით აქ უკვე აღარ არის საჭირო საკურთხეველთან მისასვლელად ტრადიციულად გარკვეული გზის გავლა, ასე ვთქვათ, ფიზიკური და „სულიერი“ მოგზაურობა ინტერიერში, რაც, აგრეთვე, ტრადიციის ერთგვარ დარღვევას წარმოადგენს (პროექტით გათვალისწინებული იყო დასავლეთით კარიბჭის გაკეთება, მაგრამ ეს სამუშაოები, სხვადასხვა მიზეზების გამო, თავის დროზე არ ჩატარდა).

ქაშვეთის კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება, მისი საოცრად ნათელი ინტერიერია. ტაძარი უხვადაა განათებული სინათლის წყაროების არა მარტო ტრადიციულ ადგილებში განთავსებით (მკლავებსა და გუმბათის ყელზე), არამედ დამატებით გაკეთებული ღიობებითაც. საკურთხეველი სამი სარკმლით ნათდება, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული (გარეთ სამივე სარკმელს ფასადის ცენტრალური ნაწილი უჭირავს). პასტოფორიუმები კარგადაა განათებული თითო-თითო დიდი ზომის თაღოვანი სარკმლით, რომელიც, სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადების კედლებშია გაჭრილი (ნაცვლად აღმოსავლეთი მხარისა). ასეთივე განათება აქვს სადიაკვნესა და სამკვეთლოს წინ მდებარე მოაჯირით შემოსაზღვრულ სივრცეებსაც. ლუნეტისმაგვარი მცირე ზომის სარკმელია განთავსებული დასავლეთი კედლის თაღის მაღლა. ძველი ქართული ტაძართმშენებლობისთვის უცხო ელემენტია ქაშვეთის გრძივი კედლების სარკმლები, რომლებიც ინტერიერში უჩვეულოდ დაბლა, თითქმის ადამიანის სიმაღლეზეა გაჭრილი. ლ. ბილფელდი თითქოს ამ ხერხითაც ცდილობს განსხვავებული იერი მისცეს ნაგებობას და ფართო სივრცის ილუზია შექმნას ტაძრის შიგნით. მართლაც, მაღალი, დიდი ზომის ღიობებით „დაცხრილულ“ ეკლესიაში უხვად შემოღვრილი შუქი ვიზუალურად განზე წევს კედლებს და უფრო ხალვათი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინათლით გაჟღენთილ დასავლეთ ნაწილს ხუროთმოძღვარმა აღმოსავლეთის შედარებით ჩამცხრალი სივრცე დაუპირისპირა. მთავარ სარკმლებში ვიტრაჟების ჩასმით იგი შეეცადა, ერთი მხრივ, შეესუსტებინა ტაძრის გრძივი მკლავების განათება, ხოლო მეორე მხრივ, ხაზი გაესვა ნაგებობის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკრალური ნაწილისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ვიტრაჟებს, ფუნქციურის გარდა, სუფთა დეკორატიული სამკაულის მნიშვნელობაც აქვთ მინიჭებული. ამრიგად, სინათლის წყაროების განლაგებით და შემოსული შუქის გრადაციით ლ. ბილფელდი ძლიერ მხატვრულ ეფექტს ქმნის ტაძარში.

ქაშვეთში განაკუთრებული ყურადღება შიგა სივრცის გაფორმებას ეთმობა. ინტერიერში თაღები, კაპიტელები, გუმბათქვეშა ბურჯები სადადაა დამუშავებული. გუმბათის მრგვალ ყელზე შემოვლებული სამი უბრალო ლილვი სამ, არათანაბარი ზომის სარტყელს ქმნის გუმბათში. სუფთა, თეთრი კედლის სიბრტყეს ზევით, კამარა-თაღების ძირში საფეხურიანი პროფილის კარნიზი შემოუყვება. დაბლა, დაახლოებით ადამიანის სიმაღლეზე კედლები მონაცრისფრო მარმარილოთია მოპირკეთებული. მარმარილოს ბაზისებზე აღმართული სვეტების წიბოები სადა კაპიტელებიანი ნახევარსვეტებითაა დამუშავებული. სხვადასხვა ძვირფასი მასალის გამოყენებით ხუროთმოძღვარი ცდილობს მეტი ეფექტურობის მიღწევას და ცალკეული მნიშვნელოვანი დეტალების გამოკვეთას: კედლებისა და ბურჯების გარდა კანკელი, ტრაპეზი, სამკვეთლო, ამბიონი, ძველი ხატების ფარვეზები, შანდლები, ემბაზი მარმარილოშია შესრულებული (უჩვეულო მასალა ტრადიციული ქართული საკულტო ნაგებობისთვის), ტაძრის იატაკი მოზაიკისაა, საკურთხეველსა და სამკვეთლოში პარკეტია დაგებული, შიდა კარებები კაკლისაა, ხოლო ტაძრის სამხრეთი შესასვლელი კი ბრინჯაოშია შესრულებული (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ბრინჯაოს კარი ო. ნოვაკის სახელოსნოში გაკეთდა ბ. ლებედას მიერ, არქიტექტორ ე. ანდრეოლეტისა და მხატვარ ჰ. ჰრინევკის ესკიზების მიხედვით; კანკელის ჩუქურთმიანი კარი გ. ბერძენიშვილის სახელოსნოში შესრულდა; სამღებრო სამუშაოები ვ. ჯაფარიძეს ეკუთვნის, ხოლო სამჭედლო - ცოკოლის ეკლესიის და ალაყაფის კარი, სარკმლები, გალავნის მოაჯირი, გუმბათის ჯვარი - ფ. ჰაუფს. ტაძრის მდიდარი ჩუქურთმები შეასრულეს ცნობილმა ქვის ოსტატებმა ნეოფიტე, ლავრენტი და ნიკო აღლაძეებმა ე. ანდრეოლეტის ნახატების მიხედვით).

კანკელს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტაძრის ინტერიერში (გამოყენებული მასალის გამო საერთო დეკორის ნაწილადაც კი აღიქმება). ქაშვეთში თითქოს გამეორებულია ძველად შემუშავებული ქართული კანკელის აღნაგობა, მაგრამ უცხო ელემენტები აქაც ხვდება თვალს. ფრონტონით დაგვირგინებული ქაშვეთის წმ. გიორგის მარმარილოს კანკელი ტრადიციული ფორმის თაღედებითაა გაფორმებული. ცენტრსა და გვერდებში განთავსებული კარებების მოზრდილი თაღები აღმოსავლეთი ფასადის ნიშების მსგავსი ფესტონებითაა შემკული. აქ ერთმანეთის გვერდითაა ტრადიცული ქართული ორნამენტი და თანამედროვე ხასიათის ბარელიეფები, რაც ეპოქის ეკლექტურ გემოვნებაზე მიუთითებს. კანკელის თაღოვან არეებში ხატებია ჩასმული. ისინი აცოცხლებენ ფერმკრთალ მარმარილოს და ფერად აქცენტებს ქმნიან. კანკელს აგვირგვინებს ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ სცენა, რომელიც კანკელის თავზე, ფრონტონშია წარმოდგენილი.

მოხატულობა
მოხატულობა

ტაძრის მხატვრულ-დეკორაციულ გაფორმებაში უმთავრესი ადგილი მაინც საკურთხევლის აფსიდის მოხატულობას უჭირავს, რომელიც მისი უწმინდესობის კალისტრატე ცინცაძის დაკვეთით, ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერაა შესრულებული. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ედემის ბაღში, ანგელოზებთან ერთად, აფსიდის კედლებზე მოციქულთა ზიარების სცენა, სატრიუმფო თაღზე სულიწმინდის სიმბოლო და ხელთუქმნელი ხატია. ეს ერთადერთი ფერადი სივრცეა ტაძარში (თუ არ ჩავთვლით ვიტრაჟიან სარკმლებს, რომლებიც უფრო დეკორაციული ჩანართების როლს ასრულებენ). აფსიდის მოხატულობა მკვეთრ კონტრასტს ქმნის ინტერიერის თეთრ კედლებთან და დამატებით ვიზუალურად უსვამს ხაზს ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. 1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ წინადადებით მიმართა ლადო გუდიაშვილს, მოეხატა ქაშვეთის ტაძარი. საკურთხევლის მოხატვა 1948 წელს დასრულდა. მხატვარს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ისეთ არაორდინალურ ტაძარში, როგორიც ქაშვეთია ვერ გადმოიღებდა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის სქემებს. ტრადიციული იკონოგრაფიის ინდივიდუალური გააზრებით მას უნდა შეექმნა თანამედროვე ფრესკა, რომელიც თვითმყოფადობით იქნებოდა გამორჩეული. ქაშვეთის საკურთხევლის ერთიანი კომპოზიციის იდეური საფუძველი სამოთხის ღვთაებრივი ჰარმონიაა. უმთავრესი აქ სიცოცხლესა და მშვენიერებასთან ზიარებაა, რომლის გამოხატულებაც აფსიდში წარმოდგენილი, ქართულ სინამდვილეში გამოტანილი სამოთხის ბაღია. ლ. გუდიაშვილმა შეძლო უწყვეტ ხაზთა საერთო დენადი რიტმით, ფერადოვანი ლაქების განაწილებით, საერთო კომპოზიციური გადაწყვეტით მთელი მოხატულობისთვის ერთიანი დასრულებული სახე მიეცა და შეექმნა თანამედროვე კედლის მხატვრობისთვის საეტაპო მაღალხატვრული ნაწარმოები.

მოხატულობა

გარედან მართკუთხა მოხაზულობის ტაძრის ფასადები მთლიანად თაღედის უწყვეტი რიგითაა დანაწევრებული, რომელთა შიგნითაც, განსაზღვრულ ადგილებში, ტაძრის შესას-ვლელები, სარკმლები და დეკორაციული მორთულობებია განთავსებული. ფასადების ამგვარი გადაწყვეტით იქმნება ერთიანი, სხვადასხვა მხატვრულ-კონსტრუქციული დეტალებჩართული სივრცე, რომელიც დასავლეთის კარიბჭის თაღედიდან დაწყებული თითქოს ორივე მხრიდან უწყვეტად შემოერტყმის ტაძარს და ამზადებს აღმოსავლეთი ფასადის ბრწყინვალე კომპო-ზიციას, რომელიც ძირითადად იმეორებს სამთავისში შემუშავებულ სქემას და მხატვრული გაფორმების ყველაზე ეფექტური ნაწილია ტაძარზე.

ფასადი

აღმოსავლეთი ფასადის დეკორაციული შემკულობის ძირითადი ფორმულაა ხუთთაღიანი სისტემა ორი ღრმა ნიშით. რთული პროფილის მქონე ლილვოვანი თაღედი იმეორებს აღმოსავლეთი ფასადის საერთო მოხაზულობას და საფეხურებად ნაწილდება ფასადზე - შუა მაღალი განიერი თაღი გვერდითი თითო მცირე თაღის განშტოებებით, აფსიდის გვერდით მდებარე ნიშებს გადაევლება და ფასადის დაბალ ნაწილებზე გადადის. ფასადის ცენტრის შვეული ღერძის ასწვრივ, კედლის შუა თაღის მთელი არე უჭირავს სამთავისში შემუშავებულ დეკორაციული გაფორმების სქემას. კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი ფართო, მოჩუქურთმებულ მართკუთხა საპირეში ჩასმულ საკურთხევლის სარკმელს უჭირავს, რომლის თავზე, პატარა დეკორაციული კოპის ზემოთ, უზარმაზარი მდიდულად ორნამენტირებული ჯვარია გამოსახული. სარკმლის ქვემოთ განლაგებულია ორი კვადრატული რომბი, ცენტრში ჩასმული ჩუქურთმიანი კოპით. მთელ ამ დეკორაციულ სისტემას ერთად კრავს ვერტიკალურად ზემოთ ატყორცნილი რთული პროფილის მქონე ლილვოვანი ღერო . ცოკოლიდან ამომავალი, მძლავრ კონად შეკრული ლილვები თანმიმდევრულად უვლიან, გარს ერტყმიან და აერთია-ნებენ ფასადის ცენტრში, ერთ ღერძზე ასხმული კომპოზიციის ყველა ელემენტს და მათ ზემოთ, ერთ კონად შეკრული, მოქნილ ხაზებად შეიღვრებიან შუა თაღის თაღოვან არქივოლტში. აქვე, ფრონტონის ქვევით, ცენტრალური თაღის ორივე მხარეს, დამატებითი პატარა თაღებია გამობმული, რომელიც ქვევით ორ ღეროდ იყოფა: ერთს ბოლოში ფოთლოვანი ტოტის სახე აქვს, მასზე ჩამოკიდებული ბრო-წეულებით და მსხვილი ყურძნის მტევნით, ხოლო მეორე იქვე წრიულ არეში ჯვარს შემოხაზავს და ჯვრის ძირიდან გამოსული ლილვით კვლავ ცენტრალური თაღის ლილვოვანი სვეტის ნაწილად იქცევა. აქვე, მთავარი მკლავის კარნიზის ძირში ერთი, ნაკლებად თვალში-საცემი დეტალია, რომელიც ფასადების საერთო კომპოზიციაში შემა-კავშირებელ როლს ასრულებს. ესენია კუთხის ლილვის პატარა კაუჭები, რომლებიც გვერდით ფასადების ასეთსავე კაუჭებს ებმიან და ამით უწყვეტ თაღოვან რიტმს ქმნიან ტაძრის მკლავების ზედა რეგისტრში.

აღმოსავლეთი ფასადის მორთულობა

კომპოზიციის ცენტრალური მძლავრად დაპროფილებული ხაზების უწყვეტ, დინამიკურ ზესვლას აწონასწორებს საკურთხევლის ორივე მხარეს ფესტონებით გაფორმებული სამკუთხა ღრმა ნიშები. ისინი ცენტრალური კომპოზიციისგან მიღებული ძლიერი ემოციისგან განტვირთვის საშუალებადაა გამოყენებული. ნიშებში საკურთხევლის სარკმლებია განთავსებული. ნიშების ნახევარწრიული თაღიდან ქვემოთ ოთხი აჟურული სამყურა ფესტონი ეშვება. დიდი ოსტატობით გამოყვანილი ორნამენტის თითოეული ხვეულის ზემოთ წარმოქმნილ სამკუთხედებში პაწია გაშლილი ფოთლებია ამოკვეთილი, ნიშები „მარგალიტებჩასმული“ დეკორაციული ნიჟარითა და მარაოსებრი თაღითაა გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთი ფასადის ცენტრში თავმოყრილი რთული კომპოზიცია თითქოს წყდება ფასადის განაპირა თაღების სუფთა კედლებზე. სარკმლის გარეშე, მხოლოდ თაღედით გაფორმებული ამ სიცარიელეს ერთგვარად ავსებს გვერდითი თაღების მაღლა, კუთხეებზე დაპროფილებული კაპიტელებიდან ამოზრდილი თითო ლილვი, რომელიც ფასადის წიბოსკენ კაუჭივით იღუნება. ლილვის ორივე მხარეს მოზრდილი მცენარეული ორნამენტია ჩასმული. მსგავსადაა გაფორმებული გრძივი ფასადების აღმოსავლეთი კუთხეებიც. მოკაუჭებული ლილვების შეერთების ადგილას, ზედ წიბოზე, ფოთლებს შორის ყურძნის მტევნებია (გრძივ ფასადზე დამატებით ბროწეულია) ჩამოკიდებული, ზევით კედლის წიბოს პატარა მანძილზე ლილვი აუყვება რთული პროფილის მქონე კაპიტელით. ეს საზიარო რელიეფური მორთულობა (რომელიც უფრო გამარტივებული სახით შუა მკლავის ზედა გრძივ კედლებზეა გამოყენებული) ფასადების უწყვეტ ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს.

აღმოსავლეთის შემდეგ, გაფორმების თვალსაზრისით, ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი სამხრეთი ფასადია. აქაც დეკორის კარგად გააზრებული სისტემაა გამოყენებული. ცოკოლიდან ამოზრდილი მსხვილპროფილიანი ლილვების კონები ერთმანეთს ნახევარწ-რიული თაღედით ებმიან. ფასადი სამ ნაწილადაა გაყოფილი: ცენტრალური სამი თაღი ფასადის მთელ სიმაღლეზეა ატყორცნილი. სამ-სამი კი, მათ გვერდით ორივე მხარეს სწორხაზოვნადაა განაწილებული. სამხრეთ ფასადზე აღმოსავლეთით სამი თანაბარი სიმაღლისა და სიგანის თაღია. აქედან, ორში მდიდრულად მოჩუქურთმებულსაპირიანი მაღალი სარკმლებია ჩასმული. ხოლო აღმოსავლეთით მდებარე განაპირა თაღს ფონად ყრუ კედელი აქვს. ამ კუთხის დეკორაციული სამკაული თაღის ზემოთ მცენარეული რელიეფისა და მოკაუჭებული ლილვის კომპოზიციაა, კედლის წიბოზე ყურძნის მტევნით, კაპიტელით და ბროწეულით ფასადის კუთხეში. ეს კომპოზიცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განივი და გრძივი ფასადების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ანალოგიურადაა გაფორმებული ფასადის დასავლეთი ნაწილი. სამი თანაბარი ზომის თაღი და ცენტრის მხარეს ჩასმული რელიეფურსაპირიანი სარკმლები. აქაც, კუთხის მხარეს, მესამე თაღი ცარიელია და თავზე ორი ფასადის საზიარო რელიეფი აქვს. სამხრეთის ფასადის დეკორში ცენტრალური ადგილი სამი მაღალი თაღისგან შემდგარ კომპოზიციას უჭირავს. ის მთელ სიმაღლეზე, ფრონტონამდეა აზიდული. შუაში, ყველაზე ფართო თაღში, ზემოთ, დიდი მოჩუქურთმებული სარკმელია მოთავსებული, რომლის თავზეც მთელ ნახევარწრიულ სიბრტყეს ჩუქურთმიანი ვარდული იკავებს. ქვემოთ, ამავე თაღშია განთავსებული ფართო ლუნეტიანი შესასვლელი, რომლისკენაც ტაძრის ეზოდან მდიდრულად გაფორმებული კიბე ადის. აქვე, კიბის შუაში, მიწის დონეზე, ქვედა ეკლესიაში შესასვლელია მოწყობილი.

ჩრდილოეთი ფასადის კომპოზიცია სამხრეთის გამეორებაა, იმ განსხვავებით, რომ ტაძარს ამ მხარეს შესასვლელი არ აქვს. მის ნაცვლად, ცენტრალური სარკმლის ქვევით, დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია აღმართული.

დასავლეთი ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსთაველის პროსპექტის მხარეს ფართოდ გახსნილ კარიბჭეს უჭირავს. ამ მხარეს ტაძრის კედლები შემკულობის გარეშეა, მხოლოდ მაღლა, ფრონტონის ქვეშ პატარა თაღედია ჩასმული, რომლის შიგნითაც ლუნეტისმაგვარი სარკმელია მოქცეული. კარიბჭე სხვა ფასადების მსგავსი თაღნარით და მათ ზემოთ განთავ-სებული პატარა მრგვალი სავენტილაციო ღიობებითაა დამუშავებული.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ქვედა კორპუსის გარდა, თაღების მწკრივი გასდევს მაღლა, ნაგებობის მთავარი ნავის სიგრძივ კედლებსაც. მთელ ტაძარს მდიდრული ჩუქურთმიანი ლავგარდანი შემოუყვება. გუმბათის წახნაგოვანი ყელი, ტაძრის სხვა ნაწილების მსგავსად, ლილვებითაა დამუშავებული. მსხვილი პროფილის ლილვები გუმბათის წახნაგების წიბოებსაა აყოლილი. ვერტიკალურად დანაწევრებულ გუმბათს გარშემო ასეთივე ლილვი შემოერტყმის და გუმბათის ყელს ორ არათანაბარ ჰორიზონტალურ ნაწილად ყოფს. ლილვით მოჩარჩოებულ დიდ მონაკვეთებში რელიეფით დაფარული საპირიანი სარკმლებია განთავსებული. ზემოთ, სიცარიელის შესავსებად სადა კოპებია ჩასმული (თითო-თითო ყოველი სარკმლის თავზე). გუმბათის ყელს, სარკმლებიანი მონაკვეთის ზემოთ, კარნიზამდე ასევე ლილვებით დანაწევრებული პატარა სარტყელი შემოუყვება. გუმბათის კარნიზი მდიდრული ორნამენტითაა მოჩუქურთმებული.

საშენი მასალა ყოველთვის არსებით როლს თამაშობდა ქართული ტაძრის მხატვრული სახის შექმნაში. გარედან ქაშვეთი, ინტერიერის მსგავსად, გამოყენებული მასალის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაღალი ცოკოლი ამოყვანილია მუქი ფერის ალგეთის ბაზალტით, ხოლო მასზე შესმული ტაძრის პერანგისთვის ძეგამის თეთრი ქვაა ნახმარი. სამხრეთი შესასვლელის ორმარშიანი კიბის მოაჯირი ქუთათური ქვითაა გაკეთებული. დასავლეთის კარიბჭისთვის ეკლარის ქვაა გამოყენებული.

მარინეს ეკლესია

უკვე ითქვა, რომ ქაშვეთის ტაძარი ორსართულიანია. ქვედა სართული ცოკოლის სივრცეშია განთავსებული და წმინდა მარინეს სახელს ატარებს. ქვედა ტაძარში შესასვლელი მოქცეულია სამხრეთი ფასადის ცენტრში, მეორე სართულის სიმაღლეზე ასასვლელი ორმაგი კიბის შუა არეში, მიწის დონეზე. კარიდან რამდენიმე საფეხურს ჩავყავართ საკმაოდ დაბალ სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ამ ჩასასვლელის გვერდით კედლებში ჩართულია მარცხნივ გივი ამილახვრის და მარჯვნივ XIX საუკუნეში ძველი ტაძრისთვის კარიბჭის მიშენების მაუწყებელი წარწერები. ქვედა ეკლესიას ზედა ტაძარზე ნაკლები ფართობი უჭირავს. საკურთხევლის გვერდით დამხმარე სათავსებია განლაგებული. აფსიდის წინ კედელივითაა აღმართული მაღალი კანკელი, რომელიც მთლიანად კეტავს საკურთხეველს დანარჩენი სივრცისგან. წმ. მარინეს ეკლესიის ინტერიერი სადაა, სუფთა კედლებიანი, შეიძლება ითქვას მკაცრიც. დასავლეთ ნაწილში, ორი მძლავრი ბურჯი დგას, რომელთაც სუფთა კონსტრუქციული დანიშნულება აქვთ. ჭერი ბრტყელია. დასავლეთ კედელში ორიოდე საფეხურით შემაღლებული პატარა კარია გაჭრილი. მიუხედავად თავისი ზომისა, ცოკოლის ეკლესია საკმაოდაა განათებული - ორი სარკმელი აქვს საკურთხეველს, ოთხი სამხრეთ და ექვსი ჩრდილოეთ ფასადს. თვითონ ეკლესიას გარედან შესასვლელი მხოლოდ ერთი, სამხრეთის მხრიდან აქვს. აღმოსავლეთ კედელში განთავსებული ორი კარიდან ერთი სადიაკვნეში შედის, ხოლო მეორე ოთახში, რომელიც, თავის დროზე, ტაძრების გამათბობელი მოწყობილობის დასადგამად ყოფილა განკუთვნილი (ეს ოთახი ზედა ტაძრის სამკვეთლოს ქვეშაა მოქცეული). ცოკოლის ეკლესია 1909 წელს, ე.ი. მთავარი ტაძრის დასრულებამდე გაიხსნა. თავდაპირველად ის სულიწმინდის სახელზე იყო ნაკურთხი, მაგრამ 1945 წელს, ჩატარებული რემონტის შემდეგ, ტაძარი წმ. მთავარმოწამე მარინეს სახელზე იკურთხა. 1919 წელს აქ ორბელიანთა ყოფილი სასახლის ეკლესიის კანკელი დადგეს, რომლის კორპუსი და ხატები ცნობილი რუსი მხატვრის გრიგოლ გაგარინის მიერაა შესრულებული. ქვედა ტაძარში დაკრძალულია ქაშვეთის მრევლი, იმ დროის ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.

სამრეკლო

ქაშვეთი XX საუკუნის 80-იან წლებში განაახლეს. გამოცვალეს ტაძრის დასავლეთი კედლის ქვის პერანგი (კ. ცინცაძის ცნობით, აქ თავიდანვე ყოფილა დაგეგმილი კარიბჭის მიშენება, რის გამოც ეს მხარე მოუპირკეთებელი დარჩა); 1991 წელს ტაძარს დასავლეთით ტრადიციული ფორმის კარიბჭე მიაშენეს და რუსთაველის მხრიდან ფართო მისასვლელი გაუკეთეს. ამიერიდან, ტაძრის ცენტრალური შესასვლელის ფუნქცია დასავლეთის ფართო თაღოვანმა კარიბჭემ იტვირთა და ტაძრის ამ ფასადსაც, ბუნებრივია, მეტი მნიშვნელობა შესძინა.

ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი თლილი ქვით მოპირკეთებული სამრეკლო, რომლის მეორე სართული რვა დეკორატიული თაღით გახსნილი ფანჩატურია.

ამრიგად, ქაშვეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ქრისტიანობის ადრეული ეტაპიდან მოყოლებული მან საუკუნეების ქარტეხილს გაუძლო, რამდენჯერმე იცვალა სახე და ჩვენს დრომდე მოაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ XX საუკუნის დასაწყისიდან ქაშვეთის ტაძარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ახალი თბილისის“ სწრაფ განვითარებასა და ქალაქის ახალი ხუროთმოძღვრული ცენტრის შექმნაში. 1904-1910 წლებში თბილისის შუაგულში აღმართული ულამაზესი ტაძარი სამთავისის ძირითადი სქემის მიხედვითაა შექმნილი, მაგრამ ეს მსგავსება ხუროთმოძღვრული ტიპისთვის დამახასიათებელი გეგმის თავისებურებაში უფრო ვლინდება. არქიტექტორი ასრულებს დამკვეთის მითითებას და იღებს საუკუნეებით ადრე უკვე შემუშავებულ სქემას. ამავე დროს, მას ბრმად კი არ გადმოაქვს მზა ფორმულა, არამედ ცდილობს ეპოქის მოთხოვნილებებთან შესაბამისი მთელი რიგი ცვლილებები შეიტანოს მასში, რაც მაღალ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს ტაძარს. მაგრამ, მიუხედავად არქიტექტურულ-მხატვრული ღირსებებისა, ქართული საზოგადოების შეგნებაში ქაშვეთი მაინც რჩება პირველ ნაგებობად, რომელშიც, თითქმის საუკუნოვანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმათა აღორძინების ცდა იყო ხორცშესხმული.

ქაშვეთის ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს, თავისი სილუეტით ორგანულადაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის უპირველესი რუსთაველის გამზირის სივრცეში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თბილისის ცენტრის არქიტექტურულ ანსამბლში.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები