ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე

XIX საუკუნის მეორე ნახევრის მეცნიერების და კულტურის ცნობილ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ადოლფ პეტრეს ძე  ბერჟეს - ფილოლოგ-აღმოსავლეთმცოდნეს, ისტორიკოსს, არქეოლოგს, არქეოგრაფს, ეთნოგრაფს, კავკასიისა და მისი ხალხების ისტორიის, აგრეთვე აღმოსავლეთის ისტორიისა და სიძველეების შესახებ სამეცნიერო შრომების ავტორს, რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრს. ადოლფ ბერჟე დაიბადა 1828 წლის 28 ივლისს პეტერბურგში. იგი ოჯახში მეორე ვაჟი იყო. მამამისმა, ფრანგმა მემამულემ პეტრე ბერჟემ, 1805 წელს რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ ფრანგული ენისა და სიტყვიერების პედაგოგობას მიჰყო ხელი.

ადოლფ ბერჟე  მიაბარეს ცაფინტინის კერძო პანსიონში, საიდანაც ის 1836 წელს რეფორმატორთა სკოლაში მოხვდა, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ, 1838 წელს საფრანგეთის ელჩის ბარონ პროსპერ დე ბარანტის მეუღლის  შუამდგომლიბით იგი გადაიყვანეს გატჩინის ობოლთა ინსტიტუტში, რომელიც  1847 წელს დაამთავრა  და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე.

1851 წელს, მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით  საუნივერსიტეტო კურსის დამთავრების შემდეგ, ადოლფ ბერჟე  თხოვნით მიმართავს გატჩინის ობოლთა ინსტიტუტის მეურვეს  ს.  ლანსკოის დაეხმაროს მას სანუკვარი ოცნების - აზიურ აღმოსავლეთში მოგზაურობის განხორციელებაში. ნიკოლოზ I-ს კი სხვა გეგმები ჰქონდა: „ ბერჟეს არაფერი ესაქმება საზღვარგარეთ, აღმოსავლეთში, მაშინ როდესაც რუსეთს აქვს თავისი აღმოსავლეთი _ კავკასია. დაე, იქ გაემგზავროს იგი სამუშაოდ". ადოლფ ბერჟე გაამწესეს ჩინოვნიკად, კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვთან კანცელარიაში. ამგვარად,  ნიკოლოზ I-ის წყალობით, კავკასიამ შეიძინა გამოჩენილი მეცნიერი, რომლისთვისაც ამ მხარის შესწავლა ცხოვრების მთავარ საქმიანობად იქცა.

კვლევითი საქიანობა ადოლფ ბერჟემ დაიწყო რუსეთის საიმპერტორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაში, რომლის წევრიც ის 1852 წლის 18 ნოემბერს გახდა. მას დაევალა კავკასიური ენების შედარებითი ლექსიკონისათვის მასალების შეგროვება. 1860 წლის მარტიდან შედარებითი ლექსიკონის შესადგენად სამუშაოები გააგრძელა რუსეთის საიმპერტორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ. თუმცა ამ მიმართულებით ადოლფ ბერჟეს მუშაობა არ შეუწყვეტია. 1854 წლიდან იგი კავკასიის განყოფილებასთან არსებული კავკასიური მუზეუმის (რომელიც შედგებოდა ეთნოგრაფიული, საბუნებისმეტყველო და ისტორიული განყოფილებებისგან) საქმეთა მმართველი, ბიბლიოთეკარი და მცველი იყო.  1856 წლის ნოემბერში მან შეადგინა „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმის ფონდის ზოგადი კატალოგი".  1853 - 1856 წლებში, სამეცნიერო მიზნით, მან 2-ჯერ იმოგზაურობა სპარსეთში.

1857 წლის დასასრულს ადოლფ ბერჟე  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა. 1860 წლის 23 მარტამდე ამ თანამდებობას იგი რუსეთის საიმპერტორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან არსებული მუზეუმის საქმეთა მმართველის, ბიბილიოთეკარის და მცველის მოვალეობას უთავსებდა

1858 წლის 1-ლი იანვრიდან ადოლფ ბერჟე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ინვენტარიზაციას შეუდგა. ალექსანდრე ბარიატინსკიმ მიაქცია რა ყურადღება ბიბლიოთეკის დაკომპლექტების სპეციფიკას, ახალ დირექტორს მოსთხოვა, რომ მას შეძლებისდაგვარად შეეგროვებინა კავკასიისა და მისი მიმდებარე ქვეყნების შესახებ არსებული ყველანაირი ლიტერატურა. ადოლფ ბერჟე იზიარებდა ამ მოსაზრებას. იგი წერდა: „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ იგი კავკასიის შესახებ არსებული მასალების სპეციალური წიგნსაცავია, რაც მას სხვათაგან გამოარჩევსო".

1859 წელს ადოლფ ბერჟე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ბეჭდურ კატალოგზე მუშაობას შეუდგა. ამ საქმეში მის დასახმარებლად ბიბლიოთეკაში კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს მოხელე - ნიკოლოზ  პეტრეს ძე კეპენი მიავლინეს.  1861 წელს ადოლფ ბერჟეს რედაქტორობით გამოიცა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის მოკლე კატალოგი (1846-1861წწ)", რომელშიც გამოქვეყნდა მისი ნარკვევი: „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა, მისი დაარსება და თანამედროვე მდგომარეობა". ნარკვევი ასე მთავრდება: „ შემდგომში მისი განვითარება დამოკიდებული იქნება იმ თანაგრძნობაზე, რომელსაც ის მომავალში საზოგადოების მხრიდან შეინარჩუნებს. ბიბლიოთეკა თუ ოდესმე მოახერხებს თავი მოუყაროს იმ ძველ ხელნაწერებსა და წიგნებს, ძირითადად კავკასიის ისტორიული წარსულის შესახებ, რომელთა, დიდი რაოდენობა თავს აფარებს ეჩმიადინის, ტატევის და სხვა აქაური მონასტრების კედლებს, მაშინ ის იქცევა ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ეროვნულ წიგნსაცავად და უეჭველად დიდ სამსახურს გაუწევს მეცნიერებას და საზოგადოებრივ განათლებას. ამას ვუსურვებდით მას მთელი გულითა და სულით [....]. ბერჟე. ტფილისი. 1861 წლის 1 ოქტომბერი". თავად კატალოგი ორი ნაწილისაგან  შედგებოდა:  1. სისტემატური;  2. ანბანური.  ფონდების გაფართოების შემდეგ ადოლფ ბერჟეს მიერ მომზადდა და გამოიცა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის მოკლე კატალოგის გაგრძელება (1861-1864წწ)".

კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა თავადმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა (1862-1881) თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას  კოლექციის გასამდიდრებლად, ერთდროულად,  3500 ვერცხლის მანეთი გამოუყო და 1864 წლის აგვისტოში ადოლფ ბერჟე სანკ-პეტერბურგსა და ევროპაში მიავლინა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო განათლების სამინისტროსა და  რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში ადოლფ ბერჟე წერდა: „... კავკასიის მეფისნაცვალმა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული შემადგენლობის გამდიდრება ისურვა, გამამგზავრა გერმანიასა და საფრანგეთში დავალებით, შემეძინა კავკასიის შესახებ, სხვადასხვა დარგში, სამეცნიერო თხზულებანი". გუსტავ რადემ, ჰერმან აბიხმა და იერონიმ სტებნიცკიმ პირველ  რიგში შესაძენ  გამოცემათა ბიბლიოგრაფიული ნუსხა შეადგინეს. მივლინებაში მყოფ ადოლფ ბერჟეს, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეძენისას, ამ  სიით  უნდა  ეხელმძღვანელა. გარდა ამასა, ადოლფ  ბერჟემ შეადგინა იმ დუბლეტების სია, რომელთა შეძენასაც იგი სხვა ბიბლიოთეკებში აპირებდა.

მივლინებიდან დაბრუნებული ადოლფ  ბერჟე 1864 წლის 26 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროს ალექსანდრე ნიკოლაის მოახსენებდა: „მეფისნაცვლის, დიდი თავადის ნება ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეძენის თაობაზე აღსრულებულია.... წიგნების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება  კავკასიისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ არსებულ გამოცემებს დაეთმო.... წიგნები მიღებულია და შეტანილია კატალოგში".

ბიბლიოთეკაში ადოლფ ბერჟემ საფუძველი ჩაუყარა კავკასიის არქიტექტურული ძეგლების მოდელების კოლექციის განყოფილებას. ამ გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნით ბერჟე წერდა: „მთელი მეცნიერული სამყაროსთვის ცნობილია,  რა მდიდარია აქაური მხარე ისტორიული ნანგრევებით. ბევრგან ისინი ათეულობით და უფრო  მეტი რაოდენობით გვხვდება. ამასთანავე, დროთა განმავლობაში ისინი დაიშალა, აღიგავა პირისაგან მიწისა და უკვალოდ დაიკარგა მეცნიერებისთვის, რომელსაც მათი მეშვეობით შეეძლო არა მარტო ნათელი მოეფინა ამ მხარის ისტორიის ბევრი თეთრი ლაქისთვის, არამედ აღედგინა ისეთებიც, რომლებიც შესაძლებელია თავის დროზე ჟამთააღმწერლების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა და ამდენად მეცნიერებისთვის ამოუცნობი დარჩა. ამ მოსაზრების გამო მივიღე გადაწყვეტილება საფუძველი ჩამეყარა აქაური ნანგრევების ასლების კოლექციისთვის, შემოვწირე რა ბიბლიოთეკას სამი შესანიშნავი მოდელი, რომელიც ჩემთვის დაამზადა ერევნის გუბერნიის ყოფილმა არქიტექტორმა, სამეფო კარის მრჩეველმა ა.ა. ნაუმენკომ."

კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს არქივში ბევრი საქმე დაგროვდა. კავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ნიკოლაიმ დასვა საკითხი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის შექმნის შესახებ, შეიმუშავა წესდების პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა მეფისნაცვლის მიერ. 1864 წლის აპრილში  არქეოგრაფიული კომისიის თვმჯდომარედ დაინიშნა ადოლფ ბერჟე, რომელსაც ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე ეკავა. მოსალოდნელი დატვირთვის გამო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობისგან განთავისუფლების შესახებ მან თხოვნით მიმართა მეფისნაცვალს: „თქვენი აღმატებულებისაგან სხვა, უფრო რთულსა და ძნელ ასპარეზზე (არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარე) მიწვეული, კადნიერებას გამოვიჩენდი, თუ კვლავ ბიბლიოთეკის გამგებლობაზე ვიფიქრებდი, ... ამიტომ იძულებული ვარ ვთხოვო თქვენს აღმატებულებას, გამათავისუფლოს ბიბლიოთეკის დირექტორობიდან, დაავალოს ეს საქმე სამსახურებრივი საქმეებით ჩემზე უფრო ნაკლებად დატვირთულ პიროვნებას, რომელსაც მეტი შესაძლებლობა ექნება რომ ბიბლიოთეკის კეთილდღეობისთვის იზრუნოს." მაგრამ ვინაიდან ადოლფ ბერჟეს შემცვლელი ვერ გამოიძებნა, მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, იგი დატოვეს თავის ადრინდელ თანამდებობაზე, მის დასახმარებლად კი ბიბლიოთეკაში  ნიკოლოზ  კეპენი  მიავლინეს.

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მომხდარი ცვლილებები თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასაც შეეხო. ადოლფ ბერჟეს მხარდაჭერით  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი გაერთიანდა ერთი უწყების ქვეშ და ორივე დაწესებულების დირექტორად გუსტავ რადე დაინიშნა.

განგების წყალობით კავკასიაში მოხვედრილმა ადოლფ ბერჟემ მთელი სულითა და გულით შეიყვარა ეს მხარე. იგი დიდი მონდომებით  სწავლობდა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის  ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის საკითხებს და იკვლევდა ამ რეგიონის შესახებ არსებულ სტატისტიკურ მასალებს. 1866-1886 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა ისტორიული დოკუმენტების ათტომეული, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნად ითვლება კავკასიოლოგიაში. ადოლფ ბერჟე რედაქტირებას უკეთებდა პერიოდულ გამოცემებს: „Кавказский календарь" და „Записки Общества лубителей кавказской археологии", მონაწილეობას ღებულობდა გეოგრაფიული ლექსიკონის შედგენაში, დაწერა სტატია მრავალტომეული გამოცემის „Живописная Роосия"-ს მეცხრე ტომისათვის. ამავე დროს  იგი დაინტერესებული იყო კავკასიური ენების და ლიტერატურის შესწავლით. მის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი XVIII-XIX საუკუნეების აზერბაიჯანული პოეზიის კრებული, რომელიც გამოვიდა ლაიფციგში, 1869 წელს. ადოლფ ბერჟეს დიდი წვლილი მიუძღვის სპარსეთის ისტორიის და  ლექსიკოგრაფიის შესწავლის  საქმეშიც. მან რუსულ ენაზე თარგმნა ჯალალედინ ყარაბახელის წიგნი სპარსეთის ისტორიის შესახებ. ადოლფ ბერჟემ აგრეთვე  შეადგინა და  1868 წელს ლაიფციგში გამოსცა  სპარსულ-ფრანგული ლექსიკონი.

ადოლფ ბერჟე გარდაიცვალა მოულოდნელად, თბილისში, 1886 წლის 31 იანვარს, დილით, სისხლის ჩაქცევით, ხოლო 3 თებერვალს იგი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.  მეგობრები და კოლეგები აღნიშნავდნენ, რომ ადოლფ ბერჟე მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც უარს ამბობენ ყველანაირ მატერიალურ სარგებელზე და ცხოვრობენ მხოლოდ მეცნიერებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. დიმიტრი კობიაკოვმა, რომელიც ბერჟესთან თანამშრომლობდა  გამოცემის „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების" მომზადების საქმეში, ნებაყოფლობითი შემოწირულობის თანხით მიუნხენში შეუკვეთა ბრინჯაოს ბიუსტი და მისი პორტრეტი. ადოლფ ბერჟეს ბიუსტი 1887 წელს მიიღეს საზღვარგარეთიდან და კვარცხლბეკის მომზადებამდე საჯარო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1888 წლის თებერვლის დასაწყისში, კავკასიის მუზეუმის ბაღში საზეიმოდ გაიხსნა ადოლფ ბერჟეს შესანიშნავი ძეგლი. სამწუხაროდ მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ლუთერანული სასაფლაო კი, სადაც იგი დაასაფლავეს, გაუქმებული იქნა. თუმცა ამ გენიალურმა პიროვნებამ კავკასიაში მოღვაწეობით თავად დაუდგა საკუთარ თავს ძეგლი.

  

ნინელი მელქაძე

ქეთევან მგალობლიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Мелкадзе Н. В. Выдающийся библиограф Тифлисской публичной библиотеки (к 185-летию А.П. Берже) // Вестник БАЕ. - 2013. - № 1. - С. 80-84

2. Мелкадзе Н.В. Нерукотворный памятник // Русский клуб . - 2013. - № 2. - С.42-45.

Перечень монографий, очерков, статей, заметок и переводов Адольфа Петровича Берже (составитель Н. В. Мелкадзе) ადოლფ  ბერჟეს მონოგრაფიების, ნარკვევების, სტატიების, ჩანაწერების და თარგმანების ნუსხა (შემდგენელი ნ. მელქაძე)