გუსტავ ივანეს ძე რადე

გუსტავ ივანეს ძე  (გუსტავ ფერდინანდ რიხარდ) რადე - ბუნებისმეტყველი, ეთნოგრაფი,  ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და კავკასიის ერთ-ერთი პირველი მკლევრი, „კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის" დირექტორი, დაიბადა 1831 წლის  27 ნოემბერს  პრუსიაში, ქალაქ  დანცინგში (ახლანდელი პოლონეთის ქალაქი გდანსკი) ხელმოკლე სკოლის მასწავლებლის ოჯახში.  ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს, რადე გაწევრიანდა ქალაქის ბუნებისმეტყველთა საზოგადოებაში, სადაც თავისი მასწავლებლის, პროფ. ანტონ მენგეს ხელმძღვანელობით შეისწავლა ადგილობრივი ფლორა და ფაუნა. უსახსრობის გამო ის იძულებული იყო  მეაფთიაქის შეგირდად ემუშავა, ბოტანიკა და ზოოლოგია კი დამოუკიდებლად შეესწავლა. ასეთი უფერული დუხჭირი ყოფა არ აკმაყოფილებდა რადეს და უმძაფრებდა მოგზაურობისადმი ლტოლვას. იმდროინდელი საზოგადოება გატაცებული იყო მოგზაურობით, ბოტანიკური და ზოოლოგიური სახეობების კოლექციების შეგროვებით. დანცინგის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სუბსიდიით, რადე 1852 წელს ჩავიდა ყირიმში. იქ მან გაიცნო ცნობილი ბოტანიკოსი, ნიკიტსკის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი ჰრისტეან ფონ-სტევენი. რადე მისთვის ხატავდა მცენარეებს, ტკბებოდა ბუნებით და თავისუფლებით. ის ხშირად იმეორებდა დიდი გოეთეს სიტყვებს: «Ich hatte nichts und doch genug: den Trieb nach Wahrheit und die Lust am Trug» [=«არარა მქონდა და მომწონდა თავი ქონებით, ჭეშმარიტების წყურვილით და ფუჭი ოცნებით»]. სიმფეროპოლში მან გაიცნო განათლებული და ჰუმანური ადამიანი, ოსიპ ნიკოლოზის ძე შატილოვი, რომელმაც რადეს დაავალა  მცირე მუზეუმის მოწყობა. მაგრამ ომმა  სრულიად გაანადგურა იდილიური ყირიმის სამხრეთი სანაპირო და რადე იძულებული გახდა დაეტოვებინა ის. 1855 წლის 18 თებერვალს რადე უკვე პეტერბურგში იყო. სტევენის, კეპენის და ბრანდტის რეკომენდაციებით რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების საბჭომ იგი ჩართო  აღმოსავლეთ-ციმბირის ექსპედიციაში. 1855 წლის აპრილში რადე გაემგზავრა ირკუტსკში. იქ  მან გადაწყვიტა თავისი ბედი სამუდამოდ რუსეთთან დაეკავშირებინა და „გახდა რუსეთის - ამ ახალი სამშობლოს მადლიერი ერთგული მოქალაქე". მხარის სამეცნიერო კვლევის გარდა, რადემ 1858 წელს მდინარე ამურზე კაზაკთა სტანიცა დააარსა, რომელსაც რადეს ღვაწლის აღსანიშნავად ეწოდა „რადე" (ხალხმა კი მას  „რადევკა" დაარქვა). დღეს სოფელი რადე - ებრაელთა ავტონომიური ოლქის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტია. თანამედროვე ებრაელთა ავტონომიური ოლქის ხელისუფლების კულტურის სამმართველო და შოლომ-ალეიჰემის უნივერსალური საოლქო ბიბლიოთეკა რეგულარულად ატარებენ გუსტავ რადეს  სახელობის სამეცნიერო კონფერენციებს - «Раддевские чтения», რომლის მიზანია მხარეთმცოდნეობის პოპულარიზაცია და შორეული აღმოსავლეთის ისტორიის შემსწავლელთა წრის გაფართოება.

1859 წელს მან  გეოგრაფიულ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რათა შეესწავლა ენისეის აღმოსავლეთ სანაპირო, საიანები და ტუკინის ალპები და მიიღო თანხმობა.  რადე პირველი ავიდა მუნკუ-სარდიკის მთის წვერზე. 1860 წლის 18 იანვარს რადე პეტერბურგში დაბრუნდა. მისი აკადემიური დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. სამედიცინო აკადემიაში გამოცდა ჩააბარა ფარმაციაში, ციმბირში გატარებული ხუთი წელი  ჩაეთვალა სამხედრო სამსახურად და დაინიშნა შტატგარეშე კონსერვატორად. რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა რადეს წლიური ანგარიშები რუკებით და ილუსტრაციებით. აღნიშნული ნაშრომისთვის რადე  დაჯილდოვდა დემიდოვის პრემიით; დერპტის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურმა ფაკულტეტმა კი მას მიანიჭა  მაგისტრის ხარისხი.  აღმოსავლეთ  საიანში ჩატარებულმა კვლევებმა განაპირობა მისი  ტფილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნა. 1863 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში  გუსტავ რადე ჩამოვიდა თბილისში ახალგაზრდა მეუღლესთან,  მარიამ თედორეს ასულ ბრანდტან ერთად და მისივე თქმით „ კავკასია ხდება მისთვის ძვირფასი და ლამაზი მეორე სამშობლო". ობსერვატორიაში მუშაობა გაუსაძლისი აღმოჩნდა მისი მოუსვენარი ბუნებისათვის. დირექტორი მორიცი უკმაყოფილებას არ მალავდა იმით, რომ მისი მოადგილე  გერმანულ კლუბში ციმბირში მოგზაურობის შესახებ ლექციების კითხვას უფრო მეტ დროს უთმობდა   ვიდრე სამსახურს. რადე იძულებული იქნებოდა კავკასია დაეტოვებინა, რომ არა  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი და კავკასიის არქეოლოგიური კომისიის თავჯდომარე ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე, რომელსაც ის   გერმანულ კლუბში დაუმეგობრდა. 

ბერჟეს რჩევით რადემ  კავკასიის მეფისნაცვლის  მთავარმმართებელს, ბარონ ნიკოლაის წარუდგინა კავკასიის ბიოლოგიური და გეოგრაფიული შესწავლის  გეგმა, ნიკოლაიმ კი - მეფისნაცვალს. ერთი თვის შემდეგ, 1864 წლის 14 თებერვალს რადეს ოფიციალურად დაავალეს ემოგზაურა და სამეცნიერო კვლევები ჩაეტარებინა  კავკასიაში.  მის მიერ მოგროვილი მდიდარი ბოტანიკური, ზოოლოგიური, გეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა საჭიროებდა დაბინავებას და მოვლას. ადოლფ ბერჟემ მმართველ წრეებში მოამზადა ნიადაგი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან არსებული კავკასიის მუზეუმის აღსადგენად. ბარონ ნიკოლაის მხარდაჭერით, რომელსაც რადე  თვლიდა თავის უდიდეს მწყალობლად, მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზოს-ძემ დაამტკიცა კავკასიის მუზეუმის, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულების, პროექტი. კავკასიის მუზეუმი 1867 წლის 2 იანვარს გაიხსნა.

მალე, 1868 წლის იანვარში, კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა გაერთიანდა  ერთ მმართველობაში. ამის ინტელლექტუალური სულისჩამდგმელი იყო ადოლფ ბერჟე. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა გუსტავ რადე.  რადეს ტფლისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორობის დროს გამოიცა «Второе продолжение Краткого каталога Тифлисской публичной библиотеки 1866-1880 гг.» და «Третее продолжение Краткого каталога Тифлисской публичной библиотеки 1881-1894 гг.».

როგორც კავკასიის მთავარი წიგნსაცავი, ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტება ხდებოდა, უპირველეს ყოვლისა,  კავკასიის და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ ლიტერატურით. 1890-ანი წლებიდან ბიბლიოთეკა შეუდგა Caucasica -ს კოლექციების შევსებას კავკასიის და აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით. დაკომპლექტების ასეთი სისტემის შემოღებით ბიბლიოთეკამ მიიღო  კავკასიის შესახებ მსოფლიოში ყველაზე სრული წიგნსაცავის სახე. მაგრამ ბიბლიოთეკის განვითარებას და მის ეფექტურ გამოყენებას აფერხებდა ფართის სივიწროვე. რადე თვლიდა, რომ ის ბიბლიოთეკა, რომელიც მთლიანად მთავრობის სახსრებზეა  დამოკიდებული,  უნდა ასრულებდეს კავკასიის შესახებ ცოდნის დაცვის და გავრცელების ფუნქციებს. იმისათვის, რომ ბიბლიოთეკას უზრუნველყო კავკასიის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის მიწოდება და ამავდროულად შეესრულებინა  საერთო სამკითხველოს ფუნქცია, ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკას არ გააჩნდა არც სახსრები და არც შესაბამისი ფართი. გ. რადე იცავდა რა ბიბლიოთეკის კავკასიოლოგიურ  სპეციალიზაციას, წერდა, რომ  ალჟირში ყოფნისას დაინტერესდა იქაური  საჯარო ბიბლიოთეკით, რომელსაც ვიწრო მიზანი  ჰქონდა - შეეგროვებინა ლიტერატურა  ალჟირის შესახებ. ის არ იყო ფართო საგანმანათლებლო სამკითხველო. რადე იზიარებდა დაკომპლექტების ამგვარ პოლიტიკას  და ცდილობდა შეექმნა  სრულყოფილი წიგნსაცავი კავკასიის შესახებ.  

1900 წლის ოქტომბერს რადეს თხოვნით შექმნილმა კომისიამ აღიარა ტფილისის  საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განსაკუთრებული მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა დირექციის მოსაზრებას -  მხოლოდ კავკასიის შესახებ სამეცნიერო წიგნსაცავის შექმნას.

მისი სანუკვარი ოცნება იყო დაეტოვებინა სამსახური და დასახლებულიყო შტარნბერგის ტბის ნაპირას, პატარა სახლში და გაეტარებინა იქ სიცოცხლის უკანასნელი დღეები მემუარებზე მუშაობაში, მაგრამ, სხვა მხრივ, მას ეძნელებოდა კავკასიის მუზეუმთან განშორება.  ხანდაზმული ასაკის და მძიმე ავადმყოფობის  მიუხედავად- თირკმლის კიბო - ის მომავლის იმედს მაინც არ კარგავდა და აპირებდა წამოწყებების დასრულებას. სამწუხაროდ, მისი იმედები არ გამართლდა. 1903 წლის მარტის პირველ რიცხვებში რადე გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მეფისნაცვლის მამულში, ლიკანში. იქ მან თვითონვე შეარჩია სამუდამო  განსვენების ადგილი პატარა გორაკზე, ფიჭვნარში. წარწერა მან თავად შეადგინა: «Здесь покоится усталый, Густав Иванович Радде. Смерть мне не страшна: Она сестра родная сна» = „აქ განისვენებს დაქანცული გუსტავ ივანეს-ძე რადე. სიკვდილი არ მაშინებს მე: ის ხომ ღვიძლი დაა ძილისა".

რადეს კეთილი ნება და ენერგია მიმართული იყო კავკასიის შესწავლის მის მიერ შედგენილი ფართო პროგრამის შესრულებაზე.

ის წერდა: „ბედმა გამიღიმა: მე  რუსეთში წავედი მხოლოდ ექვსი თვით, მაგრამ ვცხოვრობ აქ უკვე თითქმის სამოცი წელი. მე გავხდი ჩემი ახალი სამშობლოს მადლიერი და ერთგული ქვეშევრდომი, რომლის კუთხე - კავკასია იქცა ჩემს მეორე, საყვარელ და ძვირფას სამშობლოდ. ის რაც ორმოცდაათი წლის წინათ თვლემდა მოუვლელად, მხოლოდ ჩანასახის სახით, უამინდობის და ქარბუქის მიუხედავად  იქცა ტოტებგაშლილ ხედ, რომლის ჩრდილში ღელავს მოგონებების მთელი ზღვა" .

თავდავიწყებულ  შრომაში ხედავდა ის ნუგეშს. მიუხედავად ამისა, ის ოცნებობდა შორეულ კუნძულზე განმარტოებას თავისი საყვარელი წიგნებით, რომლებსაც ის აგროვებდა და რომლებსაც ის დიდად აფასებდა. ეს იყო საბუნებისმეტყველო წიგნები და გერმანელი კლასიკოსების ნაწარმოებები: ლესინგი, გოეთე, შილერი. რადე იყო ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი; თავად შესანიშნავი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული, ის აღფრთოვანებას არ მალავდა, როდესაც ხედავდა შესანიშნავ ნახატს. მხატვარ-კლასიკოსებიდან მას ყველაზე უფრო მურილიო უყვარდა.  კარგი სმენის მქონე, მას იტაცებდა ბეთჰოვენის და ჰაიდნის მუსიკა,  საოპერო ნაწარმოებებიდან მას უყვარდა „ჰუგენოტები" და „ერნანი". ის არ იყო ზედმეტად რელიგიური პიროვნება, ხანდახან მისი მრწამსი ბუდიზმს  უახლოვდებოდა, ეკლესიაში  იშვიათად დადიოდა, თუმცა რამოდენიმე წელი   იყო თბილისის ლუთერანული საზოგადოების საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე და შესანიშნავი სურათი აჩუქა ეკლესიას. მისი ღვთაება ბუნების დიად ტაძარში მდებარეობდა, იქ ის თაყვანს ცემდა მას და უგდებდა ყურს მის ზეშთაგონებას.

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ რადე დააჯილდოვა კონსტანტინეს სახელობის მედლით;  ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ კი  დედოფალ ვიქტორაის  მედლით. 

ნინელი მელქაძე,

ქეთევან მგალობლიშვილი

       გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. Ган К.Ф. Коллекции Кавказского Музея. Том VI, ч.1,2. [Автобиография Г.И.Радде (неоконченная), биография Г.И.Радде-составленная К.Ф.Ганом. С 32 таблицами]. Тифлис: тип.Канцелярии Наместника Его Императорского Величества на Кавказе, 1912. - 381с.
  2. Мелкадзе, Н. В. Густав Иванович Радде - директор Тифлисской публичной библиотеки и Кавказского музея / Н. В. Мелкадзе // Вестник Библиотечной Ассамблеи Евразии. - 2010. - N 2. - С. 82-85
  3. Мелкадзе, Н. В. Служитель храма природы [Радде Г.И.] // Русский клуб. - 2010. - № 10. - С. 48-50

Библиография трудов Густава Ивановича Радде  на русском (составитель Н.В. Мелкадзе) и немецком (составитель К.Ф. Ган) языках.
გუსტავ რადეს რუსულ და გერმანულ ენოვანი შრომების  ნუსხა. (შემდგენელი ნ. მელქაძე და კ. ჰანი)