ნოე ყიფიანი

ნოე მანუჩარის ძე ყიფიანი, გეოლოგი, სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიცენციატი,  საქართველოს მუზეუმის და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორი (1919-1923),  დაიბადა 1887 წლის  27 იანვარს (8 თებერვალი) სოფელ ყუმისთავში მოსამსახურის ოჯახში.

1912-1913 წლებში მონაწილეობდა ცნობილი ვულკანოლოგის, მინერალოგის და პეტროგრაფის, ალფრედ ლაკრუას  და  გეოლოგის და პალეონტოლოგის, ემილ ჰოგის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში.

1915 წელს ალექსანდრე კაზნაკოვმა თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას,  აერჩიათ  ნოე ყიფიანი კავკასიის მუზეუმის გეოლოგიის განყოფილების მთავარ მცვლელად. მანვე  მიავლინა იგი პეტერბურგის გეოლოგიურ მუზეუმში, რათა ცნობილი გეოლოგისა და პალეონტოლოგის, პეტერბურგის გეოლოგიური მუზეუმის ორგანიზატორის, აკადემიკოს ნიკოლოზ ანდრუსოვის  უშუალო ხელმძღვანელობით დაუფლებოდა სამუზეუმო საქმეს.

1916 წელს რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის კონფერენციამ ნოე ყიფიანი აირჩია კავკასიის მუზეუმის  გეოლოგიის განყოფილების მთავარი მცველის მოვალეობის შემსრულებლად.

1918 წლის ივნისში ნოე ყიფიანი კავკასიის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1919 წლის პირველ აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ კავკასიის მუზეუმი ლიკვიდირებულად გამოაცხადა, შტატი დაითხოვა და მიიღო დეკრეტი საქართველოს მუზეუმის დაარსების შესახებ. ყოფილი კავკასიის მუზეუმის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა საქართველოს მუზეუმს. დეკრეტით საქართველოს მუზეუმმა მიიღო დებულება, რომლის მიხედვითაც, მუზეუმის სპეციალისტებს და ბიბლიოთეკარს ირჩევდა სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებდა სახალხო განათლების მინისტრი. 1919 წლის  აგვისტოში ნოე ყიფიანი მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ აირჩია და უმაღლესმა მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორად. იმავდროულად ის  გეოლოგიის  განყოფილების გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. პარალელურად იგი უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილების გამგეა (1921-1924). საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული დოკუმენტები ცხადყოფენ ნოე ყიფიანის ბიბლიოთეკის განვითარებაზე ზრუნვას.

1919 წლის 28 ოქტომბერს იგი წერდა მიწათმოქმედების მინისტრს: „აბასთუმნის სასახლეში არსებობს მდიდარი ბიბლიოთეკა, ძნელია ითქვას რისთვის არის ის იქ, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ მიგვეერთებინა ის კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ეროვნულ ბიბლიოთეკას ".  მას აღელვებს ბიბლიოთეკისათვის აუცილებელი ეგზემპლარის მიწოდების პრობლემა. რედაქციებისადმი მიმართვაში ის წერს: „საქართველოს მუზეუმი წინასწარ დარწმუნებულია, რომ თქვენ დიდის თანაგრძნობით ეპყრობით იმ კულტურულ საქმეს, რომელისათვის იგი მოწოდებულია, გთხოვთ მომავალი ნომრებიდან უსასყიდლოდ დაუთმოთ მუზეუმთან არსებულ საჯარო სამკითხველოს გაზეთის ორ-ორი ცალი ნომერი. ამასთან გაუწყებთ რომ, კავკასიის მუზეუმთან არსებულ საჯარო სამკითხველოს  უფასოდ მოსდიოდა არამცირე ყველა პერიოდული გამოცემანი, არამედ ერთდროულიც. მუზ. დირექტორი: ნოე ყიფიანი."

1919 წლის ნოემბერში ყიფიანმა მიმართა მთავრობას: „ყოფილი ამიერკავკასიის მუზეუმის დებულების უკანასკნელი მუხლით ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოქმედ გამომცემლებთ ევალებოდა მუზეუმთან არსებული საჯარო ბიბლიოთეკისათვის ეგზავნათ ორ-ორი ცალი როგორც ერთდროული ისე პერიოდული გამოცემები. საქართველოს მუზეუმის დებულების პროექტის შემუშავების დროს ასეთი მუხლი გამოტოვებულ იქნა, კომისიის წევრის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგის პროფ.  ე.  თაყაიშვილის წინადადების თანახმად, რადგან  მათ განაცხადეს, რომ ეს იქნებოდა ცალკე საკანონმდებლო გზით ცხოვრებაში გატანილი სულ მოკლე ხანში.  მას შემდეგ უკვე მეოთხე თვეა და ასეთი კანონი არ სჩანს. დღემდე არ არის".  

განათლების მინისტრისაგან 1919 წლის ოქტომბერში ის მოითხოვს შუამდგომლობას, რათა ბიბლიოთეკისათვის ახალი სამეცნიერო გამოცემების შესაძენად გამოყონ თანხა. ნოე ყიფიანი წერდა: „საქართველოს მუზეუმი, რომლის მიზანია ემსახუროს და ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის მეცნიერულად შესწავლას, ამჟამად  მოკლებულია საშუალებას ეს თავისი მიზანი პირნათლად შეასრულოს. მსოფლიო ომმა და მის შემდგომმა რევოლუციებმა ჩამოაშორეს რა ჩვენი მხარე ევროპის კულტურულ ცენტრებს, ამასთანავე,  დაწყვიტეს  ყოფილი კავკასიის მუზეუმის მიერ ევროპის  კულტურულ ცენტრებთან სამეცნიერო მიზნით  გაბმული ძაფები და ისეთ მდგომარეობაში დაგვიტოვეს იგი საქართველოს მუზეუმის დღევანდელ მუშაკებს, რომ ამჟამად, მუზეუმის ხუთივე განყოფილება უდიდეს გასაჭირს განიცდის მათვის აუცილებელი სამეცნიერო ლიტერატურის მხრივ. ბიბლიოთეკა ზემოხსენებული მიზეზების გამო უკვე 5 წელია, რაც მოკლებულია საშუალებას მიიღოს ესა თუ ის ახალი სამეცნიერო ნაშრომი, და არ სმენიათ ევროპის ახალი სიტყვა და ძიება მეცნიერების ამა თუ იმ დარგში ... თქვენ, რომელიც მოწადინებული ხართ  ჩვენი ქვეყნის გასანათლებლად, კეთილი ინებეთ და იშუამდგომლეთ მთავრობის წინაშე, რომ მუზეუმისათვის გაღებულ იქნას საგანგებო თანხა და ევროპაში მიმავალ დავით ღამბაშიძეს დაევალოს ზრუნვა და შეძენა ამ უკანასკნელი 5 წლის ახალი სამეცნიერო გამოცემების".

1920 წელს სამხედრო მინისტრისადმი მიმართვაში (№ 148/136) ნ. ყიფიანი წერს: „საქართველოს მუზეუმთან არსებული უძვირფასესი  წიგნთსაცავი, სადაც თავიდანვე გროვდებოდა  საქართველოს და მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ თხზულებები, მუზეუმის ძველი შენობის სივიწროვის გამო რვა წელიწადია, რაც ჩალაგებულია ყუთებში და მიუწვდომელია, როგორც ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებისათვის, ისე ჩვეულებრივი მკითხველისათვის. საქართველოს მუზეუმი წინასწარ დარწმუნებულია, რომ თქვენ არ ინებებთ მუზეუმის ახალი შენობის მოთავებამდის, ხსენებული წიგნთსაცავის ასეთ მდგომარეობაში დატოვებას, რამაც შეიძლება მთლად ააოხროს იგი, რადგან მავნე პარაზიტები ჯერ ეხლავე მას საგრძნობლად აზიანებენ - უმორჩილესად გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო განკარგულება, რათა დაგვეთმოს მუზეუმის წიგნთსაცავისათვის - ქვემო აღნიშნულ ბინათაგან ერთ-ერთი სადგომი: მუზეუმს ასეთ შესაფერის სადგომად მიაჩნია:

1. ყოფილი საკომენდატო მმართველობის ბინა, როგორც მახლობლად მყოფი;

2. სამხედრო სამინისტროს ახლანდელი ბინა, სამინისტროს ახალ ბინაზე გადასვლის შემდეგ;

3. და უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი ბარიატინსკის და ინჟენერის ქუჩებზე არსებული სახელმწიფო ბინათაგანი".  

მისი ეს მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოს მუზეუმის საბჭოს 1921 წლის (ოქმი № 1) გადაწყვეტილებით მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგეს, გ. ჩუბინაშვილს „მიენდოს ბიბლიოთეკისათვის ცალკე შესაფერისი შენობის მოძებნა და შემდეგ ეთხოვოს რევკომს ამორჩული სახლის მუზეუმზე გადმოცემა," გ. ჩუბინაშვილმა ბიბლიოთეკისათვის შეარჩია ყოფილი ქართული სათავადაზნაურო ბანკის შენობა. საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს 1921 წლის 2 აპრილის სხდომის (№2) თანახმად  რევკომის განკარგულებით მუზეუმს გადაეცა გ. ჩუბინაშვილის მიერ შერჩეული შენობა. სამწუხაროდ, „ბ-ნ დირექტორმა ზომების მიუღებლობის გამო, ბიბლიოთეკისათვის გადმოცემული შენობა დაკარგა."

ნოე ყიფიანი 1922 წლის ბოლოს წერდა: „1923 წლისათვის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში უკვე დამთავრდა საბუნებისმეტყველო ნაწილის ამოკვეთა და გაშლა. ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დანარჩენი ნაწილი უკვე თორმეტი წელი იდო ყუთებში ჩალაგებული. თუ ამ მდგომარეობამ კიდევ რამდენიმე ხანს გასტანა, წიგნები  გაფუჭდება და ეს მდიდარი განძი დაიღუპება. ამიტომ საქართველოს მუზეუმი გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა   საჯარო ბიბლიოთეკის დანარჩენი ნაწილი გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ და ამგვარად არიდებულ იქნას ხიფათი, რომელიც მას მოელის მოუვლელობის გამო."

სახალხო კომისართა საბჭომ 1923 წლის 30 მაისის (დადგენილება № 98) დაადგინა: „ დაარსებულ იქნას ქ. ტფილისში საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა,  რომელსაც საფუძვლად უნდა დაედვას საქართელოს მუზეუმთან არსებული საჯარო ბიბლიოთეკა და მას უნდა შეერთებოდა „ საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს ცენტრალური აკადემიური ბიბლიოთეკა.

ნოე ყიფიანი ხელმძღვანელობდა მუზეუმს 1926 წლამდე. 1930-1938 წლებში ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სოხუმის (1938-1945) და ბათუმის (1945-1957) პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

იგი გარდაიცვალა  1965 წლის 15 ნოემბერს.

ნინელი  მელქაძე

ქეთევან  მგალობლიშვილი

 გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - თბ.: 1986. - ტ.10. - გვ. 655
  2. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივი . - 1919/1920/1922/1923
  3. Послужной список Н. М. Кипиани// საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივი
  4. Хроника Кавказского музея // Известия Кавказского музея . - 1916. - Т.9, вып. 3-4. - С. 263 

ნოე ყიფიანის შრომათა ნუსხა 

  1. ყიფიანი, ნ. საქართველოს მუზეუმის მოქმედების  მოკლე ანგარიში (1919-1921) // საქართველოს მუზეუმის მოამბე. - 1920-1922. - ტფ, 1922. - ტ.1. - გვ.108-112.
  2. ყიფიანი, ნ. დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური მასალები / ნ. ყიფიანი // საქართველოს მუზეუმის მოამბე. - 1920-1921-1922. - N1. - გვ.78-87. - რეზიუმე ფრანგულ ენაზე
  3. ყიფიანი, ნ. გეოლოგიური შენიშვნები : (აღმოსავლეთ სვანეთი) / ნ. ყიფიანი // ჩვენი მეცნიერება. - თბილისი, 1924. - N1. - გვ.122-125
  4. ყიფიანი, ნ. მიწისძვრა საქართველოში : [საუბარი გეოლოგთან] / ნოე ყიფიანი // კომუნისტი. - 1925. - 11 იანვარი. - N9. - გვ.3