ბუსირისი (დასახლებული პუნქტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუსირისი – არაბული აბუსირი, ბერძნული Busiris, წარმოიშვა ეგვ. Pr-Wśir-დან (ოსირისის სახლი). დღეს ჰქვია ცხრა დასახლებულ პუნქტს, რომელთა ადგილას ძველ ეგვიპტეში სავარაუდოდ ოსირისის თაყვანისცემის საკულტო ადგილები იყო.

1. სოფელი აბუსირი მემფისის ნეკროპოლისთან, სადაც იყო ოსირისის ტაძარი, სახელად Pr Wśir nb R3śt3w. „ოსირისის, რასეტაუს (მემფისის ნეკროპოლისის) ბატონის ტაძარი“. დღეს მის სიახლოვეს მდებარე ნეკროპოლისის ნაწილსაც აბუსირს ეძახიან. ნეკროპოლისის ამ ნაწილის ათვისება დაიწყო V დინასტიიდან, როცა დინასტიის პირველმა ფარაონმა, უსერკაფმა, აქ თავისი მზის ტაძარი ააგო. აქ მდებარეობს ასევე შეპსესკარას, საჰურას, ნიუსერრას, ნეფერეფრას, ნეფერირკარას და დედოფალ ხენტკაუსი II-ის (ნეფერირკარას მეუღლე და ნიუსერრას და ნეფერეფრას დედა) პირამიდები. გვიანდელ პერიოდამდე იყო დიდგვაროვან და საშუალო კლასის ეგვიპტელთა სასაფლაო. უსერკაფის მზის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, აბუ-გურაბის ბორცვზე, ნიუსერრას ცნობილი მზის ტაძარი მდებარეობს. აბუსირი ცნობილია ეგვიპტოლოგიაში ასევე ე.წ. „აბუსირის პაპირუსებით“. XIX ს. დასასრულს ნეფერირკარას (კაკაის) მოსახსენიებელ ტაძარში აღმოჩენილი იქნა ადმინისტრაციული პაპირუსების უზარმაზარი მასა. XX ს. დასასრულს ჩეხების ექსპედიციის მიერ ნაპოვნი იქნა სატაძრო ადმინისტრაციული დოკუმენტების ასევე დიდი მასა ნეფერეფრას და მისი დედის – ხენტკაუსის პირამიდების საკულტო კომპლექსებში. აბუსირის პირამიდები ზომით ძალიან ჩამოუვარდება III-IV დინასტიების ფარაონების პირამიდებს და თითქმის ყველა საფეხუროვანია.

2. დღევანდელი აბუსირ ელ-მელექი ფაიუმში შესასვლელთან, სადაც მეჩეთში პტახ-სოკარ-ოსირისის ტაძრის ქვის ბლოკებია აღმოჩენილი. მდებარეობდა ზემო ეგვიპტის XX ნომში. ოსირისის კულტი აქ, როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მას ჩრდილოეთის აბიდოსს ეძახდნენ. აბუსირ ელ მელექის მიდამოებში ნაპოვნია ასევე წინადინასტიური პერიოდის სასაფლაო (დაახლ. 3600-3499 წწ. Hayes, 1953, 8).

3. (ასევე ცნობილი, როგორც თაპოსირის აგნა). ალექსანდრიიდან 45კმ. დასავლეთით, მნიშვნელოვანი ქალაქი პტოლემაიოსების დროს, სადაც იყო ისიდას დიდი ტაძარი და საკრალური ცხოველების ნეკროპოლისი. აქ დღემდე შემორჩენილ შუქურაზე ამბობენ, რომ ის ალექსანდრიის შუქურის მომცრო ასლია. ბოლო წლებში ისიდას ტაძართან ჩატარებული გათხრების მონაცემებზე დაყრდნობით ეგვიპტელი არქეოლოგი ზაჰი ჰავაზი ვარაუდობს, რომ კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი სწორედ აქ არიან დასაფლავებული;

4. ამ ქალაქებიდან ყველაზე ცნობილი მდებარეობდა დღევანდელი აბუსირ ელ ბანას ადგილას, ნილოსის დელტის ცენტრში, ნილოსის დამიეტის ტოტის მარცხენა ნაპირზე. ქალაქის უძველესი სახელი იყო Ddw უძველესი ღმერთის ჯედუს და მისი სიმბოლოს, ჯედ-სვეტის გამო. ჯედუ მალე შთანთქა ადგილობრივმა ღვთაებამ ანცთიმ, რომელიც თავის მხრივ ოსირისს შეერწყა. ქალაქის სახელიც გახდა Pr Wśir nb Dd – „ოსირისის, ჯედ-სვეტის ბატონის სახლი“. ეს ადგილი ოსირისის დაბადების ადგილად ითვლებოდა და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ეგვიპტის ისტორიაში. უძველესი მოხსენიება პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ოსირისის მითის აქ მოყვანილი ვერსიის თანახმად (PT 1008) ოსირისი სეტხის მიერ სწორედ აქ იქნა მოკლული. იყო IX ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი.

დანარჩენი ხუთი ბუსირისის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. ესენია: ბუსირისი ქუფთის (ძველი კოპტოსი) სიახლოვეს ზემო ეგვიპტეში, ბუსირისი ელ აშმუ ნეინთან (Hermopolis magna), ფაიუმთან (დღეს აბუსირ დიფინუ) ალექსანდრიის აღმოსავლეთით (შესაძლოა Taposiris parva) და დელტაში აბუსირ ბანას სამხრეთით (დღეს ბანა აბუსირი).

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები