იერუსალიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ierusalimi 1.jpg

იერუსალიმი – უძველესი ქანაანური ქალაქი, ისრაელის დედაქალაქი. სამი რელიგიის იუდაიზმის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის წმიდა ქალაქია. ქალაქი იერუსალიმი პირველად ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში გხვდება ურუსალიმის სახელით, შემდეგ კი ელ-ამარნის ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ. VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს – წმინდა). ქალაქის ნამდვილი სახელი, როგორც მას თვითონ იერუსალიმელები ეძახდნენ ირუშალემი იყო.

იერუსალიმის ისტორია ადრეულ ბრინჯაოს ხანაში იწყება (ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნე), როგორც ქალაქ-სახელმწიფოსი. ძვ.წ. XIV საუკუნის ელ-ამარნის წარწერაში კი მოხსენიებულია წერილი, რომელსაც იერუსალიმის მმართველი ფარაონ ამენჰოტეპ IV-ს ანუ ეხნატონს ატყობინებს, რომ იერუსალიმს ჰაბურუსაგან (ებრაელები) საფრთხე ემუქრება. ადრეული იერუსალიმის შესახებ ცნობებს ბიბლიაც იძლევა, სადაც აღწერილია, რომ იერუსალიმი ებრაელებმა იებუსეველებს წაართვეს და გაანადგურეს, ქანაანის ტერიტორიის ტომებს შორის გაყოფის დროს კი ამ დანგრეული ქალაქის ტერიტორია ბენიამინის ტომს შეხვდა. მიუხედავად ამისა იებუსეველებმა შეძლეს ქალაქის კვლავ აღდგენა და მათი საბოლოოდ დამარცხება და იერუსალიმის დაპყრობა ძვ.წ. 1002 წელს გაერთიანებული ისრაელის მეფემ, დავითმა შესძლო. მეფემ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. აქ გადმოიტანეს ებრაელებმა აღთქმის კიდობანი და უფლის ტაძარი კირიათ-იეყარიმიდან, ამით მეფე დავითმა იერუსალიმი ისრაელის რელიგიურ ცენტრადაც აქცია. იერუსალიმს ძლიერი გალავანი იცავდა და ქალაქში ძლიერი გარნიზონიც იყო განლაგებული.

დავითის ვაჟის, სოლომონის მმართველობისას იერუსალიმის, როგორც ისრაელის დედაქალაქის სტატუსი კიდევ უფრო გამყარდა, რადგან ქალაქი ისრაელის სამეფოს ცენტრი იყო და აქ იყრიდა ყველა სავაჭრო გზა თავს. ეს პერიოდი იერუსალიმისთვის ეკონომიკური აღმავლობის საუკუნედ იქცა. იერუსალიმის გავლით ქარავნები მესოპოტამიიდან ეგვიპტეში მოემართებოდნენ და ფინიკიიდან წითელ ზღვაში. მეფე სოლომონმა იერუსალიმში მორიას მთაზე უფლის ტაძარი აღმართა, რითაც ქალაქის რელიგიური მნიშვნელობა გააორმაგა.

როდესაც ძვ.წ. 928 წელს ისრაელის სამეფო ორად გაიყო, იერუსალიმი ახლა მარტო იუდეის დედაქალაქად იქცა, რომელსაც დავითის დინასტია მართავდა. ძვ.წ. 924 წელს ეგვიპტის ფარაონი შეშონქ I იუდეაში შეიჭრა, მაგრამ ქალაქი იერუსალიმი არ აუღია, რადგან მეფე ობოამმა დიდი ხარკი გადაუხადა, რომელშიც სოლომონის ტაძრის ძვირფასეულობაც შედიოდა.

იერუსალიმი ერთხელ ისრაელის მეფემ, იოაშმა აიღო და ქალაქის ნაწილი და გალავანი დაანგრია, თუმცა იუდეის მეფეებმა, უზიამ (ძვ.წ. 785–733 წ.) და ხიზკიამ (ძვ.წ. 727-698 წ.) მოახერხეს იერუსალიმის დანგრეული ნაწილის და ძლიერი გალავნის აშენება. მეფე ხიზკიამ გადაწყვიტა ქალაქის წყლის პრობლემა და ამის წყალობით ასურეთის მეფე სინაქერიბმა ვერ მოახერხა ძვ.წ. 701 წელს იერუსალიმის ალყით აღება (თუმცა ამაში თავისი როლი ასურეთის ჯარში გავრცელებულმა ეპიდემიამაც ითამაშა). საინტერესოა, რომ იერუსალიმის გარდა ასურელების იერიშს ვერც დამასკომ და ვერც სამარიამ გაუძლო.

ძვ.წ. 612 წელს, როდესაც ასურეთის იმპერია დაეცა, იუდეის მეფე იოშიამ იერუსალიმი ერთადერთ ებრაულ საკულტო ცენტრად გამოაცხადა, არა მხოლოდ თავისი ქვეყნის მცხოვრებთათვის, არამედ განადგურებული ისრაელის სამეფოს ხალხისთვისაც.

ასურეთის მიწებისათვის ომში ორი ძლიერი სამეფო, ეგვიპტე და ბაბილონი იბრძოდა. ომი იუდეასაც შეეხო. იერუსალიმი ჯერ ეგვიპტელების ხელში ჩავარდა შემდეგ ბაბილონელების. იოშიას მემკვიდრეები ეგვიპტეს მიემხრნენ და ბაბილონს აუჯანყდნენ. ძვ.წ. 589 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (ძვ.წ. 630-562 წ.) ალყაში მოაქცია იერუსალიმი და იუდეველები აიძულა დანებებოდნენ, შემდეგ კი ბაბილონელებმა. მეფე და დაახლოებით 100000-მდე ებრაელი ბაბილონში გადაასახლეს, ასევე წაიღეს იერუსალიმის ტაძრის და მეფის სასახლის სიმდიდრე. ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში მეფედ სედეკია დანიშნა (ძვ.წ. 598-587 წ.), რომელმაც ძვ.წ. 588 წელს ბაბილონის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. განრისხებულმა ბაბილონელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს, ორწლიანი ალყის შემდეგ აიღეს და მთლიანად დაანგრიეს. ნაბუქოდონოსორმა დაანგრევინა იერუსალიმის ტაძარიც, ხოლო მეფე სედეკია და იერუსალიმის მაცხოვრებლები ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ.

ძვ.წ. 538 წელს, როდესაც ბაბილონი სპარსელებმა დაიპყრეს, ებრაელებს ნება მიეცათ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმი აღედგინათ. ტაძრის აღდგენა ძვ.წ. 515 წელს მოხდა, სპარსეთში დარიოს I-ის მმართველობისას (ძვ.წ. 550-486 წ.). მიუხედავად ამისა იერუსალიმი აღარ იყო მნიშვნელოვანი და ძლიერი ქალაქი, როგორც ისრაელ-იუდეის ერთიანი სამეფოს და შემდეგ იუდეის სამეფოს დროს იყო, ამას გარდა ქალაქს გალავანი არ ჰქონდა და მტრებისგან დაუცველი იყო. ძვ.წ. 445 წელს სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ იერუსალიმის მმართველად ებრაელი ნეემია დანიშნა, რომელმაც აღადგინა ქალაქის გალავანი და გაანეიტრალა სამარიტელების წინააღმდეგობა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ებრაელების შევიწროებას. ამავე დროს იერუსალიმმა აღიდგინა ებრაელთა რელიგიური ცენტრის სტატუსი. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის გამო ნეემიამ ისრაელის სოფლებიდან ხალხი იერუსალიმში გადაასახლა. ნეემიას მიეწერება ებრაელებისათვის სატაძრო გადასახადის დაწესება.

ძვ.წ. 332 წელს იერუსალიმი უომრად დანებდა ალექსანდრე მაკედონელს. ალექსანდრე მოწყალედ მოექცა იერუსალიმს და რელიგიური თავისუფლებაც შეუნარჩუნა.

ძვ.წ. 323 წელს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, მისმა სარდლებმა ანუ „დიადოსებმა“ ომები დაიწყეს დიდი მაკედონელის მემკვიდრეობისთვის. იერუსალიმი ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთმა სარდალმა, პტოლემაიოს I სოტერმა დაიპყრო (ეგვიპტის მმართველი ძვ.წ. 323-283 წ.) და მრავალი ებრაელი ტყვედ წაიყვანა. ეგვიპტის მეფეებმა ებრაელებს გარკვეული პრივილეგიები მიანიჭეს და რელიგიური თავისუფლებაც მისცეს. იერუსალიმი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური თვალსაზრისით.

ძვ.წ. 198 წელს იერუსალიმი სელევკიდების იმპერიის ჯარმა დაიპყრო. სელევკიდმა მმართველმა ანტიოქე III დიდმა (მეფობდა ძვ.წ. 222-187 წლებში) ებრაელებს ტრადიციული ცხოვრების უფლება და რელიგიური თავისუფლება მისცა. ანტიოქე III-ის შემდეგ გამეფებული ანტიოქე IV ეპიფანე (ძვ.წ. 175-164 წ.) სასტიკად ექცეოდა იერუსალიმის მცხოვრებლებს და მალე ებრაელებმა აჯანყება დაიწყეს. ანტიოქე ეპიფანეს ბრძანებით მისმა ჯარმა დაიპყრო იერუსალიმი, დაანგრია მისი გალავანი და ძლიერი გარნიზონი ჩააყენა აკრაში. სელევკიდებმა აკრძალეს უფლის თაყვანისცემა და იერუსალიმის ტაძრის ღვთაებად ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთი, ზევსი გამოაცხადეს.

საპასუხოდ ებრაელებმა ძლერი აჯანყება დაიწყეს მაკაბელების მეთაურობით, იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნეს და იქ უფლის თაყვანისცემა აღადგინეს.

ძვ.წ. 141 წლიდან იუდეველებმა მოახერხეს სელევკიდებისაგან განთავისუფლება სიმონ მაკაბელის მეთაურობით და ხასმონეების დინასტიის იუდეის სამეფო დაარსეს დედაქალაქ იერუსალიმით. ხასმონეების დინასტიის პერიოდში იერუსალიმში ბევრი შენობა აშენდა, ეგრეთწოდებულ მეორე გალავნის ჩათვლით.

ძვ.წ. 64 წელს სელევკიდების იმპერია რომის რესპუბლიკამ შეიერთა, ძვ.წ. 63 წელს კი რომაელი სარდალი, გნეუს პომპეუს მაგნუსი (დიდი) იერუსალიმში შევიდა თავისი ჯარით, თუმცა უფლის ტაძარში გამაგრებული ებრაელების დამარცხება მხოლოდ სამთვიანი ალყით შეძლო.

ძვ.წ. 40 წელს პართიელების დახმარებით იერუსალიმი დაიკავა ანტიგონე II-მ, რომელიც ადრე რომაელებს ემხრობოდა. სამი წლის შემდეგ ჰეროდე I-მა აიღო რომაელების დახმარებით. ჰეროდე წარმოშობით იდუმელი კაცი იუდეის სამეფო ტახტს ეძიებდა. რომაელებმა ის იუდეის მეფედ დანიშნეს (რასაკვირველია იუდეა რომის ვასალი უნდა ყოფილიყო). ჰეროდე I (ძვ.წ. 37-ახ.წ. 4) დიდად წოდებულმა რომაელი ჯარისკაცებისაგან იხნსა იერუსალიმი და უფლის ტაძარი. მან იერუსალიმში ბევრი ახალი შენობა ააგო, ხოლო უფლის ტაძარი განაახლა.

ჰეროდე I-ის სიკვდილის შემდეგ, იუდეა რომის პროვინციად გამოცხადდა და ერთი გამონაკლისის (ახ.წ. 41-44 წლებში იუდეას მეფე აგრიპა I მართავდა, რასაც მრავალი ისტორიული წყარო და ბიბლიაც ამტკიცებს, უფრო ზუსტად ბიბლიის ერთ–ერთი ნაწილი, მოციქულთა საქმეები) გარდა რომაელები პროკურატორები მართავდნენ.

IV საუკუნეში იმპ. კონსტანტინე დიდმა აღადგინა იერუსალიმი, მისმა დედამ - წმ. ელენე დედოფალმა მრავალი ქრისტიანული ტაძარი ააგო იქ და წმ. კონსტანტინემ იერუსალიმი წმიდა ქალაქად გამოაცხადა. 638 წ. არაბთა სახალმწიფომ დაიპყრო იერუსალიმი და იგი მექას შემდეგ მუსულმანთა მეორე წმიდა ქალაქად გამოცხადდა.

1947 წლიდან გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) გადაწყვეტილებით იერუსალიმი გამოცხადდა დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელიც მხოლოდ გაეროს ემორჩილებოდა. 1948-1949 წლებში არაბ-ისრაელთა ომის დროს იერუსალიმი ორად გაიყო: მისი აღმოსავლეთი ნაწილი იორდანიას გადეცა, და დასავლეთი - ისრაელს.

1950 წ. ისრაელის მთავრობამ გაეროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და ამის შემდეგ აღმოსავლეთის ნაწილიც შეიერთა. ამის გამო დღემდე ბრძოლაა ისრაელსა და პალესტინას შორის.

ისრაელის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია როგორც ელინისტური და რომაული ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლების ნაშთი, ასევე ადრინდელი ქრისტიანული ძეგლების (IV საუკუნიდან დაწყებული) ნანგრევები, მაგ. როტონდისა „უფლის საფლავი“. არაბული კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ე.წ. ომარის მეჩეთი, რომელიც აგებულია რომაელების მიერ დანგრეული სოლომონის ტაძრის ადგილას. აქვეა შემონახული XI-XII საუკ. წმ. ანას და წმ. იაკობის ეკლესიები, მე-14 საუკუნის ციტადელი.

იერუსალიმის დასავლეთი ნაწილის განაშენიანება მე-19 საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო. ამ დროს აშენებული ნაგებობებიდან აღსანიშნავია: ებრაული უნივერსიტეტის კომპლექსი, ისრაელის ეროვნული მუზეუმი და სამედიცინო ცენტრი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები