გიორგი  გეხტმანი

გიორგი ნიკოლოზის ძე გეხტმანი დაიბადა ქ. ქუთაისში 1870 წლის 20 აგვისტოს. იგი იყო ქართველი საბჭოთა ეკონომისტ-გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1940),  პროფესორი, საქ. სსრ მეცნიერების  დამსახურებული მოღვაწე.

1895 წელს  დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. იყო თბილისის სკოლების კლასგარეშე განათლების საზოგადოების საპატიო წევრი. ჟურნალ „ნაკადულისა" და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი (1906-1919წწ.), თსუ-ის ლექტორი, 1921 წლიდან ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.  1923-1930 წწ. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. 1923-1956 წწ. იყო საქართველოს  სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე.

მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და მიღებულ იქნა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მან  ბიბლიოთეკაში მოიყვანა თავისი  სტუდენტები, რომლებიც შემდგომში ცნობილ ბიბლიოთეკათმცოდნეებად და ბიბლიოგრაფებად მოგვევლინენ (ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ აკერმანი, დიმიტრო მარკევიჩი).  მისი უშაუალო ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა საუკეთესო სპეციალისტებით (ვიქტორ ბროსე, მერი მელაძე, შალვა გოზალაშვილი, ივანე ციციშვილი). მისი მეცადინეობით  ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი).   იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. ითვლება ერთ-ერთ ლეგენდარულ დირექტორად.

გარდაიცვალა 1956 წლის 6 სექტემბერს.

ლევან თაქთაქიშვილი

გიორგი გეხტმანის შრომების ნუსხა

გიორგი გეხტმანზე იხილეთ