პავლე კანდელაკი

საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პავლე მამანტის ძე კანდელაკი დაიბადა 1900 წლის 29 იანვარს დაბა აბაშაში.

პავლე კანდელაკი 1910 წელს შევიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ პერიოდში დიდი სტუდენტური მღელვარება დაიწყო.  პ. კანდელაკი ჩავიდა აბაშაში და საშუალო შრომის სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა.

1922 წელს პ. კანდელაკი დაბრუნდა თბილისში და სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე. ამავე დროს სწავლა დაიწყო თეატრალურ სტუდიაში. ხელმოკლეობის გამო მან ორ ფაკულტეტზე სწავლა ვერ შეძლო და II კურსის დახურვის შემდეგ აგრონომიულ ფაკულტეტს თავი დაანება. თეატრალური ინსტიტუტი 1924 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში. იმავე წელს ჩააბარა კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე, რომელიც 1929 წელს დაამთავრა. ამასთანავე პავლე კანდელაკმა მიიღო იურიდიული განათლებაც.

1927 წლიდან 1930 წლის სექტემბრამდე პ. კანდელაკი რუსთაველის თეატრის მსახიობია. 1930 წლის სექტემბრიდან ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევა.

1931 წლის იანვარში დაინიშნა თეატრის ადმინისტრატორად, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციულ-ტექნიკური ნაწილის გამგედ. 1938 წელს მუშაობდა ფილარმონიის დირექტორად, მაგრამ მალევე, ამავე წლის ივლისში, გადაიყვანეს საქართველოს სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მან 1950 წლამდე დაჰყო. 1948-1950 წწ. შეთავსებით  მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო  თეატრის დირექტორად.

1951-1952 წწ. იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებული კულტურული საგანმანათლებლო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1952 წლის ნოემბრიდან 1953 წლის მაისამდე საქართველოს კინომატოგრაფიის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

1953 წელს დაინიშნა საქართველოს  კულტურის მინისტრის მოადგილედ ხელოვნების დარგში. 1955 წლის მარტიდან 1957 წლის ოქტომბრამდე პ. კანდელაკი რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა. 1955 წელს დაინიშნა რუსთაველის თეატრის დირექტორად.  1955-1959 წწ. ეწეოდა საშეფო მუშაობას.

1957 წლიდან პავლე კანდელაკი გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორია. შემდეგ წწ. ინიშნება კინოფიკაციისა და კინოგაქირავების მთავარი სამმართველოს უფროსად.

1962 წელს პ. კანდელაკი დაინიშნა კ. მარქსის სახ. (საჯარო) ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი ენერგიული მოღვაწეობის შედეგი იყო ის, რომ თუ ძველად საჯარო ბიბლიოთეკა მხოლოდ საბჭოთა პარტიული ცხოვრების სიახლეების პროპაგანდას ეწეოდა, პავლე კანდელაკის დირექტორობის პერიოდში ბიბლიოთეკამ დაიწყო ხელოვნების ცნობილ მოღვაწეთა ბიობიბლიოგრაფიების გამოცემა. მისი უშაუალო თანადგომით კვლავ აღდგა პერიოდიკის ანალიტიკური ბიბლიოგრაფიების გამოცემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი შეჩერებული იყო. მისი პირადი ნაცნობობა და მისადმი პატივისცემა ხელს უწყობდა ბიბლიოთეკის პრობლემების მოგვარებას. მისი დირექტორობის პერიოდში ბიბლიოთეკას გადაეცა ბიბლიოთეკის შენობის დღევანდელი II კორპუსი.

იგი  არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, რაისაბჭოს დეპუტატად, იყო თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი. დაჯილდოებულია  ორდენებითა და მედლებით, სიგელებით.

გარდაცვალებამდე, 1968 წლამდე პავლე კანდელაკი იყო კ. მაქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი.

 

გამოყენებული ლიტერატურა: პავლე კანდელაკი /კომუნისტი, 1968, 21 აგვისტო.

პავლე კანდელაკის შრომების ნუსხა:

1. წიგნის პროპაგანდის მძლავრი კერა // საბჭოთა ხელოვნება - 1966. - N1. - გვ.17-21

2. მეოცე საუკუნის მიჯნაზე: [ვ. ი. ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის 100 წლისთავი] / პ. კანდელაკი // თბილისი, 1962. - 30 ივნისი

3. ჩვეთან, წიგნის სამყაროში: [საქ. სსრ სახელმწ. რესპ. ბიბ-კის 120 წლისთავის გამო] / პ. კანდელაკი //კომუნისტი, 1965. - 17 ნოემბერი