გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი გიორგი ზურაბის ძე კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წლის 10 აპრილს.

2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისით. 2006-2008წწ. მუშაობდა რუსთავის № 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები", რისთვისაც მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა" 2009 წელს. 2009-2010წწ. იყო ,,რადიო-ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - ,,ლიტერატურული ქალაქი" - ერთ-ერთი წამყვანი.

2010 წლიდან მისი ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული პორტალი lib.ge. 2010 წლიდან არის ჟურნალ „ტაბულას" ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, ასევე სატელევიზიო გადაცემა ,,წითელი ზონის' პროდიუსერი, ხოლო 2010 წლიდან ჟურნალ „ტაბულა-art-ის" ლიტერატურის განყოფილების რედაქტორი, ჟურნალების - „ფოკუსი" და „თბილისი-აუტ" ლიტერატურული მიმომხილველი. 2010 წლიდან საქართველოს პენ-კლუბის დროებითი სამეურვეო საბჭოს წევრი, ამავე წლიდან კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის კურატორი. ამავე წელს გახდა წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში, British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურს Poet in the City გამარჯვებული საქართველოდან და წლის ადამიანი ჟურნალ ,,ცხელი შოკოლადის ვერსიით.

2011 წელს იყო რადიო „მწვანე ტალღის" (FM 107.4) და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს რადიო-პროექტის ,,ლიტერატურა და სხვა'' წამყვანი.

2012 წელს გიორგი კეკელიძე დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორად. მისი დირექტორობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ფონდების დიგიტალირების პროცესი. ქართული ბიბლიოთეკები და კუთხეები გაიხსნა სტამბოლის, კიევის, ვენის ბიბლიოთეკებში. შექმნა ელექტრონული განვითარების საბიბლიოთეკო სინდიკატი, რომელმაც გააერთიანა რეგიონული ბიბლიოთეკები. 2012 წელს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა წლის ტოლერანტობის ქომაგის სახელი.

2013 წელს გიორგი კეკელიძე ვაშინგტონში შეხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმს ბილინგტონს. ამავე ვიზიტისას ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა ზალდასტანიშვილების ბოსტონის არქივი და გრიგოლ დიასამიძის ნიუ–იორკული არქივი. კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო. 2012 წელს გიორგი კეკელიძის ინიციატივით ლიბ-ჯგუფმა დააფუძნა კავკასიური პორტალი Caulib. ასევე დაარსდა საქველმოქმედო ფონდი ლიბ-ეკვილიბრიუმი და ლიბ-კლუბი. 2012 წელს გიორგი კეკელიძეს მიენიჭა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია ,,ოქროს ფრთა“ ლიტერატურული ტელე და ინტერნეტ-პროექტებისთვის „ინტერპრეტაცია" და „ლიტარეა" და წლის ადამიანი ჟურნალ ,,ცხელი შოკოლადის ვერსიით (ეროვნულ ბიბლიოთეკაში გატარებული აქტივობებისთვის).

2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის. 2013 წლიდან ყოველ პარასკევს, გადაცემა „სხვა შუა დღეში“ გადის კეკელიძის რუბრიკა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავიდან – ერთი ძველი ან იშვიათი ქართული წიგნის ისტორია. ამავე წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეო–ბლოგ კვირის აზრების მონაწილე. 2013 წელს გიორგი კეკელიძეს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულის წოდება და მუშვიგის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია.

2014 წელს მისი ინიციატივით ბიბლიოთეკა და ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ ოჯახ-ოჯახ ფოტოების მოძიებას და გაციფრულებას. 2014 წელს გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ გახდა წლის ეროვნული ბესტსელერი.

2015 წელს ეროვნული ბიბლიოთეკა შეუერთდა მსოფლიოს განვითარებული ბიბლიოთეკების რიცხვს და გადავიდა ამერიკულ ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა Sierra-ზე. ამავე წლიდან გიორგი კეკელიძე არის წამყვანი გადაცემის „დილა წიგნებისა“ – რუსთავი 2-ზე. 2015 წელს გახდა წინანდლის პრემიის ლაურეატი ლექსების კრებულით „პოეზია 2008-2013“, წლის ავტორი ქართულ ლიტერატურაში - ჟურნალ EGO-ს გამოკითხვით, სახე(ლ)ები 2015 – გურული დღიურებისთვის და ციფრული ფოტო მატიანესთვის და მიიღო გურამ რჩეულიშვილის პრემია „გურული დღიურებისთვის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებო პროექტი - ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები.

2016 წლიდან გიორგი კეკელიძე მოძრაობა ეკივილბრიუმთან იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2016 წელს გახდა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2016 წლის გამორჩეული ადამიანი ხალხის გამოკითხვის შედეგად (ორგანიზაცია ამაგდარი), მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებლო პროექტი - რუსთაველი - ელექტრონული ბიბლიოთეკა. 2016 წელს გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“, წიგნი მეორე წლის ეროვნული ბესტსელერად დასახელდა.

2017 წელს „ეკვილიბრიუმმა“ ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო. 2017 წელს გიორგი კეკელიძის თაოსნობით გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI. 2017 წლის 17 ნოემბერს, მისი ინიციატივით, გაიხსნა წიგნის მუზეუმი.

გიორგი კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები და ერთი რომანი. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org.