მიხეილ ოჰანჯანოვის (1870-1916) პროექტები პირველად 1898 წლიდან ჩნდება.  ამ დროიდან მოყოლებული პირველი მსოფლიო ომის წლებამდე მან თბილისში ძალიან ბევრი საცხოვრებელი  სახლი, სახაზინო და საზოგადოებრივი დაწესებულების შენობა ააშენა. აქტიურად ნერგავდა მოდერნის სტილის ფასადებს, რომლებიც სხვა ქალაქებში შემუშავებული პროექტებით იყო შედგენილი. 

მისი პროექტით შესრულებულია:

საქართველოს ეროვნული ბანკის შენობა,  ლეონიძის ქ. N3 (ყოფილი თბილისის საკრედიტო საზოგადოების შენობა (შენდებოდა 1910-1915));

ჭონქაძის N12 საცხოვრებელი სახლი (თამბაქოს მწარმოებელი ბოზარჯიანცის სახლი); 

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფო (ყოფილი "ზუბალაშვილების უპოვართა სახლი" (შენდებოდა 1902-1906));

ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსი (ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (შენდებოდა 1907-1910), საბჭოთა პერიოდში -  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

მიხეილ ოჰანჯანოვი დიდხანს მუშაობდა ქალაქის თვითმმართველობაში საუბნო არქიტექტორად.