ჰენრიხ ჰრინევსკი დაიბადა 1869 წელს ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას. 1898 წლიდან  საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო დეკორატიული ხელოვნების სფეროში. 1904 წელს იგი მიიწვიეს იქნა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში ხატვის მასწავლებლად. 1910 წელს ჰ. ჰრინევსკი მოღვაწეობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. მის დიდ დამსახურებას ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან ჩანახატების შესრულება წარმოადგენს. 1912 წელს სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  I კორპუსი) პროექტის კონკურსზე გაიმარჯვა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, ჰ. ჰრინევსკის დეკორის დამუშაება ეკუთვნოდა. ჰენრიკ ჰრინევსკი აირჩიეს პროფესორად და 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1937 წ.) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მან მრავალი მხატვარი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ჰენრიკ ჰრინევსკი, ისევე როგორც არაერთი საზოგადო მოღვაწე, 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეპრესიები შეეხო მის მეუღლესაც და არაერთ მეგობარს.

ჰრინევსკი საქართველოსთან დაკავშირებული  იყო არა მხოლოდ იმით (ბევრი სხვა არაქართველი მხატვრისაგან განსხვავებით), რომ თბილისში ცხოვრობდა, არამედ თავისი შემოქმედების თემატიკით, და თავისი საქმიანობით. ჰრინევსკი საფუძვლიანად იცნობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, კერძოდ, ქვაზე ნაკვეთ უმდიდრეს ჩუქურთმებს. მოგზაურობდა საქართველოში, იხატავდა ძეგლებს – ეს ჩახატები მნიშვნელოვანია არა მარტო მაღალი მხატვრული ღირსებით (ჰრინევსკი ბრწყინვალე აკვარელისტი იყო), არამედ დოკუმენტური სიზუსტითაც. ეს თავისი ცოდნა მან პრაქტიკულად გამოიყენა, როდესაც არქიტექტორ ანატოლ კალგინთან ერთად შექმნა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობის პროექტი. ეს შენობა ერთი ყველაზე მიმზიდველთაგანია თბილისში. ბანკის – აწინდელი ბიბლიოთეკის – შენობა ეროვნული ხუროთმოძღვრული  მემკვიდრეობის ახლებური ინტერპრეტაციის საუკეთესო ნიმუშია ... "ქართული ბანკს” საპატიო ადგილი უჭირავს ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. და აქ ჰრინევსკის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია.მეორე ძეგლი (სწორედ ძეგლი!), რომელიც ჰ.ჰრინევსკიმ დაგვიტოვა – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბანკის შენობის მორთულობა – არის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ერთტომეული, 1914 წელს გამოცემული მიხეილ გედევანიშვილის მიერ. ჰრინევსკის ეკუთვნის წიგნის მთლიანი გაფორმება – ტიტული, უამრავი თავსართი და ბოლოსათი (ლექსების, პოემებისა და მოთხრობების თავსა და ბოლოში), საზედაო ასოები, სიუჟეტური ილუსტრაციები. თავსართები და ბოლოსართები. მრვალფეროვანიაქართული ჩუქურთმების გრაფიკულად "ნათარგმნი” მოტივები, ამ ჩუქურთმების (მაგალითად, სვეტისთავების) სურათები, ზოგჯერ ლექსის ან პოემის შინაარსთნა დაკავშირებული ნახატები, საზედაო ასოებისათვის გამოყენებულია ხელნაწერთა მორთულობის მოტივები. დიდია ჰრინევსკის, როგორც პედაგოგის, ღვაწლიც. იგი სამხატვრო  აკადემიის პირველი პროფესორთაგანი იყო, ეჭირა დეკანისა და პრორექტორის თანამდებობაც. ასწავლიდა სამშენებო ინსტიტუტის ხუროთმოძღვრების დარგის სტუდენტებსაც. ცხოვრობდა სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში, ეს კორპუსი, ეზოს მხარეს (ახლა იქ ახალი ულაზათო შენობა დგას), მრავალი, გუმბათით გადახურული დარბაზი იყო – მისი სახელოსნო, სადაც ხშირად გვიბარებდა და გვამეცადინებდა ხოლმე. ადვილი წარმოსადგენია, როგორი  ატმოსფერო სუფევდა ამ სახელოსნოში, სადაც კედლები მოფენილი იყო მხატვრის ნამუშევრებით, თაროები კი წიგნებით სავსე. იქვე გვერდით მდებარეობდა მისი მეუღლის  მარია პერინის სტუდია. პერინი იტალიელი იყო, ცეკვის პედაგოგი, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი (გადამწყვეტი!) როლი შეასრულა ქართული საბალატო სკოლის შექმნაში (მისი მოწაფეები იყვნენ ვახტანგ და თამარ ჭაბუკიანები, ელენე ჩიკვაიძე, ლალი გვარამიძე, ი ირინე ალექსიძე). ოცდაათიან წლებში მისი მოღვაწეობაც შეწყდა – გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან.ჰ.ჰრინევსკი ენერგიული, ხალისიანი, კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, არასოდეს დაიზარებდა რჩევას, დახმარებას, ეს რჩევა და დახმარება კი ყოველთვის დიდად სასარგებლო იყო, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის უმაღლესი პროფესიული დონის გამო.

"ჰ. ჰრინევსკის გულწრფელად უყვარდა საქართველო, ქართული კულტურა, რომელსაც უანგაროდ ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე...” - ვახტანგ ბერიძე. ჟურნ. "სპექტრი”.- 1989წ. გვ.49-51.

 

 

  მხატვართა ჯგუფი მესამე რიგში მარცხნიდან მეორე გ. ჰრინევსკი, 1902 წ.