2022 წელს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე, საქართველოს პრესის მუზეუმი შეიქმნა.
საქართველოს პრესის მუზეუმი არის სივრცე , სადაც პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პრესა, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ, ზოგადად, ეპოქის შესახებაც უქმნის შთაბეჭდილებას.
დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და სხვათა გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები: „ცისკარი", „საქართველოს მოამბე"; გაზეთები: „ივერია", „დროება", „ცნობის ფურცელი", „კვალი", „გუთნის დედა" და სხვა. მუზეუმის ექსპონატთა შორისაა პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად გამორჩეული ეგზემპლარები. პრესის მუზეუმის სივრცეში იქნება როგორც მუდმივი, ისე დროებითი, თემატური გამოფენები. მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილია. პრესის მუზეუმის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს უნიკალური პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
მდებარეობა: II კორპუსი, III სართული, სამუშაო საათები: 10:00-17:00, შაბათ-კვირის გარდა.