ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი
ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი, 1959 წელი

1931 წელს ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. 
ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ანუ ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ლადო გუდიაშვილისა და ნატო  ვაჩნაძის ქუჩების კუთხე)  1913-1916 წლებში აშენდა. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა „ქართული სტილისა“  უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ძეგლის ანაზომი, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს.  მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ქვის მოაჯირის დენადი ფორმები და სხვ.  ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში. 

ბიბლიოთეკის მოჩუქურთმებული კარის ავტორია კოტე ბოტკოველი. ბიბლიოთეკის პირველ და მესამე კორპუსში ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა.

2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე, ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი შეიქმნა.  წიგნის მუზეუმი არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული კორპუსის რესტავრაცია. 1916 წელს აგებულ შენობას სარესტავრაციო სამუშაოები პირველად უტარდება. შედეგად კორპუსი დაიბრუნებს ავთენტურ იერსახეს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაიკარგა.

შენიშვნა: სარემონტო სამუშაოების გამო I კორპუსის სამკითხველო დარბაზებში მკითხველთა მომსახურება დროებით შეჩერებულია.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს არის ყოფილი ვოლგა–კამის ბანკის განყოფილების შენობა, რომელიც 1915 წელს არქიტექტორ გ. კოსიაკოვმა ააშენა.

იმდროინდელი პრესა წერს: "ვოლგა-კამის ბანკის ტფ. განყოფილება 12 ივნისს საკუთარ შენობაში გადავიდა. განყოფილებამ ტფილისში მოქმედება დაიწყო 1908 წელს და ერთი წლის შემდეგ სააგენტოები გახსნა ერევანსა და განჯაში. ამ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც  მდებარეობს ბარონისა და ლორის-მელიქოვის ქუჩების კუთხეში, 1914 წელს დაიწყო ხუროთმოძღვრების აკადემიკოსის გ.ა. კოსიაკოვის პროექტით. მიწა შეძენილ იქნა გრაფინია მელიქოვისაგან და ამ მიწის ნახევარი, დაახლოებით 300 ოთკუთხა საჟენი, ბანკმა დაუთმო ტფ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომელიც აგრეთვე აშენებს ლამაზ შენობას თავის საჭიროებისთვის. ვოლგა კამის შენობა ფართო და ლამაზია. შეიცავს 30 ოთახს, მშვენიერ საწყობებს და მოსამსახურეთა და მეარტელეთა ბინებს. შენობაში ცენტრალური გათბობაა." ("სახალხო ფურცელი", 1916 წელი, N598, გვ.2).

ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ნეოკლასიცისტური სტილის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი ფასადის პირველი სართულის მძიმე რუსტიკა მეორე და მესამე სართულთა სადა სიბრტყესთან კონტრასტს ქმნის. ფასადზე ფართო რიზალიტი გამოიყოფა, რომელშიც გიგანტური თაღოვანი პორტალია გაჭრილი.  

 

 

 

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა, 1910 წელს (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ  შენობათა შორის. 

მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე შენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება. მოდერნის სტილი ინტერიერშიც გამოკვეთილად ჩანს.

2009 წელს, საქართველოს ეროვნულმა არქივმა გადმოგვცა თბილისის სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობის გახსნის ვიდეო მასლა. იხილეთ ვიდეო.

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის IV კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის IV კორპუსი


 

ბიბლიოთეკის IV კორპუსი 1973 წელს აიგო არქიტექტორ ვ. ჟიტოვსკის პროექტით.ბიბლიოთეკის ეს ათსართულიანი კორპუსი დღემდე ყველაზე დიდი წიგნსაცავია საქართველოში. იგი ბიბლიოთეკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს>და პროექტის მიხედვით დაცულია წიგნსაცავისთვის საჭირო ფართობის ნორმატივები. შენობა ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსს ფურცელაძის ქუჩიდან ეკვრის და ქმნის დახურულ ეზოს I და II კორპუსებს შორის.

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსი

2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა გადაეცა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდისთვის დამატებითი საცავის მოსაწყობად. ამ შენობაში განთავსდა წიგნსაცავი. მეხუთე კორპუსი დღეს ნიკო ნიკოლაძის სახელს ატარებს.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის VI კორპუსი
ეროვნული ბიბლიოთეკის VI კორპუსი


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 2006 წელს გადაეცა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის შენობა ეროვნული ბიბლიოგრაფიის უნიკალური ფონდით - დაწესებულება, რომელიც სტამბებიდან იღებდა ყველა ბეჭდვითი ნაწარმოების სავალდებულო ეგზემპლარს, აწარმოებდა სახელმწიფო რეგისტრაციას. 

თეთრი ბაზალტის ქვით ნაშენი სვეტებიანი ოთხსართულიანი შენობა  სახელმწიფო წიგნის პალატისთვის 1971 წელს აიგო  (არქიტექტორი თ. ჩოგოვაძე).  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ შენობას ვახტანგ VI-ის სახელი ეწოდა და 2017 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.

 

 

 

 

 

 

 

"ავლაბრის არალეგალური სტამბის" შენობა -  მუზეუმი

ავლაბრის არალეგალური სტამბის საბეჭდი დანადგარი2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა. არალეგალური სტამბა 1903 წლიდან ორი წლის განმავლობაში კასპის ქუჩაზე ერთსართულიანი სახლის სარდაფში იყო გამართული.

არსებობდა შენობის ორი გეგმა: ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის სახით, რომელიც დასამტკიცებლად წარადგინეს ქალაქის მმართველობაში, ხოლო იმავე სახლის მეორე გეგმას - ფარული სარდაფითა და საიდუმლო ჩასასვლელებით დახაზულს, რევოლუციონერები ინახავდნენ სტამბაში არსებობდა ლადო კეცხოველის მიერ ბაქოდან გამოგზავნილი სწრაფმბეჭდავი მანქანა, რომელიც ნაწილ-ნაწილ ჩაიტანეს სარდაფში და იქ ააწყვეს, ხოლო შრიფტებს მუშები სხვა ლეგალური სტამბებიდან აწვდიდნენ. სტამბაში იბეჭდებოდა არალეგალური გაზეთები, წიგნები, ბროშურები და პროკლამაციები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე.

კედლის ქვეშ ოსტატურადაა დამალული ზარის ღილაკი. ერთი ზარი ნიშნავდა - შეწყვიტეთ მუშაობა! ორი ზარი - საშიში აღარაფერია, განაგრძეთ მუშაობა! სამი ზარი კი აუწყებდა: ამობრძანდით ზემოთ, სადილი მზად არის!

1906 წლის 15 აპრილს სტამბამ არსებობა შეწყვიტა, რადგან ჟანდარმები თავს დაესხნენ, სახლი გადაწვეს და საიდუმლო სტამბა ააფეთქეს. 1937 წელს სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს.