შაბაკა
შაბაკა – (ეგვ. Š3b3kB, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 712-698 წწ.), ეგვიპტის ნუბიური (XXV) დინასტიის ფარაონი, პიანხის ძმა. დღეს უცნობია, თუ რატომ ჩავიდა შაბაკა ეგვიპტის თავიდან დასაპყრობად. შესაძლოა, ბეკენრანეფს (XXIV დინასტიის ფარაონი) მამის (ტეფნახტის) მსგავსად, ჰქონდა მცდელობა გაეფართოვებინა თავისი სამფლობელო სამხრეთისაკენ, შესაძლოა ისიც, რომ შაბაკას სურვილი იყო, ემართა ეგვიპტე, როგორც ნამდვილ ფარაონს, და არა მმართველს ნაპატადან. ნებისმიერ შემთხვევაში, თავისი მეფობის მეორე წელს ის უკვე მემფისში იყო და თვითონ დახურა ახლად გარდაცვლილი საკრალური ხარის, აპისის სამარხი (სამარხში ნაპოვნია შაბაკას მეორე წლით დათარიღებული წარწერა), რომლის მუმიფიცირების დროს ბეკენრანეფი ჯერ კიდევ ფარაონი იყო. მანეთონის თანახმად, მან დაატყვევა და დაწვა ბეკენრანეფი. შესაძლოა, მან ასევე გაანადგურა ბეკენრანეფის ოჯახის წევრები, რადგან XXIV დინასტია მასთან ერთად წყდება. სავარაუდოდ, მან გაანადგურა ტანისის (ბუბასტისის) XXIII დინასტის წარმომადგენლებიც, რომლის ბოლო მეფე ოსორკონ IV იყო, რადგან ბუბასტისი XXIII დინასტიის გაქრობის შემდეგ აღარასოდეს მოიხსენიება, როგორც ქალაქი, რომელსაც თავისი მმართველი ჰყავდა. სხვა ქალაქებში შაბაკამ მმართველები თავიანთ ადგილებზე დატოვა, და ისინი მართავდნენ თავიანთ ქალაქებს, როგორც ნუბიელი მეფის ხელქვეითები. შაბაკამ დაიქვემდებარა მთელი ეგვიპტე აზიასთან საზღვრამდე. ყველაფერ ამის აღსანიშნავად მან გააკეთებინა სკარაბეოსი, რომელზეც გვამცნობს, რომ შაბაკამ, რომელიც ამონს უყვარს ყველა მეფეზე უფრო, დახოცა ყველა, ვინც აჯანყდა მის წინააღმდეგ, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც. საისში მან სავარაუდოდ ნუბიელი მმართველი დანიშნა. შეინარჩუნა პიანხის მიერ მოპოვებული გავლენა ოაზისებზე, რადგან ბლოკები მისი სახელით ბახრიას ოაზისშია აღმოჩენილი.
შაბაკა იქცეოდა, როგორც ტრადიციული ეგვიპტელი ფარაონი და ეგვიპტური ღმერთების მფარველი. მისი მშენებლობები დაფიქსირებულია მემფისში. შაბაკას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტელი თეოლოგების უაღრესად საინტერესო ქმნილებამ, ე.წ „მემფისის თეოლოგიის“ ტექსტმა, რომელიც შაბაკას ბრძანებით გადატანილი იქნა შესანიშნავი ბაზალტის ფილაზე „ჭიებით შეჭმული პაპირუსიდან“, რომელიც „პტახის სახლში“ (ტაძარში) იპოვნეს“. დენდერაში მოძიებული სტელა გვამცნობს ნეიტის ტაძრისათვის მისი შეწირულობების შესახებ. ესნას ტაძარს შაბაკამ შეწირა ნაოსი. დასავლეთ თებეში (მედინეტ ჰაბუში) შაბაკამ აუგო პილონი XVIII დინასტიის ტაძარს, მიძღვნილს ჯემეს ამონისადმი. კარნაკში მან ოქროთი მორთო მეოთხე პილონი, ააგო „ოქროს დარბაზი“ ამონის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ჭიშკარი პტახის ტაძართან და ჩაატარა სამუშაოები მონტუს ტაძარში. ლუქსორის ტაძარში შაბაკამ დაუმატა სცენები რამსეს II-ის პილონს და აღმართა სვეტები. თავისი მასშტაბებით ეს მშენებლობები შორს იყო ეგვიპტის ძველი გრანდიოზული ნაგებობებისაგან, მაგრამ ღირსშესანიშნავია იმით, რომ წარმოგვიჩენს ფარაონის სამშენებლო აქტივობის განახლებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნუბიაში შაბაკას მცირედი აქტივობა მხოლოდ კავაშია დაფიქსირებული. თვითონ თებეში მართვას აგრძელებდა შაბაკას (და პიანხის) და, ამონის ცოლი ამენერდის I. მისი სახელი ნაპოვნია ვადი ჰამამატშიც და მემფისშიც. მისი სამარხი და მოსახსენიებელი კაპელა ააგეს მედინეტ ჰაბუში, ჯემეს ამონის ტაძრის სიახლოვეს. ამონის მთავარ ქურუმად შაბაკამ დანიშნა თავისი შვილი, ხორემახეტი, თუმცა ამ თანამდებობას ამ დროისათვის აღარ გააჩნდა პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება, და ის მხოლოდ რელიგიურ საქმეებს განკარგავდა. შაბაკას წყალობით შეირყა თებეს დამოუკიდებლობა, რომლითაც ის რამსეს XI-ის ბოლო წლებიდან (თუ უფრო ადრე არა) სარგებლობდა. შაბაკა საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული გამოდგა საგარეო საქმეებში. როცა ფილისტიის ქალაქ აშდოდის მმართველმა აზურიმ არ გაუგზავნა ხარკი ასურელებს, სარგონმა ის გადააყენა და მის ნაცვლად ასურეთისადმი ლოიალური მმართველი დასვა. აშდოდის მოსახლეობამ ახალი მმართველი გააძევა, და ის ვინმე იამანით შეცვალა. ასურელებმა აჯანყება ჩაახშეს, აღმართეს გამარჯვების სტელა და ქალაქში კვლავ ასურელებისადმი ლოიალურად განწყობილი მმართველი დასვეს. იამანი ეგვიპტეში გაიქცა, მაგრამ შაბაკამ ის ასურელებს გადასცა. შედეგად, შაბაკამ შეინარჩუნა ნეიტრალური ურთიერთობა ასურეთთან, რადგან სარგონი გვამცნობს, რომ „ეგვიპტე ახლა ნუბიას ეკუთვნის“. თავისი პირამიდა შაბაკამ პიანხის მსგავსად ნაპატასთან, ელ-კურუში ააგო, სადაც ის დაკრძალეს, ასევე პიანხის მსგავსად, თავის საყვარელ ცხენებთან ერთად. მის შემდეგ ტახტზე პიანხის შვილი, შებიტკუ ავიდა.