გურიელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიელებისაქართველოს ფეოდალური საგვარეულო. გურიელი ნიშნავდა გურიის მფლობელს - და გვარადქცეული მისი წოდებაა. გურიელები ჯერ გურიის მმართველები იყვნენ, ხოლო გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ მთავრები. გურიელად იწოდებოდა სამთავროს სახლის უფროსი წარმომადგენელი, დანარჩენი წევრები კი ბატონიშვილები იყვნენ.

ქართული საისტორიო ტრადიცია მიიჩნევს, რომ გურიელები სვანთა ერისთავ ვარდანის ძეთა შთამომავლები არიან. სავარაუდოდ, XI ს. 70-იან წლებში სვანთა ერისთავმა ვარდან ვარდანის ძემ მფლობელობაში მიიღო მამულები გურიაში, სადაც საფუძველი ჩაეყარა გურიელთა ადგილობრივ უმცროს შტოს, თუმცა ტიტული „გურიელი“ მოგვიანებით ჩნდება და პირველად გვხვდება XIII ს. 40-იან წლებში.

გურიის ეკლესიებში დაცული ხატების წარწერები იხსენიებენ: ერისთავთ-ერისთავ ვარდან ვარდანისძეს (XI ს. II ნახ.), სვანთა ერისთავსა და მანდატურთუხუცეს, მსახურთუხუცეს, მეჭურჭლეთუხუცეს ივანე ვარდანისძეს (XI ს. ბოლო), მარუშიან ვარდანისძეს (XII ს.), ლიპარიტ ვარდანისძეს (XIII-XIV სს.). ამის შემდეგ ვარდანისძის გვარით აღარავინ იხსენიება. ჩნდებიან გურიელები, რომელთაც ეწოდებათ ერისთავთ-ერისთავები და სვანთა ერისთავები, რითიც ხაზგასმულია მათი წარმომავლობა ვარდანისძეთა საგვარეულოდან. ამ ტიტულის მატარებელი სამი პირია: ერისთავთ-ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმონ გურიელი (ზარზმის მონასტერში ბერად აღკვეცილი; XIV ს. 50-60-იანი წწ.), ერისთავთ-ერისთავი და სვანთა ერისთავი გიორგი გურიელი (XV ს. დასაწყისი), ერისთავთ-ერისთავი და სუანთა ერისთავი კახაბერ გურიელი.

1361 წ. საქართველოს მეფის, ბაგრატ V-ის წინააღმდეგ აჯანყდა სვანთა ერისთავი. მეფემ იგი შეიპყრო და შემდეგ შეწყალებულ ვარდანისძეს სამართავად გადასცა გურია, რომელიც დადიანებს ჰქონდათ დაკავებული XIV ს. 40-50-იან წლებში.

XV ს-დან სეპარატისტული განწყობა იგრძნობა გურიელებშიც. მათ საკუთარი შეუვალობის უზრუნველსაყოფად საეპისკოპოსოები (შემოქმედი, ჯუმათი და ხინოწმინდა) დააარსეს: „გურიელთაგან დაიდგინნეს სამნივე ესე ეპისკოპოზნი, თჳსისა დიდებისათჳს“. (ვახუშტი ბატონიშვილი).

XVI ს. 50-იან წლებში გურია დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა და გურიელიც დამოუკიდებელ მმართველად იქცა.

გურიელები განაგებდნენ მდინარეებს რიონსა და ჭოროხს შორის მოქცეულ ტერიტორიას. XIV ს. 60-იან წლებში გურიელის სამფლობელოში შედიოდა აჭარა, რომელიციც სამცხის ათაბაგმა მიიტაცა. XV ს. 60-იან წლებში გურიელმა ისევ შეიერთა აჭარა და ჭანეთის ნაწილი. აღნიშნული ტერიტორიები ყვარყვარე ათაბაგმა უწყალობა კახაბერ გურიელს (1463-1483) მეფე გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ 1511 წ. მზეჭაბუკ ათაბაგმა ბრძოლით დაიბრუნა აჭარა და ჭანეთი, რომელიც 1535 წ. კვლავ გურიელებმა დაიკავეს. მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ, ბაგრატ იმერთა მეფემ გამოჩენილი ერთგულებისთვის დააჯილდოვა როსტომ გურიელი (1534-1566).

გიორგი II გურიელმა (1566-1583) XVI ს. შუახანებში საჯავახოს ნაწილი შეუერთა სამთავროს, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ისევ წაართვა. სამხრეთიდან გამეზობლებული ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის შედეგად გურიელებმა დაკარგეს ჭანეთი (XVII ს. II ნახ.), ბათუმის მხარე (XVIII ს. I ნახ.), ქობულეთის და ხინოს მხარე (XVIII ს. II ნახ.).

გურიელი თავდაპირველად ემორჩილებოდა იმერეთის მეფეს. მას ევალებოდა ლაშქრობა-ნადირობა და მეფის მსახურება. როსტომ გურიელმა ამ მორჩილებისგან თავი გაითავისუფლა და დამოუკიდებელ მთავრად იქცა.

გურიელები XVII ს. 60-იანი წლებიდან XVIII ს. 20-იან წლებამდე უპირისპირდებოდა იმერეთის მეფეებს და სამეფო ტახტის დაკავებასაც ახერხებდნენ, ან სასურველ კანდიდატს ამეფებდნენ. 1668 წ. დემეტრე გურიელმა (1658, 1660-1664) დაიკავა იმერეთის სამეფო ტახტი, თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა მისი მეფობა. მას თვალები დასთხარეს და იმერეთიდან გააძევეს. 1681 წ. იმერეთის მეფე გახდა გიორგი III გურიელი (1664-1684), რომელმაც მხოლოდ ორი წელი იმეფა. მამია III გურიელმა (1689-1714) სამჯერ მოახერხა ტახტის დაკავება: 1701 წ. 1711 წ. და 1713 წ. იმერეთის ტახტს 1716 წ. გიორგი IV (1713-1716, 1717-1726) დაეუფლა.

გაძლიერებული გურიელები პერიოდულად ახერხებდნენ ოდიშის სამთავროს დაკავებასაც (როსტომი, დემეტრე, გიორგი III, მამია III, გიორგი IV). ისინი პარალელურად დადიანებადაც იწოდებოდნენ და „დადიან-გურიელის“ ტიტულს ატარებდნენ.

ოსმალეთთან 1614 წ. ზავის შემდეგ გურიელს მთავრად ამტკიცებდა ოსმალეთის სულთანი და მისგან იღებდა სამთავრო ინსიგნიებს: ხმალს და ხალათს, ასევე სულთნის ფირმანს (ეს წესი ყოველთვის დაცული არ იყო). გურიელი იხდიდა „სახვანთქრო“ გადასახადს. გურიელის სამთავრო ბეჭედს ჰქონდა წარწერა: „მონა ღმ(რ) თისა ყმა ხვანთქრისა გურიელი გიორგი“ ან „მონა ვარ ღ(ვ) თისა ყმა ხონთქრისა ხანი გურიისა მამია“, თუმცა გურიელისა და ოსმალეთის სულთნის დამოკიდებულება ფორმალური იყო. გურიელს არასოდეს დაუკარგავს თავისი რელიგია, ენა, ტიტული და ა.შ.

გურიელის ინსიგნიებიდან ცნობილია – გვირგვინი, სკიპტრა, ხმალი, დროშა, ბეჭედი, კაბა, სარტყელი, მოსასხამი (პორფირი), წაღები. გურიელის ინსიგნიებში ასევე იგულისხმება საომარი მუზარადი – შემკული ფრთებითა და ალმით, შუბი მოჩუქურთმებულ-მოზარნიშული ბუნით და ორმაგი წვერით. ყველა გურიელს ჰქონდა თავისი ბეჭედი, რომელსაც მისი გარდაცვალებისთანავე ამსხვრევდნენ. მთავრის ინსიგნიები დაცული იყო შემოქმედის ფერისცვალების ეკლესიაში. გურიელს რეზიდენციები ჰქონდა ოზურგეთში (ძირითადი რეზიდენცია), ჩაქვში, ალამბარში, ბაილეთში, შემოქმედში, ლიხაურში, უჩხობში, ნაგომარში, თხინვალსა და XVII ს. დასაწყისამდე – ბათუმში.

გურიელების საძვალე შემოქმედის ფერსიცვალების ეკლესია იყო.

გურიელის დომენი გურიის სამთავროს მთელ ტერიტორიაზე იყო გაფანტული: ჩეხედენა, ოსათი, ალამბარი, ჩაქვისთავი, ბათომი, კახაბერი, ოზურგეთი (მისი მიდამოებით), ექადია, თხინვალი, კონჭკათი, მამათი, ბაილეთი, ნაგომარი, ხრიალეთი, მეწიეთი, უჩხობი და შემოქმედი (მისი მიდამოებით), ლესა, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ჩიბათი, გრიგოლეთი. 1764 წლამდე გურიელი დროებით ფლობდა ერკეთსა და მასში შემავალ ოქროს ქედსა და ვანის ქედს, ასევე სხვადასხვა გზით შეძენილ ყმა-მამულს. 1814 წ., იმერეთის საკათოლიკოსოს გაუქმების შემდეგ, გურიის მთავრის ხელში გადავიდნენ გურიის საკათოლიკოსო გლეხები.

1810 წ., იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, გურიის სამთავრომაც აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა. ამ ტრაქტატის რატიფიკაციის შემდეგ მამია V (1809-1826) გურიელი მთავრად დაამტკიცეს. იგი ინარჩუნებდა საშინაო შეზღუდულ თვითმმართველობას, ხოლო რუსეთი გურიაზე ავრცელებდა თავის სამხედრო-პოლიტიკურ მბრძანებლობას. მამია V-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ, დედოფალმა სოფიომ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა რუსეთის იმპერიას, მაგრამ 1828 წ. იგი იძულებული გახდა შვილებთან (იქ იყო ტახტის მემკვიდრეც) ერთად დაეტოვებინა სამთავრო და ოსმალეთში გადახვეწილიყო. 1829 წ. გარდაიცვალა დედოფალი სოფიო, რითიც ისარგებლა რუსეთის მთავრობამ და გააუქმა გურიის სამთავრო. მემკვიდრე დავით გურიელი რუსეთის მთავრობის მეცადინეობით ოსმალეთიდან ჩამოიყვანეს და რუსეთში გადაასახლეს. იგი ახულგოსთან ბრძოლაში დაიღუპა (1839).

1850 წ. რუსეთის მთავრობამ გურიის ბატონიშვილთა ოთხ ოჯახს თავადის ხარისხი დაუმტკიცა და მხოლოდ ამის შემდეგ იქცა გურიელი მათ გვარად.

გურიელები საეკლესიო ცხოვრებაშიც მონაწილეობდნენ. ბატონიშვილებს ხშირად სასულიერო სფეროში სამოღვაწეოდ ბავშვობიდანვე ამწესებდნენ.

XVII ს. გამორჩეული ფიგურაა მალაქია I, გიორგი II გურიელის ძე. იგი იყო ჯუმათისა და ცაიშის ეპისკოპოსი, XVII ს. 10-იან წწ. აფხაზთა კათოლიკოსად აკურთხეს, მოგვიანებით კი ხონის მთავარეპისკოპოსი გახდა. 1625 წლიდან იგი გურიის მთავრად დაადგინეს, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მალაქიამ აღადგინა მიწისძვრით დანგრეული ცაიშის ტაძარი, მოახატვინა და ჯვარ-ხატებით შეამკობინა. მისი ინიციატივით აშენდა ჯეგეთას ეკლესია. მან განაახლა სვეტიცხოვლის რელიქვიებით შემკული ხატის ლუსკუმა, რომელიც შაჰ აბასი I-ის შემოსევების დროს დას. საქართველოში გადახიზნა მცხეთის კათოლიკოსმა იოანე IX-მ. მალაქიამ მოაწესრიგა აფხაზეთის საკათალიკოსოს სამეურნეო საქმე. შეწირულობების ხარჯზე გაზარდა შემოსავლის რაოდენოაბა, გააძლიერა და მატერიალურად უზრუნველყო დასავლეთ საქართველოს ეკლესია და მოაგვარა ცაიშისა და ხონის ეპარქიებიდან შემოსავლის მიღების საკითხი. შედგა საცაიშლო გამოსავლის მოსაკრებლებისა და ხონის გამოსავლის დავთრები.

მალაქია გურიის ნომინალური მმართველი იყო, სამთავროს რეალურად ლევან II დადიანი განაგებდა. იგი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან ერთად შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდა. მან იმერეთის მეფესა და ოდიშის მთავართან ერთად ერთგულების პირობა მისცა გიორგი სააკაძეს.

მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა დასავლეთ საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებთან და ხელს უწყობდა საგანმანათლებლო საქმიანობაში, რისთვისაც რომის პაპისგან ოქროს მედალი მიიღო. ქრისტეფორე კასტელმა მას უძღვნა პოემა „განზრახვა ქრისტეს ვნებისათვის“. მალაქია 1639 წ. გარდაიცვალა 62 წლის ასაკში.

შემოქმედელი ეპისკოპოსი მალაქია იყო ქაიხოსრო I გურიელის ვაჟი. იგი მღვდელმთავრად იხსენიება შემოქმედის მაცხოვრის ხატის წარწერაში, რომელიც მისი დაკვეთით მოუჭედიათ 1658 წ. შემოქმედის გარდა იგი გარკვეულ პერიოდში მართავდა ჯუმათის კათედრასაც. 1658 წ., ბანძასთან ბრძოლაში ქაიხოსრო I-ის დამარცხების შემდეგ, მთავარს დაატოვებინეს გურიის სამთავრო, ხოლო მალაქიას – შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. საფიქრებელია, რომ მალაქია საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. ქაიხოსროს გარდაცვალების (1660) შემდეგ მალაქია ახალციხის ფაშასთან წავიდა. 1684 6. კი გურიის მთავარი გახდა. 1685 წ. ტახტი წაართვა ძმისწულმა ქაიხოსრო II-მ და მალაქია ისევ ახალციხის ფაშას შეეკედლა. ქაიხოსრო II-სა და ახალციხის ფაშას მოლაპარაკების შედეგად მალაქია გურიაში დაბრუნდა, თუმცა ქაიხოსრომ პირობა არ შეასრულა და ბიძას თვალები დასთხარა. ფაშას ბრძანებით ქაიხოსრო მოკლეს და გურიელად უსინათლო მალაქია დაადგინეს, თუმცა მან სამთავროს მართვა ვერ შეძლო და გადადგა. 1689 წ. მალაქიას ისევ შემოქმედის კათედრა უბოძეს. იგი მოგვიანებით ქართლში გადავიდა და 1703 წ. ვახტანგ VI-ის კარზე ჩანს.

შემოქმედის კათერდაზე 1713 წ. გვხდება კიდევ ერთი წარმომადგენელი გურიელთა საგვარეულოდან – ნიკოლოზი, მამია III გურიელის ვაჟი. მისი სახელი გხვდება არაერთ ხატსა და საეკლესიო ინვენტარზე, რომელიც მისი ინიციატივითაა მოჭედილი თუ განახლებული. ნიკოლოზი 1748 წ. მამია IV-ის დავალებით დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ერეკლე II-თან, რათა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. 1756 წ. ასევე დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ქართლში და მამია IV-ის ტახტზე დასაბრუნებლად ითხოვდა შეწევნას. იგი მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს 1759 წ. და 1761 წ. საეკლესიო კრებებში. ნიკოლოზი დიპლომატიური მისიით მივლინებული იყო იმერეთის სამეფო კარზე 1771-1772 წწ., რათა მოეგვარებინა ურთიერთობა მამია IV-სა და სოლომონ I-ს შორის. 1775 წ. გაცემულ სიგელში იგი უკვე მიცვალებულთა შორის იხსენიება. ნიკოლოზი პოეტური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული, თუმცა მისი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან მხოლოდ ერთი ლექსი შემოგვრჩა.

თ. ქართველიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987;
  • სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, კრ., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, 1954;
  • ქართველიშვილი თ., სვანთა ერისთავების – ვარდანისძეების გურიაში დამკვიდრების საკითხისათვის, კრ: სვანეთი ქართული კულტურის სავანე, თბ., 2008;
  • ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ., 1985.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები