ოლიმპიური საქართველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალდაფუძნებული სეოკ-ის აღმასკომის წევრები. პირველ რიგში: პაატა ნაცვლიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), ნონა გაფრინდაშვილი (პრეზიდენტი), ვიქტორ სანეევი (ვიცე-პრეზიდენტი), თენგიზ გაჩეჩილაძე (ვიცე-პრეზიდენტი). მეორე რიგში: დავით კუპრეიშვილი, ვაჟა კაჭარავა, ავთანდილ ციბაძე, დავით კინწურაშვილი (გენერალური მდივანი), ივანე ყიფიანი და ნოდარ გუგუშვილი

ოლიმპიური საქართველო — თანამედროვე ოლიმპიური თამაშები სათავეს იღებს 1896 წლიდან, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ქართული სპორტი ოლიმპიური მოძრაობის მიღმა რჩებოდა და ეს განპირობებული იყო ობიექტური ისტორიულ-­პოლიტიკური ფაქტორებით. ოლიმპიური მოძრაობის აღორძინების წლებში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1900, 1908 და 1912 წლების ოლიმპიადებში მეფის რუსეთის 200-­მდე სპორტსმენი გამოვიდა, მაგრამ მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები არ ყოფილან. პირველი მსოფლიო ომის გამო, ჩაიშალა 1916 წლის ოლიმპიური თამაშები, 1917 წელს კი რუსეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკებმა, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი და 70-­წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. საბჭოელი სპორტსმენები მთელი 40 წელიწადი, უმთავრესად პოლიტიკური მოტივით, მოკლებულნი იყვნენ არა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებში, არამედ სხვა მთავარ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობას. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები, შესაბამისად – ქართველები, მხოლოდ 1940­=იანი წლების მიწურულს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში, რაც ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო ოლიმპიური დებიუტის წინ.

სარჩევი

საბჭოთა საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე

Tamashebi saqartvelo.PNG

რეალურად, ჩვენი სპორტის ოლიმპიური ისტორია იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვა. 1951 წლის 23 აპრილს შეიქმნა სსრკ ოლიმპიური კომიტეტი. იმავე დღეს ლოზანაში სოკ-ის პრეზიდენტის ზიგფრიდ ედსტრიომის სახელზე მო`“სკოვიდან გაიგზავნ საგანგებო ტელეგრამა: „გაცნობებთ, რომ სსრკ-ში შეიქმნა ოლიმპიური კომიტეტი. სსრკ ოლიმპიური კომიტეტი ეთანხმება სოკ-ის წესდებას და აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიერთების შესახებ. ვიცით, რომ 3-6 მაისს გაიმართება სოკ-ის სესია და გვსურს გავგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები. უმორჩილესად გთხოვთ, ტელეგრაფით გვაცნობოთ სოკ-ის სესიის დღის წესრიგი. გთხოვთ, მაისის სესიაზე დაამტკიცოთ ჩვენი მიერთება სოკ-თან. სოკ-ის წევრად დანიშნეთ სსრკ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ანდრიანოვი. სსრკ ოლიმპიური კომიტეტის მისამართია: მოსკოვი, სკატერტნი, 4. სსრკ ოლიმპიური კომიტეტის სახელით, პასუხისმგებელი მდივანი სობოლევი~. ედსტრიომის პასუხი ასეთი იყო: „თქვენი ტელეგრამა მივიღეთ. ანდრიანოვს და თქვენ გიწვევთ 6 მაისს ვენის ფილარმონიის დიდ დარბაზში, სესიის გახსნის ცერემონიაზე“.

1992 წლის 5 ივნისს საბერძნეთში, ოლიმპიაში აღიმართა სახელოვანი ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი“

უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1948 წლის ლონდონის ოლიმპიადის წინ, სოკ-­ის მაშინდელ მეორე პირს ­ ევერი ბრენდეჯს ედსტრიომი პირად ბარათში სწერდა: „მე ისე შორს წასვლას არ ვაპირებ, რომ კომუნისტები შემოვიერთოთ“. როცა რუსებმა 1951 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთეს, ედსტრიომმა პოზიცია შეიცვალა. მისი განწყობა კარგად ჩანს ტელეგრამაში, რომელიც სოკ­ის გენერალურ მდივანს ოტო მაიერს გაუგზავნა: „მე მართლაც მოხარული ვიქნები სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის აღიარებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ორ ბანაკად გაიყოფა – აღმოსავლეთად და დასავლეთად“. ედსტრიომმა იგივე მოსაზრება გამოთქვა 1951 წლის 3 მარტს გამართულ სოკ­-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ მოახლოებულ სესიაზე დაეყენებინთ სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის აღიარების წინადადება.

1951 წლის 7 მაისს ვენის სესიამ სსრკ ოლიმპიური კომიტეტი სოკ­ის წევრად მიიღო. ამ წინადადებას დაეთანხმა სოკ­-ის 31 წევრი, სამმა კი თავი შეიკავა. იქვე გადაწყდა, რომ საბჭოთა სპორტსმენებს მიიწვევდნენ 1952 წლის ზამთრისა (ოსლო) და ზაფხულის (ჰელსინკი) ოლიმპიადებზე.

1951 წლის 16 ოქტომბერს მოსკოვში გამართულმა სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის სესიამ ერთხმად დაადგინა, რომ საბჭოთა სპორტსმენები 1952 წელს მხოლოდ ზაფხულის თამაშებში იასპარეზებდნენ, ზამთრის ოლიმპიადებში კი 1956 წლიდან ჩაებმებოდნენ. ასეც მოხდა.

ზამთრის თამაშებში სსრკ ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი კობა წაქაძე (1956, 1960, 1964, 1972 წ.), ზაფხულის თამაშებში კი საბჭოთა ოლიმპიურ დელეგაციაში (1952-­88 წ.) და ე. წ. გაერთიანებულ გუნდში (1992 წ.) საქართველოს 143 წარმომადგენელი იყო. მათ ამ წლებში 93 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს, მათ შორის – 31 ოქროს მედალი.

ჩვენი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა პირველივე ოლიმპიური სტარტი, რომელიც 1952 წელს ჰელსინკიში, ზაფხულის XV ოლიმპიურ თამაშებზე შედგა. მაშინდელ საბჭოურ დელეგაციაში საქართველოს 14 წარმომადგენელი შედიოდა, 9 მათგანმა კი მედალი მოიპოვა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი და ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელი. იქიდან მოყოლებული, მთელი 40 წლის განმავლობაში, არ ყოფილა შემთხვევა, ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადებზე 2 ან მეტი ოქროს მედალი არ მოეპოვებინოთ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული გამოდგა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა, სადაც ჩვენი 6 წარმომადგენელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, კიდევ 5-­მა კი საპრიზო ადგილი დაისაკუთრა. მედლების რაოდენობით საუკეთესო იყო მოსკოვის 1980 წლის და სეულის 1988 წლის თამაშები: ქართველებმა ორივეგან 12-12 მედალი აიღეს, თუმცა თუ მოსკოვში 3 ჩემპიონი გვყავდა, სეულში მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

ამას მოჰყვა ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები ე.წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში გამოვიდნენ. სწორედ ბარსელონაში მოხდა ისტორიული ამბავი – ოლიმპიურ თამაშებზე, გახსნის ცერემონიაზე პირველად გამოჩნდა საქართველოს დროშა, რომელიც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს, ქუთაისელ ძიუდოისტს დავით ხახალეიშვილს მოჰქონდა. გარდა ხახალეიშვილისა, XXV ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმეს ძალოსანმა კახი კახიაშვილმა და თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლერი ხაბელოვმა. ეს იმას ნიშნავს, ბარსელონაში სამჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა სახელმწიფო დროშა. შემდეგ იწყება ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი დელეგაციებით მონაწილეობის პერიოდი.

დამოუკიდებელი საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე

ამ პერიოდს წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ი) დაფუძნება, რაც ქართული სპორტისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, როცა სულ უფრო შეუქცევადი და რეალური გახდა მოკავშირე რესპუბლიკების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო სპორტული საზოგადოებაც. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ ენდელაძის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გაზეთ „ლელოს“ რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე.

ფოტო, რომელზეც ოთხგზის ოლიმპიელის, ბაკურიანელი კობა წაქაძის ნახტომია აღბეჭდილი, გადაღებულია 1956 წელს კორტინა დ’ამპეცოში (იტალია), ზამთრის VII ოლიმპიურ თამაშებზე. სწორედ ამ ნახტომით იწყება ქართველ ოლიმპიელთა ისტორია ზამთრის სპორტში. სწორედ კობა წაქაძეა ის პირველი ოლიმპიელი, რომელიც ამ ისტორიის სათავეში დგას

საინიციატივო ჯგუფის პირველი სამუშაო სხდომა 1989 წლის 28 ივლისს გაიმართა, მოგვიანებით კი, საორგანიზაციო კომიტეტის სტატუსით გააგრძელა საქმიანობა, რაც იმავე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებით დასრულდა. ამ საქმეში, გარდა თენგიზ გაჩეჩილაძისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დავით კინწურაშვილმა, ნოდარ გუგუშვილმა, პაატა ნაცვლიშვილმა, ემზარ ზენაიშვილმა, ავთანდილ ციბაძემ, ივანე ყიფიანმა, ვაჟა კაჭარავამ, დავით კაკაბაძემ, დავით კილასონიამ და საინიციატივო-­საორგანიზაციო კომიტეტის სხვა აქტიურმა წევრებმა.

საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში შეიქმნა სრულიად ახალი ვითარება: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაარსდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ეს იყო პირველი ახალი ამგვარი ორგანიზაცია მთელ საბჭოეთში. მოგვიანებით, დამოუკიდებელი სპორტული ინსტიტუტების შექმნის პროცესი ფართოდ გაიშალა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევის და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების რადიკალური ცვლილებების შედეგად (რასაც, ბუნებრივია, საერთაშორისო სპორტში შესაბამისი ცვლილებები მოჰყვა), დაიწყო ეროვნული სპორტული ორგანიზაციების შესაბამის საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაწევრიანების პროცესი. სეოკ­ი და სხვა ქართული სპორტული ორგანიზაციები ამ ბრძოლის წინა რიგებში იდგნენ.

საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

39 ოქრო, 30 ვერცხლი, 56 ბრინჯაო
1952-2018 წლებში საქართველოს სპორტსმენებს მონაწილეობა მიღებული აქვთ ზაფხულის 16 ოლიმპიურ თამაშებში. ზაფხულის თამაშებზე ჩვენ სულ გვყავდა 358 ოლიმპიელი ზაფხულის სპორტის 24 სახეობაში.

საბჭოურ პერიოდში, 1952-88 წლებში ქართველი ოლიმპიელები სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში 9 თამაშებში გამოვიდნენ და 85 მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 28 ოქროს მედალი. 1992 წელს, ბარსელონაში საქართველოს 12 სპორტსმენმა ე.წ. დამოუკიდებელი გუნდის სახელით 8 მედალი აიღო, მათ შორის - 3 ოქროსი. ზაფხულის თამაშებზე დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური დელეგაციის დებიუტი შედგა 1996 წელს ატლანტაში. დამოუკიდებლობის წლებში ზაფხულის 6 თამაშებზე სულ მოპოვებული გვაქვს 32 მედალი - 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 17 ბრინჯაო

საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

1956-2018 წლების ზამთრის 11 ოლიმპიურ თამაშებში 20-მა საქართველოს სპორტსმენმა იასპარეზა სპორტის 4 სახეობაში: ტრამპლინიდან ხტომა - 2, სამთოთხილამურობა - 8, ფიგურული ციგურაობა - 5, ციგაობა - 5. მათგან საუკეთესო შედეგი აქვს ტრამპლინიდან მხტომელ კობა წაქაძეს, რომელმაც 1960 წელს სკვო ველიში (აშშ) IX ადგილი დაიკავა, 12 წლის შემდეგ კი საპოროში (იაპონია) იგივე შედეგი გაიმეორა. საბჭოურ პერიოდში კობა წაქაძე ერთადერთი იყო ქართველთაგან, ვინც ზამთრის თამაშებში მონაწილეობდა, თანაც მან ამის გაკეთება ოთხჯერ შეძლო.

დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური დებიუტი ლილეჰამერის (ნორვეგია) 1994 ზამთრის თამაშებზე შედგა. ქართული დელეგაცია 5 ოლიმპიელისგან შედგებოდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ჩვენს გუნდს საქართველოს დროშით მოუძღოდა მოციგავე კახა ვახტანგიშვილი, ოლიმპიურ სტარტზე კი პირველი გავიდა სამთო მოთხილამურე ზურაბ ჯიჯიშვილი. ამ სახეობის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო შედეგი სწორედ ჯიჯიშვილს აქვს - XIV ადგილი სამთო კომბინაციაში ნაგანოს 1998 წლის თამაშებზე. რაც შეეხება ოლიმპიადებში მონაწილეობის ხანგრძლიობას, ამ მაჩვენებლით საუკეთესოა ოთხგზის ოლიმპიელი იასონ აბრამაშვილი (2006-2018 წლები). მოციგურავეთა შორის გამრჩეულია ელენე გედევანიშვილი, რომელიც 2006-2014 წლებში სამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა, საუკეთესო შედეგი კი 2010 წელს ტურინში აჩვენა - X ადგილი.

ოლიმპიური რეკორდსმენები საქართველოდან

ოლიმპიური რეკორდი მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებზე მყარდება. ოლიმპიური რეკორდია შედეგი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენებ ყველა მანამდელ მიღწევას აღემატება. ოლიმპიური რეკორდი, რაღა თქმა უნდა, იმავდროულად შეიძლება მსოფლიოს რეკორდიც იყოს. საქართველოს სპორტსმენთაგან პირველი ოლიმპიური რეკორდსმენები იყვნენ მძლეოსანი ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა და ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი. ჩიმიშკიანმა ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე, 1952 წელს, 60 კგ წონით კატეგორიაში სამჭიდში სწორედ ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა – 337,5 კგ. ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ იმავე თამაშებზე ოლიმპიური რეკორდით 200 მეტრზე რბენაში გამოიჩინა თავი. პირველი ოლიმპიური რეკორდი მან წინასწარ გარბენში დაამყარა – 24,3. მერე ეს შედეგი ნახევარფინალში გააუმჯობესა – 24,1. ფინალურ გარბენში ჩვენს სპორტსმენს ოლიმპიური რეკორდი ავსტრალიელმა მარჯორი ჯექსონმა ჩამოართვა (23,7) და ჩემპიონიც ის გახდა, დვალიშვილი-ხნიკინა კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

რომის ოლიმპიურ თამაშებზე (1960) თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური რეკორდით (2,16 მ.) გაიმარჯვა და უკან ჩამოიტოვა ამერიკელი მსოფლიოს რეკორდსმენი ჯონ თომასი. ოლიმპიადების ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროპელმა სიმაღლეზე მხტომელმა ამერიკელებს აჯობა.

მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე (1968) ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა ვიქტორ სანეევმა – სამხტომელთა შეჯიბრების მესამე ცდაზე 17,23 მეტრი აჩვენა, ბოლო, მე-6 ცდაზე კი უკვე 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრზე გადახტა და პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე (1972) თბილისელმა ძალოსანმა დიტო შანიძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური რეკორდით ყველას აჯობა ატაცში – 127,5 კგ, საბოლოოდ კი, სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ოლიმპიური რეკორდის ავტორად მოგვევლინა ჩვენი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძეც. ასეთი შედეგი მან მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე (1980) 30 მეტრზე სროლაში აჩვენა (2491 ქულა) და ჩემპიონობასაც დაეუფლა.

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ასევე ოლიმპიური რეკორდით გახდა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. მან ასეთ წარმატებას 1988 წელს სეულში სპორტული პისტოლეტით მიაღწია (690 ქულა). 1992 წელს, როცა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის სახელით გამოდიოდა, ძალოსანმა კახი კახიაშვილმა ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ოლიმპიური რეკორდით მოიგო (აკვრა – 235 კგ, ორჭიდი – 412,5 კგ).

საქართველოს სპორტსმენთაგან ბოლო ოლიმპიური რეკორდის ავტორია ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 2016 წლის 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურთამაშებზე ლაშამ ორჭიდში 473 კგ მოაგროვა და ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდების ავტორი გახდა. საქართველოს 9 სპორტსმენს სპორტის 5 სახეობაში დამყარებული აქვს 12 ოლიმპიური რეკორდი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები