ძროხის წიგნი
ძროხის წიგნი – განეკუთვნება „იმქვეყნიური ლიტერატურის“ სამეფო ნაწარმოებების რიცხვს. ყველაზე ძველი, ძალიან მოკლე ვარიანტი დაფიქსირებულია ტუტანხამონის სამარხში. შედარებით უფრო გრძელი ტექსტი აღმოჩენილია სეტი I-ის, რამსეს II-ის, რამსეს III-ის და რამსეს VI-ის სამარხებში და ასევე პაპირუსზე, რომელიც დღეს ტურინში ინახება.
ახალი სამეფოს შემდეგ ძროხის წიგნი აღარ გამოიყენებოდა, თუმცა მოხდა მისი ინკორპორირება რომაული პერიოდით დათარიღებულ ე.წ. „ფაიუმის წიგნში“. წიგნის ენა ამჟღავნებს გვიანი ეგვიპტურის გავლენას და ამდენად ნაწარმოები არ უნდა იყოს შექმნილი ტუტანხამონის მეფობამდე ბევრად ადრე. თავისი შინაარსით წიგნი შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად. ძროხის, როგორც ზეცის სიმბოლოს გარდა, აღსანიშნავია ასევე ორი ილუსტრაცია, რომელიც მესამე ნაწილს ერთვის და სადაც ნეხეხი (Nhh) და ჯეტი (D.t) არიან გამოსახულები. ორივე დროის, უფრო კი მარადიულობის პერსონიფიკაციას წარმოადგენს (ეგვიპტურად ორივე სიტყვა „მარადიულობას“ ნიშნავს (nhh). გარკვეული ანალოგიის გამო ბიბლიური წარღვნის მოტივთან, ძროხის წიგნმა აღმოჩენის მომენტიდან მეცნიერების ინტერესი გამოიწვია.
წიგნის პირველ ნაწილში მოთხრობილია იმ დროის შესახებ, როცა ღმერთები და ადამიანები ერთნაირად იყვნენ დაცული მზის ღვთაების მიერ და არ არსებობდა სიკვდილი. მზე არ მოგზაურობდა თავის ბარკაში, დღისით ზეცაში და ღამით მიწისქვეშეთში, რადგან არ არსებობდა არც ღამე და არც იმქვეყნიური სამყარო. მაგრამ დიდი რა მოხუცდა. მისი ძვლები გახდა ვერცხლი, მისი ხორცი – ოქრო, თმა კი ლილაქვა. ამიტომ ადამიანებმა, რომლებმაც იგრძნეს რას სისუსტე, გადაწყვიტეს აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ. რამ გაიგო მის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ და მოიხმო უძველესი ღმერთები – მზის თვალი, შუ, ტეფნუტი, გები, ნუტი, ოგდოადა და ნუნი, რომ ეკითხა მათთვის რჩევა, თუ როგორ დაესაჯა ადამიანები.
ნუნმა, უძველესმა ღვთაებამ, ურჩია, ადამიანების დასასჯელად გაეგზავნა მზის თვალი – ხატხორი. ხატხორმა აჯანყებულები უდაბნოში იპოვა, დახოცა ისინი და შესვა მათი სისხლი. საბოლოოდ, რას მაინც შეებრალა ადამიანები, და გადაწყვიტა, ბოლომდე არ გაეჟლიტა ისინი. რადგან გამძვინვარებული ხატხორის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რამ ბრძანა ელეფანტინადან წითელი ქვის ჩამოტანა. ჰელიოპოლისის მთავარმა ქურუმმა ქვა დაფქვა, და ფხვნილით შეღებეს შვიდი ათასი დოქი ლუდი. სისხლისფრად შეღებილი ლუდი მიწაზე დააქციეს, და ყველგან სისხლისფერი გუბეები დადგა. გამთენიისას, როცა ხატხორმა გაიღვიძა, ჩაიხედა სისხლისფერ ტბაში, ხარბად დაეწაფა მას, გაბრუვდა და დაიძინა. თუმცა რამ გადაარჩინა ადამიანების მოდგმა სრული განადგურებისაგან, ადამიანი მოკვდავი გახადა. მიწაზე გაჩნდა სიკვდილი და ტკივილი.
მეორე ნაწილში ნუნი უბრძანებს ნუტს, რომ ძროხად გადაიქცეს და რა ზეცაში აიყვანოს. რა, ზეციურ ძროხაზე ამხედრებული, ადის ზეცაში, რომელიც ამიერიდან ჰაერის ღვთაებას, შუს უნდა ეჭიროს. თავისი ახალი ადგილსამყოფელიდან რა იწყებს სამყაროს ახლებურად მოწყობას, და პირველ რიგში ქმნის საიქიოს, როგორც გარდაცვლილთა ადგილსამყოფელს. ის ასევე ქმნის სამოთხეს და ვარსკვლავებს. წიგნის მესამე ნაწილში სწორედ საიქიოს შექმნაა აღწერილი. აქ ასახლებენ სხვადასხვა სახის გველებს და სხვა საშიშ დემონებს, რომლებსაც გებმა, მიწის ღმერთმა უნდა უხელმძღვანელოს.
წიგნის მეოთხე ნაწილი ძირითადად მაგიურ გამონათქვამებს და „ბას“ თეოლოგიას ეძღვნება. წიგნში განსაკუთრებით ხაზგასმულია ფარაონის და რას „ნათესაობის“ მოტივი. რას აქვს სამეფო ტიტულატურა და მისი სახელი ფარაონის კარტუშშია ჩასმული. ფარაონი, როგორც რას ვაჟიშვილი და მისი მემკვიდრე, გარდაცვალების შემდეგ რას მსგავსად უნდა აღზევებულიყო ზეცაში ღვთაებრივ ძროხაზე ამხედრებული და მამას შეერთებოდა, რის შემდეგაც მას, როგორც ამას წიგნში ნუნი გვამცნობს, შეუძლია „დარჩეს ზეცაში დროის დასასრულამდე“.