საქართველოს მცენარეული საფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მცენარეული საფარისაქართველოს მდებარეობა დედამიწის უმსხვილესი გეოგრაფიული სარტყლების (სუბტროპიკულის და ზომიერის) გასაყარზე იმის ხელსაყრელ პირობებს ქმნის,რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სარტყლების მცენარეულობა განვითარდეს.

მცენარეული საფარის პლანეტარულად განსაზღვრულ ამ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის საკუთრივ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოროგრაფიული და კლიმატური ნაირგვარობა.

კავკასიონის ქედით საიმედოდ დაცულობა და თბილი შავი ზღვის სიახლოვე ხელსაყრელ კლიმატურ (უწინარესად თერმულ და ტენიანობის) რეჟიმს ქმნის დასავლეთ საქართველოს ბარსა და დაბალმთიანეთში მეზოფილური სითბოსმოყვარული მცენარეულობის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთის კალთების ქვემო ნაწილებში ზღვიური ჰავის გავლენის მკვეთრი შემცირება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მშრალი და ცხელი ჰავის ძლიერი გავლენა, განაპირობებს არიდული (ჰემიქსეროფილური, ქსეროფილური) მცენარეულობის ჩამოყალიბებასა და ფართოდ გავრცელებას.

და ბოლოს, ზომიერი და ცივი ჰავა, რომლითაც საქართველოს მთიანი რეგიონები ხასიათდება (ზღვის დონიდან 900-1000 მ ზემოთ), უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე ზომიერად სითბოს მოყვარული და ყინვაგამძლე მცენარეულობის განვითარებას.

ბუნებრივი მცენარეულობის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს უნიკალური, ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყნებს აკუთვნებს.

მცენარეული საფარის განვითარების გრძელ გზაზე (იგი დაიწყო მრავალი მილიონი წლის წინათ, ფაქტობრივად საქართველოს ხმელეთის ჩამოყალიბების დაწყებისთანავე) მიმდინარეობდა მისი სახეობრივი შემადგენლობის შევსებისა და შესაბამისი ფიტოცენოლოგიური სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესები. ბოლო ათასწლეულებში ამ ბუნებრივ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია ადამიანის მზარდმა სამეურნეო საქმიანობამ. მჭიდროდ დასახლებულ ბარში, ზეგნებსა და მთისწინეთში, ასევე მაღალმთის სათიბ-საძოვრების ზოლში, ბუნებრივი მცენარეულობის ანთროპოგენურმა ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი პირვანდელი სახე. ტყის მცენარეულობა, რომლითაც დაფარული იყო კოლხეთისა და ივერიის ბარის დიდინაწილი, დღეს ამ ტერიტორიაზე კუნძულებადღაა შემორჩენილი. ბევრგან კი ტყის აქ არსებობაზე მხოლოდ ცალკეულ დაცულ ტერიტორიაზე (ძირითადად სახელმწიფო ნაკრძალებში) შემორჩენილი კორომები და აქა-იქ მიმოფანტული ხანდაზმული ხეებიღა მიგვანიშნებს. ანთროპოგენურ-პასტორალური ზემოქმედებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ტყეების ბუნებრივი (პირველყოფილი) სტრუქტურა საქართველოს მთაში, სუბალპური და ალპური მდელოებისა – მაღალ მთაში.

ბუნებრივ მცენარეულობაზე მეტ-ნაკლები დოზით ადამიანის გავლენას მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა. საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ანთროპოგენური მცენარეულობაც, თავის მხრივ, ზრდის ქვეყნის საერთო ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და, რაც განსაკუთრებით ფასეულია – იგი ექსტრემალურ ადგილებში (ეროზირებული ფერდობები, გადატვირთული საძოვრები და სხვ.) მდგრადი ეკოსისტემების შექმნისათვის მნიშნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

საქართველოს მცენარეულობის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ნათლად ასახულია სპეციალურ ბოტანიკურ-გეოგრაფიული და გეობოტანიკური და რაიონების სქემებში (დოლუხანოვი, სახოკია, 1941; გროსჰეიმი, 1948; კეცხოველი, 1960; გულისაშვილი, 1964; ხარაძე, 1966; ქვაჩაკიძე, 1996 და სხვ.), მთლიანად საქართველოს და მისი ცალკეული რეგიონების მცენარეულობის გამოკვლევებზე შექმნილ მრავალრიცხოვან მონოგრაფიებსა და სამეცნიერო სტატიებში.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივი მცენარეული საფარის განაწილების კანონზომიერებებისა და მცენარეულობის სტრუქტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით, გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ცალკეული ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონების გეობოტანიკურ დახასიათებას. ზოგადი სურათის შესაქმნელად მიზანშეწონილად მივიჩნევთ ჩვენი ქვეყნის მცენარეული საფარი ცალ-ცალკე განვიხილოთ საქართველოს ორ ძირითად ნაწილში – დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში.

დასავლეთ საქართველოს მცენარეულობა

კოლხეთის დაბლობზე და მთისწინეთში ბუნებრივი მცენარეულობა შემორჩენილია ლოკალურად, მეტწილად მომცრო ფართობების სახით. უმეტესი ნაწილი კი ხელოვნურ (კულტურულ) ლანდშაფტადაა ქცეული. ყველაზე დაბალ ადგილებში (ზღვისპირეთი, მდინარეთა ჭალები) შემორჩენილია რელიქტური ჰიგროფილური ტყეები – მურყნიანი (ჩვეულებრივი მურყანი) და ლაფნიანი. სულ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე, კირით მდიდარ ნიადაგებზე (კირქვიან სუბსტრატზე) გვხვდება ქსერომეზოფილური რელიქტური ტყეები – ბზიანი (კოლხური ბზა) და დაფნარი (კეთილშობილი დაფნა). აჯამეთის ნაკრძალში რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გავრცელებულია რელიქტური ძელქვნარი (რცხილა, ფოთოლა ძელქვა) და მუხნარ-ძელქვნარი (ქუთაისის მახლობლად და სხვ.). გვხვდება წმინდა მუხნარი (ქართული მუხა) ტყეც, რომელიც წარსულში ფართო გავრცელებას აღწევდა კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში. სუბტროპიკული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (იმერული მუხა, წაბლი, წიფელი, რცხილა, ცაცხვი, იფანი და სხვ.), ასევე მონოდომინანტური წიფლნარი (აღმოსავლეთის წიფელი) და წაბლნარი (ჩვეულებრივი წაბლი), რომლითაც წარსულში დაფარული იყო კოლხეთის დაბლობის უმეტესი ტერიტორია, ამჟამად კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში მომცრო ფართობებზეა შემორჩენილი.

კოლხეთის დაბლობის დასავლურ ნაწილში ლოკალურად განვითარებულია ბუნებრივი (პირველადი) და ანთროპოგენური (მეორეული) მცენარეულობა – ჭაობები (ხავსიანი, ბალახიანი, ხე-ბუჩქიანი) და მდელოები, ეგზოტურ მცენარეთა მეტ-ნაკლები (ზოგან ფართო) მონაწილეობით. დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი უტყეო მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია ჯაგრცხილნარით, იელიანით, გვიმრიანით, მეზოფილური მდელოს სხვადასხვა ვარიანტებით.

მდინარე ბზიფის დელტაზე, დაახლოებით 200 ჰა ფართობზე, გავრცელებულია რელიქტური ფიჭვნარი (ბიჭვინთის ფიჭვი), რომლის შემდგენლობაში ფიჭვთან ერთად მონაწილეობს ხმელთაშუაზღვიური და კოლხური სახეობები – კოლხური ბზა, კოლხური მუხა, საკმელა, სესლერია და სხვ.

მთების (კავკასიონი, მცირე კავკასიონი) კალთები, ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე შემოსილია მთის ტყეებით. ტყეების შემადგენლობა არაერთნაირია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ბუნებრივ ფაქტორებზე (შავი ზღვიდან დაშორება, აბსოლუტური სიმაღლე, მთავარი ქედის თოვლიან-მყინვარიან მწვერვალებთან სიახლოვე და სხვ.), ასევე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ტიპზე და ინტენსივობაზე.

მთათა კალთებზე, ზღვის დონიდან 1000-1200 მ-მდე, ტყის საფარი ძირითადად ფართოფოთლოვანი ტყეებითაა შექმნილი. მათ შორის გაბატონებულია რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს – წაბლი, კოლხური მუხა, წიფელი, რცხილა. შერეული სახეობებიდან (ასექტატორები) გვხვდება ქართული და იმერული მუხა, ცაცხვი, მურყანი, ლაფანი, იფანი, ქორაფი და სხვ. ქვეტყეს უპირატესად ქმნის რელიქტური (კოლხური) სახეობები – შქერი, წყავი, კოლხური ბზა, კოლხური ჭყორი, ძმერხლი, კავკასიური მოცვი, იელი, კოლხური ჯონჯოლი და სხვ. ტყეებისათვის დამახასიათებელია ლიანა (ხვიარა) მცენარეები – ეკალღიჭი, მაყვალი, ღვეტკეცი, კოლხური სურო, გარეული ვაზი და სხვ. ბალახეული საფარი შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში იშვიათად ვითარდება. მის დომინანტთა შორის გვხვდება რელიქტური სახეობები – ხარისთვალა, ხახია, ანჩხლა და სხვ. ეპიფიტები ძირითადად წარმოდგენილია ხავსებით და მღიერებით.

შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები ფართო გავრცელებას აღწევს კოლზეთის დაბლობის მიმდებარე მთების დასავლურ ნაწილში (აჭარა-გურიისა და აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონები). აღმოსავლეთით ტყის ფიტოცენოზების შემადგენლობაში თანდათანობით სუსტდება მრავალი ტიპური რელიქტური (კოლხური) სახეობის ცენოზური როლი (კოლხური მუხა, წაბლი, შქერი, წყავი, ბზა და სხვ.), ზოგიერთი მათგანი (კოლხური მუხა და სხვ.) ტყის ფიტოცენოზთა (კორომების) შემადგენლობიდან საერთოდ ვარდება.

შერეული ფართოფოთლოვანი ტყეების ქვესარტყელში გვხვდება მონოდომინანტური და ბიდომინანტური ფორმაციებიც – წაბლნარი, წიფლნარი, მუხნარი (ქართული მუხა), რცხილნარი, რცხილნარ-წიფლნარი, წაბლნარ-წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი და სხვ. კირქვიან მთებზე საკმაოდ ფართო გავრცელებას პოულობს მუხნარი ჯაგრცხილას ქვეტყით, რომელიც სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე დომინირებს კიდეც (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი). კავკასიონის ზღვისპირა რეგიონში (აფხაზეთი) მუხნარ ტყეებში შემორჩენილია უძველესი (რელიქტური) სახეობები – მარწყვის ხე, ხემაგვარი მანანა, სესლერია და სხვ. მცირე კავკასიონის ზღვისპირა რეგიონში (აჭარა) შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება უძველესი ენდემური რელიქტები – უნგერნის შქერი, სმირნოვის შქერი, ეპიგეა.

ხელსაყრელი კლიმატურ-ნიადაგური პირობები განაპირობებს კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების მაღალ ბიოლოგიურ პროდუქტიულობას. ტყის კორომების უმეტესობა მაღალ წარმადობას (ბონიტეტის I-II კლასი) აღწევს.

კოლხური ტყეების შემადგენლობაში ზღვის დონიდან 1000-1100 მ-დან 1400-1500 მ-მდე დომინირებს წიფლნარი. გავრცელებულია ბიდომინანტური ტყეებიც, კერძოდ, რცხილნარ-წიფლნარი, წაბლნარ-წიფლნარი, ნაძვნარ-წიფლნარი, სოჭნარ-წიფლნარი. სვანეთის და რაჭა-ლუჩხუმის რეგიონებში გვხვდება მუქწიწვიანი ტყეებიც (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). ქვეტყეში ძირითადად წარმოდგენილია მარადმწვანე და ფოთოლცვენია კოლხური სახეობები – შქერი, წყავი, ჭყორი, კოლხური სურო, კავკასიური მოცვი, იელი; უფრო მაღლა (ზღვის დონიდან 1450-1500 მ-დან 1800-1900 მ-მდე) გაბატონებულია მუქწიწვიანი ტყეები – ნაძვნარი (აღმოსავლეთის ნაძვი), სოჭნარი (კავკასიური სოჭი), ნაძვნარ-სოჭნარი. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეებიც, კერძოდ, წიფლნარ-ნაძვნარი. წიფლნარსოჭნარი, ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარი. ტყეების მეტი ნაწილი რელიქტური კოლხური ქვეტყითაა (წყავი, შქერი, ჭყორი, კავკასიური მოცვი, იელი). სიმაღლის აღნიშნულ ზოლში გავრცელებულია წმინდა წიფლნარებიც რელიქტური კოლხური ქვეტყით. ზემო და ქვემო სვანეთის ქვაბულების აღმოსავლეთ ნაწილსა და რაჭა-ლეჩხუმში მნიშვნელოვანი ტერიტორია უკავია ფიჭვნარ (კავკასიური ფიჭვი) და ნაძვნარ-ფიჭვნარ ტყეებსაც. აჭარა-გურიის რეგიონში ლოკალურად გავრცელებულია კოლხეთის და კოლხეთ-ლაზისტანის ენდემური რელიქტების – მედვედევის არყისა და პონტის მუხის ტანბრეცილი ტყეები.

დასავლეთ საქართველოს მთის ფოთლოვანი და წიწვიანი ტყეების მეტი ნაწილი ბუნებრივად მაღალი ბიოლოგიური პროდუქტიულობით გამოირჩევა (ბონიტეტისI-II კლასი). ტყის კორომების წარმადობა მხოლოდ იმ ადგილებშია შემცირებული, სადაც უსისტემო ტყის ჭრამ და ხეთადგომის დასაშვებ ნორმაზე მეტად გამეჩხერებამ,ხელი შეუწყო ფერდობებზე ეროზიული პროცესების გაძლიერებას და, პარალელურად, ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითებას.

ტყიდან მაღალმთის მდელოებზე გარდამავალ ზოლში (სუბალპური სარტყელი, ზღვის დონიდან 1800-1900 მ-დან 2450-2500 მ-მდე) მცენარეული საფარის შემადგენლობის მრავალფეროვნება კულმინაციას აღწევს. ამ ჰიფსომეტრიულ ზოლში ბუნებრივი პირობები (უწინარესად ზაფხულის სითბო) ჯერ კიდევ ხელსაყრელია ტყის მცენარეულობის განვითარებისათვის. მასთან ერთად, ბუნებრივი პირობები უზრუნველყოფს ბუჩქნარი და ბალახეული მცენარეულობის ოპტიმალურ ზრდა-განვითარებასაც. ამ განსხვავებული მცენარეულობის (მცენარეული ტიპების) ურთიერთკონკურენციის პირობებში, ბუნებრივად ჩამოყალიბდა მაღალმთის (სუბალპური) ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსები. მცენარეულობის სხვადასხვა ტიპებით შეთანაწყობის (კომპლექსების) ბუნებრივი სურათი დღეს, სამწუხაროდ, ბევრგან ფაქტობრივად დარღვეულია. ანთროპოგენური წნეხის გავლენით ყველაზე მეტად დაზარალდა ტყეები. ტყის ფიტოცენოზები (მთლიანად ტყიანი ეკოსისტემები) ყველაზე უფრო მგრძნობიარეა. მაღალმთის ტყეების უსისტემო ჭრისა და შინაური პირუტყვის ზღვარგადასული ძოვების გავლენით ტყის ზემო (ალპური) საზღვარი დასავლეთ საქართველოში ხელოვნურად დაწეულია, საშუალოდ 2000-2200 მ-მდე. ტყე მხოლოდ ლოკალურად, ადამიანისა და ცხოველისათვის ძნელად მისაწვდომ ადგილებში, აღწევს თავისი გავრცელების ბუნებრივ (თერმულ) საზღვარს – 2400-2450 მ აბსოლუტურ სიმაღლეს (ზემო სვანეთში 2500-2550 მ).

კოლხეთის დაბლობის მიმდებარე მთების სუბალპებში მეტწილად გვხვდება დაბალი წარმადობის (IV-V ბონიტეტი) ნაძვნარი, სოჭნარი, ფიჭვნარი. ტიპური მაღალმთიური ფოთლოვანი ტყეებიდან გავრცელებულია დაბალი წარმადობისა და სუსტად კალთაშეკრული სუბალპური პარკისებრი და ტანბრეცილი ტყეები – ნეკერჩხლიანი (მაღალმთის ნეკერჩხალი), წიფლნარი, არყნარი (ლიტვინოვის არყი), ცირცელიანი (კავკასიური ცირცელი). სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სუბალპებში გავრცელებულია მუხნარიც (მაღალმთის მუხა). აჭარა-გურიის მთებში გვხვდება ენდემური ტანბრეცილი ტყეები – მუხნარი (პონტოს მუხა) და არყნარი (მედვედევის არყი). ქვეტყეში კვლავ ფართოდ მონაწილეობს რელიქტური სახეობები – წყავი, შქერი, ჭყორი, ძმერხლი, იელი, კავკასიური მოცვი, დეკა და სხვ. ტყის საბურველქვეშ ხშირად ვხვდებით სუბალპური მაღალ ბალახეულობის წარმომადგენელთაგან შექმნილ ბალახეულ საფარსაც.

სუბალპური მცენარეულობის კოლორიტული წარმომადგენელია რელიქტური მარადმწვანე ბუჩქის – დეკას მიერ შექმნილი ბუჩქნარი – დეკიანი. მისი მჭიდრო რაყები დიდ ფართობს მოიცავს ჩრდილო, დასავლური, ჩრდილო-დასავლური ექსპოზიციის ფერდობებზე (სწორედ აქ ფორმირდება მდგრადი თოვლის საფარი, რომელიც დეკას იფარავს და ზამთარში იცავს გაყინვისაგან). ლოკალურად გვხვდება მაღალმთის ბუჩქნართა სხვა წარმომადგენლებიც – ღვიიანები (გართხმული ღვია, ქონდარა ღვია), იელიანი, მოცვიანები (კავკასიური მოცვი, ლურჯი მოცვი), ტირიფიანი (ყაზბეგის ტირიფი) და სხვ. აფხაზეთ-სამეგრელოს კირქვიანებზე ლოკალურად აღინიშნება თხილიანიც (კოლხური თხილი).

სუბალპური ფიტოლანდშაფტის ასევე ფრიად კოლორიტული ელემენტია სუბალპური მაღალბალახეულობა (სიმაღლე 1,5-2 მ და მეტი). მათი ცენოზები გვხვდება მცირე დაქანების ფერდობებსა და გავაკებებზე, ტენიან და ნაყოფიერ ნიადაგებზე. შემადგენლობაში წამყვანია – დიყი, დიდი გვირილა – სამტიტა, ლაშქარა, ტელეკია, მზიურა, ხარისშუბლა, ტილჭირი, კენკეშა, კატაბალახა და სხვ.

დასავლეთ საქართველოს სუბალპებში ვრცელი ტერიტორია უკავია მაღალმთის (სუბალპურ) მდელოებს, რომლებიც ფიტოცენოლოგიურად და ეკოლოგიურად მრავალფეროვანია: მარცვლოვანი, ნაირბალახოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, ისლიანი მდელოები. მარცვლოვანი მდელოების უმთავრესი ფორმაციებია – ბერსელიანი, ბრძამიანი, ნამიკრეფიანი, ძიგვიანი, სესლერიანი. მათ შორის ბერსელიანი და სესლერიანი კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზეა განვითარებული (აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონი). კირქვიან მთებთან დაკავშირებულია პონტოს ისლის ენდემური დაჯგუფებებიც. ნაირბალახოვანი მდელოებიდან სჭარბობს ნემსიწვერიანი (ალპური ნემსიწვერა – უჟმურა), უძოვრიანი, ფრინტიანი. კირქვიანი მთების ფერდობებზე მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ვორონოვიას რელიქტურ მდელოს (აფხაზეთ-სამეგრელოს გეობოტანიკური რაიონი). სვანეთის სუბალპებში, სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, ფართოდაა გავრცელებული ჭრელწივანიანი. აქვე ლოკალურად (მდ. თხეიშის სათავეები და სხვ.) გვხვდება ჭრელშვრიელიანი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზოლი (ზღვის დონიდან 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე) მთლიანად ალპური მდელოებითაა დაფარული (ზოგან, ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, 2700–2750 მ აბსოლუტურ სიმაღლემდე, იჭრება დეკიანის და მოცვიანის მომცრო დაჯგუფებები). აფხაზეთ-სამეგრელოში ვრცელი ტერიტორია უკავია წივანიან-ისლიან მდელოს. სხვა ფორმაციებიდან გვხვდება ძიგვიანი, კობრეზიანი და სხვ. ყველა მაღალმთიან რეგიონში გავრცელებულია ალპური ნემსიწვერიანი მდელოები; მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ჭრელწივანიანს. გავაკებულ ადგილებში და მყინვარების მახლობლად განვითარებულია ალპური ხალების (5-8 სმ სიმაღლის ბალახნარი) მომცრო დაჯგუფებები (ქარცხვი, პირთეთრა, ძირმაგარა, ბურბუშელა და სხვ.).

კიდევ უფრო მაღლა (ზღვის დონიდან 3000 მ-ს ზევით) მცენარეული საფარი განვითარებულია ფრაგმენტულად და, თანაც, ღია ცენოზების სახით. დამახასიათებელი სახეობებია – პირთეთრა, ქუდუნა, მინუარცია, სატილია, ფურისულა, ფხიჭა, სიმფიოლომა, ვერონიკა და სხვ. სვანეთის სუბნივალური სარტყლის კლდე-ნაშალების და ქვა-ღორღიანების მცენარეულობაში მონაწილეობს იშვიათი სახეობებიც – კავკასიური დეზურა, ფსევდოვეზიკარია და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს მცენარეულობა

აღმოსავლეთ საქართველოს მცენარეული საფარი, ფიტოცენოლოგიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, არსებითად განსხვავებულია დასავლეთ საქართველოს მცენარეული საფარისაგან. განსხვავება თვალსაჩინოა ფაქტობრივად მთელ სიმაღლით (ვერტიკალურ) პროფილზე, განსაკუთრებით კი ბარსა და მთის ტყეების სარტყელში (ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე).

ღმოსავლეთ საქართველოს (ივერიის) ბარის ზონაში, შორეულ (გეოლოგიურ) წარსულში, ტყის მცენარეულობა დომინირებდა. ჭალისა და ვაკის ტყეებით იყო დაფარული შიდა ქართლის ბარისა და ალაზნის (კახეთის) ვაკის უმეტესი ნაწილი. ქვემო ქართლის ბარსა და ივრის (ჰერეთის) ზეგანზე ვრცელი ტერიტორია ეჭირა არიდულ (ნათელ) ტყეებს. მოგვიანებით (ისტორიულ პერიოდში) ტყის საფარი თანდათანობით შემცირდა, ხოლო მის ადგილზე კულტურული ლანდშაფტები ჩამოყალიბდა. ტყეები და მათი ანთროპოგენური დიგრესიის სხვადასხვა სტადიის მცენარეულობა – ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები, სტეპები, ნახევარუდაბნოები შემორჩენილია მეტწილად ლოკალურად, მომცრო ფართობებზე. ბუნებრივი მცენარეულობის შედარებით მოზრდილი მასივი ძირითადად შენარჩუნებულია ივრის ზეგანზე და ელდარის ვაკეზე.

ბუნებრივი პირობების (რელიეფი, ჰავა, ნიადაგები) მრავალფეროვნება და მცენარეულობის ანთროპოგენური ტრანსფორმაცის დიდი მასშტაბი ძირითადად განაპირობებს ივერიის ბარის ბუნებრივი მცენარეულობის უნიკალურ მრავალფეროვნებას.

ჭალის ტყეები და მათი ფრაგმენტები შემორჩენილია თითქმის ყველა დიდსა თუ მცირე მდინარის სანაპირო ზოლში. შედარებით მოხრდილი ფართობი უკავია ტყეს მდ. მტკვრის, ალაზნის და ივრის ჭალებში. ჭალის ტყეების შემადგენლობაში მონაწილეობს (ედიფიკატორის რანგში) ოფი, ხვალო, ტირიფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა, კორპიანი და ჩვეულებრივი თელა. ალაზნის ჭალის ტყეებში გვხვდება რელიქტური სახეობაც – ლაფანი. ზოგან კარგად გამოკვეთილია მონოდომინანტური კორომები – მუხნარი, ვერხვნარი, ტირიფნარი, მურყნარი და სხვ. ქვეტყის ბუჩქებიდან ჭალის ტყეებში ჩვეულებრივია − ქაცვი, შინდანწლა, კვიდო, კუნელი, ასკილი, ალღუნი და სხვ. უხვადაა (მეტწილად ტყის გამეჩხრებულ უბნებში და ტყისპირებში) ლიანა (ხვიარა) მცენარეები - ეკალღიჭი, კატაბარდა, სვია, ღვედკეცი, გარეული ვაზი – კრიკინა, კავკასიური სურო, მაყვალი და სხვ.

ვაკეებზე, უფრო მეტად კი ტერიტორიის ამაღლებულ ადგილებში – პლატოებსა და სერების კალთებზე, შემორჩენილია დაბალი წარმადობის (მეტწილად ამონაყრითი), ფართოფოთლოვანი ტყის კორომები და მათი ნაშთები. ამ ტყის მთავარი ფორმაციებია მუხნარი (ქართული მუხა) და მუხნარ-რცხილნარი. შერეული სახეობები- დან (ასექტატორები) აღინიშნება – იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, ცაცხვი და სხვ. თეთრიწყაროს მიდამოებსა და დისველის პლატოზე გვხვდება მაღალმთის მუხის კორომებიც.

ივრის ზეგანზე უნიკალური რელიქტური მცენარეულობაა – ე.წ. არიდული მეჩხერი („ნათელი“, „სავანოიდური“) ტყეები. ფოთლოვანი არიდული ტყე შექმნილია საკმლის ხით. არიდული ტყის მეჩხერი კორომები (კალთაშეკრულობა 0,2-0,4 ფარ- გლებში) განვითარებულია ტალღურ ვაკეებზე, სერების დამრეც ფერდობებზე და ტერასებზე. აქვე, შედარებით იშვიათად, აღინიშნება ბიდომინანტური აკაკიან-საკმლის ხიანი კორომებიც. წიწვიანი არიდული ტყე წარმოდგენილია ღვიიანებით, რომლებიც შექმნილია ღვიის ორი სახეობის თანადომინანტობით – შავი ღვია და მრავალნაყოფიანი ღვია. გვხვდება შერეული კორომებიც – საკმლის ხიან-ღვიიანები. ღვიიანები განვითარებულია, ძირითადად, ჩრდილო ექსპოზიციის დიდი დაქანების (30-40°) ფერდობებზე. ტყეები ხასიათდება საშუალო კალთაშეკრულობით (0,5-0,7). საკმლის ხიანებსა და ღვიიანებში იზრდება დიდი რაოდენობით ქსეროფილური და ჰემიქსეროფილური ბუჩქები – ძეძვი, შავჯაგა, მენახირის ბალი, ქართული ცხრატყავა, ჟასმინი, ჯორის ძუა, ხორციფერა, გლერძა, უძრახელა, ქართული კოწახური, ბროწეული და სხვ. ზოგიერთი მათგანი (ძეძვი, უძრახელა, ჟასმინი) კარგად გამოკვეთილ ქვეტყესაც ქმნის. ფოთლოვან არიდულ ტყეებში კარგადაა განვითარებული ბალახეული საფარი, რომლის შემადგენლობაში დომინირებს სტეპისა და ნახევარუდაბნოს ელემენტები – ურო, ვაციწვერა, ავშანი. გაზაფხულზე (ზოგჯერ შემოდგომაზეც) ტყეებში უხვად ვითარდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეების სინუზიები. არიდული ტყის ნაშთები (საკმლის ხიანი, აკაკიანი, ბერყენიანი) გვხვდება მცხეთა-თბილისის მიდამოებში, აგრეთვე, მდ. ქციისა და ალგეთის აუზებში. მცხეთის მიდამოებში (კვერნაკის სერის კალთები) შემორჩენილია წიწვიანი არიდული ტყე-ღვიიანი (შავი და მრავალნაყოფა ღვიები).

ჭალის, ვაკისა და არიდული ტყეების ნიადაგებზე მრავალგან განვითარებულია მეორეული ჰემიქსეროფილური და ქსეროფილური ბუჩქნარები – ჯაგრცხილნარები, ძეძვიანები, გრაკლიანები, შავჯაგიანები, ხორციფერიანები, გლერძიანები, იალღუნიანები და სხვ., აგრეთვე, სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობის სხვადასხვა ფორმაციები.

ივერიის ბარში საკმაო ფართობს მოიცავს სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. როგორც ითქვა, ეს მცენარეულობა იზრდება წარსულში ამ რეგიონში გავრცელებული ტყეების ადგილზე (მეორეული მცენარეულობა). ამასთან, გვხვდება პირველადი სტეპი და ნახევარუდაბნოც, რომლებიც იმ ადგილშია განვითარებული, სადაც ტყე არც შორეულ წარსულში უნდა ყოფილიყო (ჩადაბლებული რელიეფი ვაკეებზე და მთისწინეთში, სადაც მეტ-ნაკლებად დამლაშებული ნიადაგებია ფორმირებული, ასევე შირაქ-ელდარის მშრალ და თხელნიადაგიან სამხრეთის ექსპოხიციის მეზოფერდობებზე).

სტეპის მცენარეულობის შედარებით მოზრდილი მასივები ივრის ზეგანზეა (დიდი შირაქის ვაკე, უდაბნოსა და ყაჯირის ვაკეები და სხვ.). მის შემადგენლობაში გაბატონებულია უროიანი, რომელიც წაბლა და შავმიწა ნიადაგებზეა და, თანაც, ფლორისტულად და ტიპოლოგიურად მდიდარი და მრავალფეროვანია. სტეპის მცენარეულობის მეორე მთავარი ფორმაციაა ვაციწვერიანი. იგი შედარებით მომცრო ნაკვეთების სახით გვხვდება მოვაკებულ თხემებზე, ზღვის დონიდან 700-900 მ სიმაღლეზე. აქვე გვხვდება ბიდომინანტური უროიან-ვაციწვერიანი დაჯგუფებებიც. მომცრო ნაკვეთებისა და ფრაგმენტების სახით აღინიშნება ჭანგიანი და გლერტიანი.

შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ბარში, აგრეთვე ალაზნის ვაკეზე სტეპის მცენარეულობა (ფაქტობრივად, მთლიანად მეორეული წარმოშობისა) განვითარებულია ლოკალურად. აქაურ სტეპებში, ზემოაღნიშნული ფორმაციების გარდა, აღინიშნება წივანიანი, უროიან-წივანიანი და მარცვლოვან-ნაირბალახოვანი ფორმაციებიც.

ივერიის ბარის ყველაზე მშრალ რეგიონში – ელდარის ვაკეზე განვითარებულია ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. ალუვიურ დამლაშებულ ნიადაგებზე ნახევარუდაბნოს მცენარეულობა წარმოდგენილია ყარღანიანით (ყარღანი ბუჩქ-ბალახია და საქონლის კარგ საკვებად ითვლება). ყარღანიან მეჩხერ ცენოხებში (შეკრულობა 0,3- 0,5) შერეული სახით აღინიშნება ჩარანი, წითელწვერა, ავშანი ანუ აბზინდა. გაზაფხულზე და შემოდგომაზე უხვად ვითარდება ეფემერები (ერთწლოვანი მცენარეები) და ეფემეროიდები (ბოლქვიან-ტუბერიანი მცენარეები) – იაპონური შვრიელა, ჩიტისთავა, მზეყვავილა, წიწმატელა, ცოცხლადმშობი თივაქასრა, ნამკალა და სხვ. შედარებით ნაკლებად დამლაშებულ თიხნარ ნიადაგებზე აღსანიშნავია ჩარანიანი ნა- ხევარუდაბნო. ჩარანიანის მეჩხერ ცენოზებში შერეული სახით მონაწილეობს ყარღანი, ავშანი, წითელწვერა და სხვ. სეზონურად (გაზაფხული, შემოდგომა) აქაც უხვად ვითარდება ეფემერ-ეფემეროიდები. ელდარის ვაკის ჩრდილო ნაწილში, სუსტად დამ- ლაშებულ ნიადაგებზე ვრცელდება ავშნიანი და უროიან-ავშნიანი ნახევარუდაბნო. ავშნიანი ცენოზები სხვადასხვა შეკრულობისაა (0,3-0,7 ფარგლებში), ავშნის ეგზემპლარებს შორის თავისუფალი არესეზონურად (გაზაფხული, ზაფხული) ეფემერებით და ეფემეროიდებითაა დაფარული (100-მდე სახეობა). სერების ფერდობებზე, უფრო იშვიათად ვაკეზეც, თაბაშირის შემცველ დამლაშებულ ნიადაგებზე განვითარებულია ხურხუმოიანი და ერთწლოვანი ჰალოფიტების – ხვახრვარას და გამანთუსის დაჯგუფებები. აქა-იქ აღინიშნება შოროქნიანი დაჯგუფებებიც.

ივრის ზეგანზე, ალაზნის ვაკეზე, შიდა და ქვემო ქართლის ბარში ნახევარუდაბნოს მცენარეულობა გავრცელებულია ლოკალურად, ვაკე რელიეფზე და ჩადაბლებულ ადგილებში, ბიცობ (დამლაშებულ) ნიადაგებზე. ივრის ზეგანზე ნახევარუდაბნოს მცენარეულობიდან ძირითადად გვხვდება ავშნიანი, ავშნიან-ყარღანიანი და ავშნიანჩარანიანი. ალაზნის ვაკის დამლაშებულ ნიადაგებზე უფრო მეტად აღინიშნება შოროქნიანი და ძირტკბილიანი.

სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ზამთრის საძოვრებია. აქ ყოველწლიურად ათეულ ათასობით პირუტყვი იზამთრებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთების (კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ლიხის ქედი) კალთები, ზღვის დონიდან 500-600 მ-დან (კახეთის კავკასიონზე 400-500 მ-დან) 1800-1850 მ-მდე, ტყის მცენარეულობითაა შემოსილი და ფიტოცენოლოგიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით – მრავალფეროვანია.

მთისწინებსა და დაბალმთიან ნაწილში (ზღვის დონიდან 1000-1200 მ-მდე), ტყის მცენარეულობის ძირეულ ფორმაციას წარმოადგენს ქართული მუხისგან შექმნილი ქსერომეზოფილური მუხნარი ტყე. შედარებით იშვიათად გვხვდება ბიდომინანტური რცხილნარ-მუხნარი, ხოლო მესხეთის მთების კალთებზე – ფიჭვნარიც. მუხნარი ტყის კორომები მეტწილად ამონაყრითაა, დაბალი წარმადობის (IV-V ბონიტეტი). საბურვლის შეკრულობა 0,3-0,7 ფარგლებში ცვალებადობს. შერეული სახეობებიდან (ასექტატორები) დამახასიათებელია – იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, თამელი, რცხილა, ქორაფი, ცაცხვი და სხვ. კახეთის რეგიონში აღინიშნება წაბლიც, ხოლო მცირე კავკასიონის კალთებზე და დიდი ლიახვის ხეობაში – ნაძვი და ფიჭვიც. ბუჩქებიდან ჩვეულებრივია ჯაგრცხილა, შინდი, კუნელი, თხილი, კიდობანა, ზღმარტლი, წერწა, ჯიქა, კვიდო, ასკილი და სხვ. ბალახოვან მცენარეთაგან მუხნარი ტყისთვის დამახასიათებელია ბერსელა, ბუშის ისლი, მთის წივანა, არჯაკელი, ტყიურა, კაკბის საკენკაკელა, ტყის თივაქასრა, ირმისმხალა და სხვ.

აღნიშნულ ჰიფსომეტრიულ ზოლში მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება ტყის სხვა ფორმაციებიც - წიფლნარი, რცხილნარი, შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (ქართული მუხა, რცხილა, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თამელი, ქორაფი და სხვ.). უნიკალური რცხილნარი და წიფლნარ-რცხილნარი ტყეები განვითარებულია ლაგოდეხისა და საგურამოს ნაკრძალებში, სადაც ტყის საბურველქვეშ საფარს ქმნის რელიქტური (თალიშური) სახეობა — პასტუხოვის სურო. ახმეტის რაიონის სოფლების – ბაბანეურის და ლალისყურის მიდამოებში შემორჩენილია უნიკალური (რელიქტური) ძელქვნარი ტყე (რცხილაფოთოლა ძელქვა). მცირე კავკასიონის კალთებზე და დიდი ლიახვის ხეობაში ლოკალურად აღინიშნება ნაძვნარი, ფიჭვნარი და მუხნარ-ფიჭვნარი.

სამხრეთის ექსპოზიციის მშრალ ფერდობებზე ფართო გავრცელებას აღწევს მუხნარის და მუხნარ-ფიჭვნარის ანთროპოგენური დიგრესიის სხვადასხვა სტადიის მცენარეულობა – ჯაგრცხილნარი, გრაკლიანი, ძეძვიანი, შავჯაგიანი, თრიმლიანი, უროიანი სტეპი, ვაციწვერიანი სტეპი, გლერძიანი და სხვ.

ზღვის დონიდან 1100 მ-დან სუბალპურ სარტყლამდე (ზღვის დონიდან 1800-1850 მ), კავკასიონის სამხრეთულ კალთაზე და მცირე კავკასიონის ფერდობებზე გაბატონებულია წიფლნარი ტყეები. მათი გავრცელება მკვეთრად შეზღუდულია მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაც ჰავის კონტინენტურობით უნდა აიხსნას. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული (განსაკუთრებით სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე) რცხილნარ-წიფლნარი, რცხილნარი და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (რცხილა, წიფელი, ცაცხვი, იფანი, ქორაფი და სხვ.; მთიან კახეთში და კოლხეთის მოსაზღვრე რეგიონებში გვხვდება წაბლი და ქართული თხილიც). კახეთის კავკასიონზე (მდ. ბაწარას ხეობაში) აღსანიშნავია უთხოვრიანი და უთხოვრიან-წიფლნარი ტყე. ეს უნიკალური რელიქტური ტყეები, დაახლოებით 180 ჰა ფართობზე, განვითარებულია ბაწარას მარჯვენა სანაპიროს კალთებზე (ჩრდილოეთის ექსპოხიცია), ზ.დ. 1000- 1500 მ ფარგლებში. მდ. დიდი ლიახვის ხეობაში და მცირე კავკასიონის ცენტრალურ და დასავლურ ნაწილში საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ნაძვნარი, ნაძვნარ-წიფლნარი და ნაძვნარ-სოჭნარი. გვხვდება (შედარებით შეზღუდული გავრცელებით) წმინდა სოჭნარიც. მდ. დიდი ლიახვის ხეობაში და სამცხეში, დიდი დაქანების კლდოვან ფერდობებზე, განვითარებულია ფიჭვნარი და ნაძვნარ-ფიჭვნარი ტყე. წიწვიანიტყეები, ძირითადად ნაძვნარი და ფიჭვნარი, მეტ-ნაკლები სიდიდის კორომების და ფრაგმენტების სახით შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც – მდ. ქსნისა და არაგვის ხეობებში, თრიალეთის ქედის თითქმის მთელ გაყოლებაზე. მდ. ალგეთის აუზში შემორჩენილია შესანიშნავი ნაძვნარი ტყეები.

ნაძვის, სოჭის და უთხოვრის მიერ შექმნილი წიწვიანი ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში რელიქტური მცენარეულობაა. ამ ტყეების გლობალური უკანდახევა ჩვენი ქვეყნის მთიან ზოლში აღმოსავლეთიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება (გავრცელების აღმოსავლური საზღვარი თანდათან დასავლეთით ინაცვლებს). მათ ადგილს კი მეტწილად წიფლნარი იკავებს, რომელსაც შუაჰოლოცენიდან, მთელ საქართველოში (კავკასიის მეზოფილურ რეგიონებში), აღმავლობის პერიოდი დაუდგა.

აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარები ფიტოცენოლოგიურად მრავალფეროვანია. ტიპოლოგიურ სპექტრში დომინირებს მკვდარსაფარიანი წიფლნარი, რომელიც მოკლებულია ქვეტყეს და ბალახეულ საფარს. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული წიფლნარები ბალახოვან მცენარეთა საფარით, სადაც დომინანტის რანგშია – მთის წივანა, ჩიტისთვალა, ქრისტესბეჭედა, გვიმრები და სხვ. ქვეტყეს წიფლნარ ტყეებში ქმნის იელი, ჩვეულებრივი თხილი და სხვ. კოლხეთის მოსაზღვრე რეგიონებში (მდ.დიდი ლიახვის ხეობა, ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, დასავლეთი თრიალეთი) წიფლნარ და წიფლის სიჭარბით ტყეებში არაიშვიათად განვითარებულია რელიქტური კოლხური ქვეტყე, სადაც დომინანტის რანგშია – შქერი, წყავი, ჭყორი, კავკასიური მოცვი, მოლოზანა, კოლხური სურო და სხვ. რელიქტური წიფლნარები (ჭყორის ქვეტყით, პასტუხოვის სუროს საფარით) საკმაოდ ფართოდ გვხვდება საგურამოს ქედის ჩრდილო კალთებზეც (საგურამოს ნაკრძალში). ფლორისტულად და ტიპოლოგიურად მდიდარი და მრავალფეროვანია აღმოსავლეთ საქართველოს დასავლურ რეგიონებში გავრცელებული წიწვიანი ტყეებიც.

კავკასიონის ჩრდილო კალთაზე (ხევი, პირიქით ხევსურეთი, თუშეთი) ტყის სარტყელში (ზღვის დონიდან 1000 მ-დან 1800-1850 მ-მდე), ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, დომინირებს არყნარი (ლიტვინოვის, რადეს და მტირალა არყები), ხოლო სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე – ფიჭვნარი ტყე. გვხვდება შერეული არყნარ-ფიჭვნარი ტყეებიც. წიფლნარი ტყე აქ არ არის გავრცელებული, რაც განპირობებულია როგორც მკაცრი კონტინენტური ჰავით, ისე წიფლის არეალისაგან ამ ტერიტორიის ბუნებრივი იზოლირებით. ამჟამად ანთროპოგენური ზეგავლენით ბუნებრივი ტყეების უმეტესობა განადგურებულია (განსაკუთრებით ხევის ტერიტორიაზე), ხოლო მათ ადგილზე გვხვდება მეორეული ბუჩქნარები – ღვიიანი (გართხმული ღვია, კაზაკური ღვია), ქაცვიანი, ნაირბუჩქნარი (გრაკლა, კოწახური, ასკილი, ჩიტავაშლა და სხვ.), აგრეთვე – გასტეპებული მდელო.

სუბალპური სარტყლისათვის (ზღვის დონიდან 1800-1850 მ-დან 2450-2500 მ-მდე) დამახასიათებელია ფიტოცენოლოგიურად მრავალფეროვანი მცენარეულობა – სუბალპური ტყეები, ბუჩქნარები, მდელოები (სამხრეთ საქართველოში მთის სტეპებიც). სხვაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სუბალპების მცენარეულობას შორის ისე მკვეთრი არ არის, როგორც ბარში და ტყის სარტყელში, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვანია.

აღმოსავლეთ საქართველოში სუბალპური ტყეებიდან გვხვდება დაბალი წარმადობის, საშუალო სიხშირისა და მეჩხერი (საბურვლის შეკრულობა 0,3-0,6) ნეკერჩხლიანები (მაღალმთის ნეკერჩხალი), მუხნარები (მაღალმთის მუხა), არყნარები (ლიტვინოვის არყი), ცირცელიან-არყნარები (კავკასიური ცირცელი, ლიტვინოვის არყი), წიფლნარები. მდ. დიდი ლიახვის ხეობაში და სამცხეში სჭარბობს წიწვიანი სუბალპური ტყეები – ნაძვნარები და ფიჭვნარები. კავკასიონის ჩრდილო კალთაზე (განსაკუთრებით თუშეთში) განვითარებულია ფიჭვნარი და არყნარი ტყეები. სუბალპური ტიპური ტანბრეცილი ტყეები (კოლხეთის დაბლობის მიმდებარე მთებისათვის დამახასიათებელი) აღმოსავლეთ საქართველოში არ არის, ან გვხვდება ლოკალურად (წიფლნარი, ნეკერჩხლიანი, არყნარი). ტყეების ტიპოლოგიურ სპექტრში დომინირებს საერთოკავკასიური ასოციაციები (ტყეები დეკას ქვეტყით; მაღალბალახეულობის, ბრძამის, გვიმრების ბალახეული საფარით). თუშეთის ფიჭვნარ და არყნარ ტყეებში ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთის (ბორეალური) სახეობები, ზოგიერთი მათგანი ტყეების ცოცხალ საფარში დომინირებს კიდეც (ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, მჟაველა, ხავსები).

მაღალმთის ბუჩქნარებიდან ფართოდაა გავრცელებული დეკიანი, რომლითაც მეტწილად დაფარულია ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ექსპოზიციის უტყეო ფერდობები. საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს იელიანიც. მომცრო ნაკვეთების სახით და ფრაგმენტულად გვხვდება მოცვიანი (ლურჯი მოცვი), ტირიფიანი (ყაზბეგის ტორფი), ღვიიანი (კაზაკური, გრძელწიწვა და გართხმული ღვიები) და სხვ.

სუბალპური მაღალბალახეულობა აღმოსავლეთ საქართველოს მთებში განვითარებულია ლოკალურად, მომცრო ნაკვეთების სახით. ცენოზების შემადგენლობაში იშვიათად აღინიშნება ან საერთოდ აღარ მონაწილეობს ტიპური კოლხური სახეობები, გაბატონებულია – ტილჭირი, ყინტორა, სოსნოვსკის დიყი, მარიამა, ხარისშუბლა, სასტვირია და სხვ.

სუბალპური სარტყელის ვრცელი ტერიტორია დაფარულია მდელოებით (სათიბ-საძოვრები), რომლებიც მრავალფეროვანია ფლორისტული შედგენილობით, სტრუქტურით, ეკოლოგიური თავისებურებებით. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში დომინირებს პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებიც მრავალრიცხოვანი რეგიონული (გეოგრაფიული) და ეკოლოგიური ვარიანტებითაა წარმოდგენილი. მონოდომინანტური მდელოებიდან გავრცელებულია – ნამიკრეფიანი, ბრძამიანი, ჭრელწივანიანი, შვრიელიანი, ძიგვიანი, ფრინტიანი, ნემსიწვერიანი, მზიურიანი, მარმუჭიანი და სხვ.

ჯავახეთის ზეგანზე და მიმდებარე წალკა-დმანისის რეგიონში (ზღვის დონიდან 1800-2100 მ), გეობოტანიკურად მრავალფეროვანი მცენარეული საფარია. ადრე ამ ადგილებში საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევდა ტყეები, ძირითადად ნაძვნარი, ფიჭვნარი, მუხნარი (მაღალმთის მუხა) და არყნარი (ლიტვინოვის არყი). ამჟამად ზეგნებსა და პლატოებზე (ჯავახეთის, გომარეთის, დმანისის და სხვ.) და წალკის მხარეში ტყეები (ძირითადად ფიჭვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი, არყნარი) შემორჩენილია ლოკალურად, მეტწილად მომცრო ნაკვეთებისა და ფრაგმენტების სახით. ნატყევარი ვრცელი ტერიტორია დაფარულია მთის სტეპებით – უროიანი, ვაციწვერიანი, წივანიანი (სტეპის წივანა) და სხვ. ვრცელი ტერიტორია უკავია პოლიდომინანტურ მარცვლოვან-ნაირბალახოვან სტეპს, რომელიც მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი.

ჯავახეთის ზეგანზე (ზღვის დონიდან 2100-2200 მ) განვითარებულია მაღალმთის სტეპები და გასტეპებული მდელოები (ე. წ. მდელო-სტეპი). ფართოდაა გავრცელებული პოლიდომინანტური ბალახნარები, სადაც დამახასიათებელი სახეობებია: მარცვლოვანებიდან – ცხვრის წივანა, სტეპის წივანა, სტეპის კეწეწურა, სტეპის ტიმოთელა, ვაციწვერას სახეობები; პარკოსნებიდან და ნაირბალახებიდან – ფიშერის ღიღილო, თრიალეთის იონჯა, ქაფურა, წიწინაური, კავკასიური ბეგქონდარა, ჭაღარა სამყურა. სხვა ფორმაციებიდან გავრცელებულია – ვაციწვერიანი, წივანიანი (სტეპის წივანა, ცხვრის წივანა), ისლიანი (ქონდარა ისლი) და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი ქედების კალთები (ზღვის დონიდან 2500-3200 მ), დაფარულია პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოებით. მონო-დომინანტური მდელოები წარმოდგენილია ჭრელწივანიანით, ჭრელშვრიელიანით, ცხვრის წივანიანით, ძიგვიანით, კობრეზიანით, ისლიანით, ალპური ნემსიწვერიანით, ფესვმაგრიანით და სხვ. ჩრდილოეთის ექსპოხიციის ფერდობებზე (ზღვის დონიდან 2700 მ-მდე) აღინიშნება დეკიანის მომცრო რაყები, რომლებიც კომპლექსურ მცენარეულობას ქმნის ალპური მდელოს სხვადასხვა ფორმაციასთან. ალპური ხალები განვითარებულია ლოკალურად, მომცრო ნაკვეთების სახით. მათი სტრუქტურა (შედგენილობა) რეგიონის მიხედვით მნიშვნელოვნად ცვალებადობს. მაგ., აღმოსავლეთ კავკასიონზე (ლაგოდეხის ნაკრძალი) ძირითადად გავრცელებულია მონოდომინანტური ალპური ხალები – ბაბაწვერიანი, ბერულიანი, ძირმაგარიანი, მარმუჭიანი და სხვ.

ზაფხულის საძოვრების გადატვირთვის გამო სუბალპური და ალპური მდელოები და სტეპები დასარევლიანებულია შხამიანი და ბალასტური (პირუტყვი არ ეტანება) სახეობებით, როგორიცაა – შხამა, ნარი, მარმუჭი, უძოვარა და სხვ.

ზღვის დონიდან 3100-3200 მ ზემოთ, მცენარეული საფარი პრაქტიკულად არაა განვითარებული. ლოკალურად აღინიშნება ალპური მდელოს ღია მიკროცენოზები. ვრცელი ტერიტორია უკავია კლდე-ნამალ-ღორღინარის მცენარეულობას, რომლის შემადგენლობაში მრავალი ენდემური მცენარე გვხვდება.

ამგავარად, საქართველოს მცენარეული საფარი, სახეობრივი შემადგენლობით, სტრუქტურული ორგანიზაციით, ეკოლოგიით და გენეზისით უაღრესად მრავალფეროვანია. ამ მხრივ განსაკურებით გამოირჩევა ტყის მცენარეულობა (ტყეები), რომლებსაც ტერიტორიის მესამედზე მეტი უკავია (2,7 მლნ ჰა). ტყეების, მეტადრე მთის ტყეების როლი ჩვენი მთაგორიანი ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტებისა და უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრეების (ჰაერი, წყალი, ნიადაგები) ფორმირებაში ერთ-ერთი უმთავრესია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები