გრემის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრემი, პანორამული ხედი

გრემი (ინგლ. Gremi), (XVI ს. შუა ხანები), მდებარეობს ნაქალაქარის (ყვარლის მუნიციპალიტეტი, ნეკრესის ეპარქია) ტერიტორიაზე, მდ. ინწობას ხეობის მარჯვენა ნაპირზე ხელოვნურად გადაჭრილ კლდოვან ქედზე (ყვარლიდან 16 კმ) და გარშემორტყმულია გალავნით, რომელშიც ჩაშენებულია საფორტიფიკაციო კოშკები. ეკლესია ნაწილია ანსამბლისა, რომელშიც შედის სასახლე სამრეკლოთი და სამეურნეო ნაგებობები..

კახეთი ამ დროს საკმაოდ დაწინაურებული იყო. ასტრახანის „აბრეშუმის გზის“ სიახლოვემ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას. გასაყიდად გადიოდა ღვინო, აბრეშუმი, ოქროქსოვილი, ცხენები, ცხვარი, საღებავი მცენარეები და სხვ.

პოლიტიკურ და ეკონომიური გამოცოცხლებას მოჰყვა კულტურული აღმავლობა. ლევან კახთა მეფის (1518-1574) მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური აღმშენებლობითი და სარესტავრაციო სამუშაოები. ბევრი ეკლესია, როგორც ადრინდელი, ისე ახლად აშენებული – მოიხატა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. თელავიდან გრემში გადაიტანეს დედაქალაქი (1466), სადაც აშენდა მრავალი ნაგებობა, მათ შორის – სასახლე ბაღებით, შადრევნებით, აბანოებითა და დიდი თუ მცირე ეკლესიებით. შეიქმნა წყალსადენის სისტემა.

გრემი ამ დროისთვის იყო დიდი ქალაქი, რომელიც შედგებოდა ოთხი უბნისგან: სავაჭრო უბანი, მთავარანგელოზთა ეკლესიის უბანი, სამეფო უბანი და კომპლექსი „სამება“.

მაღალ გორაკზე აღმართული მთავარანგელოზთა ეკლესია და მჭიდროდ განთავსებული კოშკისებური აგებულების უფრო ადრეული სამეფო სასახლე მესამე სართულზე დაშენებული სამრეკლოთი, გალავნით გამაგრებულ ციტადელს წარმოადგენდა დაბლობზე გაშენებული ქალაქისთვის.

სარჩევი

გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია

მთავარანგელოზთა ტაძარი

ლევან კახთა მეფის განგებით, თვალსაჩინო ადგილას, სასახლის გვერდით აიგო მთავარანგელოზთა ეკლესია, სადაც მოგვიანებით მეფე დაიკრძალა – ეკლესიის ინტერიერში, დასავლეთ შესასვლელის თავზე არსებული ბერძნული ფრესკული წარწერა იხსენიებს წინამძღვარ საბას და მხატვარს, თესალონიკელ მღვდელ-მონაზონს და პროტოსინკელოსს ზაქარიას, იქვე მითითებული თარიღი – 1565 – ტაძრის მშენებლობის დასრულების წლადაა მიჩნეული.

ეკლესია (15,6 X 12,45 მ.) ჯვარგუმბათოვან ნაგებობათა ტიპს მიეკუთვნება. ნაშენია აგურით. ჩრდილო და სამხრეთ ფასადის ზოგ ადგილას ჩართულია რიყის ქვა.

მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა

ნაგებობა გეგმითა და ფასადების მხატვრული დამუშავებით კახეთის თანადროული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ნიშნებითაა აღბეჭდილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია: ღრმა ბემა აფსიდისგან პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე განლაგებულია სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სათავსი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული და და ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბურჯს ემყარება. ეკლესია მრავალრიცხოვანი სარკმლებით ნათდება. მათგან საკურთხეველსა და პასტოფორიუმებში – თითო, გუმბათში – რვა, ხოლო სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში წყვილ-წყვილი სარკმლის ღიობია. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი. სამივე შესასვლელი ამ მკლავების შუა მონაკვეთშია განლაგებული. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია, გუმბათის საყრდენი ოთხივე თაღი და კამარები შეისრული. დასავლეთ მკლავში ერთი საბჯენი თაღია პილასტრებისა და კონსოლების გარეშე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხორციელდება. გალავანით შემოზღუდული ტერიტორიის სიმცირის გამო ეკლესიას გარშემოსასვლელები ან მინაშენები არ აქვს. ის მჭიდროდ ეკვრის ადრევე არსებულ კოშკს და სამხრეთ-დასავლეთის კუთხე ჩამოკვეთილი აქვს.

გუმბათის ყელი

ეკლესიის ფასადების გაფორმება იმ დროის აგურის არქიტექტურაში გავრცელებული ხერხით – სხვადასხვა მოხაზულობის სიბრტყეთა ჩაღრმავებით არის მიღწეული, რაც შუქ-ჩრდილის რბილ ნიუანსებს იძლევა.

ნაგებობის ფასადებზე, წყობით მონიშნულ სწორკუთხა არეებში, შეისრულთაღოვანი ნიშებია გამოყვანილი, რომელთაც შეკიდული დეკორატიული თაღების მწკრივები ამკობს. ზედა ნაწილებში ჩასმულია დიდი ზომის შეღრმავებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათის ყელი სწორკუთხა სიბრტყეებით, შეისრული ფორმებით და აგურის ხერხულა წყობის ფრიზებითაა გაფორმებული.

კრამიტით გადახურული ეკლესიის პროპორციულად აზიდულ ხუროთმოძღვრულ ნაწილს აღნიშნული დეკორატიული ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის. მთაზე წამომართული ნაგებობისა და მასთან შეზრდილი კოშკისებური სილუეტის – სასახლე-სამრეკლოს ხუროთმოძღვრულ დეტალთა მწყობრი ზესწრაფვა განუმეორებელ სანახაობას ქმნის.

მოხატულობა

ეკლესიის ინტერიერი ერთიანად არის მოხატული.

გუმბათის თაღში არაფერია შემორჩენილი. გუმბათის ყელზე სარკმელთა შორის არეებზე, წინასწარმეტყველთა რვა ფიგურაა გახსნილი გრაგნილებით. მათ ქვემოთ, ყელის სარტყელზე, გამოუსახავთ რვა მედალიონი წინასწარმეტყველთა ნახევარფიგურებით. ზოგი გამოსახულება და წარწერა დაზიანებულია. ტრომპებში მახარებლები იყვნენ გამოსახულნი. შემორჩენილია ერთ-ერთის თავის ფრაგმენტი წარწერით – წმ. მათე, წინასწარმეტყველთაგან შემორჩენილია: ამბაკუმი, ეზეკიელი, დანიელი, ზაქარია, იაკობი, დავითი, ელია და სოლომონი.

საკურთხეველი ხუთი რეგისტრია. კონქში მოხატულობა არ შემორჩა, თუმცა ფრაგმენტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ გამოსახული იყო ტრადიციული სცენა – ჩვილედი ღვთისმშობელი მთავარანგელოზებით. მომდევნო რეგისტრი ასევე თითქმის მთლიანადაა წარხოცილი, თუმცა გაირჩევა სერობა, რომლის ქვემოთ ორი რეგისტრი უჭირავს ჟამისწირვის გავრცობილ რედაქციას – ზეციური ლიტურგიით და ორ სახედ ზიარებით. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მღვდელმთავართა მსახურება გამოსახულია წმ. მსხვერპლისადმი მიმართული სამ-სამი მღვდელმთავარი, რომელთა რიგის ბოლოში წარმოდგენილია დიაკვნის თითო ფიგურა. საკურთხევლის სატრიუმფო თაღის გვერდითა კედლებზე ორ ნაწილად წარმოდგენილი ხარებაა.

დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, ბერძნული წარწერის თავზე, წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინების დიდი სცენა. შესასვლელის გვერდებზე წმინდანის თითო ფიგურაა.

ჩრდილო და სამხრეთ მკლავებში, აგრეთვე მკლავთაშორის არეებში გამოსახული სცენები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. გამოსახულებები ამ ნაწილში შვიდ-შვიდ რეგისტრადაა განთავსებული. სცენათა მნიშვნელოვანი ნაწილი ფრაგმენტულადაა შემონახული (განსაკუთრებით – ზედა რეგისტრებში). წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულთა ციკლის ტრადიციული სცენები: შობა, მირქმა, ლაზარეს აღდგინება, ჯოჯოხეთად შთასვლა, ფერდის განხილვა, აგრეთვე შედარებით უჩვეულო სიუჟეტები – წმ. იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს წინაშე, პეტრეს უარყოფა, ქრისტე პილატეს წინაშე.

ფერწერულ ანსამბლში წარმოდგენილ წმინდანთა მრავალრიცხოვანი სახეებიდან ზოგი ორჯერ გამოუსახავთ: ეკლესიის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი და წმ. ბასილი დიდი, სხვა მღვდელმთავრებიდან ერთად წარმოდგენილნი არიან საკურთხეველში, ამასთან ისინი კვლავ გამოუსახავთ დასავლეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში.

ნაკლებად ცნობილი წმინდანების – წმ. გორიას, წმ. სიმონის, წმ. მარდარის, წმ. პერსელისა თუ წმ. სისოს გვერდით გამოსახულია წმ. პეტრე და წმ. პავლე, წმ. კონსტანტინე და წმ. ელენე, წმ. მეომრები და სხვ.

ფრესკების განმარტებითი წარწერები ბერძნულია, ზოგან ქართული – მაგ. წმ. ეპრაქსიასა და წმ. სოფიას ქართული წარწერები აქვთ, მათ გვერდით წმ. პელაგიას კი – ბერძნული.

კახეთის მეფის, ლევანის გამოსახულება მოთავსებულია სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორისი სივრცის დასავლეთ კედელზე. ქტიტორი მეფე ჩვილედ ღვთისმშობელს ვედრებად წარუდგება და ეკლესიას მიართმევს. მის მარცხნივ, სამხრეთ კედელზე წმ. მეომართა რიგია. მეფის გამოსახულებასთან წარწერაა – მეფე ლეონ აღმაშენებელი.

მოხატულობა გამოირჩევა რეგისტრების და სცენების სიმრავლით, წმინდანთა სახეების რიცხოვანებით რეგისტრების ზომები მუდმივად იცვლება – იგი ხან განიერია, მთლიანი ფიგურებით ან სცენებით, ხან ვიწრო – მედალიონებით. ყოველივე ეს გვიანი შუა საუკუნეების ფერწერული ანსამბლებისთვისაა დამახასიათებელი.

მოგვიანოდ სავარაუდოდ, XVII ს. ბოლოს და XVIII ს. დასაწყისში, ეკლესიის ფრესკები ნაწილობრივ გადაიწერა კახეთში ჩასული რუსი მხატვრების მიერ. თავდაპირველი, XVI საუკუნის მოხატულობიდან ხელუხლებლად დარჩენილი რამდენიმე სცენა საკმაოდ ცუდად არის შემონახული. ფრაგმენტულობის მიუხედავად, ეს ფრესკები მოხატულობის სხვა, გვიან გადაწერილი ნაწილებისგან მხატვრული მახასიათებლებით მკაფიოდ გამოიყოფა – ღია ტონალობის კოლორიტი აგებულია მოცისფრო-ნაცრისფერი, ღია მწვანე, ვარდისფერი, შინდისფერი და თეთრი ფერებით; ფიგურები დაგრძელებული პროპორციებისაა, სახეები მწყობრია, თხელი ნაკვთებითა და დიდი თვალებით. თმა-წვერი ცხოველხატულად არის დამუშავებული თხელი, პარალელური მონასმებით. ეს მხატვრული ტენდენცია დასაბამს იღებს პალეოლოგების ხელოვნებაში და საბოლოოდ მკვიდრდება ათონის სკოლის მოხატულობაში. ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული სქემაც ასევე ემთხვევა ათონის სკოლის XVI ს-ის ტენდენციებს.

გადაწერილ ნაწილებში, რომლებიც ძირითადად ქვედა რეგისტრებს მოიცავს, კოლორიტი ძალზე ჩამუქებულია, მკვრივია და გაუმჭვირვალე, ფონები – მუქი ფიგურები მძიმეა, პირქუშ სახეებს გადაჰკრავს არაბუნებრივი მოცისფრო-მოთეთრო ფერი, ყოველგვარი ტრადიციული დამუშავების გარეშე. შარავანდები განახლებულ ნაწილებში უცნაურად შეთეთრებულია.

გრემის მთავარანგელოზთა მოხატულობისადმი ეკლესიის ინტერესს აძლიერებს ის გარემოება, რომ იგი თესალონიკედან მოწვეული ოსტატის მიერ არის შესრულებული. ფერწერული ანსამბლის იკონოგრაფიულ პროგრამაშიც ისევე, როგორც მის მხატვრულ გადაწყვეტაში, აღბეჭდილია თანადროული მართლმადიდებლური სახვითი ხელოვნებისთვის ნიშანდობლივი ტენდენციები.

სხვა ნაგებობანი

გვირაბი

მთავარანგელოზთა კომპლექსში განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიც – მეფის საცხოვრებელი სამსართულიანი სასახლე-კოშკი სამრეკლოთი, საწნახელიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისკენ. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით.

მეფის სასახლე-კოშკი

გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში სამრეკლო დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე კოშკურა ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო თონით და ცომის მოსაზელი საგანგებო ქვის მაგიდით. მეორე კიბე კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.

გალავანი

სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და აგურით. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის აგურის სახეებიანი წყობის გუმბათიანი პანდატივები.

ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს ქვევრებით და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის ცულები, XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მისივე., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • ზაქარაია პ., ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975;
  • Чубинашвили Г. H., Apxитектура Kaxхетии, Tб., 1959.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები