ქართული მწერლობის კერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული მწერლობის კერებიქალაქები, ციხე-დარბაზები, ეკლესია-მონასტრები, სადაც მწერალნი და მწიგნობარნი იღვწოდნენ და, ორიგინალურ თხზულებათა შექმნასთან ერთად, თარგმნიდნენ, ხელნაწერებს ამრავლებდნენ.

მწერლობის განვითარების საქმეში საგანგებო როლი შეასრულეს მონასტრებმა. სწორედ აქ შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფართოდ გაშლის პირობები. მონასტერი იყო ადგილსამყოფელი მრავალი განათლებული მწიგნობრის, მეცნიერის, მთარგმნელის, თუ კალიგრაფისა. ამ ადამიანთა თავდადებული ღვაწლის გარეშე ქართული მწერლობა ვერ განვითარდებოდა.

ინტენსიურ სამონასტრო მშენებლობას საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს ასურელმა (სირიელმა) მამებმა. მათ მიერ დაარსებულ მონასტერთაგან არაერთი იქცა ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერად ასეთი იყო ზედაზნის, შიო მღვიმის, განსაკუთრებით — გარეჯის უდაბნოს სამონასტრო ანსამბლი, სადაც საუკუნეთა მანძილზე ჩქეფდა ლიტერატურული ცხოვრება. აქ შეუქმნიათ ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ძეგლები, შეუდგენიათ ასკეტიკურ-პოლემიკური კრებულები, უმრავლებიათ ხელნაწერები.

საგანგებოდ აღსანიშნავია ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული კერები. ამ კუთხეში სამონასტრო კოლონიზაციის მეთაურად მოგვევლინა გრიგოლ ხანძთელი. ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებმა (ოპიზა — უძველესი მონასტერი კლარჯეთისა, ხანძთა, შატბერდი, პარეხი, ბერთა, ანჩი, იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, ბანა), სამხრეთ საქართველოს სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად (ტბეთი, აწყური, საფარა, ზარზმა, ვარძია, ვანის ქვაბები, კუმურდო), დიდი კვალი დააჩნიეს ქართულ მწერლობას. აქ მოღვაწეობდნენ ქართული სიტყვის უბადლო ოსტატები (გრიგოლ ხანძთელი, არსენ საფარელი, სტეფანე მტბევარი, ბასილ ზარზმელი, გიორგი მერჩულე, მიქელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, აბუსერიძე ტბელი), მთარგმნელები თუ კალიგრაფები. მათი ღვაწლის დამადასტურებელია შატბერდის კრებული, ოშკის ბიბლია, მიქელ მოდრეკილის კრებული… ამ მწერალთა, მთარგმნელთა, მწიგნობართ ინტერესთა სფერო უაღრესად ფართო იყო: ისინი თარგმნიდნენ ბიბლიურ წიგნებს, ეგზეგეტიკურსა თუ დოგმატიკურ თხზულებებს, აქვე იქმნებოდა ორიგინალური შრომები ამ დარგში. დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ორიგინალურმა, ისე თარგმნილმა ჰაგიოგრაფიამ, ჰიმნოგრაფიამ. თურქ-სელჩუკთა მოძალებამ ამ მხარეში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვნად შეასუსტა, ხოლო XII საუკუნისა და მომდევნო დროის ტრაგიკულმა მოვლენებმა თითქმის მილიანად შეწყვიტა.

ქართული მწერლობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს იყალთოსა და გელათის აკადემიებმა. იყალთოს მონასტრის დაარსება ერთ-ერთი ასურელი მამის — ზენონის სახელს უკავშირდება. მონასტერთან არსებულა აკადემია, რასაც ადასტურებს იყალთოს ღვთაების მონასტრის გალავნის შიგნით დაცული ორსართულიანი სამოქალაქო ნაგებობა. იყალთოს აკადემიაში ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ასტრონომია, ორატორია, გალობა. აკადემიის დამაარსებლად მიჩნეულია ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი, დავით აღმაშენებლის დაახლოებული მოღვაწე არსენ იყალთოელი. გელათის მონასტრის მშენებლობა დავით აღმაშენებელმა დაიწყო, ხოლო განასრულა მისმა ძემ დემეტრემ. დავითის დროსვე „მეორედ იერუსალემად და სხვად ათენად" მიუჩნევიათ გელათი. დიდი სამეცნიერო-შემოქმედებითი მუშაობა გაიშალა მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც სწავლების სისტემა ბიზანტიური უმაღლესი სასწავლებლების ტრადიციათა მიხედვით იყო შემუშავებული. გელათში მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, XIII საუკუნეში კათალიკოსი არსენ ბულმაისიმისძე — ცნობილი მწერალი და ჰიმნოგრაფი, აგრეთვე მწიგნობარი პეტრე გელათელი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ ავტორსაც გელათელ მოღვაწედ ვარაუდობენ. გვიან ხანაშიც, თვით XIX საუკუნის ბოლომდე არ ჩამქრალა კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა გელათში, მაგრამ მას უკვე ძველებური ძალა აღარ მოსდგამდა.

ქართული მწერლობის განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფეოდალთა ციხე-დარბაზებთან არსებულ ლიტერატურულ კერებს. ამის დასტურად კმარა ცურტავიც — ქართლის პიტიახშთა რეზიდენცია. ამგვარი ადგილები მრავლად იყო ისტორიულ საქართველოში. უკვე X უკუნიდან მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე ჩანს თმოგვი, რომელიც XII საუკუნიდან სამემკვიდრო სამფლობელოდ იქცა. თმოგველთაგან ცნობილი არიან სარგის თმოგველი (გარდაიცვალა XIII საუკუნის დამდეგს), რომელსაც მიეწერება „ვისრამიანის“ ქართული რედაქციის შექმნა და XIII საუკუნის მოღვაწე, რუსუდანისა და დავითის თანამედროვე, რიტორი, ფილოსოფოსი და მეცნიერი სარგის II თმოგველი. უფრო გვიანი ხანის სამწერლო კერათაგან ცნობილია მუხრანი, ტანძია და სხვ. მუხრანში XVI საუკუნიდან გაჩაღდა მწიგნობრული საქმიანობა, რაც მომდევნი საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა. ტანძია XVI საუკუნის დამდეგს გიორგი ბარათაშვილის სახლს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ორბელ ბარათაშვილისა და ყაფლან ორბელიშვილის შთამომავალთა საკუთრება გახდა. ყაფლანის ოჯახიდან გამოვიდა ისეთი ცნობილი მოღვაწე, როგორი) იყო ვახტანგ ორბელიშვილი — ქართულ წიგნთა გადაწერის ინიციატორი, მამა სახელოვან ძეთა — სულხან-საბას, ნიკოლოზ თბილელის, დიმიტრი და ზაალ-ზოსიმე ორბელიანებისა. ვახტანგის დავალებით დამზადებული ხელნაწერები გვიდასტურებენ, რომ მას ტანძიაში დიდი კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების ოჯახი შეუქმნია.

დიდი როლი შეასრულეს კულტურის, კერძოდ, მწერლობის განვითარებაში ქალაქებმა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიეწყვის თბილისს. უძველესი ნაწარმოები, რომელიც თბილისთან არის დაკავშირებული, VIII საუკუნისაა — იოანე საბანისძისაბოს წამება“. დავით აღმაშენებლის ხანამდე ცნობები თბილისის ლიტერატურული ცხოვრების შესახებ ნაკლებად მოიპოვება. დავითმა, როგორც ცნობილია, დიდი ქომაგობა გაუწია თბილისის მკვიდრ მეცნიერებს, მწერლებს, მწიგნობრებს. მისი თანამედროვენი იყვნენ მთარგმნელი და მწერალი, დავითის ისტორიის სავარაუდებელი ავტორი არსენ საღირისძე და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. კულტურულ შემოქმედებითი საქმიანობა თბილისში უფრო გაძლიერდა თამარის დროს. თამარის კარი მწერალთა და მეცნიერთა ნამდვილი თავშესაფარი იყო. საამდროოდ მწერლობამ მანამდე არნახულ წარმატებას მიაღწია. მონღოლთა შემოსევამ, ცხადია, დასცა კულტურული ცხოვრება, კერძოდ — ლიტერატურული საქმიანობა. გამოცოცხლება კვლავ შესამჩნევია XVII საუკუნიდან. თბილისთან არის დაკავშირებული ისეთ მოღვაწეთა სახელი, როგორებიც იყვნენ არჩილ მეფე, სულხან–საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი, დომენტი ბაგრატიონი და სხვანი. თბილისში მიიღეს ლიტერატურულ-მეცნიერული ნათლობა იმ პირთ, რომელთაც შემდგომ რუსეთში განაგრძეს საქმიანობა (ვახუშტი, ერასტი თურქისტანიშვილი, დიმიტრი ორბელიანი…). თეიმურაზ-ერეკლეს მეფობის ხანაში განახლდა ვახტანგ მეექვსის შემდეგ შეწყვეტილი კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ერეკლეს ოჯახის ტრადიციებზე გაზრდილი ბატონიშვილები ქართული მწერლობის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. ერეკლეს კარი მრავალი მგოსნის სამოღვაწეო ასპარეზი იყო. გამოცოცხლება დაეტყო სასულიერო მწერლობასაც.

ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი კერა იყო მცხეთა — ქართული ქრისტიანული ეკლესიის ცენტრი. მცხეთაში გაშლილი ლიტერატურული საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია სვეტიცხოველთან. მცხეთაში დაიწერა ერთ-ერთი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „ევსტათი მცხეთელის წამება“. IX საუკუნეში აქ მოღვაწეობდა არსენ დიდი, ხოლო მეათეში — არსენ მეორე, აგრეთვე ცნობილი მწერალი. გვიანი ხანის მცხეთელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან მაღალაძენი, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს ხელნაწერთა გამრავლება–მოვლას.

მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის განვითარებაში ქუთაისის წვლილიც. მთელ საუკუნე-ნახევარს (980-1122) ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო, ხოლო შემდგომ ხანაში — იმერეთის სამეფოს სატახტო. ვარაუდობენ, რომ ქუთაისი ადრეული ხანიდანვე იქცა ქართული მწერლობის კერად. გვიან ხანაში, როცა ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა, აქ გაჩაღდა ხელნაწერთა გამრავლება, წიგნთა შემკობა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოდან გახიზნული მწერლებიც (თეიმურაზ I, არჩილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზაქარია გაბაშვილი, ბესიკი). ქართული მწერლობის კერები არსებობდა სხვა ქალაქებშიც.

მწერლობის განვითარებას დიდი კვალი დააჩნიეს უცხოეთში მოქმედმა ლიტერატურულმა კერებმა — მონასტრებმა. ჯერ კიდევ V საუკუნიდან იწყება ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია პალესტინაში. ლიტერატურულმა ცხოვრებამ დიდ წარმატებას მიაღწია პალესტინის საბაწმიდის მონასტერში. აქაურია საღვთო წერილის ის რედაქცია, რომელიც ცნობილია საბაწმიდურის სახელით. დიდად წარმატებული იყო ქართველ მწერალთა და მწიგნობართა მოღვაწეობა სინას მთაზე. რამდენიმე ქართულმა მონასტერმა საგანგებო როლი შეასრულა მშობლიური კულტურის განვითარებაში. ასეთებია ათონის, შავი მთის, ჯვარის და პეტრიწონის მონასტრები, განსაკუთრებით — ათონისა და პეტრიწონისა. ათონის ივერთა მონასტერი აშენებულია X საუკუნის მიწურულს. აქ მოღვაწე პირთაგან მშობლიური კულტურის სამსახურით განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი იოანე და ექვთიმე ათონელებმა, გიორგი ათონელმა, გიორგი მცირემ. კულტურული ძალების თავმოყრამ მონასტერში იგი მძლავრ კერად აქცია. პეტრიწონის მონასტერი ააშენა გრიგოლ ბაკურიანისძემ — ტაოელმა ქართველმა, ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა. ამ მონასტერში მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი. XI-XII საუკუნეებში პეტრიწონის მონასტერში ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი უძლიერესი კერა იყო. აქ ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო სტილი, რომელმაც პეტრიწონული სტილის სახელი დაიმკვიდრა. საგანგებო ყურადღება ექცეოდა ფილოსოფიურ საქმიანობას.

XVII-XVIII საუკუნეებში საფუძველი ჩაეყარა ქართულ კულტურულ-ლიტერატურულ კერებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვში. აქ ქართული კოლონია XVII საუკუნის შუა წლებიდან აღმოცენდა. საუკუნის მიწურულს იქ ჩავიდა არჩილი. პეტრე პირველმა არჩილს გადასცა დონის მონასტერი, სადაც გაჩაღდა კულტურული საქმიანობა, რომელმაც მალე ვსესვიატსკოეში გადაინაცვლა. არჩილის როლი მოსკოვის კოლონიის საქმიანობაში დიდია: ბეჭდვის საქმე, რედაქტორული მუშაობა, თარგმნა, ქართული ბიბლია — აი არჩილის ინტერესთა სფერო. კოლონიის კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო გამოცოცხლდა, როცა 1725 წ. მოსკოვს ჩავიდა ვახტანგ VI ამალითურთ, რომელშიც იყვნენ მეცნიერები, პოეტები, მთარგმნელები, კალიგრაფები. ნაყოფიერად იღვწოდა თავად რჯულმდებელი მეფე. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმიანობა შენელდა. მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი კოლონია კულტურულ მოღვაწეთა ახალ თაობებს ვერ ქმნიდა. ქართული მწერლობის კერებად რუსეთსა და უკრაინაში მიიჩნევენ პეტერბურგს, ასტრახანს, კრემენჩუგს.


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960;
  • ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, I, 1962;
  • გ. მიქაძე, ქართული მწერლობის კერები რუსეთსა და უკრაინაში, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1966.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები