იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიაქროს ბიბლიოთეკის ქართულ კოლექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ქართული კოლექციაიერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიაქროს ბიბლიოთეკის ქართულ კოლექციაში დღეისათვის დაცულია 161 ერთეული, რომელთაგან 1 სომხური (Jer.Geo. 147), ხოლო 2 (Jer.Geo.88, Jer.Geo.155) ძველნაბეჭდი წიგნია.

კოლექციის შეკრება და მისი ისტორია სათავეს იღებს XI ს-ის პირველ ნახევარიდან, როდესაც მონასტრის შენების მოთავე გიორგი პროხორემ პარალელურად დაიწყო ზრუნვა ჯვრის მონასტრის წიგნსაცავით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ქართული ხელნაწერი წიგნის იერუსალიმურ კოლექციას, ფაქტობრივად, შეიძლება ვუწოდოთ ჯვრის მონასტრის კოლექცია. მაგალითისათვის მოვიხმობთ გიორგი-პროხორეს მიერ ჯვრის მონასტრის წიგნსაცავისთვის დაკვეთილ ერთ-ერთი პირველ წიგნს – ცნობილ კალიგრაფ იოვანე დვალის მიერ 1038 წელს საბაწმინდში გადაიწერილ „იოვანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანებას“ (წიგნი ამჟამად ინახება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში საფონდო ნომრით M 13). ჯვრის წიგნსაცავის შევსებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც უშუალოდ იერუსალიმში მოქმედ მონასტრებში, ასევე სინის მთის, შავი მთისა და საქართველოს სამონასტრო სკრიპტორიუმებში მოღვაწე მწიგნობრები. საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ფონდში დაცული XII ს-ის მოხატული ოთხთავი (Geo.28) საქართველოშია გადაწერილი სპეციალურად ჯვრის მონასტრისთვის. საზღვარეთის ქართულ სამწიგნობრი-სამონასტრო ცენტრთაგან სწორედ ჯვრის მონასტრის წიგნთა კოლოფონებმა შემოგვინახეს ცნობები იმ ეპოქის იერუსალიმში მიმდინარე კულტურულ-პოლიტიკური პროცესებისა და სოციალურ ჯგუფთა სამწიგნობრო საქმიანობაში ჩართულობის შესახებ, რის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს, თუნდაც, ქართულ ხელნაწერ წიგნებზე (ხეც H-1661, BnF1Geo. 28) არსებული ტამპლიერთა ორდენის წარმომადგენელთა მინაწერები.

იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ბიბლიოთეკისადმი სამეცნიერო ინტერესი გააძლიერა XIX-XX სს-ის მიჯნაზე იქ ჩასულ მეცნიერთა მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ. ჯვრის მონასტრის ხელნაწერთა პირველი აღწერილობა შეადგინა ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა, მაგრამ მისი ეს შრომა საკმაო ხნის განმავლობაში ვერ დაიბეჭდა ან თუ დაიბეჭდა, შემდგენლის ვინაობა სწორად არ იყო აღნიშნული (მენაბდე 1980: 14). სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ქართული ორიგინალური მწერლობისათვის მანამდე უცნობი მეტად მნშვნელოვანი თხზულების, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“, აღმოჩენის ფაქტს. სამეცნიერო სივრცისათვის მეტად მნიშვნელოვანი და, ფაქტობრივად, მთელი კოლექციის შესახებ იმ დროისთვის ყველაზე სრული აღწერილობა შეადგინა ალექსანდრე ცაგარელმა (Цагарели 1886, 1888, 1889, 1894). ცაგარლისეულ აღწერილობას დიდი მნიშვნელობა აქვს XIX ს-ის დასასრულს იერუსალიმის ქართული კოლექციის დაცულობის ისტორიის კვლევისათვის. მკვლევარმა კატალოგში შეიტანა ინფორმაცია 138 ხელნაწერი წიგნის შესახებ. დღეისათვის მის მიერ ნანახი და გამოქვეყნებული ნუსხების გარკვეული ნაწილის იდენტიფიკაცია ძალზე რთულია, რადგანაც ცაგარლისეული კატალოგის ზოგი ერთეული აღარ იძებნება, რამდენიმე მათგანმა შეიცვალა ადგილსამყოფელიც. 1902 წელს იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ბიბლიოთეკას, უკვე რომელშიც თავმოყრილი იყო როგორც ჯვრის, ასევე სხვა სავანეების (უფლის საფლავი, ხარიტონის ლავრა, დერტავი, დერთუფა) ქართული ხელნაწერები, სამეცნიერო მიზნებით ეწვია ნიკო მარი (Марр 1903(a): 42). დროის სიმცირის გამო, მეცნიერმა შეძლო საფუძვლიანად აღეწერა მხოლოდ 38 ხელნაწერი წიგნი, გადმოეწერა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოეტანა ნუსხების შესახებ სრული ინფორმაცია გადამწერთა და მომგებელთა ვრცელი ანდერძების თანხლებით. ნ. მარმა საგანგებო ყურადღება მიაქცია და ვრცელი გამოკვლევის თანხლებით გამოსცა იერუსალიმურ კოლექციაში დაცული 2 ადრეული ძეგლი: „იერუსალიმის წარტყვევნა“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (Марр 1909; 1911). მასვე ეკუთვნის ჯვრის მონასტრის აღაპთა პირველი გამოცემა, რომელშიც შესულია როგორც იერუსალიმური სვინაქრის Jer.Geo.24 – Jer.Geo.25 ფურცლებზე არსებული აღაპები, ისე სხვა ხელნაწერებში დადასტურებული მოსახსენებლები (Марр 1914). ამ გამოცემამ დიდად შეუწყო ხელი ქართულ ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებას და ერთგვარი ბიძგი მისცა აღაპების შემდგომ სამეცნიერო გამოცემას, რომელშიც, გარდა იერუსალიმში დაცული ხელნაწერებისა, გათვალისწინებულია ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული აღაპების კ. ფონ ტიშენდორფისეული ნუსხა – Cod.Ms.V1095.UB, ფრ.III. (მეტრეველი 1962). მარის აღწერილობის ხუთი ხელნაწერი არ იძებნება ცაგარლის შრომაში, ხოლო ოთხი – ბლეიკის კატალოგში, რომელიც მკვლევარმა იერუსალიმის მართლმადიდებელ საპატრიარქოში მუშაობის შედეგად შეადგინა. კატალოგში შესულია 161 ერთეულის აღწერილობა, რომელთაგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ერთი სომხური წიგნია, ხოლო ორი – ქართული ძველნაბეჭდი (Blake 1922-1923, 1924, 1925-1926). ჩვენი პროექტის მიზნიდან გამომინარე წინამდებარე პუბლიკაციაში ამ სამი ერთეულის შესახებ მონაცემი არ არის შესული. დღეისათვის რ. ბელიკის ზემოთ დასახელებული შრომა არის ყველაზე სრული კატალოგი, რომელშიც მოწოდებულია ხელნაწერ წიგნთა ყველა კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული მონაცემი, ანდერძ-მინაწერთა ფრაგმენტები.

იერუსალიმის ქართული ხელნაწერი წიგნების ლიტერატურული მნიშვნელობისა და კულტურათა დიალოგის ამსახველი პროცესების ანალიზისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელიბა ენიჭება მათში შესული ტექსტების კვლევასა და პუბლიკაციას. ქართველ მეცნიერებს ამგვარი შესაძლებლობა გაუჩნდათ მხოლოდ მე-20 ს-ის 50-იანი წლებიდან, ანუ მას შემდგომ, რაც 1949-1950 წწ-ში იერუსალიმის ქართული ხელნაწერების კვლევის მიზნით მათი მიკროფირები გადაიღო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის სამეცნიერო ექსპედიციამ (Clark 1953), ხოლო 1955 წელს კონგრესის ბიბლოთეკამ მიკროფირები გადმოსცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას (შანიძე 1956; ლოლაშვილი 1956), რამაც ქართველ მეცნიერებს მისცათ საშუალება შესდგომოდნენ იერუსალიმური ხელნაწერების კვლევასა და ტექსტების პუბლიკაციას.

იერუსალიმური კოლექციის ტექსტებიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძველი აღთქმის ქართული თარგმანების ხელნაწერთა ( Jer.Geo 7, Jer.Geo.11 და Jer.Geo 113) კვლევას. ამ სახის სამეცნიერო სამუშაომ ბიბლიის ქართული რედაქციის ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო სურათი გამოავლინა. გაირკვა, რომ ჯვრის მონასტერში XI-XIII სს-ში კვლავ შენარჩუნებული იყო ძველი აღთქმის წიგნთა ადრებიზანტიური თარგმანები, რომლებიც ბიბლიის ტექსტისა და ქრისტიანულ აღმოსავლეთში რედაქციათა გავრცელების ისტორიის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს წარმოადგენენ. ძველი აღთქმის იერუსალიმის კოლექციაში დაცულ წიგნთაგან საგანგებო ყურადღება დაეთმო ფსალმუნის ტექსტსაც. სწორედ ამ კოლექციაშია წარმოდგენილი ფსალმუნის გიორგი ათონელისეული რედაქციის შემცველი მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერები Jer.Geo 133 და Jer.Geo. 161, რომლებიც ფსალმუნის ქართული რედაქციის აკადემიური ტექსტის გამოცემას დაედო საფუძვლად (შანიძე 1960(b). კვლევის შემდგომმა მიმართულებამ მოიცვა ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერი წიგნები. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ჰიმნოგრაფიული კრებულის – თვენის ქართული რედაქციის თავისებურებაზე. Jer.Geo.98, Jer.Geo.110 გათვალისწინებით გამოიცა თვენის ქართული რედაქციის ჩამოყალიბების, მისი შედგენილობისა და გიორგი ათონელის სამწიგნობრო მეთოდის საკითხებთან დაკავშირებული შრომები (ჯღამაია 2007). ცალკე კვლევის ობიექტად იქცა მაკარი მეგვიპტელისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებთა შემცველი კრებულები (ნინუა 1982; ბრეგაძე 1988; მელიქიშვილი 2012(b): 348-359;). კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით გამოიცა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების კორპუსი (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017). იერუსალიმური ქართული კოლექციის საფუძველზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქრისტიანული მწერლობის მაკედონურ ხანაში მიმდინარე სამწიგნობრო რეფორმა და კონსტანტინოპოლური რედაქციების გავრცელება რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. ამავე კოლექიის არაერთ ხელნაწერში ერთი და იმავე კრებულში პარალელურად ვხვდებით ადრებიზანტიური და მაკედონური ხანის რედაქციებს.

წინამდებარე გამოცემაც ხელნაწერთა შესახებ ძირითადი კოდიკოლოგიური ინფორმაციისა და წიგნთა ნუმერაციის დროს ეყრდნობა რ. ბლეიკის კატალოგს (Blake 1922-1923; 1924, 1925-1926).

სარჩევი

ბიბლიური წიგნები

Jer.Geo.7 /Jer.Geo.11. ძველი აღთქმა.

XI ს. II ნახევარი. 128+214 ფ.; ეტრატი; 37,8×29,5 სმ.; თავნაკლული; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების დასასრული მთავრულით. გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი. კრებულებში შედის მხოლოდ მცირე და დიდ წინასწარმეტყველთა წიგნები. ორ წიგნად დაყოფილი ბიბლია ბერძნული ტრადიციის შესაბამისად იწყება მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებით. ტექსტები განეკუთვნება ადრებიზანტიურ რედაქციას, ძალზე ახლოს დგას ოშკის ბიბლიასთან (Ivir.Geo.1), მაგრამ არ მიჰყვება მას აბსოლუტური იდენტობით, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ იერუსალიმური ხელნაწერის დედანი არის არა ოშკის ბიბლია, არამედ რომელიღაც სხვა, შესაძლოა, გაცილებით არქაული ხელნაწერი (Цагарели 1888: 143). ხელნაწერი XII ს-შია ნასწორები. იერუსალიმურ ხელნაწერში დაცული ტექსტის რედაქციული თავისებურებამ კარგა ხანია მიიპყრობს მეცნიერთა ყურადღება. წიგნების კვლევის შედეგების გარდა, გამოქვეყნდა წინასწარმეტყველთა ცალკეული წიგნები (Blake 1926: 322-379; 1961; დანელია 1964: 150-184; გოგუაძე 1971: 79-92; ქურციკიძე 1970: 273-305; 1973(a): 32-116, 229-238, 254-263, 270-305; 1973(b): 31-40; ცქიტიშვილი 1976; ჭელიძე 2005: 105-106; სქ.82; მელიქიშვილი 2012(b): 54-85). არც ერთ კრებულს არ შერჩა გადამწერის ვრცელი ანდერძი, მაგრამ მათში იკითხება როგორც გადაწერის თანადროული, ასევე გვიანდელი მინაწერები. რ. ბლეიკის თანახმად, კრებულის გადამწერია სჳმეონ მთაწმინდელი, თუმცა მისი მინაწერი ამჟამად ხელნაწერში აღარ იძებნება. Jer.Geo.11- ის გადამწერის ხელით შესრულებულ მინაწერებში მოხსენიებიან მონასტრის დამაარსებელი გიორგი-პროხორე და ჯვარის მამა მაკარი.

Jer.Geo.113. მეფეთა I-IV წიგნები. გამოკრებილი.

XIII-XIV სს. ქაღალდი.; 208 ფ.; 23,2×15,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. ხელნაწერი თავბოლონაკლულია (Цагарели 1888: 153,№3). Jer.Geo.49. ოთხთავი. XI ს. 279ფ.; ეტრატი; 27×20,1 სმ.; ნუსხური; გადამწერი: სჳმეონ მთაწმიდელი. ოთხთავს უძღვის ევსებიოსის კანონები. მათეს თავი იწყება მთ.7,3 მუხლით. ხელნაწერს აკლია შუაშიც. ლუკას თავის დასასრულს იკითხება გადამწერის მინაწერი: „ლოცვა ყავთ სჳმეონ მთაწ- მიდელისათჳს, წმიდანო მამანო“ (211r). იოანესს თავის დასარულს (279v) შემორჩენილია მხოლოდ გადამწერის ანდერძის ფრაგმენტი, რომელშიც დასახელებული არიან გადამწერის ოჯახისა და სულიერი ძმობის წევრები. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისა უნდა იყოს, თავად წიგნის გადამწერი სჳმეონ მთაწმიდელი კი – ივირონის წინამძღვარი, გიორგი ათონელის თამნამედროვე, სავარაუდოდ, ჩორჩანელთა სახლიდან (Actes 1985: 46, 94; მეტრეველი 1998: 76 №113, 83, 114, 200, 203). მის ანდერძში მოხსენიებულ პირთა სახლები (მიქელი, ჩობინი, სულა, აბუსაკრი) გვხვდება სწორედ ჩორჩანელთა საგვარეულო მოსახსენებლებსა და კოლოფონებში (მეტრეველი 1998: 77 №37, 143, 213, 214). ალ. ცაგარლის თანახმად, ოთხთავი შეიცავდა 282 ფურცელს. ანდერძების ფრაგმენტები გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 154 № 7).

Jer.Geo. 153. ოთხთავი.

XII ს. 145 ფ.; ეტრატი; 17,2×11,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; ზოგი მათგანი ფერადოვანია; ყოველი სახარების დასაწყისი შემკულია თავსამკაუ- ლებით; ყვითელი ტყავის ყდა. გადამწერი: იოვანე (46v), გადაწერის ადგილი: აღდგომის ეკლესია. ხელნაწერი იწყება მათე 26,3-დან. ლუკას სახარების დასარულს (101r) არსებული ვრცელი მოსახსენებელი გამოქვეყნებული არ არის. ალ. ცაგარელი ხელნაწერს XI ს-ით ათარიღებს (Цагарели 1888: 155 №12).

Jer.Geo. 103. ოთხთავი.

XII-XIII სს. 199 ფ.; ეტრატი; 23,2×16,5 სმ.; თავბოლონაკლული; წიგნი შემკულია მინიატურებითა და დეკორირებული საზედაო ასოებით. გადამწერი: მაქსიმა ტაოელი. გადაწერის ადგილი უცნობია. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისა უნდა იყოს. იწყება მათე 24,30 მუხლით; სახარებას დასასრულს ახლავს საკითხავთა ზანდუკი. მარკოზის, ლუკასა და იოვანეს თავებს წინ უძღვის მახარებელთა მინიატურები, იოვანე მახარებელი გამოსახულია პროხორესთან ერთად. 57r-ს არშიაზე არაიდენტიფიცირებული გრაფიკული გამოსახულებაა. რ. ბლეიკი ხელნაწერს XII-XIVსს-ით ათარიღებს, ალ. ცაგარელი XII-XIII სს-ით. ხელნაწერში რამდენიმე ადგილას მეორდება გადამწერის მინაწერი: „ამისა დამწერელსა მაქსიმა ტაოელსა შეუნდვნეს ღმერთმან“ (Цагарели 1888: 154 № 9).

Jer.Geo. 102. ოთხთავი.

XII-XIV სს. 234 ფ.; ეტრატი; 25,6×20 სმ.; ნუსხური; შემკულია თავსამკაულებით, მახარებელთა მინიატურებით; ყდა ყვიფრული ყვისფერი ტყვისა. გადამწერი: იოანე ჯვარელი; გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისა უნდა იყოს. იწყება ევსებიოსის წერილით კარპიანესდმი. სახარების დასაასრულს საკითხავთა ზანდუკია. გადამწერის ანდერძი იკითხება 234r-ზე. ცაგარლის მიხედვით, ხელნაწერი შეიცავდა 246 ფურცელს (Цагарели 1888: 254 № 8).

Jer.Geo.122. ოთხთავი.

XIII-XIV სს. 471 ფ.; ეტრატი; 23,1×16,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; შემკულია ოთხი მახარებლის მინიატურით; ყდა ყვითელი ტყავისა. იწყება ევსებიოსის კარპიანესადმი წერილითა და კანონებით. ოთხთავის დასასრულს იკითხება საკითხავთა ზანდუკი. გადაწერის ადგილი და გადამწერი უცნობია; შემორჩენილია რამდენიმე გვიანდელი მოსახსენებელი. სავარაუდოდ, გიორგი ათონელის რედაქციის ტექსტია (Цагарели 1888: 155, №11).

Jer.Geo. 93. ოთხთავი.

XIII-XV სს. 212 ფ.; ეტრატი; 25,7×19,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ტვიფრული ტყავის ყდა. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისა უნდა იყოს. იწყება ევსებიოსის წერილით კარპიანესადმი; ოთხთავის დასასრულს საკითხავთა ზანდუკია. ხელნაწერს არ შემორჩენია ანდერძები (Цагарели 1888: 255 № 10).

Jer.Geo. 160. ოთხთავი.

XVII ს. 340 ფ.; ქაღალდი; 13,2×8,4 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ხელნაწერი საპატრიარქო ბიბლიოთეკაში შესულია 1914 წ-ს წმ. აბრაჰამის მონასტრიდან. სახარებას ერთვის საკითხავთა ზანდუკი. აქვს რამდენიმე მოსახსენებელი.

Jer.Geo. 161. ფსალმუნი.

XIII ს. 229 ფ.; ეტრატი; 20,2×17,3 სმ.; ნუსხური; მუხლთა დასაწყისები სინგურით. ხელნაწერი საპატრიარქო ბიბლიოთეკაში შესულია 1914 წ-ს წმ. აბრაჰამის მონასტრიდან. შეიცავს ფსალმუნისა და გალობების გიორგი ათონელისეულ რედაქციას. ბლეიკმა ხელნაწერს XIII-XVI სს-ით დაათარიღა (Blake 1925-1926: 153). ხელნაწერზე დართულ ანდერძში მოხსენიებული ქართლის კათალიკოს მიქაელის აღსაყდრების პერიოდისა და პალეოგრაფიული ნიშნების საუძველზე ფსალმუნი XIII ს-ით თარიღდება. ხელნაწერზე დართული მინაწერების საფუძველზე, რომლებშიც მოიხსენიებიან წიგნის მკაზმველი ნაომი, ბეენა ჩოლოყაშვილი და ჯვარის მამა ნიკოლოზი, დადგენილია წიგნის ჯვრის მონასტრისკენ გადანაცვლების ეტაპები. ტექსტი შესულია ფსალმუნის აკადემიურ გამოცემაში (შანიძე 1960(b).

Jer.Geo.133. ფსალმუნი.

XIII-XIV სს. 213 ფ.; ქაღალდი; 21,2×17 სმ.; ნუსხური; სათაურები სინგურით; 1532 წ-ს ხელახლაა ყდაში ჩასმული ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ. შედის ფსალმუნი და გალობები. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა; გათვალისწინებულია ფსალმუნის აკადემიურ გამოცემაში (შანიძე 1960(b).

Jer.Geo. 136. ფსალმუნი.

XIII-XIV სს. 195 ფ.; ქაღალდი, 20,8×16 სმ.; ნუსხური; შავი ტყავის ტვიფრული ყდა. ყდის საცავ ფურცელსა და 2r-ზე იკითხება რამდენი მეგვიანდელი მინაწერი, მათ შორის ელისე დმანელ ეპისკოპოსისა, რომელმაც ჯვრის მონასტერში ხელმეორედ აკინძა წიგნი. ტექსტი, სავარაუდოდ, გიორგი ათონელის რედაქციაა (Цагарели 1888: 153 № 6).

Jer.Geo. 129. საქმე მოციქულთა. ეპისტოლეები.

XIV-XV სს. 321 ფ.; ეტრატი; 23,2×18,3 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ერთვის მომგებელ ბარნაბა თბილელის მიერ დართული საკითხავთა ზანდუკი, შედგენილი მის მიერვე მისივე ანდერძის თანხლებით (316v). ანდერძის თანახმად, წიგნი ნაყიდია 1588 წელს და შეწირულია ნიქოზის ეკლესიისთვის. ალ. ცაგარელი ხელნაწერს XII-XIII სს-ით ათარიღებს. ანდერძი გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 155 № 14; Blake 1924-1925: 135).

Jer.Geo.115. საქმე მოციქულთა. ეპისტოლეები.

1755 წ., 486 გვ.; ქაღალდი, ნუსხური. კრებულში შესულია პავლეს ეპისტოლეები რომაელთა და ებრაელთა მიმართ, ასევე, კათოლიკე ეპისტოლეები და საკითხავთა საძიებელი. გადამწერი: ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი, გადაწერის ადგილი: თბილისი (Цагарели 1888: 157, № 20).

კრებულები

Jer.Geo.156. აგიოგრაფიული კრებული.

1040 წ. 203 ფ.; ეტრატი; 13,2×9,9 სმ.; ნუსხური; ძველი ყდა. გადამწერები: გიორგი და არსენი. კრებული თავნაკლულია; შედის „სვიმეონ მესვეტის ცხოვრების“, „წმ. მართას ლოცვის“, „წმ. სვიმეონ მეჯვარის ლოცვისა“ და „ეპისტოლის“, წმ. პროკოპისა და ათი კრეტელი მოწამის „მარტვილობებს“. კრებულის გადაიწერა შავ მთაზე 1040 წ. 1065 წლის ახლო ხანებში იგი შესწირეს ჯვრის მონასტერს (99r-101r, 205r-v). „მართას ცხოვრება“ შეისწავლა და გამოსცა ჟ. გარიტმა, რომლის თანახმად, თხრობა ითარგმნა შავი მთის ერთ-ერთ სკრიპტორიუმში (Garitte 1968: VIII-XI). კრებული შესწავლილია (მეტრეველი 2007: 283-286).

Jer.Geo.2. აგიოგრაფიული კრებული.

XI ს. შუა წლები. 268 ფ.; ეტრატი; 39,8×27 სმ.; ნუსხური; 3 გადამწერი; შავი მელანი. გადაწერის ადგილი უცნობია. კრებულში შესულია 23 თხზულება. იწყება ღვთისმშობლის მიცვალების ციკლით, რომელშიც წარმოდგენილია იოვანე დამასკელის „გარდაცვალებისათვის წმ. ღმრთისმშობლისა“ ორი ჰომილია. მათ მოჰყვება სხვადასხვა თვეზე დადებული აგიოგრაფიული თხრობები, შემდეგი თანამიმდევრობითა და საკითხავთა რაოდენობით: სექტემბრის (5), ივლისის (1), თებერვლის (1), მაისის (1), აგვისტოს (1), დანარჩენ 11 ტექსტს არ აქვს მითითებული კალენდარული დღე. ეს არის ერთადერთი ხელნაწერი, რომლის 156r-229v გადაწერილია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. „ცხოვრება“ თავდაპირველი ცნობები გამოაქვეყნა ვ. ბენეშევიჩმა, ტექსტი შეისწავლა და გამოსცა ნ. მარმა (Марр 1911; Бенешевич 1912: 65-68). კრებულში 2-ჯერაა შეტანილი „ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და ღვაწლის“ ტექსტი: პირველად, 69r-ზე, მხოლოდ დასაწყისია გადამწერლისეული შენიშვნით: „ესე წმიდისა ათანასისა ცხორებაჲ მით არღარა დავწერეთ, რომელ დედაჲ მრუდი იყო და სხუაჲ მართალი არა გუქონდა;“ 115v-129v-ზე კი შეტანილია „ცხოვრების“ ვრცელი ტექსტი. ხელნაწერი აღწერილია. ალ. ცაგარლისეული ფურცელთა რაოდენობა (273 ფ.) არ ემთხვევა რ. ბლეიკისეულს (268 ფ.) (Цагарели 1888: 172 № 104; Марр 1911: XXXVIII-XL; Blake 1922-1923: 357).

Jer.Geo.3. აგიოგრაფიული კრებული.

XI ს. შუა წლები. 220 ფ.; ეტრატი; 39,8×27 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით; ახლავს გვიანდელი მინაწერები, თანადროული ანდერძი დაკარგულია. კრებულში შესულია: საბინე ეპისკოპოსისა და კოზმან ბესტიტორის ეპისტოლეები, რვა აგიოგრაფიული თხზულება: ეპიფანე კვიპრელის (ფრაგმენტი), წმ. სილვესტრეს, ტიმოთე საკვირველმოქმედის, იოვანე მოწყალის, ბასილი ჰამელ ეპისკოპოსის, გრიგოლ აკრაკანტელის „ცხოვრებები“, „წმ. ირინეს წამება“. „გრიგოლ აკრაკენტელის ცხოვრების“ მთარგმნელია X ს-ის მწიგნობარი დავით ტბელი (გაბიძაშვილი 2014: 74). კრებული და მასში შემავალი თხზულებები რედაქციულად არაა შესწავლილი. რ. ბლეიკის თვალსაზრისით, კრებული Jer.Geo.2-ის ნაწილია ( Цагарели 1888: 172 №104; Blake 1922-1923: 362-365).

Jer.Geo.5. აგიოგრაფიული კრებული. ფრაგმენტი.

XI ს. შუა წლები. 26 ფ.; ეტრატი; 39,8×27 სმ.; ნუსხური; 2 ფურცელი არ ეკუთვნის ამ ხელნაწერს. კრებული Jer.Geo.3-ისა და Jer.Geo.2-ის დასაწყისი ნაწილია. შეიცავს „სილიბისტრო ჰრომთა პაპის ცხოვრებას“ (Цагарели 1888: 172 №104

Jer.Geo.50. აგიოგრაფიული კრებული.

XI ს. 258ფ.; ქაღალდი; 26,8×17,7 სმ.; ნუსხური; ახალი ყდა; გადამწერი: იოვანე; გადაწერის ადგილი: შეჰანის მონასტერი. აქვს რამდენიმე მინაწერი. აგიოგრაფიული კრებული შეიცავს 6 საკითხავს. კრებული თავნაკლულია. იწყება „მამათა სწავლანით“, რომელსაც მოსდევს „ცხოვრებები“ სვიმეონ მესვეტისა, სვიმეონ სალოსისა და იოვანე ოქროპირისა, მარტვილობები წმ. პროკოპისა და „ათთა ქრისტეს მოწამეთა, რომელნი კრიტეს აწამნეს“. ხელნაწერში შესულია კიმენური აგიოგრაფიული თხზულებები, რომელთაგან „იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ადრებიზანტიური თარგმანი, რომლის ბერძნულენოვანი დედანი ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი, გვხვდება კლარჯულ-პალესტინურ ხელნაწერებში ხეც H-2124 (968 წ.), Ivir.Geo.3 (979-980 წწ.) და Jer.Geo. 142 (XI ს.) (გვარამია 1986). „პროკოპის მარტვილობა“ ეფთვიმე ათონელის თარგმანია, ხოლო „ათი კრეტელი მოწამის მარტვილობა“ – დავით ტბელისა. გადამწერის ვინაობა და გადაწერის ადგილი ცნობილია ანდერძის მიხედვით: „... დაიწერა წმიდა უდაბნოსა შეჰანს, მამობასა გაბრიელ ტფილელისა, რომელმან აღაშენა უდაბნო შელანი(!)... ჴელითა ჩემ ფრიად ცოდვილისა იოვანესითა (66v-67r)“. ანდერძი სრული სახით გამოქვეყნებულია, ხელნაწერი შესწავლილია, რ. ბლეიკისეული დათარიღება გასწორებულია (მეტრეველი 2007: 234-257, 282-300).

Jer.Geo.142. „იოანე ოქროპირის ცხოვრება“.

XI ს. 240 ფ.; ეტრატი; 19,3×14,9 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; ახალი ყდა. ანდერძ-მინაწერები დაკარგულია. თავ-ბოლონაკლულია. ხელნაწერში შესულია „იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ადრეული, წინარე ათონური ქართული თარგმანი, რომლის ბერძნულენოვანი დედანი ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი. ხელნაწერი მცირედი ვარიანტული სხვაობებით მიჰყვება ამავე თარგმანის შემცველ კლარჯულ-პალესტინურ ხელნაწერებს ხეც H-2124 (968 წ.), Ivir.Geo.3 (979-980 წწ.) და Jer.Geo.50 (XI ს.). რ. ბლეიკი აღნუსხავს 139ფ-ს, ხელნაწერს XII ს-ით ათარიღებს, ალ. ცაგარელი – XII-XIIIსს-ით. (Blake 1925-1926: 142; Цагарели 1888:172 № 103). წინამდებარე გამოცემაში თარიღი და ფურცელთა რაოდენობა გასწორებულია ხელნაწერისა და მასში შემავალი ტექსტის ფუნდამენტური კვლევის შედეგების საფუძველზე (გვარამია 1986: 022, 028, 173; გაბიძაშვილი 2014: 77).

Jer.Geo.149. აგიოგრაფიული კრებული.

XI ს. 148 ფ.; ეტრატი; 13,5×7,7 სმ.; ნუსხური; მელანი შავი; საზოედაო ასოები სინგურით; მომგებელი: ლახტარა; გადამწერი: ანტონი; გადაწერის ადგილი: სავარაუდოდ, იერუსალიმი. წიგნი შეწირულია იერუსალიმის სამოელის მონასტრისთვის (147r-148v). კრებულში შედის კიმენური რედაქციის აგიოგრაფია: წმ. ეკატერინეს, წმ. მარინეს, წმ. ბარბარეს „წამებები“, „წმ. ონოფრეს ცხოვრება“ და მისი საგალობელი, „წმ. კვირიკესა და ივლიტას მარტვილობა“. (Цагарели 1888: 174 N 107; გაბიძაშვილი 2014: 34, 37,38).

Jer.Geo.36. აგიოგრაფიული კრებული.

XIII-XIV სს. 312 ფ.; ქაღალდი; 32,8×24,5 სმ.; ნუსხური, ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით. ყავისფერი ტყავის ტვიფრული ყდა. შედის „ცხოვრებები“ და „მარტვილობები“ როგორც მსოფლიო ეკლესიის, ასევე ქართველი წმინდანებისა: სილვესტრეს, დიონისე არეოპაგელისა, ევსტათისა, მარიამ ეგვიპტელისა, პროკოპისა, იოვანე ზედაზნელისა, შიოსი და ევაგრესი, მაკარი რომაელისა, ნიკოლოზისა, მელანიასი, კლემენტი რომის პაპისა, ონოფრე განშორებულისა, სვიმეონ მესვეტისა; ასევე, „სიბრძნე ბალავარისა“- მოკლე რედაქცია. 6v-ზე ნუსხურით იკითხება ხელნაწერის მკაზმველ იოსებ ხუნტუნისძის კოლოფონი. გვხვდება ასევე არაერთი გვიანდელი მინაწერი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია (მარი 1955: 42-44; კარანაძე 2002: 40). კრებულში შემავალი აგიოგრაფიული ძეგლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია (გაბიძაშვილი 2014: 68, 114, 118, 125, 126, 183). „სიბრძნე ბალავარისა“ გამოცემულია (აბულაძე 1937)

Jer. Geo.140. აგიოგრაფიული კრებული.

XIII-XIV სს. 257ფ..; ქაღალდი; 5×13,3 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ყავისფერი ტყაგადაკრული ხის ყდა; გადამწერი: დავითაჲ (85r). კრებულში შედის ეფთვიმე ათონელის თარგმანები: 1 „ბალავარიანი“ გაყოფილი ორ თხრობად: „სიბრძნე ბალაჰვარისა“ (1r-85r) და „ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა იოსადაფისა“ (85v-170r); 2. „ცხორებაჲ ქსენოფორე სეფე წულისაჲ“ (171r-185v); 3. „ცხორებაჲ ნეტარისა ალექსისაჲ კაცისა ღმრთისაჲ“(185v-195v), 4. „წმ. ონოფრეს ცხოვრება“ (195v-205r) 5. „წმ მარინეს ცხოვრება“ (105v-119v). ხელნაწერის მიხედვით, „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქცია გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე (აბულაძე 1957; Lang 1957(c)) . აგიოგრაფიული ძეგლების რედაქციული თავისებურებებისა და გამოცემების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია (გაბიძაშვილი 2014: 38, 58, 63, 118).

Jer. Geo. 120. აგიოგრაფიული კრებული.

XIV-XV სს. 239 ფ.; ქაღალდი; 24,1×18,1 სმ.; ნუსხური; ძველი ტვიფრული ყდა; დასაწყისი შევსებულია გვიანდელი ხელით. შემკაზმველი – ჯვრის მამაეპიფანე (239r). კრებულში შესულია მეტაფრასული და კიმენური აგიოგრაფია: „სილიბისტროს ცხოვრება“, „ევსტრატის წამება“, „დიონისე არეოპაგელის ცხოვრება“, სასწაული „ხალკჳპრას ქრისტეს ხატის მიერ“, „მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება და გარდაცვალება“, „პროკოპის წამება“, „მაკარი ჰრომაელის ცხოვრებ“, „იოანე მოწყალის ცხოვრება“, „წმ. ნიკოლოზის ცხოვრება“, „წმ. მელანია ჰრომაელის ცხოვრება“, „ბასილის კესარიელის ცხოვრება“, რომელი აღწერა ამფილოქე ეპისკოპოსმა, „წმ. მამა ონოფრეს ცხოვრება“, „წმ. მარკოზ განშორებულის ცხოვრება“, „წმ. თეოდორეს წამება“, „წმ. პეტრესა და წმ. პავლეს მარტვილობა“, „წმ. კჳრიკესა და ივლიტას მარტვილობა“, „წმ. მოწამეთა კლიმისი და აღათანგელოზისი მარტვილობა“, „ცხოვრება ნეტარი კლემენტოსი“. თხზულებათა რედაქციებისა და გამოცემების შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია (გაბიძაშვილი 2004: №139, 187, 283, 335, 464-465, 470, 555, 664, 674, 676, 756, 735, 775, 802, 867, 887, 955, 977 ან 978; 2014: 34, 44-45, 47, 58-59, 68-69, 74, 76, 120;). ანდერძ-მინაწერების პერსონალია ნაკვლევია (Цагарели 1888: 174 № 108; მეტრეველი 1962: 37-38; ძიებანი 1966: 196-218; მენაბდე 1980: 118; კარანაძე 2002: 40-41, 44).

Jer.Geo.12. იოვანე ოქროპირი. „მათეს თავის თარგმანება“.

XI ს-ის I ნახ. 472 ფ.; ეტრატი; 37×25,5 სმ.; ნუსხური; სათაურები სინგურით; გადამწერი: სტეფანე თბილელი; მომგებელი: ზაქარია; გადაწერის ადგილი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ეფთვიმე ათონელის თარგმანი. კრებულს 472r-ზე ახლავს იოვანე ათონელის ანდერძის ნაწილი ეფთვიმეს მიერ შესრულებულ თარგმანთა ჩამონათვალით. აქვე იკითხება გადამწერის ანდერძი: „...დაიწერა და განსრულდა ჴელითა უღირსისა და ჩემ ცოდვილისა სტეფანჱსითა ტფილელისაჲთა წმიდასა ქალაქსა იერუსალჱმსა, მონასტერსა ქართველთასა ჯუარს.“ სტეფანესა და მომგებელ ზაქარიას მინაწერია 171v-ზეც. ანდერძ-მინაწერები გამოქვეყნებულია (Цагарели 1889: 176-177; მარი 1955: 33) რ. ბლეიკის შენიშვნით, ფურცლის დანესტიანების გამო ანდერძი აღარ იკითხება (Blake 1922-1923: 377).

Jer.Geo.32. იოანე ოქროპირი. „იოანეს თავის თარგმანება“.

XI ს. 151 ფ.; ეტრატი; 31,5×I23,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. გვიანდელი ყვითელი ტყავის ყდა. გადამწერი: დავით ტფილელი (151v). გადაწერის ადგილი: ხახული (151v). ეფთვიმე ათონელის თარგმანი. ტექსტის დასასრულს იკითხება იოვანე ათონელის ანდერძი ეფთვიმეს მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ; 149v-151r-ზე დასტურდება გადამწერის ანდერძი, მოიხსენიებიან წიგნის შექმნის ხელშემწყობი ხახულელი მამები. ალ. ცაგარელი ხელნაწერს X-XI სს. ათარიღებს, მასვე გამოქვეყნებული აქვს ანდერძი (Цагарели 1888: 178-179 N119). წიგნის ყდის ისტორია შესწავლილია (კარანაძე 2002: 37, 39). „თარგმანების“ ტექსტი გამოცემულია (განმარტება 1993; თარგმანება 2018).

Jer.Geo.35. იოანე ოქროპირი. „მათეს თავის თარგმანება“.

XI ს. 392 ფ.; ეტრატი; 33,2×21,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; ყავისფერი ტყავის ტვიფრული ყდა; ზედა ფრთის დაფა დაკარგულია. ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. ტექსტს ერთვის გადამწერისა და იოვანე ქართველის ანდერძები, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს ალ. ცაგარელს. ალ. ცაგარლისა და რ. ბლეიკის აღწერილობებით ფურცელთა რაოდენობა განსხვქვებულია (Цагарели 1888: 175 N114). „მათეს თავის თარგმანება“ ათონური ხელნაწერების მიხედვით გამოცემულია (თარგმანება 1996, 1998; 2014).

Jer.Geo.9. სამოციქულოს თარგმანება.

XI-XII სს. 195 ფ.; ეტრატი; 38,2×28,4 სმ.; ნუსხური; თავნაკლული; 2 ანონიმი გადამწერი. გადაწერის ადგილი უცნობია. შეიცავს სამოციქულოს ეფრემ მცირისეულ თარგმანებას, შეისწავეებს. ნ. მარი ხელნაწერს XI ს-ით ათარიღებს, ხოლო რ. ბლეიკი XI-XII სს-ით (Blake 1922-1923: 373-374; მარი 1955: 11-12). მინაწერებში მოიხსენიებიან დოსითე (5v), აღდგომელი შილა (34v) და 1635 წლის ახლო ხანებში ჯვარის მამა მაკარე (35v), რომელმაც განაჩინა ბაადურ და გარსევან ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილთა აღაპები (მეტრეველი 1962: 87,94). ხელნაწერს, ასევე, ახლავს ბესარიონ ქიოტიშვილის 1815 წელს მხედრულით შესრულებული მინაწერი. ხელნაწერი იერუსალიმური წარმომავლობის უნდა იყოს. სამოციქულოს ეფრემ მცირისეული თარგმანების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული თვალსაზრისით, ტექსტი თავად რედაქტორის ორიგინალური კომპოზიციის თხზულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ეპისტოლეთა განმარტების რამდენიმე ბერძნული ვერსია (კეკელიძე 1980: 256-257). ეფრემ მცირისეული კომენტარები, ანდერძები შესწავლილია, ტექსტი გამოცემულია (კოჭლამაზაშვილი 2000-2006-2010; 2011; თვალთვაძე 2009; ოთხმეზური 2016: 298-300).

Jer.Geo. 72. იოანე ოქროპირი. „იოანეს თავის თარგმანება“.

XI-XII სს. 233 ფ.; ეტრატი; 26×18,6 სმ.; ნუსხური. ანდერძები არ აქვს. ხელნაწერი ნაკლულია. ეფთვიმე ათონელის თარგმანია. „თარგმანების“ ეფთვიმე ათონელისეული ტექსტი გამოცემულია (განმარტება 1993; თარგმანება 2014).

Jer.Geo.6. სამოციქულოს თარგმანება.

XII ს. 96 ფ.; ეტრატი, 38,4×27,8 სმ.; ნუსხური, სათაურები სინგურით. ხელნაწერი ნაკლულია, არ შემორჩენია ანდერძ-მინაწერები. გადაწერის ადგილი უცნობია. შეიცავს სამოციქულოს ეფრემ მცირისეული თარგმანების ნაწილს – ებრაელთა მიმართ ეპისტოლის კომენტარებს, რომლებსაც წინ უძღვის შესავალი. ტექსტი წყდება ებრ. 12,25 მუხლზე. თარგმანება ისევე, როგორც Jer.Geo.9., ეფრემ მცირის ორიგინალური კომპოზიციის თხულებათა რიცხვს უნდა განეკუთვნებოდეს (კეკელიძე 1980: 256-257). ეფრემ მცირისეული ტექსტი გამოცემულია (კოჭლამაზაშვილი 2000-2006-2010, 2011; თვალთვაძე 2009; ოთხმეზური 2016: 298-300) .

Jer.Geo.16. სამოციქულოს თარგმანება.

XII ს. 280 ფ.; ქაღალდი; 33,1×22,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ორი გადამწერი. ყდის საცავ ფურცლებზე ბევრი გვიანდელი მინაწერია. წიგნის დასაწყისში გადაწერილია „განწესებაჲ თავთაჲ წმიდათა მოციქულთა საქმისაჲ“. მას მოსდევს მთარგმნელ-რედაქტორის, ეფრემ მცირის, ვრცელი განმარტებითი ანდერძი, რომელშიც იგი საუბრობს გიორგი ათონელის თარგმანის ღირსებაზე, ბერძნული რედაქციის თავისებურებასა და იმ მიზეზებზე, რომელთაც განაპირობეს ქართულ რედაქციაზე მისი მუშაობა. ეფრემ მცირის ეს ანდერძი ნათლად გვიჩვენებს არა მხოლოდ XI ს-ის ქართული მთარგმნელობითი სკოლის დედნისადმი სიღრმისეულ ლინგვისტურ დამოკიდებულებას, არამედ ამავე პერიოდის ბერძნული რედაქციების ენობრივ-სტილისტურ მრავალფეროვნებასაც. ანდერძი სრული სახით გამოქვეყნებულია (მარი 1955: 55-61). გარდა ზემოთ მოხმობილი ანდერძისა, 279v-ზე არის მთარგმნელის ვინაობის დამადასტურებელი მინაწერი. თავფურვლის verso-ზე ხელნაწერში იკითხება წიგნის სპარსთაგან გამომსყიდველ ილარიონ მოძღვრის, ჯვრის ტრაპეზის მეორედ მაშენებელ სერაპიონ კუმურდოელის, ბეენა ჩოლოყაშვილის, შემოქმედელ იაკობ დუმბაძის მინაწერები (ასევე, 210r, 279v, 280r). ეფრემ მცირისეული ტექსტი გამოცემულია (კოჭლამაზაშვილი 2000-2006-2010; 2011; თვალთვაძე 2009; ოთხმეზური 2016: 298-300) .

Jer.Geo.44. ეგზეგეტიკური კრებული.

XII-XIII სს. 245 ფ.; ქაღალდი; 29,1×24,1 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; ტყავის ახალი ყდა. საინტერესოა კრებულის შედგენილობა: კრებული იწყება ბასილი დიდის „ექვსთა დღეთას“ ნაკლული ტექსტით, მას მოჰყვება გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათჳს“. რ. ბელიკის თვალსაზრისით, ტექსტი მიჰყვება შატბერდის კრებულში (ხეც S-1141) შესულ ამავე თხზულების ქართულ თარგმანს; გრიგოლ ნოსელის თხზულების შემდგომ კრებულში მოდის იოვანე ოქროპირის „პროსომოლოსაჲ ექუსთა მათ დღეთათჳს სოფლის დაბადებისთა“, ბიბლიურ სახელთა განმარტება, იუდეის, სპარსეთის, ეგვიპტის მეფეთა ნუსხები, იპოლიტე რომაელის ჰომილია და ბიბლიური ქრონოლოგია. რ. ბლეიკი პარალელს პოულობს ამ წიგნსა და 973-976 წწ-ში გადაწერილ „შატბერდის კრებულს“ შორის (Blake 1924: 208-210). ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის დასახელებული თზულებები შატბერდის კრებულის მიხედვით გამოცემულია (აბულაძე 1964: 29-136, 139-230; კრებული 1979: 67-127).

Jer.geo.22. ეგზეგეტიკური კრებული.

XII-XIII სს. 202 ფ.; ეტრატი; 35,4×24,5 სმ.; ნუსხური; გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. კრებული შესულია მარკოზისა და ლუკას თავების „თარგმანება“. მარკოზის სახარების „თარგმანების“ ქართული ტექსტი შესრულებულია გელათური სკოლის მწიგნობართა წრეში. გადაწერის თანადროული ანდერძი დაკარგულია. კრებულს ერთვისარაერთი გვიანდელი მინაწერი. გამოცემულია მხოლოდ ლუკას სახარების „თარგმანების“ ქართული ვერსია (სარჯველაძე 2010) .

Jer.Geo.1. ფსალმუნთა თარგმანება.

XIII ს. 278 ფ.; ქაღალდი: 38,×29,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; მეორეული აკინძვისას დარღვეული ფურცელთა თანამიმდევრობა. წიგნი შეიცავს ფსალმუნთა თარგმანების ეფრემ მცირისეულ რედაქციას; რომელიც თავს უყრის როგორც ათანასე და კირილე ალექსანდრიელების, ევსუქისა და ასტერის კომენტარებიდან გამოკრებილ განმარტებებს, ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელისა და სხვა ავტორთა თხზულებებიდან პასაჟებს. „თარგმანებას“, მისი კომპოზიციის გამო, მიაკუთვნებენ ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაკრებს (კეკელიძე 1980: 257). „თარგმანების“ შედგენის შესახებ სწორედ ამ სახის განმარტება ერთვის ტექსტს: „ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთაჲ ათანასესი და კჳრილესი და სხუათა შემდგომთა მათთა თარგმანებაჲ ფსალმუნთა წიგნისაჲ, რომელ არიან ას ორმეოცდაათნი ფსალმუნნი ღმრთისანი, ხოლო ბერძულისაგან ქართულდ ითარგმნა ნეტარისა მამისა ეფრემის მიერ.“ (7v). ფსალმუნთა ტექსტის დასასრულს მოსდევს ქართული რედაქციის ისტორიასთან დაკავშირებული ეფრემ მცირისეული ცნობა (6v). ხელნაწერში იკითხება მომგებლის ანდერძი და XVIII ს-ის მინაწერი ბატონიშვილ დომენტი ყოფილ დამიანე კათალიკოსისა. „თარგმანების“ ეფრემ მცირისეული ტექსტი ნაკვლევია (შანიძე 1968: 79-122; დობორჯგინიძე 1996; 2007; ოთხმეზური 2016: 295-298).

Jer.Geo.10. იოვანე ოქროპირი. „მათეს თავის თარგმანება“.

XIII-XIV სს. 252 ფ.; ქაღალდი; 38,5×28,4 სმ.; ნუსხური; სათაურები სინგურით; გვიანდელი ყდა. ტეხსტი ნაკლულია; გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. ხელნაწერში წარმოდგენილია ეფთვიმე ათონელისეული თარგმანის მეორე ნაწილი. ხელნაწერს ერთვის რამდენიმე გვიანდელი მინაწერი. „თარგმანების“ ეფთვიმე ათონელისეული ტექსტი გამოცემულია (თარგმანება 1996, 1998; 2014).

Jer.Geo.34. იოანე ოქროპირი. „იოანეს თავის თარგმანება“.

XIII-XIV სს. 331ფ.; ქაღალდი; 30,1×26,6 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი; ყვითელი ტყავის ახალი ყდა. გადამწერი ნიკოლოზი. ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. გარდა თარგმანებისა, კრებულში შედის იოვანე ოქროპირის ჰომილიის ფრაგმენტი. ხელნაწერს აღმწერელები სხვადასხვაგვარად ათარიღებენ: რ. ბლეიკი XIII-XVI სს-ით, ალ. ცაგარელი - XIII-XIV სს-ით, ნ. მარი - XII ს-ით (Цагарели 1888: 180 N132; Blake 1924: 190; მარი 1955: 68). წიგნს ერთვის მხედრულით შესრულებული რამდენიმე გვიანდელი მინაწერი. კრებული შესწავლილი არ არის. „იოანეს თავის თარგმანების“ ქართული ვერსია გამოცემულია (განმარტება 1993; 2018).

Jer.Geo.14. ბასილის დიდი. თხზულებანი.

1055 წ. 462 ფ.; ეტრატი; 36,6×27,4 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით; ფერადოვანი თავსამკაულები. გადამწერი და მმოსველი: იოვანე დვალი. მომგებელი: ეფთვიმე, მეორედ მკაზმველი: გერმანე ეზდაველიძე. გადაწერილია ჯვრის მონასტრისათვის. კრებულში შესულია ეფთვიმე ათონელის თარგმნილი გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის ბასილი დიდის შესხმა, ბასილი დიდის 21 ჰომილია, წმ. გიორგის შესხმა, ჯვრის ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიცვალების საკითხავები. კრებულს ერთვის თხზულებათა საძიებელი, ანუ ზანდუკი. 62r, 229v მინაწერებში მოიხსენიებიან ეფთვიმე ათონელი და გიორგი პროხორე, ხოლო გადამწერის ანდერძებში (489v, 490v, 496r) – გიორგი-პროხორე, სვიმეონ დიაკვანი, ეფთვიმე, იოვანე დვალი და მისი ძე მიქაელი. წიგნი დათარიღებულია გადამწერის მიერვე: „ქორონიკონი იყო სოე.“ (492r.) კრებულს ერთვის გვიანდელი მინაწერები. ხელნაწერი შესწავლილი და აღწერილია, ანდერძები და ტექსტები გამო- ცემულია (აღწერილობა 1986 (b): 92-99; ქურციკიძე 1983; კარანაძე 2002: 36-37; მეტრეველი 2007: 287-300).

Jer. Geo.96. იოანე სინელი. „კლემაქსი“.

XI ს. 199 ფ.; ეტრატი; 24,2×19 სმ.; ნუსხური; გვხვდება გვიანდელი ანდერძ-მინაწერები. მუქი ყავისფერი ტვიფრული ტყავის ყდა, გვიანდელი. მკაზმველი: ბესარიონ ქიოტიშვილი. ალ. ცაგარლის დროს ხელნაწერი შეიცავდა 209 ფურცელს. „კლემაქსი“ ეფთვიმე ათონელსეული თარგმანია. ტექტი ნაკლულია. ხელნაწერის 210 r-ზე გვხვდება ბესარიონ ქიოტიშვილის 1814 წლით დათარიღებული ვრცელი ანდერძი. ანდერძი სრულად გამოქვეყნებულია (კარანაძე 2002: 42, 44). კლემაქსის ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი გამოცემულია (იოანე სინელი 1902: 208-482; გაბიძაშვილი 1916: 365-371).

Jer.Geo.73. მაკარი მეგვიპტელის თხზულებანი.

XI-XII სს. 195 ფ; ეტრატი, 19,8×15,3 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; დამკვეთი: მამა გელასი. კრებულში შესულია: მაკარი მეგვიპტელის I და II ეპისტოლეები, ეფთვიმე ათონელის თარგმნილი „სწავლანის“ 26 თავი, ესაიას თხრობა, მაკარის გამოცხადება, გიორგი ათონელის თარგმნილი თეოდორე მთავარმოწამის სასწაულები. ხელნაწერი აღწერილი, შესწავლილი და ტექსტი გამოცემულია (ნინუა 1982; გაბიძაშვილი 2016: 369-371).

Jer.Geo.8. ჰომილეტიკური კრებული.

XII სს. 192 ფ.; ქაღალდი; 36,5×25 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი; გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. ახლავს ნუსხურით შესრულებული მინაწერი ბასილისა და წიგნის მმოსველ საბასი, ასევე, გვიანდელი მინაწერები. რ. ბლეიკი ხელნაწერს XIII-XIV სს-ით ათარიღებს. კრებული შეიცავს გრიგოლ ღვთისმეტყველის 10 თხზულებას – სიტყვებსა და ეპიტაფიებს. წიგნს არშიებზე ერთვის „შეისწავეები“. მთარგმნელია ეფრემ მცირე. ხელნაწერში იკითხება გვანდელი მინაწერები. ტექსტები შესწავლი და გამოცემულია, სრული ბიბლიოგრაფია იხ. მელიქიშვილი 2010: 348-359. კრებულის სამეცნიერო აღწერილობა შედგენილია (ბრეგაძე 1988: 138-140). გრიგოლ ღვთისმეტყველის ტექსტები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017).

Jer. Geo.51. პატერიკი.

XII ს. 389 ფ.; ქაღალდი; 26×17,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით. შემკაზმველები: ეპიფანე, იოსებ ყოფილი იონა ხუნტუს ძე. პატერიკის ტექსტი დაყოფილია მონაკვეთებად სათვალავის მითითების გარეშე. XVI ს-ში წიგნი ხელახლა აუკინძავს იონა ხუნტუს ძეს ჯვრის მამა ეპიფანეს ფინანსური უზრუველყოფით (მეტრეველი 1962: 112, 266): „მე, სულითა საწყალობელმან და ყოვლდ ცოდვილმან მღდელთმთავარმან და წმიდათ ქალაქსა იჱრუსალემსა კეთილად მსახურთა და ღმრთივდაცულთა მეფეთაგან წარმოვლინებულმან აქა წმიდისა გოლგოთისა ... პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯუარისა მონასტრისა მამად და წინამძღვრად ჩინებულმან უღირსმან ეპიფანე შევჰკაზმე წმიდა ესე და სულთა განმანათლებელი წიგნი ...“ (389r) (იხ. ასევე 389v). მინაწერებში (1r, 2r) მოიხსენიებიან ნიკოლოზ აბაშიძე, დომენტი ბატონიშვილი, დიაკონი ესაია. „მამათა სწავლანის“ ქართული თარგმანების შესახებ იხ. გაბიძაშვილი 2016: 346-388.

Jer.geo.15. გრიგოლ ღვთისმეტყველის კრებული.

XII ს. 282 ფ.; ქაღალდი; 35,6×25,6 სმ.; ნუსხური. გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. ერთვის არაერთი გვიანდელი მინაწერი. კრებულში შესულია გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ეფრემ მცირისეული თარგმანები აშიებზე დართული შეისწავეებით. ბასილის შესხმის ნიკიტა პაფლაგონელისეული ვერსია გიორგი ათონელის რედაქციისაა. ნაზიანზელის თხზულებების დასარულს კრებულში შეტანილია „გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება“. ხელნაწერი აღწერილია, ყველა ანდერძ-მინაწერი გამოქვეყნებულია (ბრეგაძე 1988: 133-138). ტექსტები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017). გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართული თარგმანების შესახებ სრული ბიბლიოგრაფია იხ. მელიქიშვილი 2012: 348-359.

Jer.Geo.43. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები.

XII-XIII სს. 306 ფ.; ქაღალდი; 28,4×21,5 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; ახალი ტყავის ყდა. გადამწერი: ეფრემი, მომგებელი: გაბო. ხელნაწერი შეიცავს 21 ჰომილიას. მთარგმნელია ეფრემ მცირე. კრებულის დასაწყისშია ეფრემ მცირის ვრელი ანდერძი, რომელიც ეხება ეფთვიმე ათონელის ღვაწლს, ახალი თარგმანის შესრულების პრინციპებსა და საჭიროებას. ხელნაწერი აღწერილია და ანდერძები სრულადაა გამოქვეყნებული (მარი 1955: 74-78; ბრეგაძე 1988: 144-151; მელიქიშვილი 2012(b): 334-345). თხზულებები შესწავლილი და ტექსტები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017).

Jer.Geo.30. ჰომილეტიკური კრებული.

XII-XIII სს. 257 ფ.; ქაღალდი; 32×23,2 სმ.; ნუსხური; ყავის- ფერი მელანი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა. კრებული შეიცავს მთელი ლიტურგიკული წლის საუფლო დღესასწაულებზე გაწყობილ ჰომილიებს. მასში გაერთიანებულია 22 საკითხავი. იწყება 8 სექტებრის ღვთისმშობლის შობის ანდრია კრიტელისეული საკითხავით; მას მოსდევს ჯვართამაღლების, მიგებების, ბზობის, დიდი ხუთშაბათის, ჯვარცმის, გარდამოხსნის, აღდგომის, ახალკვირიაკის, სატფურების, ამაღლების, სულთმოფენობის, მოწამეთა შესხმის, ფერისცვალების, ღვთისმშობლის მიძინების, წმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების და 12 მოციქულის შესხმის ჰომილიები. ავტორები: ანდრია კრიტელი, იოვანე ოქროპირი, გიორგი ნიკომიდიელი, ეფრემ ასური, გრიგოლ ღვთისმეტყველი, მეთოდი კონსტანტინეპოლელი, იოვანე დამასკელი. 225v-ზე გადაწერილია ზანდუკი. ხელნაწერს აქვს ჯვარისმამა ნიკიფორე ირბახისა და ქართველ პილიგრიმთა მინაწრები. ხელნაწერი შესწავლილია (მელიქიშვილი 2012(b): 294-295). გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2004; 2007; 2013; 2017).

Jer.Geo.23. ჰომილეტიკური კრებული.

XII-XIII სს. 411 ფ.; ქაღალდი; 36×24,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; 179-ე ფურცლამდე გამოყენებულია წითელი მელანი; ნაკლული; შემორჩენილია ტყავის ყდის ზედა ფრთა. ანდერძ-მინაწერები დაკარგულია. შესულია 64 თხზულება: იოვანე დამასკელის, ანდრია კრიტელის, გიორგი ნიკომიდიელის, იოანე ოქროპირის, ათანასე ალექსანდრიელის, ბასილი დიდის, სოფრონ იერუსალიმელის, ეფრემ ასურის, მეთოდი კონსტანტინეპოლელის, ამფილოქე იკონიელის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე სინელის, თეოდორე სტუდიელის ჰომილიები. კრებული კონსტანტინეპოლური რედაქციისაა. (მელიქიშვილი 2012(b): 294, 445, 452, 480, 482-483, 489).

Jer.Geo. 39. ჰომილეტიკური კრებული.

XIII-XIV სს. 277 ფ.; ქაღალდი; 30,2×23 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით. ახალი ტყავის ყდა. შესულია იოვანე ოქროპირის, ათანასე სინელის, ეფრემ ასურის, გრიგოლ ნოსელის, თეოდორე სტუდიელის, გრიგოლ საკვირველმოქმედის, ანდრია კრიტელის, იოვანე დამასკელის, გიორგი ნიკომიდიელის ჰომილიები საუფლო დღესასწაულებზე. კრებულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია (მელიქიშვილი 2012(b): 480,489).

Jer.Geo.74. ჰომილეტიკური კრებული.

XII-XVI სს. 321 ფ.; ქაღალდი, 26×20 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი. გადამწერები: მიქაელი და გიორგი. ხელნაწერი გადაწერილია კალიპოსური დედნიდან. კრებული შეიცავს ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილიებს. კრებული აღდგენილია მოგვიანებით, სხვა ხელით. ხელნაწერის ბოლო ფრაგმენტის იდენტიფიკაცია ფურცელთა დაზიანების გამო ვერ ხერხდება (Цагарели 1888: 180 №125).

Jer.Geo.4. მარგალიტი-ჰომილეტიკური კრებული.

XIII-XIV სს. 107 ფ.; ქაღალდი; ნუსხური; მოშავო მელანი; სათაურები სინგურით; თავნაკლული. გადამწერი: საბა. კრებულში შესულია: ბასილი დიდის, იოვანე ოქროპირის, ანდრია კრიტელის, იოვანე დამასკელის, ევსუქი ხუცის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გიორგი ნიკომიდიელის, ეპიფანე კვიპრელის ჰომილიები. კრებულს ერთვის გადამწერის ანდერძი: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი დიდისა მონასტრისა ბერსა, მოძღუართ-მოძღუარსა ანტონი გოდობრელსა. ესე წიგნი მარგალიტი ... აქა მონასტერს გათავდა ჴელითა საბა მწერლისაჲთა. სადაცა იყოს ესე წიგნი, ლოცვასა მოიჴსენეთ ბერი მოძღუარი ანტონი და მეცა –მცირე საბა (90r-91r)“.

Jer.Geo.13. გრიგოლ ღვთისმეტყველი. თხზულებათა კრებული.

XIII-XVI სს. 382 ფ.; ქაღალდი;36,4×25,1 სმ.; ნუსხური; მელანი შავი; სათაურები სინგურით; ბოლონაკლული; 2 გადამწერი: გიორგი ქუტირელი და ანონიმი. კრებულში შედგება 2 ნაწილისაგან. პირველში შესულია გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვის კომენტარები, მეორეში – სოფრონ იერუსალიმელის გრიგოლ ღვთისმეტყველის შესხმისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ბასილი მინიმუსისეული კომენტარები. ტექსტები ეფრემ მცირისეული თარგმანებია. ახლავს შეისწავეები, პირველი ნაწილს ერთვის ეფრემ მცირის ანდერძი, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს XI ს-ის შავი მთის სალიტერატურო სკოლისა და იქ გაშლილი სამწიგნობრო საქმიანობის ინიციატორი და ხელშემწყობი პირების შესახებ. ანდერძი გამოქვეყნებულია (Blake 1926(2): 157-172; მარი 1955: 22-23; ბრეგაძე 1988: 159-167). ხელნაწერის პირველი ნაწილის გადამწერია გიორგი ქუტირელი. კრებულის 277v-278r-ზე იკითხება ეფრემ მცირის აკროსტიხი, რომლის სტრიქონთა თანამიმდევრობა არეულია, სრული სახით კი იგი შემონახულია ხეც A - 292-ში. გამოქვეყნებულია (მარი 1955: 21; ბრეგაძე 1988: 180-181). კრებულს ერთვის რამდენიმე გვიანდელი მინაწერი. ხელნაწერი, ეფრემ მცირის ანდერძები და ბასილი მინიმუსის კომენტარები, შესწავლილი და გამოცემულია (თვალთვაძე 2004: 128; ოთხმეზური 1989: 18; 2005: 115-118; 2007: 244-257; 2009: 303-314; 2016: 301-302; რაფავა 2009; Sancti Grеgorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017).

Jer. Geo. 106. ეფრემ ასური. „ასკეტიკონი.“

XIII-XIV სს. 221 ფ.; ქაღალდი; 27×17,7 სმ.; ნუსხური, ყავისფერი მელანი; ყდა რუხი არაბული რბილი ქსოვილისა; გადამწერი: სტეფანე დიაკვანი. კრებულზე დართული ბერძნული მინაწერის თანახმად, ხელნაწერი ჯვრის წიგნსაცავში გადაიტანეს წმ. საბას მონასტრიდან 1888 წელს. კრებული შეიცავს „ეფრემ პირველის“ სახელწოდებით ცნობილი ეფრემ ასურის „ასკეტიკონის“ ეფრემ მცირისეული თარგმანს. „ეფრემ პირველის“ 18 სწავლებიდან ხელნაწერში შესულია მხოლოდ 15. საფიქრებელია, რომ თავიდან წიგნი სრულად შეიცავდა „ეფრემ პირველის“ ყველა ჰომილიას. „ეფრემ პირველის“ შედგენილობის საკითხი შესწავლილია (კეკელიძე 1957: 50; გაბიძაშვილი 2016: 359-361).

Jer.Geo. 27. იოანე სინელი. კლემაქსი.

XVI-XVII სს. 348 ფ.; ქაღალდი; 38×23,6 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; გადამწერი და შემმოსველი: ნიკოლოზი. კრებულში შედის იოვანე სინელის ცხოვრება, რაითის მონასტრის წინამძღვრის წერილი იოვანე სინელისადმი, კლემაქსი. ტექსტის დასარულს 348r- ზე გადაწერილია „თარგმანებაჲ ძნიად გულისჴმის საყოფელთა ამის წიგნისა სიტყუათაჲ“. დასასრულს იკითხება წიგნის ისტორიათან დაკავშირებული ანდერძ-მინაწერები. ანდერძებში გამოყენებული კოდიკოლოგიური ტერმინები შესწავლილია (კარანაძე 2002: 42). „კლემაქსი“ ქართული თარგმანი შესახებ კრებსითი ინფორმაცია გამოქვეყნებულია (ბეზარაშვილი 1987: 129-154; გაბიძაშვილი 2016: 365-367).

Jer.Geo.151. დოგმატიკური კრებული.

XI ს. 179 ფ.; ეტრატი; 18×13,3 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი; შავი. ყვითელი ტყავის ყდა. ორი ხელი. კრებული თავნაკლულია. მასში შედის: დამასკელის „წინმძღვრის“ ბოლო 2 თავი, ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, (კეკელიძე 1980: 201; ჩიკვატია 2007), ათანასე ალექსანდრიელის „აღსარებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ“, გიორგი ათონელის თარგმანი (კეკელიძე 1957: 80); ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის მწვალებელთა წინააღმდეგ, კირილე ალექსანდრიელის „ღვთისმშობლისათჳს“, მიქაელ სჳნკელის “მრწამსის“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანი (ჯუღელი 2008: 38-329), „სოფლიონი შჳდნი კრებანი დიდნი“ და „დანიელ მესვეტის ცხოვრების“ ადრეული თარგმანი (გაბიძაშვილი 2014: 61). ალ. ცაგარელი კრებულს XI-XII სს-ით ათარიღებს და კირილე ალესანდრიელის „სწავლათა“ ნაკრებად მიიჩნევს (Цагарели 1888: 179 N123). კრებულს ერთვის იოვანე ხახულელის, ჯვარისმამა გიორგისა და გვიანდელი მინაწერები.

Jer.Geo.139. აგიოგრაფიულ-ეგზეგეტიკური კრებული.

XI-XII სს. 373 ფ.; ეტრატი; 20,5×15,4 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; კონვოლუტი; ახალი ყვითელი ფერი ტყავის ყდა. ხელნაწერში შედის: ორი აგიოგრაფიული თხრობა და ბასილი დიდის ფსალმუნთა თარგმანების ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. ხელნაწერი ნაკლულია და აგიოგრაფიულ თხრობები არ არის იდენტიფიცრებული (Цагарели 1888: 180 №124; ოთხმეზური 2016: 275).

Jer.Geo.148. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კრებული.

XI-XII სს. 304 ფ.; ეტრატი; 18,2×13,3 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი. შედის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილეტიკური და ჰიმნოგრაფიული ტექსტები: 13 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების საგალობელი, ეფთვიმე ათონელის თარგმნილი მაქსიმე აღმსარებელის ღვთისმშობლის მოქალაქეობის, ბასილი დიდის „ითიკაში“ შემავალი ღვთისმშობლის მიძინების, იოვანე მმარხველის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, იოვანე დამასკელის ღვთისმშობლის მიძინების I და II ჰომილიები (კეკელიძე 1957: 18, 63, 66, 96; მელიქიშვილი 2012(b): 316, 479, 484; გაბიძაშვილი 2009: 443). ბასილის დიდის „ითიკისა“ და მაქსიმე აღმსარებლის ჰომილიის ეფთვიმე ათონელისეული თარგმანები გამოცემულია (ქურციკიძე 1983; Esbroeck van 1986).

Jer.Geo.152. პანეგირიკული კრებული.

XI-XII სს. 265 ფ.; ეტრატი; 16,7×12 სმ.; ნუსხური; ტყავის გვიანდელი ყდა; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; XVI ს-ში გაცხოველებულია. შეიცავს ღვთისმშობლის, წმ. მარინეს, წმ. ბარბარას, წმ. ეპრაქსიასა და წმ. ეკატერინეს საგალობლებსა და კიმენური რედაქციის „წამებებს“ (გაბიძაშვილი 2014: 37-38). ალ. ცაგარელი კრებულს X-XI სს-ით ათარიღებს (Цагарели 1888: 174 N 106).

Jer.Geo.18. აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული.

XIII-XIV სს. 245 ფ.; ქაღალდი; 33,9×24,8 სმ.; შავი მელანი; ნუსხური. გადამწერის ანდერძი დაკარგულია. შესულია ანდრია კრიტელის, გრიგოლ ნაზიანზელის, იოვანე ოქროპირის ჰომილიები. აგიოგრაფიული ნაწილი წარმოდგენილია წმ. მამაის, წმ. ბაბილა ანტიოქელის, წმ. ნიკიტას, წმ. ევსტათისა და თეოპისტის, წმ. არეთასა და მის თანამოწამეთა, წმ. კოზმან და დამიანეს, წმ. არტემის, წმ. პავლე თებელის, წმ. იოვანე გლახაკის, წმ. ქსენიას ცხოვრება-წამებები, იოვანეს აქტები. 73v-ზე გადაწერილია იამბიკო-აკროსტიქი, რომლის თავკიდურწერილობაში იკითხება „გიორგი“. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001; 2004; 2007; 2013; 2017 ).

Jer.Geo.38. შერეული კრებული.

XIII-XVI სს. 479 ფ.; ქაღალდი 31,2×21,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით, ყავისფერი ტყავის ყდა. გადამწერი: მიქაელი. შედის საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ 46 საკითხავი. ანდრია კრიტელის, იოვანე დამასკელის, იოვანე ოქროპირის, გიორგი ნიკომიდიელის, ეპიფანე კვიპრელის, ათანასე ალექსანდრიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, სოფრონ პალესტინელის, მეთოდი კონსტანტინეპოლელის, ამფილოქე იკონიელის, თეოდორე სტუდიელის, გრიგოლ საკვირველმოქმედის, გერმანე კონსტანტინოპოლელის ჰომილიები, ასევე, „იაკობ მოციქულის წამების“, პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენების აპოკრიფული ტექსტებს. 479v-ზე იკითხება ელისე ჩიდანისძისა და ვლასი ურბნელის მინაწერები. კრებულის შედგენილობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია (მელიქიშვილი 2012(b): 293, 480, 482-483 ,489).

Jer.Geo.19. შერეული კრებული.

XII-XIII სს. 170 ფ.; ქაღალდი; 38,2×23,7 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. გადამწერის ანდერძი დაკარგულია. შესულია იოანეს თავისკვეთის თხრობა, საქმე მოციქულთა და კათოლიკე ეპისტოლეები თარგმანებითურთ, „განყოფისათვის პავლეს ეპისტოლეთაჲ დღესასწაულთა წელიწადისათაჲ სჳნაქსრისა წესითა რჩეული“ (160r-166r), სახარების საცისკრო მსახურების საკითხავთა საძიებელი, ანუ ზანდუკი ( 166r-170r).

Jer.Geo.20. შერეული კრებული.

XII-XIII სს. 331 ფ.; ქაღალდი; 34×23 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები წითლით. შემკულია საზედაო ასოებით. გადამწერი: იოსები. კრებული იწყება დანიელ რაითელის „თქუმულით“ კლემაქსის შესახებ, მისივე „იოანე სინელის ცხოვრება“, რაითის იღუმენის წერილი იოანე სინელისადმი და იოანე სინელის კლემაქსის ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. შემდგომ მოდის: წმ-თა აბდამესის, ფილოთეოსის, ბალარამჰიოსისა და ხარლამის წამებები, წმ. ბასილი კესარიელის ღვთისმშობლის მიძინების საკითხავი. კრებულს აქვს არაერთი გვიანდელი მინაწერი, მათ შორის ერთ-ერთი ეკუთვნის წიგნის ხელახლა ამკინძველ ბეენა ჩოლოყაშვილს (Цагарели 1888: 181№137; მარი 1955: 37).

Jer.Geo.17. შერეული კრებული.

XII-XVI სს. 363 ფ.; ქაღალდი; 38,6×22,8 სმ.; ნუსხური, შავი მელანი, სათაურები სინგურით. გადამწერის ანდერძი დაკარგულია. შესულია აგიოგრაფიული, აპოკრიფული და ჰომილეტიკური თხზულებები. იწყება გრიგოლ ღვთისმეტყველის შობის ჰომილიით, მოჰყვება: იოანე დამასკელის, სოფრონ იერუსალიმელის, კირილე იერუსალიმელის, იოვანე ოქროპირის, ანდრია კრიტელის ჰომილიები; იოვანე დამასკელის მაცხოვრისა და ღვთისმშობლისშობის თხრობები, იოვანე მახარებლის ღვთისმშობლის მიძინების თხრობა, იოვანე ნათლისმცემლის შობის ტექსტი წარწერით „დაფარულთაგანი“, წმ. ეკატერინეს, ნიკოლოზ მირონლუკიელის, კოზმან და დამიანეს, პეტრე და პავლეს მოციქულთა, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ საკვირველმოქმედის, ბაგრატ ტავრომენიელის, ამბა სვიმეონ ამასიელის, წმ. მაკარის ცხოვრებები და მოსახსენებლები. კრებულის შედგენილობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის თარგმანები: ადრებიზანტიური (მაგ. იოვანე მახარებლის ავტორობით ცნობილი ღვთისმშობლის მიძინების აპოკრიფი), ეფთვიმე ათონელისა (იოვანე დამასკელის ღვთისმშობლის შობის საკითხავი, „ბაგრატ ტავრომენიელის ცხოვრება“) და ეფრემ მცირისა (გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები შეისწავეებითა და კომენტარებით). კრებულის ტიპოლოგიური თავისებურებისა და ბიბლიოგრაფიის შესახებ იხ. მელიქიშვილი 2012(b): 289-290.

Jer.Geo.33. შერეული კრებული.

XIII-XIV სს. 420 ფ.; ქაღალდი; 32×25,3 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; დასაწყისები სინგურით. ძველი ყავისფერი ტყავგა- დაკრული ტვიფრული ხის ყდა. გადამწერი: ბასილი მჩხრეკალი. კრებულში შესულია სექტემბერ – 5 დეკემბრის საგალობლები, „იერუსალიმის წარტყვევნა“, წმ. პროკოპის წამება, წმ. სვიმეონ მესვეტის ცხოვრება, ანდრია სალოსის ცხოვრება, კვირიკესა და ივლიტას წამების კიმენური ტექსტი. 197v, 324 r-v-ზე იკითხება გადამწერ ბასილისა და ეკატერინა შტროის ასულის ვრცელი მინაწერები. გამოქვეყნებულია (მარი 1955: 64-65). წიგნი გადაწერილია დერტავის დედათა მონასტრისთვის. ანდრია სალოსის ცხოვრების ბერძნული რედაქცია ცნობილი არ არის (გაბიძაშვილი 2014: 34, 43, 61,63). „იერუსალიმის წარტყვევნისა“ და „სვიმეონ მესვეტის ცხოვრების“ ტექსტები გამოცემულია (Марр 1909; კეკელიძე 1918: 215-240; Garitte 1957: 1-77).

Jer.Geo. 37. შერეული კრებული.

XIII-XVI სს. 273 ფ.; ქაღალდი; 32×25 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ყავისფერი ტყავის ამოუტვიფრავი ხის ყდა. შეიცავს სექტემბერ-ნოემბრის 25 ცხოვრება-მარტვილობას; მოციქულთა და მახარებელთა 6 მოსახსენებელსა და 2 ჰომილიას. მოსახსენებლებსა და ჰომილიებს. მასალას. ხელნაწერი დაწვრილებით აღწერილია, აღაპ-მოსახსენებლები გამოცემულია (Марр 1914). „იოანე დამასკელის ცხოვრების“ ტექსტი გამოცემულია (Кекелидзе 1915: 119-174).

Jer.Geo.21. შერეული კრებული.

XIV-XV სს. 332 ფ.; ქაღალდი; 34,6×26,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი, სათაურები სინგურით. შესულია იოანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანების მეორე ნაწილი, ეფთვიმე ათონელის თარგმანი; იოვანე ქართველის ანდერძი, ბივრიტიასა და ხალკუპრა- ტიაში გამოვლენილი სასწაულების თხრობები, გერმანე კონსტანტინეპოლელის ხალკრუპრატი- ის ღვთისმშობლის ეკლესიის სატფურების საკითხავი. ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, რომლეშიც მოიხსენიებიან მართა ყოფილი მაკრინა მონაზონი, სერაპიონ კუმურდოელი, ილარი- ონ ოპიზარი, ბეენა ჩოლოყაშვილი და სხვ. ხელნაწერი შეწირულია კაპპათას მონასტრისათვის.

Jer.Geo.62. შერეული კრებული.

XVII ს. 174 ფ.; ქაღალდი; 27,4×18 სმ.; ნუსხური; არაერთი ხელი. სავარაუდოდ, წიგნი ფრაგმენტთა ნაკრებია. მასში შედის: ივლის-აგვისტოს სადღესასწაულო, იოვანე ოქროპირის შესხმები: „წმიდათა მოციქულთა პეტრე-პავლესი,“ „ათორმეტთა მოციქულთა“, „წმ. პროკოპის მარტვილობა“ (ეფთვიმე ათონელის თარგმანი), ბასილი კესარიელის „ღთისმშობლის მიძინების“ საკითხავი, იოვანე დამასკელის საკითხავი „ფერისცვალებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“(ეფრემ მცირის თარგმანი), გერმანე კონსტანტინეპოლელის „სასწაულთათჳს და საკჳრველებათა დიდებულისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა“ (ეფთვიმე ათონელის თა- რგმანი).

Jer.Geo.108. შერეული კრებული.

XIII-XIV სს. 127 ფ.; ქაღალდი; 24,8×14,9 სმ.; ნუსხური, ყავისფერი მელანი; ყავისფერი ამოუტვიფრავი ტყავის ყდა. ხელნაწერი შეიცავს ეფთვიმე ათონელის თარგმნილ მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმშობლის „ცხოვრებასა და მოქალაქეობას“ და, ასევე, ღვთისმშბლისადმი მიძღვნილ ჰიმნებს. ხელნაწერის დასასრულს გადამწერის ანდერძი გაუფერულებულია. მაქსიმე აღმსარებლის „ღვთისმშობლის ცხოვრების“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი შესწავლილი და გამოცემულია (Esbroeck van 1986).

Jer.Geo.58. არაიდენტიფიცირებული ფრაგმენტები.

საქაღალდეში ქსოვილში გახვეული 60-მდე არაიდენტიფიცირებული ფრაგმენტია; შესრულებულია ქაღალდზე. მათი რაობა არა დადგენილი. კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტოსაცავი არ ფლობს ამ ერთეულის მიკროფირს.

ლიტურგიკული ხელნაწერები

Jer. Geo.59. ლექციონარი.

XII-XIII სს. 288 ფ.; ქაღალდი; 29, 5×22,2 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; ტყავის ყდა. გადამწერი: მახარებელი, დამკვეთი: არსენ ალავერდელი, გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი. წიგნში შესულია მთელი წლის ძველი აღთმისა და მარხვა-აღდგომის ახალი აღთქმის საკითხავები. ეს ლექციონარის გვიანდელი ხელნაწერია. ამ პერიოდისთვის ლიტურგიკული დანიშნულების ეს კრებული გასულია პრაქტიკიდან. როგორც ჩანს, ამ სივრცეში მოღვაწე ქართველი მოწესეები ინარჩუნებდნენ ადრეული იერუსალიმური პრაქტიკისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს.

Jer.Geo. 66. ლექციონარი.

XIII-XIV სს. და XVI-XVII სს. კონვოლუტი. 240 ფ.; ქაღალდი; 25,4×17,7 სმ.; ნუსხური; ყავისფერი და შავი მელანი. ყდა გვიანდელი. რ. ბლეიკის თანახმად, ხელნაწერში გაირჩევა 2 ხელი. ლექციონარში შესულია ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები. კალენდარული წელი იწყება სექტემბრიდან. ხელნაწერი ხელმეორედ აუკინძავს და ყდაში ჩაუსვამს იოსებ ხუნტუსძეს (240v). ალ. ცაგარელი ხელნაწერის რაობას განსაზღვრავს როგორც საწინასწამეტყველოს და ათარიღებს XIV-XVI სს-ით (Цагарели 1888: 153 N 2) .

Jer. Geo. 99. ლექციონარი.

XIII-XIV სს. 233 ფ.; ქაღალდი; 24,8×19,2 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; ყავისფერი ტყავის ძველი ტვიფრული ყდა. ლექციონარი შეიცავს ძველი აღთქმის საკითხავებს. ლიტურგიკული კალენდარი იწყება 1 სექტემბრიდან. წიგნი ჯვრის მონასტრის საცავში შეტანილია საბაწმინდის მონასტრიდან. კრებული არ არის შესწავლილი. Jer.Geo.118. ლექციონარი. XIV-XV სს. 200 ფ.; ქაღალდი; 24,5×17,8 სმ.; ნუსხური; ყავისფერი ძველი ტყავის ყდა. ხელნაწერი შეიცავს საკითხავებს წინასწარმეტყველთა, ხუთწიგნეულისა და მოციქულთა წიგნებიდან. გაწყობილია ლიტურგიკულ კალენდარზე 1 სექტემბრიდან აღდგომამდე. კრებული არ არის შესწავლილი.

Jer.Geo.24. სვინაქსარი.

XI ს. 222 ფ.; ეტრატი; 33,4×23,8 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. აქვს საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ხელით შესრულებული XIII-XVII ს-ის ანდერძ-მინაწერი. გიორგი ათონელის რედაქციის ამ სვინაქსრის ბოლო ნაწილს შეიცავს Jer.Geo.25. დიდი სვინაქსარი შესწავლილია და კრიტიკული ტექსტი გამოცემულია (Кекелидзе 1908: 228-316,483-506; დოლაქიძე 2017). სვინაქსრის მინაწერები – ჯვრის მონასტრის აღაპები გამოცემულია (Марр 1914; მეტრეველი 1962).

Jer.Geo.25. სვინაქსარი.

XI ს. 185 ფ.; ეტრატი, 33,4×23,8 სმ.; ნუსხური; ხელნაწერი ჩასმულია გვიანდელ ყდაში. ეს ხელნაწერი არის Jer.Geo.24-ის გაგრძელება. ტექსტი იწყება 30-ე რვეულიდან. სვინასარს ერთვის საუფლო დღესასწაულთა, მარხვის, წმინდანთა, ღვთისმშობლის, სახარების, რვა ხმის მცირე ფორმის საგალობლები – „გამოავლინენი“ (დოლაქიძე 2017: 019-020). დიდი სვინაქსარი შესწავლილი და კრიტიკული ტექსტი გამოცემულია (Кекелидзе 1908: 228-316, 483-506; დოლაქიძე 2017). სვინაქსრის მინაწერები – ჯვრის მონასტრის აღაპები გამოცემულია (Марр 1914; მეტრეველი 1962).

Jer.Geo. 77. სვინაქსარი.

XI-XII სს. 270 ფ.; ქაღალდი; 28×18,9 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით. გადაწერის ადგილი: შავი მთა, ეზრას მონასტერი. გიორგი ათონელის რედაქციის ათონურ-სტუდიური დიდი სვინაქსარი. მასში შესულია როგორც სტუდიური, ასევე საბაწმინდურ-იერუსალიმური ჰიმნოგრაფიული მასალა. ტექსტს უძღვის სინგურითა და ასომთავრულით გადაწერილი გიორგი ათონელის ანდერძი (1r). დიდი სვინაქსარი Ier.Geo.24 და Jer.Geo. 25-ის მიხედვით შესწავლილი და გამოცემულია (დოლაქიძე 2017).

Jer.Geo. 80. სვინაქსარი.

XII-XIII სს. 218 ფ.; ეტრატი, 25×17,1 სმ.; ნუსხური. სვინაქსარი გიორგი ათონელის რედაქციისაა. იწყება 15 სექტემბრის ფრაგმენტული საკითხავით, მთავრდება 22 აგვისტოთი. ხელნაწერს ერთვის არაერთი გვიანდელი მინაწერი. წიგნი საგანგებოდ ნაკვლევი არ არის.

Jer.Geo.45. სვინაქსარი.

XIII ს. 227 ფ.; ეტრატი; 30×22 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; ტყავის ყდა. კრებულში შესულია სექტენბერ-აგვისტოს საკითხავი მასალა. ერთვის ანდერძი მეფე თამარის მოხსენიებით: „ქ. ამასვე დღესა გარდაიცვალა აქაჲ ესე მეფობაჲ ცხორებად და სუფევად საუკუნოდ ნეტარებით მოჴსენებულმან თამარ დედოფალმან, რომლისა ჴსენებაჲ და კურთხევაჲ საუკუნომცა არს“(107v).

Jer.Geo.60. სვინაქარი.

XVII ს. 398 ფ.; ქაღალდი; 30,0×20,2 სმ.; ნუსხური; სათაურები წითლით. გიორგი ათონელის რედაქციის მთელი წლის საკითხავები, ცისკრის IX ოდის შემდგომ საკითხავი ტროპარები ახლავს მხოლოდ საუფლო დღესასწაულთა მსახურებას ისევე, როგორც, სავარაუდოდ, Jer.Geo.25.

Jer. Geo.143. ჟამნი.

XII-XIV სს. 168ფ.; ქაღალდი; 18,8×12,6 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. 168r-ზე ერთვის, სავარაუდოდ, დედნიდან გადმოყოლილი ანდერძი, რომელშიც იხსენიება XI საუკუნის შუა წლების მწიგნობარი მიქაელ დვალი: „დაიწერა და განსრულდა წმიდაჲ ესე წიგნი იჱრსალიმს, მონასტერსა წმიდისა ჯუარის, წმიდისა მამისა ჩუენისა პროხორეს აღშენებულსა, ჴელითა ფრიად ცოდვილისა მიქაელ დვალისაჲთა...“. ხელნაწერი საგანგებოდ ნაკვლევი არ არის. ჟამნის ქართული რედაქციები შესწავლილი და გამოცემულია (კახაბრიშვილი 1973: 122-129; აღწერილობა 1978(a): 94-96; Frøyshov 2003; ხევსურიანი 2016: 23).

Jer. Geo. 127. ჟამნი.

XII-XV სს.193 ფ.; ქაღალდი, 21,5×13,2 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; ძველი ყავისფერი ტყავის ყდა. ალ. ცაგარელი ხელნაწერს XII-XIV სს. ათარიღებს (Цагарели 1888: 157 №24). კრებულს ერთვის ბეენა ჩოლოყაშვილის ანდერძი (IIr) (მეტრეველი 1962: 37,40; მენაბდე 1980: 112-113).

Jer.Geo.150. ჟამნი

XIII-XV სს. 135 ფ.; ეტრატი, 13,5×10,5 სმ.; ნუსხური; რუხი მელანი; ყვითელი ტყავის გვიანდელი ყდა; თავნაკლული. გადაწერის ადგილი: იერუსალიმი, გადამწერი: მახარებელი (151v). მინაწერები აქვს დასაწყისსა და ბოლოში, არშიებზე.

Jer.Geo.128. ჟამნი.

XIV-XV სს. 345 ფ.; ქაღალდი; 22.5×19,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ძველი ტვიფრული ყდა.

Jer. Geo.145. ჟამნი.

XVII ს. 404 ფ.; ქაღალდი; 20,4×14,2 სმ.; ნუსხურით; შავი მელანი; საზედაო ასოები გაფორმებულია სინგურითა და ოქროთი. ანდერძ-მინაწერები არ აქვს. ალ. ცაგარელი ხელნაწერს ლოცვანად მოიხსენიებს და ათარიღებს XIII-XV სს. მისი თქმით, ხელნაწერს ამკობს ოქროთი გაფორმებული საზედაო ასოები (Цагарели 1888: 171 №.91).

Jer.Geo.154. ჟამნი.

XVIII ს. 497 გვ.; ქაღალდი; 16,2×9,8 სმ.; მხედრული; ძველი შავი ტყავის ყდა. აქვს რამდენიმე ანდერძი თავსა და ბოლოში. ხელნაწერი არ არის ნაკვლევი.

Jer.Geo.76. საწელიწდო სამოციქულო.

1332 წ. 243 ფ.; ეტრატი; 25,8×19,2 სმ.; შავი მელანი; საზედაო ასოები სინგურით; გვიანდელი ტყავის ყდა. მომგებელი: იოვანე ვარძიელი; გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი. გიორგი ათონელის რედაქციის ლიტურგიკული სამოციქულო გაწყობილია მთელი წლის კალენდარზე, საკითხავები წარმოდგენილია შემდეგი რიგის მიხედვით: საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლეები, დიდმარხვისა და აღდგომის ციკლთა პავლენი ლიტურგიკული შენიშვნებით. ახლავს მომგებლის ვრცელი ანდერძი: „... ღირს ვიმენ მე, გლახაკი იოვანე ვარძიელი, აღდგომისა დეკანოზი, მოგებად წმიდასა ამას ყოველთა სულთა განმანათლებელსა და წინამძღვარსა პავლესა სალოცველად... დაიწერა წინაშე წმიდასა საფლავსა წელსა ლბ თურქთა ქონებისასა, ოდეს კლიტენი მათ ჰქონდეს. არცა ვისშესვლად უტევებდეს თვინიერ დიდისა ჭირისა და სასყიდლისა, არც ჩუენ მოსვლად უტევებდეს კვირილე მტბევრისა გამზრდელისა, მზრუნველისა და მიწისა ჩუენისა აქა სინა ყოფისა ჩუენისათვის“. ანდერძი შესწავლილი და გადაწერის თარიღი დაზუსტებულია (მეტრეველი 1962: 46-47; კარანაძე 2002: 32,37,41; კლდიაშვილი 2007: 50; კეკელია 2010: 696-707). ბოლო ფურცლებზე ხელნაწერს ერთვის არაერთი გვიანდელი მინაწერი.

Jer. Geo.94. სამოციქულო.

XII ს. ეტრატი; 25,9×16,8 სმ.; ნუსხური. შეიცავს მარხვის ციკლის საკითხავებს. რ. ბლეიკის თვალსაზრისით, ხელნაწერი Jer.Geo.82-ის ნაწილია, თუმცა ამ ორი ხელნაწერის კოდიკოლოგიური მონაცემები (ეტრატის შეფერილობა და ხარისხი, ფურცლის ზომა) განსხვავდება. თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ფურცლის ზომებში სხვაობა ხელნაწერის ხელახლა აკინძვის დროს (Jer. Geo. 94-ის ყდა გვიანაა გაკეთებული) ფურცელთა შემოჭრამ განაპირობა, გაუგებარი დარჩება, რატომ სხვაობს ნაწერი ტექსტის ზომა ამ ორ ხელნაწერს შორის: რ. ბლეიკისავე კატალოგით Jer.Geo.94-ის ნაწერის ზომაა 18,2×12,9 სმ.; ხოლო Jer.Geo.82-ისა 15,5×11,8 სმ.; ამდენად, ეს ორი სხვადასხვა ერთეულია. კრებულები არაა საგანგებოდ ნაკვლევი.

Jer.Geo.109. სამოციქულო.

XII-XIV სს. 243 ფ.; ქაღალდი; 23×15,2 სმ.; ნუსხური; გვიანდელი ყდა. ხელნაწერში შესულია სამოციქულოს მთელი წლის საკითხავები, გაწყობილი კონსტანტინეპოლურ კალენდარზე. ბოლო ფურცლები დაზიანებულია. რ. ბლეიკის ვარაუდით, იგი დგება №100 ხელნაწერთან, რომელიც შეიცავს XII-XIII სს. დათარირებული თებერვალ-მარტის თვენის მასალას. ალ. ცაგარელი ხელნაწერს ათარიღებს XIV-XVI სს-ით. (Ц агарели 1888: 157 N18).

Jer. Geo. 116. სამოციქულო.

XIII-XIV სს. 225 ფ.; ქაღალდი; 23,7×15,7 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; ყავისფერი ძველი ტყავის ყდა. მოიცავს ლექციონარის მასალას. საკითხავები გიორგი ათონელის რედაქციისაა.

Jer.Geo.95. სამოციქულო.

XVI ს. 371 ფ.; ქაღალდი; 24,5×16,7 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი. ხელნაწერი შეიცავს მთელი ლიტურგიკული წლის საქმე მოციქულთას საკითხავებსა და კურთხევანისთვის ტრადიციულად დამახასიათებელ ლოცვებს. ალ. ცაგარელი ხელნაწერს უწო- დებს სამოციქულოს, ათარიღებს XV-XVI სს-ით. ხელნაწერს ახლავს რამდენიმე გვიანდელი მინაწერი (Цагарели 1888: 157 N 19).

Jer.Geo.28. საწელიწდო სახარება.

XV-XVI სს. 193 ფ.; ქაღალდი; 30,7×19,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები სინგურით; მინაწერები არ აქვს. ხელნაწერში გადაწერილია მთელი წლის საუფლო დღესასწაულებზე გაწყობილი სახარების საკითხავები. შეიცავს მარხვის, აღდგომისა და შემდგომი ლიტურგიკული წლის საკითხავებს. საწელიწდო სახარება გიორგი ათონელის რედაქციისაა. ხელნაწერი ნაკლულია.

Jer.Geo.29. საწელიწდო სახარება.

XV-XVI სს. 96 ფ.; ქაღალდი; 30,7×19,8 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები სინგურით; გვიანდელი ყდა. ხელნაწერი Jer.Geo.28-ის ნაწილია. საწელიწდო სახარება გიორგი ათონელის რედაქციისაა. სინგურით ერთვის გიორგი ათონელის ანდერძი: „ლოცვა-ყავთგლახაკისა გიორგისთჳს, რომელმან წმიდაჲ ესე სახარებაჲ ვთარგმნე...“(96v).

Jer.Geo.134. ლიტურგიკული კრებული.

XVII ს. 467 ფ.; ქაღალდი, 20,9×14,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები სინგურით; ყავისფერი ტყავის ტვიფრული ყდა. ხელნაწერი შიცავს: 1. ჟამნს (1r-164v); 2. ტრიოდიონს (165r -467v); არ აქვს მინაწერები.

ჰიმნოგრაფიული ხელნაწერები

Jer.Geo.48. პარაკლიტონი.

XI ს. 249 ფ.; ეტრატი; 28,2×19,8 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; ყავისფერ ტყავის ყდა. მომგებელი: გიორგი პროხორე. პარაკლიტონი გიორგი ათონელის რედაქციისაა (ხევსურიანი 2016: 93, შენ. 302). ხელნაწერი გადაიწერა გიორგი პროხორეს დაკვეთით. იგია ხელნაწერის მომგებელი (250v). წიგნის ყდის ისტორია შესწავლილია (კარანაძე 2002: 37).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები