საქართველოს ფაუნა
საქართველოს ფაუნა – საქართველო, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტებით ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, ფაუნისტური რესურსების სიმდიდრით და მრავალგვარობითაც გამოირჩევა. აქ ბევრია როგორც ადგილობრივი, ისე ენდემური და რელიქტური სახეობები.
საქართველოს ფაუნის ფორმირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი უმთავრესად ნეოგენ-მეოთხეული დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, თუმცა, შეიცავს უფრო ძველ ელემენტებსაც, რაც დასტურდება ჩვენი ქვეყნის რიგ ადგილებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით.
ამჟამად საქართველოში ძუძუმწოვართა 100, ფრინველთა 330, ქვეწარმავალთა 48 და ამფიბიების 11 სახეობა ბინადრობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია უხერხემლოთა სიუხვე, რომლის ათასობით სახეობაა აღრიცხული, ხოლო მათი სრული შემადგენლობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის.
ქვედა მესამეულის ფაუნამ, რომელიც საქართველოში ტიპიური ტროპიკული ჰავის პირობებში ვითარდებოდა, შემოგვინახა რელიქტური სახეობები – შავი ვირთაგვა, ღეროთვალიანი ბუზი, უფრთო ჭრიჭინა, მეჭიანჭვლე ლომი და სხვადასხვა სახეობის მოლუსკები. ამასთანავე, საქართველოს ფაუნა გამოირჩევა ენდემიზმით. ცხოველთა თითქმის ყველა ჯგუფში გვხვდება ენდემური სახეობები, ზოგ მათგანში კი – გვარებიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბევრგან განადგურდა ქათმისნაირთა რიგიდან ხოხობი. გადაშენების საფრთხე ემუქრება ირემს, შველს, ჯიხვს, არჩვს, კვერნას და სხვ., რომლებიც ამჟამად მხოლოდ ნაკრძალებში არიან შემორჩენილნი. იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვის მიზნით, 1989 წელს გამოიცა „საქართველოს წითელი წიგნი“, სადაც მოცემულია ცნობები ცხოველთა იშვიათი სახეობების შესახებ.
საქართველოს ფაუნისტური სამყარო შევსებულ და გამდიდრებულ იქნა უცხო ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხოველებით – ნუტრია, ენოტისებრი ძაღლი, ამერიკული წაულა, ალტაისა და ტელეუტის ციყვები, ირემლაღი. გარდა ამისა, მალარიის კოღოს გამანადგურებელი თევზი გამბუზია და ციტრუსოვან კულტურათა მავნებლების მომსპობი კრიპტოლემუსი და როდოლია (ჯანაშვილი, 1958).
სარჩევი |
ზოოგეოგრაფიული დარაიონება
საქართველოს ფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის – ა. ჯანაშვილის (1974) მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამოიყოფა ოთხი ზოოგეოგრაფიული ოლქი – კავკასიონის, ქართლ-კახეთის, კოლხეთისა და მესხეთ-ჯავახეთის. საქართველოს ცხოველთა სამყარო ჯგუფდება და განიხილება სამ ძირითად ნაწილად – დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ფაუნისტურ ოლქებად. ცალკეა მოცემული საქართველოს შავი ზღვისა და ზღვისპირა ფაუნა.
დასავლეთ საქართველოს ფაუნა
ძირითადად წარმოდგენილია კოლხეთის ზოოგეოგრაფიული ოლქით, რომელშიც, თავის მხრივ, ერთიანდება კოლხეთის დაბლობის, აჭარა-იმერეთის ქედის დასავლეთი ფერდობებისა და დასავლეთ კავკასიონის მაღალმთის ფაუნა, სადაც ორიგინალურად არის შეხამებული ბარისა და მთის ფაუნისტური ელემენტები.
დასავლეთსაქართველოს ბარში ფართოდაა გავრცელებული მტაცებლები. ბევრგან ბინადრობს კავკასიური მურა დათვი, აჭარის უღრან ტყეებში – ჭანური მურა დათვი, ასევე კავკასიური მგელი; ამჟამად, ამ უკანასკნელის მხოლოდ ცალკეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. თითქმის ყველგანაა ტურა, ამიერკავკასიის მთის მელა, კავკასიური ტყის კატა, ზოგან ბინადრობს კავკასიური ფოცხვერი. კავკასიონის სამხრეთ ფერდობების ტყეებში აქა-იქ ბინადრობს კავკასიური ტყის კვერნა. აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უმნიშვნელო რაოდენობით შემორჩა წაულა; პალიასტომის ტბის, ცხენისწყლის, ენგურისა და სხვა მდინარეთა სანაპიროებზე – ძვირფასბეწვიანი წავი.
ახლო წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული გარეული ღორი, ამჟამად ის შემორჩა მხოლოდ აფხაზეთის ტყეებში, გურიასა და სამეგრელოში (ზუგდიდის რაიონში). რიწის ნაკრძალში ჯერ კიდევ გვხვდება კავკასიური ირემი. კოლხეთის ტყიან ადგილებში, კერძოდ, ჭალადიდის ტყეებში ხშირია ევროპული შველი; აფხაზეთის ზოგ ადგილას კი – კავკასიური შველი.
მწერიჭამიებიდან ფართოდაა გავრცელებული თხუნელას მრავალი სახეობა, მათ შორის ტიპიურია კოლხური თხუნელა, ის ხშირია კულტურულ ლანდშაფტებშიც. ასევე ენდემურია პონტური ზღარბი, რომელიც ყველგან გვხვდება აჭარიდან აფხაზეთამდე.
მრავალი სახეობითაა წარმოდგენილი მღრღნელები, მათ შორის თითქმის ყველგანაა კავკასიური ციყვი, ჩვეულებრივი ძილგუდა. ძალზე ბევრია თაგვები და ვირთაგვები. საქართველოს ამ ნაწილისათვის ტიპიურია პონტური მემინდვრია, ნენიუკოვის მემინდვრია და სხვ.
მრავალფეროვანია ფრინველთა ფაუნა. მათ შორის აღსანიშნავია ენდემური სახეობა − კოლხური ხოხობი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ძალზე შემცირდა. აჭარა-იმერეთის ქედზე ბინადრობს შურთხი და როჭო. თითქმის ყველგანაა მწყერი.
მრავალი სახეობითაა წარმოდგენილი ყარყატი, განსაკუთრებით ჭაობიან ადგილებში. წყალსატევებში ბინადრობს ფასკუნჯი. ყველგანაა ქორი, მიმინო და ძერა, იშვიათია შევარდენი.
დასავლეთ საქართველო ქვეწარმავლების დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. გველებიდან აღსანიშნავია ბრუცა, ჩვეულებრივი ანკარა და წყლის ანკარა, ასევე ამიერკავკასიური მცურავი, იშვიათია კავკასიური გველგესლა, ხშირია ჭაობის კუ. ფოთის, ბათუმის და ქობულეთის ტყეებში, სხვადასხვა დროს ნაპოვნი იყო ქამელეონი, რაც საქართველოს ფაუნის ერთ-ერთი იშვიათი ელემენტია (ჯანაშვილი).
მრავლადაა ამფიბიები. ტბებსა და ტბორებში ბინადრობენ ტრიტონები. ქედის რაიონში – კავკასიური სალამანდრა. თითქმის ყველგანაა გომბეშო და ბაყაყი.
დასავლეთსაქართველოს ტბები და მდინარეები მდიდარია იქთიოფაუნით. კოლხეთის მდინარეებში ჯერ კიდევ გვხვდება ზუთხი, ფორეჯი, ორაგული; გარდა ამისა, დამახასიათებელია ტბის კალმახი, კავკასიური ქაშაყი, კოლხური ტობი, კოლხური ხრამული, კოლხური წვერა, კობრი, შამაია და სხვ.
თავისებურია დასავლეთ საქართველოს მაღალმთის ფაუნა. აქ მრავლადაა მტაცებლები, მათ შორის, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური მგელი. ტყეებსა და ბუჩქნარებში ბინადრობს ტურა და ამიერკავკასიის მთის მელა. თითქმის ყველგან გვხვდება კავკასიური გარეული (ტყის) კატა, კავკასიური ფოცხვერი, რომელიც ტიპიური ტყის ბინადარია. ადრე ფართოდ იყო გავრცელებული ამიერკავკასიური ჯიქი, ამჟამად კი, უკანასკნელად მოკლული ჯიქის ფიტული საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ განყოფილებაში ინახება. საკმაოდ მრავლადაა ჩლიქოსნები, მათ შორის აღსანიშნავია გარეული ღორი, ის ამჟამად აფხაზეთისა და კახეთის ტყეებს შემორჩა. კავკასიონის კლდეების ბინადარია ჯიხვი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია რაჭის, სვანეთისა და აფხაზეთის ქედებზე, ზღვის დონიდან 4500 მ სიმაღლემდე.
რიწის ტბის სანახებში აქა-იქ თუ შემორჩა ჩვენი ქვეყნის ტყის ფაუნის მშვენება – კავკასიური ირემი. დასავლეთ საქართველოს მთიანეთში ბევრია მწერიჭამიები: ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ბიგა და სხვ. მღრღნელები – კავკასიური ციყვი, უამრავია ღნავი. კლდოვან ადგილებში – კავკასიის ენდემი – თოვლა მემინდვრია. საკმაოდ იყო გავრცელებული კავკასიური კურდღელი, რომელიც სანადირო ობიექტია და ამის გამო, ყველგან შემცირდა.
დასავლეთ საქართველოს მთის რეგიონი მდიდარია ფრინველებით. თითქმის ყველგანაა კავკასიური შურთხი, კაკაბი, მწყერი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი სანადირო-სარეწი ობიექტია. ფართოდაა გავრცელებული ქორი, მიმინო და ძერა, ბევრია შევარდენი. ალპური მღელოების ბინადარია ორბი, მთის არწივი და სხვ. ამავე ზონაში მრავლადაა ფასკუნჯი.
მრავალფეროვანია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთის ქვეწარმავალთა ფაუნა. გვხვდება ხვლიკების სხვადასხვა სახეობები – კლდის ხვლიკი, მარდი ხვლიკი, დასავლეთ კავკასიონზე – კავკასიური გველგესლა, მუცელყვითელა მცურავი, ესკულაპის გველი და სხვ.
მდინარეთა ზემო ნაწილებში ჯერ კიდევ ბინადრობს კალმახი, ხრაშული, მურწა, ტობი, ციმორი, კობრი, ლოქო, შამაია და სხვ.
აღმოსავლეთ საქართველოს ფაუნა
აღმოსავლეთ საქართველოს ფაუნისტურ არეალში ერთიანდება ქართლის ბარი, ივრის ზეგანი, ალაზნისა და შირაქის ვაკეები; გარდა ამისა, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთი ფერდობები, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთები, გომბორისა და თრიალეთის ქედების ტყის ზონა.
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილის ფაუნა ერთობ ნაირგვარია, რაც განპირობებულია ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით. ცხოველთა სამყაროს ბარის ზონას, ძირითადად, ველის ელფერი ახლავს, ხოლო მთის ფაუნის გავრცელება-განაწილება სიმაღლითი ზონალობის კანონზომიერებას ემორჩილება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონის ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მტაცებლებია. შირაქის, ელდარისა და ალაზნის ვაკეებზე, იშვიათად სამგორის ველზე, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ჯერ კიდევ ბინადრობს ზოლებიანი აფთარი. წარსულში მისი გავრცელების არეალი თბილისამდე აღწევდა. დასახლებულ პუნქტებთან ხშირად ჩნდება კავკასიური მგელი. ჭალებში ბინადრობს ტურა. ფართოდაა გავრცელებული ამიერკავკასიის მთის მელა. ველის ფაუნის ტიპიური წარმომადგენელია კავკასიური და თეთრყელა კვერნა, დედოფალა, მაჩვი. წყალსატევების პირას ხშირია ლელიანის კატა. ტყიან ადგილებში – კავკასიური ფოცხვერი. 1922 წელს, თბილისის მახლობლად, ჩვენი ფაუნისათვის იშვიათი ელემენტი – თურანული ვეფხვი მოუკლავთ. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირებულია XVIII ს., ახმეტის მიდამოებშიც (ჯანაშვილი, 1974). ჩლიქოსნებიდან დამახასიათებელია ქურციკი, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად განადგურებულია. აღნიშნული ოლქის მდინარეთა ჭალებში ბინადრობს გარეული ღორი (ალაზნისპირას), კავკასიური ირემი, ზოგან მგელი. მრავალრიცხოვანია მწერიჭამიები. ბევრგან შეინიშნება თხუნელა, ზღარბი, ღამურა და სხვ. მრავალრიცხოვნობით გამოირჩევიან მღრღნელები, მათ შორის, ტყეებსა და ჭალებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტიხომიროვის ღნავი და სხვ. ბევრგანაა თაგვის სხვადასხვა სახეობა, ზაზუნა, ამიერკავკასიის კურდღელი და სხვ.
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილის ბარის ზონა განსაკუთრებით გამორჩეულია ფრინველთა სიმრავლით. ჭალებსა და ბუჩქნარებში ბინადრობს დურაჯი, კაკაბი, გნოლი და მწყერი.
ტყისპირა ახოებში ბუდობს ყანჩას მრავალი სახეობა, გარეული იხვი. იშვიათია მყივანი გედი, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი თბილისის მახლობლად, ფონიჭალაში მოკლეს. ხშირია შევარდენი, ქორი, მიმინო, ფასკუნჯი, ველის არწივი, კაკაჩა და სხვ. იშვიათია რუხი წერო. ზამთრობით მტკვრისა და ივრისპირეთში, ასევე შირაქში, შეინიშნება სავათი და სარსარაკი, რომლებიც უკანასკნელ ხანს საგრძნობლად შემცირდნენ.
ბუსნაირებიდან დამახასიათებელია ზარნაშო, ტყის ბუ, ჭაობის ბუ და სხვ. მრავალ ადგილასაა გავრცელებული კოდალა, კაჭკაჭი, ჩხიკვი, შოშია, ტოროლა და მერცხალი.
ქართლ-კახეთის გეოგრაფიული გარემო ხელშემწყობია ქვეწარმავლების გავრცელებისათვის. აქ მრავალრიცხოვანია კავკასიური ჯოჯო, გველხოკერა, ხვლიკის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარა. შხამიანი გველებიდან – ველის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა, ეს უკანასკნელი უმთავრესად შირაქისა და ელდარის ველებზე და გარეჯის უდაბნოში ბინადრობს. მრავლადაა ველის მახრჩობელაც.
შედარებით მრავალრიცხოვანია წყალხმელეთა ცხოველები – ტრიტონი, მწვანე გომბეშო, ბაყაყის სხვადასხვა სახეობა.
მრავალფეროვანი სახეობებითაა წარმოდგენილი იქთიოფაუნა. მდ.მტკვრის, ქციის, ალაზნის, ივრის, ლიახვისა და არაგვის შენაკადების წყლებში ბინადრობენ ტობი, ციმორი, ხრამული, წვერა, შამაია, ლოქო და სხვ.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთი ცხოველთა საკმაო სიმდიდრით გამოირჩევა. მტაცებლებიდან აქ ტიპიურია კავკასიური მურა დათვი, ტურა და ამიერკავკასიის მთის მელა, რომელიც ზოგჯერ ალპურ მდელოებამდეც აღწევს; ბევრგანაა კავკასიური ფოცხვერი.
აღმოსავლეთ კავკასიონის კლდეებისა და ჭიუხების ბინადარია „ალპინისტი“ ცხოველები – აღმოსავლეთკავკასიური ანუ დაღესტნის ჯიხვი, რომელიც გავრცელებულია ლაგოდეხის მთებიდან შხარას მთამდე, ზ.დ. 4500 მ სიმაღლემდე.
თუშეთში, ხევსურეთსა და თრიალეთის ქედის ზოგიერთ უბნებში (ზ.დ. 1000-2000 მ) ცალკეული ეგზემპლარის სახით შემორჩა ჩვენი ფაუნის იშვიათი წარმომადგენელი – ნიამორი, ზოგან ის სრულიად განადგურებულია. ალპური ზონის ბინადარია, აგრეთვე, არჩვი ანუ ფსიტი, ის მნიშვნელოვანი სანადირო ობიექტია და ამის გამო, დაცულია ყველგან.
აღმოსავლეთ საქართველოს მთის ტყეებისათვის დამახასიათებელი კავკასიური ირემი, რომელიც ამჟამად განადგურების პირასაა მისული, ამიტომაც, როგორც ჩვენი ფაუნის იშვიათი წარმომადგენელი, დაცულია ყველგან.
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილის მთის ზონა მდიდარია ფრინველებით: მათგან აღსანიშნავია კავკასიური როჭო, ქართული ხოხობი. თითქმის ყველგანაა შურთხი, კაკაბი და მწყერი. ფართოდაა გავრცელებული ქორი, მიმინო და წერო. მაღალმთიანეთის მდელოების ბინადარია ორბი, მთის არწივი, კრავიჭამია (ბატკანძერა), ფასკუნჯი და სხვ.
სამხრეთ საქართველოს ფაუნა
ამხრეთ საქართველოს ფაუნაში ერთიანდება მესხეთ–ჯავახეთის ზეგანი და მტკვრის ზემო ნაწილის ხეობა აწყურამდე. დამახასიათებელია შედარებით ერთფეროვანი, მწირი ფაუნა, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკოლოგიური პირობებითაა განპირობებული.
მტაცებლები წარმოდგენილია აქა-იქ შემორჩენილი მურა დათვით; მეცხოველეობის რაიონებში ბუდობს კავკასიური მგელი და ამიერკავკასიის მთის მელა.
ერთეული ეგზემპლარების სახით შემორჩა კავკასიური ტყის კატა და კავკასიური ფოცხვერი. შედარებით ფართოდ გვხვდება მაჩვი, დედოფალა, კავკასიური თეთრყელა კვერნა. მტკვრის აუზში ბინადრობს წავი, თითო-ოროლა ეგზემპლარისსახით შემორჩა ნიამორი. აჭარა-იმერეთის ქედის კალთებზე გვხვდება ირემი, ზოგან – ევროპული შველი. ძალზე შემცირდა გარეული ღორის რაოდენობა.
მწერიჭამიებიდან სამხრეთ საქართველოში აღსანიშნავია თხუნელა, კავკასიური ბიგა, ღამურები და ზღარბები.
შედარებით მრავალრიცხოვანია მღრღნელები. ტყეში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ჩვეულებრივი ძილგუდა; ყველგანაა თაგვები და ვირთაგვები.
მრავალფეროვანია სამხრეთ საქართველოს ფრინველთა სახეობები. მათ შორის აღსანიშნავია: კავკასიური როჭო, შურთხი, მწყერი, ყანჩა სხვადასხვა სახეობით; აგრეთვე ქორი, შევარდენი, ფასკუნჯი, დიდი მყივანა არწივი. იშვიათად შეინიშნება რუხი წერო. ტბის სანაპიროებზე მრავლადაა ჩვეულებრივი თოლია და ვეჟანი თოლია.
ქვეწარმავალთა ფაუნა დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქა-იქ გვხვდება ხვლიკის სხავდასხვა სახეობა, კავკასიური ჯოჯო; გველთევზებიდან — ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ამიერკავკასიური მცურავი, ცხვირრქოსანი გველხოკერა და სხვ. ტბებისპირას და ჭაობებში გავრცელებულია კუ. საკმაოდ მრავალფეროვანია წყალხმელეთა ცხოველების ფაუნა. გვხვდება ტრიტონი, მწვანე გომბეშო, ვასაკა, ამიერკავკასიური ბაყაყი და სხვ.
მდინარეები და ტბები მდიდარია ნაირგვარი თევზებით, როგორიცაა: კალმახი, კობრი, ციმორი, ხრამული, წვერა. წარსულში ბევრი იყო ორაგული.
საქართველოს შავიხღვისპირეთის ფაუნა
ცხოველთა სამყაროსდა, უმთავრესად, იქთიოფაუნის ორიგინალობითა და მრავალფეროვნებით ერთობ გამორჩეული რეგიონია შავი ზღვა და საქართველოს შავიზღვისპირეთი, რის გამოც მიზანშეწონილია ამ რეგიონის ფაუნის ცალკე განხილვა.
შავი ზღვის წყლის ერთ-ერთი ცნობილი თავისებურების (ზღვის წყალი სანაპიროზონაში 200 მ, ხოლო ღია ზღვაში 90-100 მ ქვემოთ, გაჟღენთილია გოგირდწყალბადით) გამო, ზღვის საერთო მოცულობის 85-90% მოკლებულია ცხოველთა სამყაროსდა იქ, მხოლოდ ანაერობული ბაქტერიები ბინადრობენ. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია.
ძუძუმწოვრებიდან ზღვაში ბინადრობს დელფინისებრთა ოჯახის რამდენიმე წარმომადგენელი, როგორიცაა ზღვის ღორი, ზღვის დელფინი, იშვიათად შავი ზღვის აფალანა, ასევე უმნიშვნელო რაოდენობითაა თეთრმუცელა სელაპი.
1880 წელს ქ. ბათუმის მიდამოებში ზღვამ გამორიყა შავი ზღვისათვის შემთხვევითი ელემენტი, მცირე ზოლიანი ვეშაპის მძორი, რომლის ჩონჩხი ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ფრინველებიდან შავი ზღვის სანაპიროზე ბინადრობენ თოლიები – ვეჟანი თოლია და მცირე თოლია, იშვიათად, ზამთრობით – წვრილნისკარტა თოლია და დიდი თოლია.
მრავალფეროვანია შავი ზღვის თევზების ფაუნა, რომელიც წარმოდგენილია ძაღლისებრი ზვიგენით (მას სარეწაო თევზების განადგურებით დიდი ზიანი მოაქვს). საკმაოდაა ზღვის კატა, ქიცვებიანი სკაროსი და სხვ.
ხრტილოვან-ძვლოვან თევზებს შორის მრავლადა სვია, რომლის სხეულის სიგრძე 9 მ-მდეა. ქვირითობის პერიოდში იგი შედის მდინარეებში და ზოგჯერ, მდ. რიონში, ქ. ქუთაისთანაც იქნა შემჩნეული.
ძვლოვანი თევზებიდან ბევრია შავი ზღვის ქაშაყი, რომელიც სარეწაო ობიექტია. ასევე დიდი რაოდენობით მზადდება ქამსა, შავი ზღვის ორაგული, კეფალი, სკუმბრია, შავი ზღვის ქამბალა. შედარებით მცირე რაოდენობითაა ზღვის ქორჭილა. თითქმის ყველგან მოიპოვება ღორჯო, ამ უკანასკნელს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს, მისგან მზადდება კონსერვები.
შავი ზღვის ფაუნას ამდიდრებს უხერხემლოებიც. აქ ხშირია ზღვის ციცინათელა, აურელია და პილემა. ასევე დიდი რაოდენობითაა მოლუსკები და კიბოსნაირები.
ამგვარად, ცალკეული ფაუნისტური ოლქების განხილვიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველო, კავკასიის ფაუნასთან ერთად, ერთგვარ ფაუნისტურ კვანძად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც შორეულ გეოლოგიურ წარსულში მეზობელი ოლქების ძლიერი ზეგავლენა განიცადა; კერძოდ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ფაუნის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შუა აზია-ირანულმა ფაუნამ, ხოლო დასავლეთ საქართველოს ცხოველთა სამყაროს აშკარად ემჩნევა მცირე აზიისა და ჩრდილო აფრიკის ფაუნის დაღი.