სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სახელმწიფო

სახელმწიფო - განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს და განსაკუთრებული აპარატის მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს კანონიერებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და მთლიანობას.
სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაა. ამ ხელისუფლებას საჯარო ეწოდება იმიტომ, რომ მოქმედებს ხალხის სახელით. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაა, რადგანაც ხორციელდება სახელმწიფოს განსა-კუთრებული ორგანოების მეშვეობით, საჭირო შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მის ტერიტორიაზე მუდმივად თუ დროებით მყოფ ყველა სხვა ადამიანზე. სახელმწიფო ხელისუფლება იქმნება და ხორციელდება სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ფარგლებში. მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განახორციელოს სამართალშემოქმედება, დაადგინოს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესები, უზრუნველყოს მათი დაცვა და შესრულება, გამოიყენოს იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. სახელმწიფო ხელისუფლება სუვერენულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხორციელდება თავისუფლად, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

სახელმწიფო - კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღასრულებს ,,ძალადობაზე მონოპოლიას” (Gewaltmonopol) და ახდენს ხალხისაგან ხალხის მართვას ლეგიტიმურ საფუძველზე. ეს დეფინიცია ეფუძნება სახელმწიფოს ვებერისეულ გაგებას.9
//აფრასიძე დავით. ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში: ახალი შანსები ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ? // ახალი აზრი, № 7 (13),– ნოემბერი,–2003

სახელმწიფო - არისტოტელეს განმარტებით ,,ყოველი სახელმწიფო ერთგვარ კავშირს წარმოადგენს, ნებისმიერი კავშირი კი რაიმე სიკეთის მიღწევას ისახავს მიზნად, რადგან ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც სიკეთე ჰგონია.” სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი შექმნილი ბედნიერი, სრულყიფილი და თავისუფალი ცხოვრებისათვის. არისტოტელე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა პილიტიკურ დამოუკიდებლობას, რომლის გარეშეც სახელმწიფო წყვეტს არსებობას და გაურკვეველ ტერიტორია-აბსტრაქტად გადაიქცევა.
არისტოტელესეული კლასიფიკაციით სახელმწიფოები იყოფიან დადებით სახელმწიფოებად და მათ დამახინჯებულ ფორმებად. ტირანია, იგივე დიქტატურა, არისტოტელეს მონარქიის დამახინჯებად მიაჩნია, ანარქია - დემოკრატიის, ოლიგარქია კი - არისტოკრატიის. რამდენადაც ტირანია სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირად ინტერესებს ემსახურება, ოლიგარქია - მდიდართა ფენის, ანარქია კი ღარიბთა ინტერესებს გამოხატავს, სამივე უარყოფით სახელმწიფოთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან ზრუნავენ საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე და არა მთლიანად, საზოგადოებაზე.
სახელმწიფოს ყველაზე უარყოფითი ფორმა არის ტირანია (დიქტატურა). ტირანი ზრუნავს მხოლოდ თავის პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხზე. იგი აღატაკებს მოსახლეობას, მუდმივად აწარმოებს ომებს, რათა თავისი, როგორც სახელმწიფოს დამცველის საჭიროება დაასაბუთოს, არ ენდობა საკუთარ გარემოცვასაც კი. დიქტატურის ყველაზე დიდი დანაშაულია ე.წ. ოსტარკიზმი, ანუ გამოჩენილი და ღირსეული ადამიანების დევნა-განადგურება, მაშინ, როდესაც დიდ პატივში არიან მლიქვნელები და დემაგოგები, რომლებიც ტირანის ყოველგვარ ბოროტებას ხოტბას ასხამენ.
ტირანიას ბუნებრივად უპირისპირდება დემოკრატია - ხალხის მმართველობა. რამდენადაც არისტოტელე ადამიანს განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ არსებას (Zoon politikon), მისი აზრით, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, ანუ პოლიტიკისაკენ. პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო მას მიაჩნია საერთო სახალხო სფეროდ, რადგან ის ეხება თითოეული ადამიანის ინტერესებს. არისტოტელე მოითხოვდა სახელმწიფოს მართვაში ჩაბმულიყო მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობა, ვინაიდან ,,ყველანი ერთად ან უკეთესნი არიან ერთ რომელიმე მცოდნეზე, ან სულაც არ არიან მასზე უარესნი”. უმრავლესობა გაცილებით უკეთ განსჯის ვიდრე ერთი ადამიანი. როგორც ვხედავთ, აშკარაა არისტოტელეს უაღრესად დადებითი განწყობა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის მიმართ, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არისტოტელე ყოველმხრივ დადებითად აფასებდა დემოკრატიას. აქვე შეიძლება უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვებიც გავიხსენოთ: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.”
არისტოტელე მომხრე იყო კანონის წინაშე თანასწორობისა, მაგრამ ღირსეული ადამინების უღირსებთან რეალური უფლებრივი გათანაბრება კი უსამართლობად მიაჩნდა. არისტოტელეს მიხედვით დემოკრატია აგებს არისტოკრატიასთან, რადგან დემოკრატია ემყარება მოსახლეობის უპოვარ ფენებს, ხოლო არისტიკრატია, ანუ რჩეულთა შორის რჩეულთა მმართველობა - ღირსეულ და ზნემაღალ ადამიანებს. არისტოკრატიას ახასიათებს განათლება, ზნეობა და კეთილშობილი წარმოშობა, დემოკრატიას კი, პირიქით - მდაბიო წარმოშობა, სიღატაკე და უკულტურობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი ფილოსოფოსის სიმპატიები არისტოკრატიული რესპუბლიკისაკენ უფრო იხრებოდა.
სახელმწიფო საქმიანობას არისტოტელე აზროვნებას უკავშირებს, აზროვნების ადგილსამყოფელად კი სულს მიიჩნევს. სულს არისტოტელე ორ ნაწილად ყოფს. რაციონალურ, ანუ გონიერ და ირაციონალურ, ანუ გრძნობიერ (რომელსაც იგი უგუნურსაც უწოდებს) ნაწილებად. ალბათ აქედან იღებს სათავეს racio-ს ცნობილი ფენომენი, რომელიც შემდგომში მთელი ევროპული მენტალიტეტის საფუძველი გახდა.
//დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა